მთავარი,სიახლეები

ბათუმში ოთხსართულიანი სახლის სართული ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

07.04.2021
ბათუმში ოთხსართულიანი სახლის სართული ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ადასტურებს. კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.

აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მერია მათ ბინების დაქირავებას დაჰპირდა.

რას უპირებს მერია ავარიულ სახლს, ნამდვილად დაუქირავებს თუ არა ბინებს ოჯახებს და რამდენი ხნით? – ამ კითხვაზე მერიიდან პასუხს ველოდებით.

ბათუმში სიცოცხლისთვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წელს დაუკვეთა.

მერიის თანამშრომლებმა, ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან ექსპერტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხისშემცველია.“

სამხარაულის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2019 წელს მოამზადეს:

„ვიზუალური დათვალიერებით, ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის საძირკვლის ფუძის ჯდენის გამო, მიშენებული ნაწილი გადაიხარა ვერტიკალური სიბრტყიდან ეზოს მიმართულებით და, ძირითადი შენობის ღია აივნებთან მიშენებული ნაწილის ხისტად შეერთების გამო, თან წაიყოლა ძირითადი შენობის მზიდი კონსტრუქციები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია შენობის ტორსულ კედლებთან მდებარე ბინებში. უნდა აღინიშნოს, რომ საძირკვლის ფუძის ჯდენის დინამიკური პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რადგან გარემონტებულ ბინებში ბზართა წარმოქმნა გრძელდება. შენობის ამ
ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ვერ უზუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და მისი შემდგომში ექსპლუატაცია დაუშვებელია. ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემდგომი
ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობის უკანა მხარეს მოგვიანებით განხორციელებული მიშენების ტექნიკური მდგომარეობის დეტალების გამოკვლევა და მიღებული შედეგების საფუძველზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს
შენობის მიშენებული ნაწილის გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გაძლიერების პროექტის მიხედვით, ან დემონტაჟი ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 50.“

დასკვნის მომზადებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა ამ 34 სახლთან დაკავშირებით მერიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მოქალაქეები ისევ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ.

ამ თემაზე ვრცლად:

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: