მთავარი,სიახლეები

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ცოცხებით კონტრაქციაზე

07.04.2021 • 1560
რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ცოცხებით კონტრაქციაზე

ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ბათუმში ცოცხებით გამართული კონტრაქციის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 7 აპრილს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს თავისი პროტესტი დემოკრატიული ფორმით.

კითხვას, რომ კონტრაქცია შეაფასეს როგორც მის მიერ წახალისებული, მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია, მაშინ, როცა როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ეპიდვითარება დამძიმებულია.

კვირას, 4 აპრილს, საღამოს, აქცია ცოცხებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გამართეს.

ეს იყო ერთგვარი კონტრაქცია ბათუმში 3 აპრილს გამართულ აქციაზე, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.

რიჟვაძე, ერთი მხრივ, აქციის ორგანიზატორების ქცევას დემოკრატიული გამოხატვის ფორმად მიიჩნევს, მეორე მხრივ კი, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს გაითვალისწინონ რეგიონში არსებული ეპიდვითარება და არ აირჩიონ პარტნიორად კოვიდი.

„ის, ვინც აწყობს ამ ტიპის აქციებს, მათ შორის დესტრუქციული „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის პრაქტიკულად გაკოტრებული პოლიტიკურად, მართლა ირჩევენ კოვიდს მათ მთავარ პარტნიორად.  მინდა მოვუწოდო, რომ ყველამ გაითვალისწინოს არსებული ეპიდსიტუაცია.“

რიჟვაძის თქმით, ხელისუფლებას გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა რეგიონში პროცესების რადიკალიზაციაზე.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი რადიკალიაზაცია არის ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი. ბევრი გამოწვევა აქვს როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების მიმართ ერთობლივი მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს. სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ აბსოლუტურად სხვა გზას…“

რიჟვაძემ ასევე უარყო პარტიის კავშირი კონტრაქციასთან, მიუხედვად იმისა, რომ ამ აქციაში პარტიის აქტივისტები და საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.

„ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვირა დღეს, არასამუშაო დღეს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს [პროტესტი] დემოკრატიული ფორმით და ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მათ შორის წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანი ჰყავს და ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც ირჩევენ ამ ფორმას.“

___

„სირცხვილიამ“ 2 აპრილს, ღამით, ბათუმში გამართა საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიცია „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში შუაღამისას შევიდა და 3 პირი დააკავა. ოფისში მყოფების თქმით, პოლიცია ზოგიერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა.

სწორედ „სირცხვილიას“ ამ აქციის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებით მიადგნენ.

ბათუმში კონტრაქციის მონაწილეები ისევ ცოცხებით გამოჩნდნენ

Batumelebi | ბათუმში კონტრაქციის მონაწილეები ისევ ცოცხებით გამოჩნდნენ (netgazeti.ge)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: