მთავარი,სიახლეები

ბათუმის №16 სკოლას დაანგრევენ, აშენდება ახალი სკოლა

05.04.2021 • 1704
ბათუმის №16 სკოლას დაანგრევენ, აშენდება ახალი სკოლა

ბათუმის №16 საჯარო სკოლის შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომლებიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება სკოლის შენობის დემონტაჟი.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი.  სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სკოლის ახალი შენობის პროექტზე მალე დაიწყება მუშაობა.

დღეიდან, 5 აპრილიდან, №16 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ შენობაში გააგრძელებენ სწავლას მე-16 სკოლის მოსწავლეები.

„ამ ეტაპზე არც ერთი კონრეტული ფართი არ არის შერჩეული, მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის შერჩევის პროცესი, მანამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, სწორედ #16 სკოლის ადგილზე აშენდება, „1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა“.

ბათუმის ავტოსადგურის გვერდით, მაიაკოვსკის ქუჩაზე, იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც მე-16 საშუალო სკოლის შენობა დგას, 6 259 კვ/მ-ია და მისი მესაკუთრე სახელმწიფოა.

აჭარის განათლების სამინისტროს 2021 წლის ქვეპროგრამის – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში, სამინისტრომ წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი უნდა შეისყიდოს, მათ შორისაა მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტიც.

______________________

ფოტოზე: ბზარები ბათუმის №16 სკოლის შენობაში.

გადაბეჭდვის წესი