ბათუმი,მთავარი,სიახლეები

იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან 

06.04.2021 • 1903
იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან 

საქართველოს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც „ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე [ანუ 0.009%] მეტ ტყვიას [მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით] საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან“.

ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობას არეგულირებს, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით ამ სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

შემოსავლების სამსახური კი ვალდებული იქნება, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი ლაქ-საღებავების საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნება წარდგენილი ასეთი შეტყობინება.

შეტყობინების ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით, 2023 წლის პირველ ივლისამდე უნდა განსაზღვრონ.

„ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ აუცილებელია მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე, გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ლაქ-საღებავებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

სახელმწიფო ორგანოების მიერ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებად განსაზღვრული არქიტექტურის უძველესი ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების, სატრანსპორტო საშუალებების რესტავრაციის მიზნით აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების  ბაზარზე განთავსება შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით. ასეთი ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება დასაშვებია ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნის დადასტურებისა და პროდუქციის ეტიკეტზე  გამაფრთხილებელი ფრაზის: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ დატანის შემთხვევაში“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

რეგლამენტის მიხედვით, „მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი ლაქ-საღებავის  განთავსება, რომელიც დამზადებულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, ხოლო ეს დოკუმენტაცია შეინახოს ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.“

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ იმპორტიორი ვალდებული იქნება „არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“.

იმპორტიორი ვალდებული იქნება ასევე „ლაქ-საღებავის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება“.

ტექნიკურ რეგლამენტში ასევე აღნიშნულია, რომ „დასაშვები ზღვრული ოდენობის დარღვევით წარმოებული ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტების გამოვლენისას, ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ტრანსპორტირება, დროებით შენახვა, ნარჩენების მართვა და გადამუშავება პროდუქტის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, მათივე ხარჯით“.

ტექნიკური რეგლამენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. ასეთი კვირეული აღინიშნება საქართველოშიც. მაგალითად, 2019 წელს კვირეულის სლოგანი იყო  – „აკრძალე ტყვია საღებავებში“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/359380/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: