მთავარი,სიახლეები

დის მოთხოვნით ქალი ფსიქიატრიულში გამოკეტეს – კლინიკა პაციენტს 5 ათას ლარს გადაუხდის

06.04.2021
დის მოთხოვნით ქალი ფსიქიატრიულში გამოკეტეს – კლინიკა პაციენტს 5 ათას ლარს გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა „მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს“. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კლინიკამ ფული ი.მ.-ს უნდა გადაუხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქალი „ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში უკანონოდ მოათავსეს.“

ი.მ. 55 წლის ქალია და თბილისში ცხოვრობს. მას მემკვიდრეობაზე დავა საკუთარ დასთან ჰქონდა, რომლის წინააღმდეგაც პოლიციას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. ოჯახში ძალადობიდან ორი კვირის თავზე კი, ერთ დილას, სახლში დაბრუნებული ქალი პოლიციელებმა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

ი.მ.-ს ჩვენების მიხედვით, ის დილით საყიდლებზე წავიდა, ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა. ი.მ.-ს  საცხოვრებელ სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ. ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც მის დასაცავად.

დეტალების გარკვევის ნაცვლად პოლიციელებმა და სასწრაფოს ექიმებმა ქალის ფსიქიატრიულში მიყვანა ამჯობინეს, როგორც ეს ი.მ.-ს დამ მოითხოვა, ვის წინააღმდეგაც პოლიციელებს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოწერილი.

„აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება: იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი,“ – აღნიშნავს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც სასამართლოში ი.მ.-ს ინტერესებს იცავდა. 

როგორ დადასტურდა, რომ ფსიქიატრიულის გადაწყვეტილება უკანონო იყო?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფო მენაბდიშვილი განმარტავს, რომ კანონი ადგენს ფსიქიატრიულში არანებაყოფლობით მოთავსების წესს: განსაზღვრულია კრიტერიუმები – რის გამო შეიძლება დაგტოვონ სტაციონარში. იურისტის თქმით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა კლინიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„კანონი ამბობს, რომ ამ დროს ადამიანი საფრთხეს უნდა უქმნიდეს საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს… ეს არ დასტურდებოდა. იქ იყო ძირითადად დის მონაყოლი. ბენეფიციარი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო გამიზნული ქმედება, რადგან მას ჰქონდა სამკვიდრო დავა. არგუმენტად იყო დასახელებული ისიც, რომ ი.მ. იზოლირებულად, ცალკე ცხოვრობს და მას კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან,“ – გვიყვება ადვოკატი სოფო მენაბდიშვილი.

საბოლოოდ, ი.მ. 14 დღე იყო ფსიქიატრიულში, ვიდრე სასამართლო დაადგენდა, რომ მისი სტაციონარში მოთავსება უკანონოა. ამჯერად სასამართლომ კომპენსაციის ნაწილში დააკმაყოფილა ი.მ.-ს სარჩელი.

ი.მ. სასამართლოში დავობს შსს-ს წინააღმდეგაც და აქაც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. იურისტი სოფო მენაბდიშვილი განმარტავს, რომ პოლიციელების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმა არ მოუთხოვიათ, რადგან კანონით არ არის განსაზღვრული ადამიანის ფსიქიატრიულში მოთავსების დროს რა პროცედურაა საჭირო და რთულია პასუხისმგებლობის გამოკვეთა.

„შსს-დან მოგვწერეს, რომ მათი ვალდებულებაა ამ დროს მხოლოდ უსაფრთხოდ გადაყვანა, არადა, წესით, მათ აქვთ სხვა ვალდებულებაც, როცა ცნობილი იყო ამ შემთხვევაშიც, რომ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი,“ – დასძინა სოფო მენაბდიშვილმა.

ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: