მთავარი,სიახლეები

„დღეს რა ვჭამოთ, როგორ ვიყიდოთ წამალი?“ – ცოლ-ქმრის საფიქრალი I VIDEO

07.04.2021 • 2075
„დღეს რა ვჭამოთ, როგორ ვიყიდოთ წამალი?“ – ცოლ-ქმრის საფიქრალი I VIDEO

როგორ ვიყიდოთ წამალი? რა ვჭამოთ? – ბოლო დღეებია ცოლ-ქმარი, მედგარ და ხათუნა აბესაძეები ამ კითხვებზე ეძებენ პასუხს.

აბესაძეების ორსულიანი ოჯახი ბათუმში, კერძო სახლის პატარა, ნაგირავებ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი ზუსტად 240 ლარია: 50-50 ლარი სოციალური დახმარება და 140 ლარი – მედგარ აბესაძის დროებითი პენსია.

ამ თანხიდან 200 ლარი მედგარს წამლებისთვის სჭირდება, თუმცა ახლა ესეც კი არ არის საკმარისი. საკვებისთვის კი თანხა ოჯახს თითქმის არ რჩება და უკვე წელზე მეტია ამაოდ ითხოვენ უფასო სასადილოს პროგრამაში ჩასმას, რომ მინიმალური საკვები მაინც ჰქონდეთ.

ახლა სიღარიბესთან გამკლავება კიდევ უფრო რთული გახდა. მედგარ აბესაძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის თანხა საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ დაფარა, თუმცა წამლების ფული ოჯახს თვითონ უნდა ეშოვა.

ხათუნა გვიყვება, რომ ბათუმის მერიასაც მიმართა თხოვნით, ჩაესვათ 200-ლარის ღირებულების მედიკამენტებით დახმარების პროგრამაში. უარი უთხრეს – ბათუმში არ ხართ ჩაწერილიო.

„კინაღამ გულის შეტევა მომივიდა, უარი რომ მითხრა მერიამ წამლებზე. წავედი, ვესესხე ხალხს და ისე ავაგროვე ფული, რომ ანტიბიოტიკი მეყიდა. არ შეიძლებოდა წამლის გარეშე, ექიმმა გამაფრთხილა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ წამლების გარეშე სითხე ჩადგება და მე ვერაფერს ვერ ვიზამო“, – გვიყვება ხათუნა.

ქალი ამბობს, რომ ამ დღეებში ისევ მიდიან ექიმთან და წინასწარ ეშინია: „მეშინია კი, კიდევ წამალი რომ დაუნიშნოს ექიმმა, რით უნდა ვიყიდოთ? რა ვქნათ?“ – კითხულობს ხათუნა.

მედგარ აბესაძეს დროებითი სახელმწიფო პენსია მშენებლობაზე მიღებული ტრავმის გამო დაუნიშნეს. 2012 წელს იგი სიმაღლიდან გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა.

„სახსარში მომტყდა ფეხი. კომპანია არაფერში არ დამეხმარა, არც საჩივარი დამიწერია, 300 ლარის წამლები მომიტანეს და მერე აღარ გამოჩენილა არავინ.

აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. სამი თვე გირებზე ვიყავი დაკიდებული, გიფსში, წელიწადნახევარი ყავარჯნებით ძლივს დავდიოდი. ასეთ დღეში რომ ხარ, მერე უცებ შეძლებ მუშაობას? მაგრამ რაღაც შევძელი, ვწვალობდი, ვმკურნალობდი…

მაშინ იყო საშუალება, ჩემი ცოლი მუშაობდა“ – გვიყვება მედგარი.

მას ფეხზე ახლაც ღია ჭრილობა აქვს, სიარულისას ფეხს ითრევს, მაგრამ, მიუხედავად მტკივანი ფეხისა, მაინც ცდილობდა მშენებლობებზე მუშაობას. პანდემიის დროს დროებითი სამუშაო და შესაბამისად – შემოსავალი, შეწყდა. ახლა კი, თიაქარის ოპერაციის შემდეგ, მედგარი კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს მუშაობას.

„ასეთი რთული პერიოდი არასოდეს მქონია. თან ყველაფერი გაძვირდა.

ხორცს თუ ვერ შეჭამ, ხორცის ნახარში მაინც უნდა დალიო ადამიანმა. რით უნდა იყიდო ხორცი, 20-25 ლარი ღირს. რომ იძახიან წინსვლააო, რაშია წინსვლა, დამანახეთ“, – ამბობს მედგარი.

21 წლის წინ მედგარი და ხათუნა უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად ზესტაფონიდან ბათუმში ჩამოვიდნენ. თუმცა უკეთესი ცხოვრება ჯერ არ ჩანს, სიღარიბით გამოწვეული პრობლემები კი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.

ხათუნა ამბობს, რომ პანდემიამდე თურქეთში გადადიოდა და მუშაობდა, რაც მათ თავის გატანის საშუალებას აძლევდა, საზღვრის დაკეტვის შემდეგ კი ოჯახი მშიერი დარჩა.

„რომ არა მეზობლების დახმარება, რომლებიც თვითონაც სოციალურად დაუცველები არიან და სასადილოდან მოაქვთ საკვები, შიმშილით მოვკვდებოდით ალბათ. თითქმის ერთი წელია ვითხოვ უფასო სასადილოს პროგრამაში ჩასმას. როგორ გამაქვს თავი, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს.

კითხვას ვუსვამ ნებისმიერს, ადამიანი თვეში 50 ლარით იარსებებს? წამლები რა ვქნა? როგორ ვუყიდო მეუღლეს წამლები? რა გააკეთოს ჩვენნაირმა ხალხმა? გავძლებ მშიერი, ჯანდაბას, მაგრამ წამლებს რა ვუყოთ? რისთვის არის მთავრობა, ასეთ გაჭირვებულ ხალხს თუ არ დაეხმარა?

შემიძლია მუშაობა, მაგრამ სად ვიმუშაო? კაფე-ბარებში 20-30 წლის ახალგაზრდები უნდათ. გამოდით ბატონებო ქუჩაში და ნახეთ რა დღეში ვართ ჩვენნაირი ადამიანები. წამლები მინდა და მუშაობა, მეტს არაფერს ვითხოვ და ესეც არ არის“, – ამბობს ხათუნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: