მთავარი,სიახლეები

ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა არც სასამართლომ შეაჩერა

06.04.2021 • 1546
ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა არც სასამართლომ შეაჩერა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ EMC] ინფორმაციით, 16-სართულიანი კომპლექსის [დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ] მშენებლობა ბათუმის ბულვარში არც სასამართლომ შეაჩერა.

ორგანიზაცია ითხოვდა მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს საქმის განხილვამდე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეუჩერებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია.

ორგანიზაციის შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი“.

ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმი“ უკვე მე-9 სართულს  აშენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამად ძეგლისთვის კანონით დასაშვებ პარამეტრებზე უკვე 6 სართულით მეტია აშენებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუწყია სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი.

„ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს.“

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი EMC] უკიდურესად პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, „ამბასადორი ბათუმის“ უკანონო მშენებლობის უგულებელყოფის პარალელურად განაგრძობენ საჯარო ინტერესის დათმობას კერძო კომპანიების სასარგებლოდ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: