მთავარი,სიახლეები

იუსტიციის სახლში მოქალაქეს დაცვის თანამშრომელმა თავში რაცია ჩაარტყა

07.04.2021
იუსტიციის სახლში მოქალაქეს დაცვის თანამშრომელმა თავში რაცია ჩაარტყა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს ე.წ. „რაცია“ ჩაარტყა თავში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (ე.წ. „რაცია“) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

შემთხვევა 2020 წლის 4 დეკემბერს მოხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით.

„დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები“ – წერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: