Batumelebi | დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები – Batumelebi
RU | GE  

დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები

„ხომ გავხდი ოთხი წლის, ბაღში რატომ არ მიგყავარ?“ – ამ კითხვას ხშირად უსვამს დედას 4 წლის ენრიკე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, როგორ მიჰყავთ ან მოჰყავთ ბაღიდან მშობლებს მეზობელი ბავშვები. ენრიკე ისევ თავის რიგს ელის. ის ოჯახთან ერთად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენრიკეს მსგავსად თავის რიგს საბავშვო ბაღში ბათუმში 1659 ბავშვი ელოდება.

ენრიკეს დედამ, ნათია ხმალაძემ, ბავშვი ბაღის ასაკამდე რამდენიმე თვით ადრე დაარეგისტრირა, მაგრამ ის მაინც ბაღის გარეშე დარჩა. ახლა ენრიკე რიგში 58-ეა.

შეიძლება გაგიკვირდეთ და არ დაიჯეროთ, მაგრამ ბავშვი მეკითხება, ბაღში რატომ არ მიგყავარო. ერთხელ მითხრა, დედა, ამ ბაღში თუ არ არის ადგილი, სხვა ბაღში წამიყვანეო. რა უნდა ვუთხრა – ვუხსნი ბაღებში დიდი რიგებია, დაველოდოთ და ჩვენც მოგვიწევს-მეთქი. მაგრამ იმედი აღარ მაქვს, რომ ენრიკეს რიგიც მალე მოვა.

გარდა იმისა, რომ 4 წლის ენრიკეს უჭირს იმის გაგება, რატომ ვერ მიდის ბაღში მაშინ, როცა მისი თანატოლები დადიან, ნათია წუხს, რომ ის სათანადოდ მომზადებული ვერც სკოლაში შევა:

„ბავშვს არ ეცოდინება თანატოლებთან ურთიერთობა ერთ სივრცეში. გარდა ამისა, ბაღში ფერების გარჩევას, ლექსებს, ნახატებით ამბების მოყოლას, მასწავლებელთან ურთიერთობას, ყელაფერს ასწავლიან და ის სკოლაში უკვე მომზადებული შედის. ჩემს შვილს ამის შესაძლებლობა არ მიეცა. არ ვიცი, მომავალში შეიცვლება თუ არა რამე, მაგრამ წელს ამის იმედი აღარ მაქვს.“

ბავშვის სამ ბაღში დარეგისტრირება სცადა ლაურა მალაყმაძემაც. საბოლოოდ კი გადაწყვიტა ბავშვი კერძო ბაღში წაეყვანა, თუმცა რიგს მაინც ელოდება:

პირველივე ბაღში, რომელიც ჩვენს უბანშია, 86-ეა ბავშვი რიგში. კიდევ ორ უახლოეს ბაღში დავარეგისტრირე. ერთ-ერთში, სადაც ვფიქრობთ, რომ შანსი გვაქვს, 41-ე ვართ რიგში. გამოდის, რომ წელს ბავშვს ბაღში ვერ წავიყვანდი. სამსახურში უნდა მევლო, ვერც ვერავისთან დავტოვებდი და კერძო ბაღში წავიყვანე. არ მოსწონს, მეუბნება, ეს ბაღი კი არა სახლია, მე ბაღი მინდოდაო. კერძო ბაღი მართლაც საცხოვრებელი სახლის შენობაშია განთავსებული.

მშობლები, რომლებსაც ბავშვები ვერც მუნიციპალურ ბაღებში მიჰყავთ და ფინანსური პრობლემების გამო ვერც კერძო ბაღებით სარგებლობენ, ამბობენ, რომ  ბავშვების სკოლისთვის მომზადება უჭირთ: „ვცდილობ, მაგრამ ისე ვერ მოვამზადებ ბავშვს, როგორც ბაღში ამზადებენ“.

2021 წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საბავშვო ბაღში მოხვედრას წინა წელსაც ცდილობდნენ, თუმცა უადგილობის გამო ისევ ბაღს მიღმა აღმოჩნდნენ.

ამ ეტაპზე ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი- 8 105. ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მონაცემებით, თითოეულ ბაღში, სხვადასხვა ჯგუფში, მინიმუმ ასამდე ბავშვი ელის თავის რიგს, ზოგიერთ ბაღში კი კონკრეტულ ჯგუფში 180-ზე მეტი ბავშვია მოლოდინის რეჟიმში. რიგს ელიან როგორც 4-წლიანების, ისე 5-წლიანების ჯგუფებში. თუმცა წელს ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვების უმეტესობა სკოლის ასაკამდე ისე მივა, რომ ბაღში წასვლას ვერ შეძლებს.

ბათუმის მერია 2021 წელს მხოლოდ ერთი ბაღის გახსნას გეგმავს ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ბაღის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. მერიაში კარგად იციან, რომ ერთი ბაღის გახსნა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების გადაყვანის სურვილი აქვთ იმ მშობლებსაც, რომლებმაც ადგილის არარსებობის გამო ბავშვები კერძო ბაღებში მიიყვანეს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კერძო ბაღების მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდა.

ბათუმში ერთ ბაღში საშუალოდ 250 აღსაზრდელია, თავის რიგს კი 1659 ბავშვი ელის. შესაბამისად, ბათუმში ბაღების მისაწვდომობის პრობლემის მოსაგვარებლად სულ მცირე 6 საბავშვო ბაღი კიდევ არის საჭირო.

გასულ წლებში ბაღების მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების მიხედვით, ერთი ბაღის მშენებლობაზე მინიმუმ 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღების დეფიციტის შესავსებად მერიას 12 მილიონზე  მეტი ლარი და რამდენიმე წელი დასჭირდება.

ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს, საკრებულოს სხდომაზე ჰკითხეს. მან თქვა, რომ განიხილავდნენ ერთი ბაღის აშენებას ჩაქვში, თუმცა ნაკვეთი სტანდარტული ბაღის ასაშენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მან დაამატა, რომ ამ საკითხზე დეტალები დასაზუსტებელი ჰქონდა. ამ განმარტებიდან ორი თვის შემდეგ მერიას იგივე პასუხი აქვს – ჯერ კიდევ აზუსტებს, შეძლებს თუ არა ჩაქვში სტანდარტული ბაღის აშენებას.

უცნობია, როგორ ფიქრობს მერია მომავალში ამ პრობლემის გადაჭრას. მერიიდან ამ საკითხზე სრულყოფილი პასუხი ვერც დღეს მივიღეთ. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ საკითხებზე მუშაობენ“.

აჭარის მთავრობამ კი ბაღების მისაწვდომობის პრობლემაზე ჩვენს კითხვებს ასე უპასუხა:

„აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი ლოკაციების შერჩევის საკითხზე“.

ბაღებისთვის ადგილების შესარჩევად მერიას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ბათუმში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, თავისუფალი ტერიტორების უმეტესობა გაყიდულია. კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად კი, ბაღს უნდა ჰქონდეს საკმარისი ადგილი უსაფრთხო შენობისთვის, რომელსაც ორი გასავლელი, ორი კიბე, გამართული სახანძრო სისტემა და შემოსაზღვრული ეზო ექნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი