მთავარი,სიახლეები

სამინისტროში 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება

07.04.2021
სამინისტროში 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება

სოფლად დაფინანსების მისაღებად წელს ყველაზე მეტი პროექტი ქობულეთელებს დაუწერიათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საპროექტო განაცხადების მიღება „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამაზე“ დასრულდა. სამინისტროში სულ 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა.

ქობულეთიდან სოფლად დაფინანსების მიღება 1093-მა ფერმერმა ისურვა, ხელვაჩაურში – 665-მა, ქედაში – 483-მა, შუახევში – 206-მა, ხულოში – 355-მა, ხოლო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე – 148-მა ფერმერმა დაწერა საპროექტო განაცხადი.

ფერმერები წელს თავად იღებენ გადაწყვეტილებას რისი შეძენა სურთ: მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო ტექნიკის, სათბურის, ნერგის თუ სხვა რამის, რაც საოჯახო მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელს. მინიმალური თანხა 500 ლარია, მაქსიმალური – 40 ათასი. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელის, კარლო კეკელიძის ინფორმაციით, გამოყოფილია 4 პრიორიტეტული მიმართულება. განაცხადების უმრავლესობა მექანიზაციის საშუალებების შეძენაზეა.

„მემცენარეობის კუთხით შემოსულია 420 განაცხადი, მეცხოველეობაზე – 107, სასათბურე მეურნეობაზე – 186, ხოლო სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საშუალებებზე – 2235… ყველა ეს განაცხადი გავა კომისიაზე,“ – გვითხრა კარლო კეკელიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისიის შემადგენლობის შესახებ ბრძანება ჯერ არ გამოუცია. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება და ყველა ფერმერი, ვინც პროექტით სამინისტროს მიმართა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს – მათ ან გასაუბრებაზე მისვლას სთხოვენ, ან ეტყვიან, რომ ტექნიკური შეუსაბამობაა და შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.

ამ პროექტისთვის წელს დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: