მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს


მერია ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #48-ში ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის  ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების დასაწყებად თანხმობას ითხოვს. შესაბამისი განკარგულების დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე მიმართა.

მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომაც მერიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს მესაკუთრეების ვინაობის დადგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესწავლა და დროებითი საცხოვრებელი ბინებით, ქირით უზრუნველყოფა.

გიორგი ბრწყინვალის #48-ში მდებარე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მცხოვრების თქმით, სახლში წლების წინ ხანძარი გაჩნდა, მას შემდეგ შეაკეთეს, თუმცა არასახარბიელო სიტუაციის გამო ახლა ინვესტორს ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ახალაშენებულ სახლში ბინებს ინვესტორთან გარიგების საფუძველზე მიიღებენ

განკარგულების პროექტის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალის #48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთია მათ შორის, რომლის მდგომარეობაც ექსპერტიზის ბიურომ მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის დაკვეთით შეისწავლა და სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნია.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 14 დეკემბერს უნდა განიხილოს, წერია: ისეთ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის, რომელთა სახლებიც გამაგრება-გარემონტებას არ ექვემდებარება, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი ბინების შეთავაზებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინები არ იქნება გარემონტებული, მერია მათ დამატებით გადასცემს რემონტისათვის საჭირო თანხას – ერთ კვადრატულ მეტრზე 250 ლარის ოდენობით.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოში წარადგინეს, ასეთ სახლებს შორისაა გიორგი ბრწყინვალის #48 და კვინიტაძის #3 [ორსართულიანი სახლები]. სულ რამდენი ასეთი სახლია გამოვლენილი,  ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„ბათუმელები“ გიორგი ბრწყინვალის #48-ში მცხოვრებლებს გაესაუბრა. „ ჩვენ მერია კი არა, ინვესტორი გვინდა“, – ასეთი რეაქცია ჰქონდათ მათ მას შემდეგ, რაც მერიის გეგმების შესახებ გაიგეს.

„ჩვენთან იყო ინვესტორი, რომელმაც გვითხრა, ამ საქმეში მერიას ნუ გარევთო. იცით რატომ? – მერია თავისას ითხოვს“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა, რომელმაც თავისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილა.

რას უპირებს მერია გიორგი ბრწყინვალის #48-ში არსებულ ტერიტორიას – მესაკუთრეებს ალტერნატიულ ბინებზე გაურიგდება, გადასცემს ამ ტერიტორიას კონკრეტულ ინვესტორს თუ ამ ადგილს აუქციონზე გაიტანს? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა შეთავაზებაზე უარს იტყვის და ინვესტორთან გარიგებას პირდაპირ მოინდომებს? – ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას ხვალ, 14 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე შევეცდებით, სადაც ეს საკითხი უნდა განიხილონ.

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ბრწყინვალის ქუჩა ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, #48-ში მდებარე ორსართულიან სახლს კი თავისი ეზოთი საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია [1 568 კვადრატული მეტრი], ამ ადგილზე მშენებლობის წამოწყებით, სავარაუდოდ, ბევრი ინვესტორია დაინტერესებული.

სახურავი და სამრეცხაო ეზოს მეორე მხრიდან, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #48

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი