დაპირისპირება რუს გენერლებში იწვევს არეულობას, დალაგებულები არც აქამდე იყვნენ – ინტერვიუ

„პაუზის გარეშე რუსები სრულიად გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა დაიწყოს და პოლიტიკური ვაჭრობა გაააქტიუროს, თუმცა განახლების გარეშე ესეც გაუჭირდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერალ-მაიორის ინფორმაციით, რუსი გენერლები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, გერასიმოვს აღარ უსმენენ – რუსეთის გენშტაბის უფროსს. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული დვორნიკოვი ცდილობს „მეფეს“თავი მოაწონოს.

„ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ,“ – დასძინა გენერალმა, ვისთან ინტერვიუც სევეროდონეცკით დავიწყეთ, რომლის დატოვების გადაწყვეტილებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს. „უკანდახევა კი, ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად უკრაინისთვის გერმანიიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე გვითხარით – 10 ერთეული IRIS-T, რაც 178 მლნ ევრო ღირს. რა შეიცვლება ამით უკრაინისთვის? 

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „მერსედესი“ საჰაერო თავდაცვით სისტემებში, გერმანული წარმოება, რომელიც თავის დროზე შექმნილია, როგორც ახლო მანძილის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის თვითმფრინავის შეიარაღებად, შემდგომში შემუშავებულ იქნა, როგორც საზღვაო ბაზირების, ასევე სახმელეთო პლატფორმებით. ის შეიძლება იყოს, როგორც ახლო, ასევე საშუალო და შორი მანძილის, ეს დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე. მისი ეფექტიანობის მანძილი საშუალოდ 25 კილომეტრია, სიმაღლე 20 კმ-მდე. ის გამოიყენება, როგორც თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ასევე, რაც მნიშვნელოვანია – რაკეტების წინააღმდეგ.

IIRIS-T ძალიან ეფექტურია, თუმცა მნიშვნელოვანია რაოდენობა. 10 ერთეულით შესაძლებელი იქნება დაახლოებით საშუალო სიდიდის ერთი ქალაქის დაცვა. უკრაინას შეუძლია არჩევანი გააკეთოს სტრატეგიული მართვის პუნქტების დაცვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ „ლენდ-ლიზის“ მიწოდება უკვე დაიწყო და გამოჩნდა ეს აღჭურვილობა უკვე უკრაინის შეიარაღებაში, თუმცა ეს არის მცირე რაოდენობა, რაც ძირითადად სჭირდებათ დანაკარგების შესავსებად, ასევე გარკვეული ტექნიკა მოითხოვს რემონტს. „ლენდ-ლიზის“ სრულად მიწოდება და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა იქნება გარდამტეხი ამ ომში.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს. ამას ადასტურებს კონკრეტული შემთხვევაც, როცა უკრაინელებმა ჩამოაგდეს მოიერიშე სუ-25 და მისი პილოტი „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა. ეს სამხედრო დაჯგუფება სირიის ომშიც მონაწილეობდა. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება რუსეთის საჰაერო ძალებში?

ცხადია, ეს იყო კერძო, სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელსაც ჰყავს სამხედრო სპეციალისტები, მფრინავები და საარტილერიო ექსპერტები. ის საკმაოდ კარგად ორგანიზებულია, ფესვგადგმულია და მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლების მიერ. ცენტრალურ აფრიკაში „ვაგნერი“ ავარჯიშებდა ადგილობრივებს, ცენტრალურ აფრიკაში აღჭურვილობაც შეიტანეს, როცა იქ სულ ორი დაჟანგული „კალაშნიკოვი“ ჰქონდათ და მაშინ ამან ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეშფოთებაც გამოიწვია.

სირიაში მათი ამოცანა სადივერსიო მოქმედებების ჩატარება იყო, კონტრამბოხებულების ოპერაციები და სახელისუფლებო ძალების წვრთნა. როგორც წესი, „ვაგნერი“ ჩნდება იქ, სადაც რუსეთს აქვს პრობლემა და უკრაინის შემთხვევაში ჩანს, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი პრობლემა სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებში. ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ კიდეც, რომ 63 წლის გენერალი ჩამოაგდეს, რაც აჩვენებს იმას, რომ რუსებს მფრინავების ნაკლებობა აქვთ.

  • ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსებმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი გადააყენეს და მის ნაცვლად დონეცკის ოლქის მკვიდრი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დანიშნეს. თქვენი ინფორმაციით, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ: დვორნიკოვი გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მოადგილეა გერასიმოვიც, რომელიც გენშტაბის უფროსია, თუმცა პირველი მოადგილეა. არ არის გამორიცხული, დვორნიკოვმა ჩაანაცვლოს გერასიმოვი. ასეთი გადაწყვეტილება კი, ბრძოლის შუა ეტაპზე, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, იწვევს არეულობას. შესაძლოა, თავისიანები დანიშნოს თანამდებობაზე, განახორციელოს ცვლილებები და ასე შემდეგ.

მოკლედ, დვორნიკოვი ცდილობს ახლა მაქსიმალურად აჩვენოს თავისი მნიშვნელობა და „ახალი ცოცხის“ პრინციპით მუშაობს. ჩანს, რომ უკვე გერასიმოვს აღარ ეკითხებიან არაფერს, სხვა გენერლები იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ. შესაძლოა, ამ ცვლილებებს უკავშირდებოდეს ისიც, რომ ოპერატიულ პაუზას არ იღებენ, თუმცა ფაქტია, რომ ოპერატიულ პაუზაზე გასასვლელად რუსეთს სჭირდება ოპერატიული ეპიზოდის დასრულება – რუსები სევეროდონეცკში შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან.

  • მაგრამ სევეროდონეცკიდან უკვე გამოდიან უკრაინელი სამხედროები.

დიახ, ბრძანება გაცემულია გამოსვლაზე, მაგრამ როგორ გამოვლენ და რამდენად შეუძლიათ უკანდახევის განხორციელება, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში. სავარაუდოდ, უკრაინელები გამოიყენებენ ურთიერთდაზღვევის მეთოდს და არიერგარდს, რომელიც შეაჩერებს რუსებს, ვიდრე ძირითადი დანაყოფები გამოვა.

უკანდახევას ართულებს ისიც, რომ მდინარე სევერსკი დონეცზე ხიდები აფეთქებულია. შესაბამისად, უკრაინელებს მოუწევთ ტექნიკის და მძიმე შეიარაღების სევეროდენცკში დატოვება. ამ დრომდე სევეროდენცკში ბრძოლა გრძელდება, ვერ დატოვებ ასე ტერიტორიას, როცა კონტაქტში ხარ მოწინააღმდეგესთან, ორგანიზებულად უნდა მოხდეს გამოსვლა, თუ ალყაში ხარ უკვე, ალყის გარღვევა უნდა მოახერხო, რაც ასევე ურთულესი ტაქტიკური ამოცანაა.

ბოლომდე არ არის გარკვეული „აზოტის ქარხნის“ დამცველთა ბედი: ისინი ალყაში არიან, თუ გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ „აზოტის ქარხანას“„აზოვსტალივით“ წინასწარ თავდაცვისთვის არ ამზადებდნენ, არ იყო შეტანილი მარაგები. მისი მიწისქვეშა კონსტრუქციაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება „აზოვსტალისას“. შესაბამისად, მისი დაცვაც უფრო რთული იქნება.

  • სევეროდენცკის შემდეგ განაგრძობს რუსული არმია შეტევას ლისიჩანსკიზე, რა არის რუსული არმიის სამიზნე ამ ეტაპზე? 

წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ ლისიჩანსკი უფრო ადვილი დასაცავია, რადგან ის მდინარის უფრო მაღალ ნაპირზეა განლაგებული, ვიდრე სევეროდენცკი. ჩემი აზრით, არ ღირდა უკრაინის მხრიდან ამხელა ძალისხმევის გაღება სევეროდონეცკიზე, აჯობებდა, ის გამოეყენებინათ უსაფრთხოების ზოლად და ძირითადი თავდაცვა მოეწყოთ ლისიჩანსკიზე. სევეროდონეცკი იყო მხოლოდ პოლიტიკურად საინტერესოა რუსეთისთვის, რადგან მისი აღებით ფაქტობრივად გადის ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სტრატეგიული მნიშვნელობა არც სევეროდენცკის შენარჩუნებას არ ჰქონდა.

გააჩნია ახლა რას გადაწყვეტს უკრაინა: შესაძლოა, უკრაინამ აქტიურად მოაწყოს თავდაცვითი ზღუდე სევერსკი-სოლედარ-ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ეს ტერიტორია დაბლობია და, შესაბამისად, დასაცავად არ არის ხელსაყრელი. აქ შესაძლებელია, გარკვეული ოპერირება [მოძრავი ჯავშან/საწინააღმდეგო ჯგუფების მოქმედება, აქტიური დაზვერვის წარმოება, მოწინააღმდეგის სკრინინგი და სხვა] ნატოს ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, უსაფრთხოების რაიონის ორგანიზება, ან საბჭოთა ტერმინოლოგიით, უზრუნველყოფის ზოლის შექმნა, ხოლო თავდაცვის ძირითადი რაიონი მოეწყოს სლავიანსკი-კრამატორსკი-პოპასნაიას ზღუდეზე.

  • რატომ არის საჭირო ამ ზღუდის მოწყობა, ფიქრობთ, რომ რუსეთი შეტევას ისევ განაგრძობს? 

მიმაჩნია, რომ სევეროდენცკზე გაჩერდება რუსეთი, ამას მოითხოვს საღი აზრი, რადგან რუსული არმია იფიტება და ყველა ექსპერტი ამას ამბობს, თუმცა თუ ლისიჩანსკის მიმართულება იქნება მისთვის წარმატებული, არ გამოვრიცხავ გააგრძელოს იერიში. ამ შემთხვევაში, თუკი, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბლოკირება მოხერხდება, ის ხდება მოწყვლადი და შესაძლოა, ალყაში მოაქციონ, რაც ძალიან არასასურველია, ამ ქალაქის უზრუნველყოფის გზები უკვე ცეცხლის ქვეშაა. სევეროდონეცკიდან გამოსული უკრაინული დანაყოფებით ამ ზღუდის მოწყობით შესაძლებელი იქნება ლისიჩანსკის დაცვა. სხვათა შორის, ბრიტანელები ერთი თვით ადრე უფრო ღრმად უკან დახევას სთავაზობდნენ უკრაინელებს,

რუსები ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდებიან ლისიჩანსკის, რადგან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე სევერო დონეცის გადალახვა მათთვის პრობლემაა, უკრაინელების არტილერია მუშაობს და ამ პირობებში მდინარის გადალახვა არ უნდათ. წესით, როცა დასახლებულ პუნქტზე იწყებ შეტევას, თავდაპირველად ახდენ იმ ქალაქის ბლოკირებას და შემდეგ იწყებ შეტევას, მაგრამ ასე არ გააკეთეს სევეროდონეცკის შემთხვევაში, პოლიტიკური ზეწოლით ვადების შემცირების მიზნით, მაგრამ მიიღეს უკუეფექტი, შესაბამისად, დასჭირდათ ამდენი დრო.

  • ანუ რა გათვლა ჰქონდათ რუსებს, რატომ არ სცადეს ბლოკირება? 

ვერ გეტყვით. შესაძლოა, არასწორი ინფორმირების შედეგი იყოს ეს და ეგონათ, რომ იოლად აიღებდნენ. ამას მოწმობს ისიც, რომ იქ თავდაპირველად კადიროველები შეიყვანეს, რომლებიც, როგორც წესი, წინა ხაზზე არ მოქმედებენ და ადგილობრივი ლუგანსკის დაჯგუფება.

  • შეზღუდული წარმატება“ – ამ ტერმინით ახასიათებს რუსული არმიის შედეგს უკრაინაში ბრიტანეთის დაზვერვა. ეთანხმებით? 

ნამდვილად ასეა, რადგან ეს წარმატება მცირე მასშტაბისაა და მიმართულებაც მცირეა, თანაც ეს არ არის სტრატეგიული მიმართულება. რუსებმა მიაღწიეს მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას და ლისიჩანსკიც რომ აიღონ, ეს იქნება ასევე მხოლოდ ტაქტიკური წარმატება. ეს არ იქნება ოპერატიული დონის მიზნის მიღწევა, მით უფრო სტრატეგიული.

ფაქტია, რომ ორივე მხარეს ამ ეტაპზე სჭირდება ოპერატიული პაუზა, რომ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიცირების განახლება შეძლონ. რუსებს უკვე ორგანიზებული დანაყოფებიც კი არ შეჰყავთ ბრძოლაში, არამედ, ასე ვთქვათ, „ბორბლებიდან“ შეჰყავთ პირდაპირ ადამიანთა ჯგუფები, გადმოჰყავს სხვადასხვა მიმართულებიდან ძალები და ასე ცდილობენ დანაკარგების შევსებას. რუსეთი ცდილობს თავდაცვითი ზღუდეები მოაწყოს ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით და გადმოჰყავს ძალები ძირითად მიმართულებაზე, რაც უკრაინას კონტრშეტევის საშუალებას აძლევს დასუსტებულ მონაკვეთებზე.

  • რას ცვლის უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები ამ ეტაპზე, მაგალითად, ხერსონთან, ან ზაპოროჟიეს მიმართულებით, როცა ის ფართომასშტაბიანი არ არის? 

ცვლის იმას, რომ რუსებს მაქსიმალურად აჯაჭვავს კონკრეტულ რაიონებზე, ანუ აიძულებს, ვეღარ გადაისროლონ მეტი სამხედრო ძალა წარმატებულ მიმართულებაზე და ასევე ამზადებს პლაცდარმს ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის.

ასე თანდათანობით უკრაინელები უკვე მიუახლოვდნენ ხერსონს. არაა გამორიცხული გაძლიერების და შესაბამისი ოპერატიული გარემოებების შემთხვევაში ხერსონს დაარტყან და გაათავისუფლონ კიდეც, წარმატება აქვთ უკრაინელებს მარიუპოლის მიმართულებითაც – 10 კილომეტრით წინ წაიწიეს, როგორც ვიცი. ეს უკვე არის მიწოდებული აღჭურვილობის შედეგიც, შედარებით გაუმჯობესდა უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, ღამით ბრძოლაც შეუძლია, არტილერიაც აქვთ. შესაბამისად, წარმატებებსაც უნდა ველოდოთ.

  • რა მოხდა კუნძულ ზმეინთან, რა სახის უპირატესობა მოიპოვეს იქ უკრაინელებმა, როცა დასავლეთიდან მიწოდებული „ჰარპუნით“ კიდევ ერთი რუსული ხომალდის ჩაძირეს? 

ფაქტია, რომ უკრაინელები ამცირებენ რუსების საზღვაო შესაძლებლობებს. ეს ხომალდი, რაც ჩაძირეს, საბრძოლო არ იყო, ეს იყო მხარდამჭერი, თუმცა ჩაუძირეს მცურავი საბურღი კოშკურები. ეს კოშკურები იყო ყირიმში განლაგებული რუსული კომპანიის ტექნიკა, რაზეც განლაგებული იყო თვალთვალის საშუალებები, რადარები. ზმეინი უკრაინელებისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, რადგან სადესანტო ოპერაციას მაინც ვერ ახორციელებენ, ამის რესურსი და საშუალება არ აქვთ.

წყალქვეშა ნავები კი, რაც აქვთ რუსებს შავ ზღვაში, მუშაობს დიზელზე, ეს არაა ატომური წყალქვეშა ნავები, რადგან შავი ზღვა არაბირთვული ზონაა. შესაბამისად, წყალქვეშა ნავს ჰაერის მარაგის შესავსებად სჭირდება მინიმუმ 6 საათი ზევით ამოსვლა, რომ მოქმედება შეძლოს. ის თუ ამოცურდება მიწვდომის მანძილზე უკრაინელებისთვის, მასაც დააზიანებენ თვითმფრინავებიდან, ან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. წყალქვეშ ვერ იმოქმედებენ „ჰარპუნები“ და „ნეპტუნები“, რაც უკრაინლებს აქვთ, ამიტომაც, რუსები რაკეტების გაშვებისთვის მათ აქტიურად იყენებენ. მგონი, სულ 5 ერთეული ჰყავთ რუსებს ასეთი წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში, ხოლო წყალზედა ხომალდები უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შიშით 200-ზე მეტ კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან სანაპიროს.

  • რუსები მიდიან ოპერატიული პაუზისკენ, რომ მოემზადონ მორიგი იერიშისთვის, თუ მხოლოდ დაკავებული მიწების დაცვას ეცდებიან და ეს პაუზა არც კი სჭირდებათ? 

არ არის გამორიცხული, აღარ დასჭირდეთ ოპერატიული პაუზა, თუ მხოლოდ თავდაცვას აპირებენ, ვინაიდან თავდაცვის ორგანიზებისთვის „კულმინაციის წერტილის“ ორგანიზება განსხვავდება შეტევის პირობებისგან, თუმცა თავდაცვასაც სჭირდება შესაბამისი მომზადება. პაუზის გარეშე რუსები სრულიად მოუმზადებლად და გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას, რუსებს ძალები არსებულ დაჯგუფებაში ეწურებათ, საჭიროებენ დასვენებულ, სრულიად ჩამოყალიბებულ და მომზადებულ საბრძოლო ერთეულებს და არა სხვადასხვა კომისარიატიდან პირდაპირ ბრძოლაში გაშვებულ რეზერვისტებს.

არ არის გამორიცხული, რუსეთმა თქვას, რომ ამოცანები უკვე შეასრულა, ეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას და პოლიტიკურ ვაჭრობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში, როცა ახალ უფროსს სურს მეფის წინაშე თავის გამოჩენა და ცდილობს აჩვენოს, როგორ ამუშავებს ჯარს.

მოხალისეები მრავლად ჰყავს რუსეთის არმიას – რუსეთში ღარიბ რუსს რა დალევს, რომელიც მზად იქნება ომში წავიდეს კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ მას, ცხადია, სჭირდება შესაბამისი მომზადება, რის დროც ახლა რუსეთს ნამდვილად არ აქვს.

მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო დააფუძნა.

მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც.

ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იყო შპს „მთის კურორტების მართვის კომპანია“, რომლის წესდებაც და სახელიც 2021 წლის ივნისში მთავრობამ შეცვალა და ის დღეს არის შპს „ემ თი ეი“ [MTA].

ამ კომპანიის მართვაში ახლაც რჩება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები. პარალელურად, „ემ თი ეის“, შეუძლია ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

აჭარაში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც ჭარის მთავრობას ექვემდებარება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თუ რა უფლებამოსილება და ვალდებულებები ექნება კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს?

„კურორტების განვითარების სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა, პროცესის ხელშეწყობა.“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან.

[toggle title=”სამინისტროდან მიღებული პასუხის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს ქვეყანაში.

ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებით სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არამხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო.

არსებული საკურორტო პოტენციალის ანალიზიდან იკვეთება, რომ განსაკუთრებით აქტიურადაა სამუშაოები გასაწევი ბალნეოლოგიური მიმართულებით, ვინაიდან, ზემოხსენებული სამასამდე საკურორტო ადგილიდან, ნახევარზე მეტი სწორედ  ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები თავისთავად წარმოადგენს სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის სწრაფ აღდგენას ცდილობს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, რადგან ამ სექტორში აკუმულირდება კერძო შემოსავლები, რასაც ეკონომიკური დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. შესაბამისად, კურორტების განვითარება, საქართველოს ტურიზმისთვის განახლებული ბიძგის მიცემა და საერთაშორისო ტურისტის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ზრდის უზრუნველყოფა, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და დასახელებული მიზნების ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ  მიზანშეწონილად მიიჩნია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნება.“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან.

[/toggle]

 

„ბათუმელებს“ ასევე აინტერესებდა დარჩება თუ არა მთის კურორტები მართვაში სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეის“, ან, გადაეცემა თუ არა აჭარის კურორტების [და კონკრეტულად რომელის] მართვა ახალ სააგენტოს? ასევე, რამდენი შტატი იქნება ახალ სააგენტოში, რა თანხა არის გამოყოფილი [ან გამოიყოფა] ბიუჯეტიდან და სხვა, თუმცა, ამ ეტაპზე სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

კონკრეტული დეტალები იმ დებულებით განისაზღვრება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დაამტკიცებს. ახალი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს კი,  ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.

 

მთავარი ფოტო: კურორტი ბახმარო, 2019 წელი

ვინ მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – კრიტერიუმები დააზუსტეს

აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ბინის გაცემის რიგითობის კრიტერიუმები განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც ახალი კორპუსების მშენებლობის დასაწყებად დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოუწევთ.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის მიხედვით პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ასევე, ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია სპეციალური სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირი [რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, თუმცა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ ან მუდმივ სამედიცინო მომსახურებას.]

შემდეგ მოდიან  მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები,
მრავალშვილიანი ოჯახები [3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი].

ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულით და მრავალსულიანი ოჯახები [7 და მეტი წევრი]

პირველ ეტაპზე განიხილება ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია ომის ვეტერანი ან მასთან გათანაბრებული
პირი საპენსიო ასაკის პირი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ან დევნილი.  შემდეგ მოდიან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და იპოთეკით დაზარალებული ოჯახები.

ამავე თემაზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

 

 

 

 

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170]
  • ტანკი – 1 511 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 645 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 764 ერთეული [+5]
  • MLRS – 241 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 184 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 626 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 560 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 213 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 355 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 797 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 670 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 012 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 848 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]“პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება“ – კირბი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

რუსეთი უკრაინის ფრონტზე გენერლებს ცვლის – ბრიტანეთის დაზვერვა

„უკრაინა სავარაუდოდ აპირებს გადახედოს სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დაცვის სტრატეგიას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალები, ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, მცოცავ შეტევებს განაგრძობენ“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასის ფრონტზე არსებულ ვითარებას 25 ივნისის განახლებაში.

უწყების მთავარი ყურადღება უახლეს სადაზვერვო ცნობარში, რუსეთის არმიის გენერლებზეა მიმართული. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ივნისის დასაწყისიდან, რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ რამდენიმე გენერალს უკრაინის ომში მეთაურობა და გადამწყვეტი ფუნქციები ჩამოართვა.

„მათ შორისაა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და არმიის სამხრეთის დაჯგუფების მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვორნიკოვი, გარკვეული დროის განმავლობაში, მთავარი ოპერატიული მეთაურის მოვალეობასაც ასრულებდა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ სამხრეთის დაჯგუფების მეთაურობას, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინს ჩააბარებენ.

„სამხრეთის დანაყოფი კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს დონბასის შეტევებში, თავისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში კი სუროვიკინი ცნობილია კორუფციითა და სისასტიკით“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ჯერ კიდევ მაისში აღნიშნავდა, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ. მაშინ, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ. დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანსაც ასახელებდა.

მთავარი ფოტო: სერგეი სუროვიკინი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე

კაცი ჟანგბადის ბალონით, რომელიც ქუჩაში სანთებელების გაყიდვით ირჩენს თავს

ბათუმში, მერიის შენობის გვერდით კაცი ზის ეტლში, გვერდით ჟანგბადის ბალონი უდევს, წინ, ყუთზე, სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ულაგია. ყუთზე წარწერაა – „გთხოვთ, შეიძინოთ რამე, ამით თქვენ დაეხმარებით მძიმე ავადმყოფს“.

ეს მურმან პაქსაძეა, 48 წლის მოქალაქე. იგი სიგარეტების და სანთებელების გაყიდვით ცდილობს საარსებო თანხის შოვნას.

მურმანის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ჯანმრთელობის გამო. მან გვითხრა, რომ სამი წელია ციროზი და B ჰეპატიტი აქვს, სარგებლობს ეტლით და სუნთქვა არ შეუძლია ხელოვნური ჟანგბადის დახმარების გარეშე. 

ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე

მურმანი ამბობს, რომ სანამ დაავადება ძალიან დაასუსტებდა, მანამდე მძღოლად მუშაობდა. უკვე ერთი წელია, რაც ეტლით სარგებლობს. გვითხრა, რომ ახლა დარჩენილი აქვს საღი ღვიძლის 10% და სჭირდება ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა, ამასთან, მძიმედ აქვს დაზიანებული ფილტვები. 

„ჟანგბადის ბალონის შესავსებად ფული მჭირდება. ჟანგბადის გარეშე დამოუკიდებლად სუნთქვა არ შემიძლია. სადაც ვავსებინებ ჟანგბადს, იქ პერსონალს ვეცოდები და 3-4 შევსებას თანხის გარეშე მივსებენ. ძალიან მრცხვენია და ვცდილობ ამ წვრილმანების გაყიდვით თანხა შევაგროვო, რომ გადავიხადო. ჟანგბადის შევსებას 15 ლარი სჭირდება და მთელი დღის განმავლობაში მყოფნის მარაგი“, – გვითხრა მურმან პაქსაძემ. 

მურმანი ხელვაჩაურიდანაა, სოფელ შარაბიძეებიდან, თუმცა ახლა ბენზეში ცხოვრობს, დედასთან და ცოლთა ერთად. მან გვითხრა, რომ დედამ ინსულტი გადაიტანა და ვერ გადაადგილდება, მასზე და დედამისზე მურმანის ცოლი ზრუნავს. ოჯახის სოციალურ დახმარებას ვერ იღებს.

„7 წლის წინ მოვყევით მეწყერსაშიშ ზონაში და მივიღეთ ბინა ბენზეში. სანამ ბინას შევიცვლიდით, მანამდე სოციალური დახმარება გვქონდა. ბოლო აღწერაზე გვითხრეს, რომ 120 000 ქულა გვქონდა და დახმარება აღარ გვეკუთვნოდა.

დახმარება მომიხსნეს ტელევიზორის და მისამართის ცვლილების გამო. ასევე მითხრეს, რომ მქონდა სააბაზანოც და ესეც მიზეზად დაასახელეს, რეალურად კი სააბაზანო არის გაურემონტებელი, ე.წ. შავი კარკასია. მხოლოდ უნიტაზი და ხელსაბანი გვაქვს. 

სახლში მაქვს სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი და ტელევიზორი, ეს ტექნიკა გასულ წელს მეორადებში შევიძინეთ ჟურნალისტების შეგროვებული თანხით. ბინაში ჩემი სახსრებით არაფერი არაა შეძენილი, ლოგინიც კი“, – ამბობს მურმანი. 

მან გვითხრა, რომ წელს თურქეთში ექიმთან კონსულტაციისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დააფინანსა 2000 ლარით.

„ასევე, ფინანსურადაც მეხმარება და ცდილობს პროდუქტებით მომამარაგოს აჭარის მუფთი. მერიაში საფენებს მაძლევდნენ და ახლა აღარ მაძლევენ, ისევ საცხოვრებლის ცვლილების გამო.

ახლა საფენებსაც ჩემი ხარჯებით ვყიდულობ. ვეღარ ვახერხებ შეკვრით ყიდვას და მიწევს ცალობით ვიყიდო. ერთ საფენში 1.30 ლარს ვიხდი და შეკვრით რომ ვიყიდო, მერე რა უნდა ვქნა? რით ვიარსებო? არ მაქვს არც ანალიზის და არც წამლების ფული“, – ამბობს ის. 

მურმან პაქსაძე. ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე

მურმან პაქსაძე ამბობს, რომ სანთებელებსა და სიგარეტებს თურქეთში, ექიმთან კონსულტაციაზე წასასვლელი ფულის შესაგროვებლად ყიდის.

„ახლა აქაც იმიტომ ვარ და ვყიდი, რომ თვის ბოლოს თურქეთში ექიმთან უნდა წავიდე კონსულტაციაზე. იქ რომ ჩავალ, ის რას მეტყვის და კიდევ რა ხარჯი მექნება, არავინ იცის. ჩემს უკან ოჯახია და ოჯახსაც თავისი ხარჯები აქვს. ცალკე თანხა სჭირდება დედას, რომლისთვისაც ვერაფერს ვაკეთებ.

ვითხოვ დახმარებას ყველასგან. მე ეტლით ყველგან მისვლას და ყველაფრის გარკვევას ვერ ვახერხებ“, – ამბობს მურმანი. 

მან გვითხრა, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ განცხადებით აჭარის მთავრობისთვის არ მიუმართავს.

მურმან პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებიც ართულებს. ბინას კორპუსში, სადაც მურმან პაქსაძე ცხოვრობს, ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული სადარბაზოს შესასვლელი ნაწილი აქვს, მაგრამ ბინამდე მისასვლელად კიდევ ერთი კიბის გავლაა საჭირო და სწორედ ეს კიბე არ არის გათვლილი შშმ პირებისთვის.  

კიბე სადარბაზოში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ამ კიბეზე მურმანი ხან ცოლს, ხანაც მეზობლებს ჩაჰყავთ და ამოჰყავთ და ეს საკმაოდ რთული პროცესია. 

ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ფაქტობრივად შავი კარკასია. შეთეთრებულია მხოლოდ მისაღები ოთახი და იატაკიც მხოლოდ ამ ოთახშია, ისიც – ნაწილობრივ. ყველაზე რთული აქ მაინც სააბაზანოს და სველი წერტილების არ არსებობაა.

ოჯახს სააბაზანოში არ აქვს სივრცე, სადაც დაბანას შეძლებენ, ამიტომ მეზობლის სააბაზანოთი სარგებლობენ.

მისაღები ოთახი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
სველი წერტილი

მურმანმა გვითხრა, რომ სახლში ხშირად ეთიშებათ ელექტროენერგია. მისი სუნთქვა კი ამაზეა დამოკიდებული, რადგან თუ შუქი გაითიშება, გაითიშება სასუნთქი აპარატიც. „ჟანგბადის გარეშე კი მაქსიმუმ 10 წუთი შემიძლია გავძლო“- ამბობს მურმან პაქსაძე. 

ოჯახში სამი წევრია და სამივეს სესხი აქვს გამოტანილი. 1716 ლარი, საპენსიო სესხი, მურმან პაქსაძემ შარშან, სექტემბერში გამოიტანა. ყოველ თვე პენსიიდან იგი 62 ლარს იხდის ამ სესხის დასაფარად და ჯამში 2966 ლარი [აქედან 1250 ლარი პროცენტია] 2025 წელს უნდა დაფაროს. 

საპენსიო სესხი აქვს გამოტანილი მურმანის დედასაც, რომელიც წევს და დამოუკიდებლად გადაადგილება მას არ შეუძლია. 2 129 ლარი აქვს „თიბისი“ ბანკიდან სესხად აღებული მურმანის ცოლს, დონარი პაქსაძეს. 

მურმანის თქმით, ოჯახი ბანკს მაშინ მიმართავს, როდესაც წამალი სასწრაფოდ ესაჭიროებათ და საყიდელ ფულს სხვაგან ვერსად შოულობენ. 

ამჟამად ოჯახის შემოსავალი მურმანის და დედამისის პენსია, სულ 460 ლარია, რაც 3 ადამიანისთვის, რომელთაგანაც ორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, საკმარისი არ არის. 

__________________

მურმან პაქსაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

ლიბერთი ბანკი

GE05LB0211191030386000

მიმღები: მურმან პაქსაძე

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, – ამბობს ბათუმელი ლადო ჩიბურდანიძე. მისი თქმით, წუხელ პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს.

ლადო ჩიბურდანიძე სამოქალაქო აქტივისტია – 2022 წლის აპრილში მან მეგობრებთან ერთად ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერა ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი ძველ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბარში, დაახლოებით ღამის ორზე გამოვედი იქედან,“ – გვიყვება ლადო ჩიბურდანიძე ინციდენტს პოლიციელებთან, რის გამოც მას ამ დრომდე შსს-თვის არ მიუმართავს, თუმცა დღეს გადაწყვიტა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა გაასაჩივროს.

„ბარიდან ველოთი ვაპირებდი სახლში წასვლას, მაგრამ ქუჩაში მდგომი რამდენიმე პოლიციელი დავინახე და მათთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე, ნასვამი ვიყავი და ცოტა თამამიც, მაგრამ მე მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვუთხარი, რომ პოლიციელებს დიდი ძალა გაქვთ და ასე, ერთ კაცს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას-მეთქი. საუბარში ბიძინა ივანიშვილს შევაგინე კიდეც და მის აღებულ კურსს. ამ დროს ერთმა პოლიციელმა მითხრა „გააჯვიო“. ვუთხარი, რომ პოლიციელი ასე არ უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეს.

თქვეს, ეს ბევრს ლაპარაკობს რაღაც და ხომ არ გადავიყვანოთ განყოფილებაშიო. მანქანაში როცა ჩამსვეს, ვუთხარი, რომ ძალადობის მეშინია და ხელი არ დაერტყათ. ამაზე ატეხეს სიცილი, ეს ქათამი ყოფილაო.

ქუთაისის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს და მობილურიც წამართვეს, ვუხსნიდი, რომ ასე პოლიციელები მოქალაქეს არ უნდა ექცეოდნენ, ამის უფლება არ ჰქონდათ და ერთ-ერთმა ბაკურიანის ნახევრად სავსე ბოთლი ჩამარტყა თავში. რამდენჯერმე ჩამარტყა თავში ბოთლი, მეორე კი, მაგინებდა, მიწოდებდა „ყლ.. ხარ“, „ქათამი“, „რა ტვინი მოტყ..“ სულ 10 პოლიციელი იყო, მაგრამ ორი აქტიურობდა მხოლოდ, ერთი ბოთლს მირტყამდა, მეორე – მაგინებდა. მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ ამოცნობა შემიძლია,“ – ამბობს ლადო ჩიბურდანიძე.

მოქალაქის თქმით, მასზე პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში უფროსის თვალწინ იძალადეს:

„უფროსიც იქ იყო, გამოყოფილ ოთახში იჯდა, შემოვიდა, იმანაც რაღაც უხეშად მითხრა, არ მახსოვს და უკან გაბრუნდა. ვუთხარი, რომ ძალიან მეშინოდა მათი და გავეშვი. ამაზე იცინოდნენ, ნახე, როგორ ეშინია ქათამსო, რაღაც ფურცელზე მომაწერინეს ხელი, არც ვიცი, რა ეწერა ამ ფურცელზე… როცა გამოვდიოდი, ბოთლი, ბოთლიო, იძახდნენ.

განყოფილებასთან გარეთ დამახვედრეს ჩემი ველოსიპედი, სწრაფად წამოვედი იქედან.

არავისთვის არ მიმიმართავს. არ ვიცი, ვის უნდა მიმართო ამ დროს, ვინ დამიცავს, როცა პოლიცია ასე იქცევა,“ – გვითხრა ლადო ჩიბურდანიძემ.

მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან – ზელენსკი

დღეს, 24 ივნისს, საღამოს, თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა მოკლე ვიდეორგოლით.

„გამარჯობა საქართველო! მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა.

მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის.

ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებალად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით!

უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!

მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ!“  – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

დღეს, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა თქმით, „საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას“.

თბილისში, აქციაზე წაიკითხეს მოთხოვნების სია, რომელთა შორისაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომა 1 კვირის ვადაში და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

ლონდონი პირველი დაიბომბება, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება – პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, დუმის დეპუტატი ანდრეი გურულევი აცხადებს, რომ ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება.

Sky News-ის ცნობით, გურულევმა ეს განცხადება რუსეთის პირველ არხთან გააკეთა. მისი თქმით,  თუ კალინინგრადის ბლოკადა ომს გამოიწვევს, პირველი სწორედ ლონდონი დაზარალდება.

Sky News გურულევის რამდენიმე ციტატას აქვეყნებს:

„ჩვენ გავანადგურებთ მტრის კოსმოსური სატელიტების მთელ ჯგუფს პირველივე საჰაერო ოპერაციის დროს“.

„არავის აინტერესებს, ამერიკელები იქნებიან თუ ბრიტანელები, ჩვენ მათ შევხედავთ, როგორც NATO-ს“.

„მეორე, ჩვენ დავასუსტებთ მთელ ანტისარაკეტო სისტემას, ყველგან და 100%-ით“.

„მესამე, ჩვენ ნამდვილად არ დავიწყებთ, ვარშავით, პარიზით ან ბერლინით. პირველი დარტყმა ლონდონზე იქნება“.

„ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოს საფრთხე სწორედ ანგლო-საქსებისგან ემუქრება“.

გუშინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა და NATO-ს მოკავშირეებმა არ უნდა მოსთხოვონ უკრაინას, დათანხმდეს არამომგებიან პირობებს მშვიდობის სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც რუსეთის სასტიკი სამხედრო აგრესია გრძელდება.

ბრიტანეთის ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში. გაერთიანებული სამეფოს დახმარება მოიცავს შეიარაღებასაც. თვითონ ჯონსონი 24 თებერვლის შემდეგ ორჯერ იმყოფებოდა კიევში.

ზელენსკი თბილისის აქციას მიმართავს – „სირცხვილია“

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს, რამდენიმე წუთში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი! შინ ევროპისკენ! 🇬🇪🇺🇦🇪🇺“, – ვკითხულობთ „სირცხვილიას“ ფეიბუქგვერდზე.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით აქცია იმართება. როგორც დემონსტრაციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, ისინი დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ.

„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე

„ეს არის განუკითხაობის დაკანონება. კატასტროფაა არაერთი მიზეზის გამო“, – ასე აფასებს ურბანისტი ირაკლი ჟვანია ცვლილების პროექტს სამშენებლო კოდექსში. საპარლამენტო ოპოზიციამ კი მას კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნის შესაძლებლობა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. მათი მხრიდან გაცილებით მკვეთრად იყო გამოხატული უარი ცვლილებაზე ექსპროპრიაციის წესში, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

სამშენებლო კოდექსში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ, 23 ივნისს მიიღო.

„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

კანონში ცვლილება, რომელიც ბათუმის მერისთვის K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის გაცემის უფლების მინიჭებას ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებდა, პროექტის მეორე მოსმენისთვის დააზუსტეს. ცვლილების დამტკიცების შემდეგ, ამ უფლებას მერი გამოიყენებს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

კოეფიციენტის გაზრდა, რაც დადგენილი პარამეტრების გადაჭარბებას – სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, არ არის ის ძირითადი საკითხი, რასაც სპეციალისტები მწვავედ აკრიტიკებენ.

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის განმარტებით, ბევრად მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც მერისთვის კიდევ რამდენიმე სამშენებლო რეგულაციით დადგენილი მოთხოვნის უგულებელყოფას ითხოვს. იგივე გვითხრა ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამაც.

ახალი კანონით, k2 კოეფიციენტის გაზრდის გარდა, ბათუმის მერს შეუძლია, მაგალითად, სარეკრეაციო ზონას, კონკრეტულ ნაკვეთს შეუცვალოს სტატუსი ან ფუნქცია და ის საქმიან ან საცხოვრებელ ზონად გადააქციოს. მერს შეეძლება შეცვალოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„ძველ კანონშიც კი არ ეწერა, რომ k2-ის გაზრდა დანარჩენი რეგულაციების გაუქმებას იწვევს, სხვა ყველაფერი ძალაში რჩებოდა. ხაზგასმით იყო განმარტებული, რომ k2-ის გაზრდა სხვა რეგულაციებს არ ეხებოდა. ახლა კი გაჩნდა ჩანაწერი, რომ მერს ნებისმიერი რეგულაციის გაუქმება შეუძლია. მაგალითად, როგორიც არის მიჯნის ზონის დაცვა, სახანძრო უსაფრთხოება, ზონის შინაარსის ცვლილება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს ყველაფერი 2027 წლამდე“, – არქიტექტორ გია რამიშვილის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში რეგულაციების დარღვევით აშენებული სახლები დაბალხარისხიანი იქნება. შესაბამისად, დაბალხარისხიანი იქნება აქ საცხოვრებელი გარემოც.

გიორგი რამიშვილი – არქიტექტორი

ურბანისტ ირაკლი ჟვანიასთვის გაუგებარია, რატომ შედის მთელი ქვეყნის კანონში ცვლილება ერთი კონკრეტული ქალაქისთვის, როცა ავარიული სახლები სხვა ქალაქებშიც არის. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ ცვლილებით ცდილობს დეველოპერებს გადააბაროს „ავარიული სახლების“ პრობლემა, რაც მათთვის მაქსიმალური მოგების გზა უფრო იქნება, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტის:

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქალაქია, კონკრეტული ქალაქის გამო მთელი ქვეყნის კანონში შედის ცვლილება იმიტომ, რომ ეს ქალაქი დგას პრობლემების წინაშე, რასაც ვერ უმკლავდება ისე, როგორც საჭიროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავარიული სახლების, სერიოზული პრობლემის, რომელიც არის ბათუმში, ქუთაისში და თბილისშიც, გადასაწყვეტად ჩართავენ დეველოპერებს ისეთი ფორმით, რაზეც არც აჭარის მთავრობის, არც მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე, არანაირი ხედვა არ აქვთ.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ აქ არანაირი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა არ იგეგმება და მთლიანად გადააბარებენ კერძო სექტორს, რომელიც, რა თქმა უნდა, ეცდება მიიღოს მაქსიმალური მოგება. ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის ამ გზის გახსნა მაქსიმალური მოგებისთვის. ასე მოსახლეობა ვერასდროს გაიგებს, კონკრეტულ შემთხვევაში რატომ გახდა საჭირო კოეფიციენტების გაზრდა, საქმე გვაქვს გონივრულ მატებასთან თუ მაქსიმალურ მოგებასთან, რაც შესაძლოა აზიანებდეს ქალაქში ცხოვრების ძალიან ბევრ პარამეტრს და ქალაქგეგმარებით ინდიკატორებს“.

ირაკლი ჟვანია – ურბანისტი.  [ ფოტო „ფეისბუქიდან“]
პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში კიდევ რამდენიმე დეტალი დაზუსტდა, მაგალითად ჩაიწერა, რომ მერს აღარ ექნება უგულებელყოს კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა გამწვანების კოეფიციენტთან დაკავშირებით. ვიდრე ამ საკითხს კოდექსი დაარეგულირებდა, ბათუმში K 3 – იგივე გამწვანების კოეფიციენტი, პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო, ისევე როგორც შენობის მასშტაბთან შესაბამისი ოდენობის პარკინგის ადგილების მოწყობა. კოდექსმა ამ მიმართულებით ახალი მოთხოვნები გააჩინა, ეს მოთხოვნები ძალაში დარჩება.

პროექტის შეფასებისას ურბანისტი ირაკლი ჟვანია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პროექტში გათვალისწინებული არ არის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების მომენტი:

„ეს არის სააჯარობისა და ანგარიშვალდებულების არათუ მინიმუმამდე დაყვანა, არამედ გაუქმება. მერი იქნება უფლებამოსილი პირადად გადაწყვიტოს თითოეული ასეთი შემთხვევა, პასუხისმგებლობის გაზიარებისა და საჯაროობის მომენტები არ არის.“

ჩართულობასა და ანგარიშვალდებულების ნაწილზე შენიშვნები პარლამენტარებმაც გამოთქვეს პირველივე მოსმენაზე, მეორე მოსმენისთვის კი ამ მიმართულებით პროექტში ახალი ჩანაწერები გაჩნდა.

ბათუმის მერი ვალდებული იქნება შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს. მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებით რეკომენდაციას გასცემს.

სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. იქნება თუ არა რაიმე დათქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ საბჭოს წევრი, ან ექნება თუ არა მერს ვალდებულება საბჭოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეიყვანოს, ამის შესახებ პროექტში არაფერი წერია. ამის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია საბჭოს დაკომპლექტების წესში, თუ ამას მოინდომებს.

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

მწვავე და პრობლემურია ბათუმში ავარიული სახლების საკითხი და ოპერატიულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. ამას არც სპეციალისტები უარყოფენ და არც საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა აცხადებენ, რომ ერთი საქმის გაკეთებით მეორე არ უნდა გაფუჭდეს. პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური, რომელსაც შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით პირველივე მოსმენის დროს კრიტიკული კითხვები ჰქონდა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ პროგრამის მიზნობრიობაში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა მისი გადაჭრის შეთავაზებული გზა არ მოსწონს:

„პროექტის მიზანს, რა თქმა უნდა ვიზიარებთ, თუმცა ეს ცვლილება არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო. მიზანამდე უნდა წარმოშობს დიდ რისკებს კორუფციული მიმართულებით. ანტიკორუფციული მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა, ეს მარტო ეროვნულ დონეზე კი არ არის ცნობილი, მათ შორის ევროკომისიაც გვეუბნება, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა “.

საქართველოს პარლამენტმა, 2022 წლის 23 ივნისს, დაჩქარებული წესით, ორდღიანი განხილვის შედეგად, მიიღო ცვლილებები საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში.

„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „აზოვის“ წევრი, საბრძოლო მეტსახელით „მოლფარი“, მარიუპოლს იცავდა. 27 წლის ახალგაზრდას პრიკარპატიედან, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა დონბასში ბრძოლის 8-წლიანი გამოცდილება. მარიუპოლში, რომელსაც რუსები სამი თვე ბომბავდნენ, ის ქალაქის დამცველთათვის კავშირგაბმულობას უზრუნველყოფდა.

მარტის შუა რიცხვებში, ერთ-ერთ დავალებაზე, „მოლფარი“ მძიმედ დაიჭრა. დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა პილოტებმა ის და მისი კიდევ რამდენიმე დაჭრილი თანამებრძოლი მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

ეს იყო „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის პირველი წარმატებული ოპერაცია.

ღირსების რევოლუციიდან სრულმასშტაბიან ომამდე

2014 წლამდე „მოლფარი“ ღირსების რევოლუციის მონაწილე აქტიური ახალგაზრდა იყო, თუმცა როდესაც უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, „აზოვში“ ჩაეწერა. იხსენებს, რომ დიდხანს არ იღებდნენ პოლკში, რადგან საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა.

„როდესაც ილოვაისკში რუსებმა უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, ყველა მიხვდა, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნებოდა. მაშინ ამიყვანეს „აზოვში“. ასე მოვხვდი ჩემს თანამებრძოლებთან და უკრაინის ნამდვილ პატრიოტებთან,“ – ამბობს „მოლფარი“, რომლის საბრძოლო მეტსახელიც ჰუცულური ფოლკლორის პერსონაჟის სახელია. უძველესი სიბრძნის მატარებელი კაცის, რომელიც ზებუნებრივი უნარებითაა დაჯილოდებული, ბუნების ძალების მართვა და სნეულთა განკურნება შეუძლია.

2016 წლამდე საარტილერიო ქვედანაყოფებში მსახურობდა, შემდეგ პირველ ბატალიონში გადაიყვანეს, ქვეითებში. როდესაც მისი მეგობარი „რედისი“ (დენის პროკოპენკო) პოლკის მეთაური გახდა, „მოლფარს“ სპეციალური დანიშნულების ცალკეული ასეულის კავშირგაბმულობა ჩააბარეს.

მას შემდეგ, მისი ასეული მარიუპოლში იდგა.

„ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისი. დილით შტაბის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ ომი დაიწყო. თავიდან ვერ დავიჯერე, ვფიქრობდი, გამორიცხულია-მეთქი. შემდეგ, ახალ ამბებს შევხედე და მივხვდი, ეს რეალობა იყო“, – „მოლფარი“ ჰყვება, რომ ამ მომენტიდან ევაკუაციამდე, მარიუპოლი აღარ დაუტოვებია. უკვე მთლიანად ქალაქის კავშირგაბმულობა ჩაიბარა და იმაზე ზრუნავდა, რომ უწყვეტი კავშირი ჰქონოდათ.

ომის დაწყებიდან ორ დღეშივე მიხვდნენ, რომ ალყაში ექცეოდნენ. „მოლფარი“ იხსენებს, როგორ ამუშავებდნენ მარიუპოლის დამცველები რუსების მხრიდან ქალაქის ბლოკირების რამდენიმე ვერსიას, თუმცა ვერცერთი მათგანი ითვალისწინებდა იმას, რაც სინამდვილეში მოხდა – არავინ ელოდა, რომ „მოწინააღმდეგე ძალის უდიდეს რაოდენობას ასე სწრაფად გადაისვრიდა ყირიმიდან მარიუპოლში“.

„ყველაფერი თითქოს ერთი დღე იყო“

„მეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც 24 თებერვლიდან ჩემს დაჭრამდე იყო, ერთ დღეში მოხდა. შენ გამუდმებით მუშაობ, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, არც გძინავს. მერე ერთი საათით თუ ჩაიძინებ და გაღვიძებენ, რომ ახალ დავალებაზე მიდიხარ. დრო ისე გადის, ვერ იგებ, რომელი საათია, რა დღეა, რა რიცხვია“, – ჰყვება „აზოვის“ მებრძოლი.

“აზოვსტალის” დამცველები/დმიტრო კოზაცკის ფოტო

„მოლფარი“ მარტის შუა რიცხვებში დაიჭრა. დაბომბვის დროს. ქარხნის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ, ქალაქში მიდიოდნენ, ერთ-ერთ წერტილზე კავშირი უნდა აღედგინათ – საწვავი უნდა მიეტანათ, რომ გენერატორებს ემუშავათ და აპარატურა ჩაერთოთ.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,“ – იხსენებს „მოლფარი“. – „მანქანას მივუახლოვდი თუ არა, მივხვდი, რომ ვიქცეოდი. დაბლა დავიხედე და დავინახე, რომ ჩემი ფეხი 90 გრადუსით იყო შეტრიალებული. კიდევ სამი ავიადარტყმა. საერთო ჯამში ოთხი ბომბი ჩამოაგდეს იმ ადგილას. მე გამიმართლა. ავტობუსისგან, რომელიც ჩემგან 30 მეტრში იდგა, აღარაფერი იყო დარჩენილი“.

როდესაც „მოლფარი“ დაიჭრა, მარიუპოლში ჯერ კიდევ მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალი. როგორც კი დაბომბვა შეწყდა, რაციით დაუკავშირდა თანამებრძოლებს, რომლებმაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „მოლფარს“ მუცლის გამავალი ჭრილობა და მენჯის მოტეხილობა ჰქონდა.

„როდესაც დილით გავიღვიძე, ვხედავ, რომ დერეფანში ვწევარ. გამიკვირდა. გარშემო უამრავი დაჭრილი იყო. აღმოჩნდა, რომ დაებომბათ ჰოსპიტლის გვერდით მდებარე საცურაო კომპლექსი „ნეპტუნი“, რომელსაც უამრავი ადამიანი აფარებდა თავს. იქაურობა სავსე იყო დაჭრილებით“, – „მოლფარი“ იხსენებს, რომ გაღვიძებიდან დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ჰოსპიტალსაც დაარტყეს. – „ექიმმა მითხრა, რომ საოპერაციოში ოთხი მოქალაქე იყო და ოთხივე დაიღუპა“.

შენობაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. დაჭრილების ნაწილი „ილიჩის“ სახელობის ქარხანაში, ნაწილი კი „აზოვსტალში“ გადაიყვანეს. „აზოვსტალის“ მიწისქვეშა კლინიკაში მოხვდა „მოლფარიც“, რომელსაც არც სიარული შეეძლო და ექიმების მეთვალყურეობაც მუდმივად სჭირდებოდა.

იმ დროს, ქარხანაში მოწყობილ პალატებში ჯერ კიდევ ჰყოფნიდათ მედიკამენტები.

გადარჩენის ოპერაცია

„რამდენიმე დღე ვიწექი ასე. ერთ საღამოსაც მეთაური მოვიდა და მითხრა, რომ მეორე დილით, სავარაუდოდ, ვერტმფრენებით ევაკუაცია იქნებოდა შესაძლებელი. მითხრა, რომ უნდა გავსულიყავით, ვისაც შეგვეძლო და იქიდან გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა ევაკუაციაზე, რადგან ეს ძალიან სახიფათო იყო. ვხვდებოდი, რომ ალყის პირობებში, ისიც სათუო იყო, ვერტმფრენებს ჩვენამდე მოეღწია, ხოლო ის, რომ უკან მშვიდობით გავფრინდებოდით, კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო“.

მაინც დათანხმდა, თუმცა დიდხანს არ სჯეროდა, რომ ევაკუაცია მოხერხდებოდა. მანამდეც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ვერტმფრენებს ელოდნენ, მაგრამ „აზოვსტალამდე“ ვერ მიაღწიეს.

დაჭრილი მოლფარი ევაკუაციისას/ფოტო: nv.ua

„შეგვატყობინეს, რომ გამოფრინდნენ. ქარხნის ტერიტორიაზეც მონიშნული იყო ადგილები. ასე ორ საათში კი გვითხრეს, რომ ვეღარ მოდიოდნენ. არ ვიცოდით, რა მოხდა, ჩამოაგდეს თუ ოპერაცია გადაიდო. ამიტომ როცა კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ ევაკუაცია შედგებოდა – აღარ დავიჯერე. მაშინაც კი, როდესაც დილის 4 საათზე აგვაყენეს და ასაფრენ მოედანზე გაგვიყვანეს“.

კიდევ საათი და 40 წუთი მოუწიათ ლოდინი. მანქანებში იწვნენ და ცას აჰყურებდნენ.

„ძალიან კარგად მახსოვს ეს საათი და 40 წუთი, რადგან ამ დროის განმავლობაში იყო ოთხი საჰაერო თავდასხმა და ოთხიც საარტილერიო. ჩვენ, უბრალოდ, ვიწექით და გვესმოდა, როგორ გვიახლოვდებოდა ავიაცია და ვერ ვხვდებოდით, სად დაარტყამდა. და აფეთქების ხმა! აჰა, ჩვენ ცოცხლები ვართ, უკვე კარგია. და ასე ვიწექით და ველოდით. მერე იწყებოდა საარტილერიო ცეცხლის დაშენა და ჩვენს თავზე დაფრინავდნენ ჭურვები.

ესვრიან ხან ქალაქს, ხან ქარხანას, შენ კი წევხარ და ელოდები, რომ აი, სადაცაა შენც დაგეცემა. როდესაც ვერტფრენების ხმა გავიგონეთ, ვიფიქრეთ, რომ პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაგვაკლავდნენ ყველას, მაგრამ ვერტფრენები დასხდნენ, გადმოტვირთეს აღჭურვილობა, ჩვენ აგვიყვანეს ბორტზე და ავფრინდით. მერე დაიწყო „ამერიკული მთები“. ყოველი წამი თითქოს ცალკე ცხოვრება იყო. პილოტებმა მართლა სასწაული ჩაიდინეს – არც კი ვიცი, როგორ აღვწერო“.

ეს იყო პირველი ევაკუაცია „აზოვსტალიდან“. ორი ვერტმფრენით. ერთში, „მოლფართან“ ერთად, 8 ადამიანი იჯდა და არცერთ მათგანს არ სჯეროდა, რომ გამოაღწევდნენ.

გზა უსაფრთხო არ ყოფილა. ზაპოროჟიესთან ვერტმფრენებს რუსმა სამხედროებმა ესროლეს, თუმცა გადარჩნენ.

„მგონი, მათაც ვერ წარმოიდგინეს, რომ იქ შეიძლებოდა უკრაინის ვერტმფრენი გამოჩენილიყო. ალბათ, თავისიანი ეგონათ. მარტო იმ დღეს, როდესაც მე დავიჭერი, მარიუპოლზე 100 ავიადარტყმა განხორციელდა. და ასე ხდებოდა ყოველდღე, სულ მცირე 50 დარტყმა მაინც იყო დღის განმავლობაში. იცოდნენ, რომ ჩვენ გადასატანი სარაკეტო კომპლექსები არ გვქონდა, ამიტომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ანადგურებდნენ ქალაქს, უმისამართოდ ბომბავდნენ,“ – იხსენებს „მოლფარი.“

ვერტმფრენი, რომელსაც „მოლფარი“ მიჰყავდა, ჯერ ზაპოროჟიეში დაჯდა საწვავის შესავსებად, შემდეგ კი დნეპრში, საიდანაც დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

„თვალებს არ ვუჯერებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ იმ ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიეთ. არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის შეგრძნება, რომელიც ვერტფრენში ჩაჯდომისას დამეუფლა. უბრალოდ მესმოდა, რომ ეს იყო შანსი, რომელიც მომეცა. ეს ის ისტორიაა, როდესაც შენ გაძლევენ შესაძლებლობას და შენ ან გარისკავ, ან არა და ამაზეა დამოკიდებული შენი ბედი. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და მე მესმოდა, რომ ასე იყო საჭირო“.

„აზოვის“ საძმო

თავიდან, წარმატებული ევაკუაციის შემდეგ, ჯერ სიხარული იგრძნო, გაიაზრა, რომ გადარჩა, მაგრამ – „რა ბედი ეწევათ ბიჭებს?“ – მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 8 წელი იბრძოდა.

„ჩვენ ყოველთვის დიდი ოჯახი ვიყავით, გვერდში ვედექით ერთმანეთს. ყოველთვის გვესმოდა, რისთვის ვიბრძოდით, რა მიზანი გვქონდა. ვიცოდით, რატომ ვიყავით იქ და რა დავალებას ვასრულებდით.

ვიცი, რომ ჩემი თანამებრძოლები „აზოვსტალიდან“, ახლა კოლონიაში არიან. ყველაზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა არ მაქვს“.

„მოლფარი“ დარწმუნებულია, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, სამხედრო სამსახურს დაუბრუნდება – უნდა გაიმარჯვოს.

„ვიცი, რომ ერთადერთი გზა, როგორმე ჩემი მეგობრები ტყვეობიდან დაბრუნდნენ – ეს ამ ომში გამარჯვება და ტერიტორიების დაბრუნებაა. მე ჩემს მარიუპოლში დაბრუნება და აზოვის ზღვის ნახვა მინდა“.

მთავარი ფოტო: „აზოვსტალის“ დამცველი „მოლფარი“/ფოტო: NV.ua

წყარო: NV.ua

შეწყვიტეთ აგრესიული რიტორიკა მედიის მიმართ – ქარტიის და კოალიციის განცხადებები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ქარტიამ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც დღეს, 24 ივნისს, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.

„თავდასხმის მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგნაირად მიმართა: „თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში“, „დაკარგე ადამიანის სახე“, „ცუდად ხარ, გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ“, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას სამარცხვინო უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას. ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მოვუწოდებთ უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები დაისაჯონ კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომით“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას, ასევე, განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.

გაიაქტიურე ზაფხულის დღეებისთვის სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზება

25 და 26 ივნისს, სილქნეტი მომხმარებლებს ინტერნეტისა და სასაუბრო წუთების გააქტიურებას თავაზობს. მსურველს შეუძლია შეუზღუდავად ჩაირთოს ერთი ან რამდენიმე პირობა, კოდით *202# ან  აპლიკაციით My Silknet :

  • 200 ადგილობრივი წუთი – 5₾
  • 3 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი  – 5₾
  • 250 ადგილობრივ წუთი + 8 000 MB ინტერნეტი – 14₾

ასევე შესაძლებელია სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროთ საკუთარი ბალანსიდან,  იგივე კომბინაციის *202# გამოყენებით.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.  

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ბათუმში მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავის ზედაპირული ტრავმით გადაიყვანეს ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში. „ბათუმელები“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა აქ არ აზუსტებენ ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შინაგან  საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

რადას დეპუტატი უკრაინის დაპყრობაში რუსეთს ეხმარებოდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩიც შედიოდა. ქსელის მიზანი იყო, რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დახმარებოდა.

გამოძიების მტკიცებით, დერკაჩი კურირებდა დაცვის კერძო კომპანიების შექმნას უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ეს სტრუქტურები უკრაინის სწრაფი ოკუპაციისთვის უნდა გამოეყენებინათ. უშიშროების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ დეპუტატის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო.

„ქსელის შექმნაზე დიდი ხანი მუშაობდნენ, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისი განეიტრალება ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოახერხა, როდესაც დააკავა დეპუტატის ყოფილი თანაშემწე, იგორ კოლესნიკოვი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის გენერალური შტაბის უშტატო თანამშრომელი იყო, მეტსახელით „ვეტერანი“. სწორედ ის იყო კონტაქტი და ფინანსური კურიერი რუსეთის სპეცსამსახურებსა და დერკაჩს შორის,“ – აღნიშნავს უშიშროება.

კოლესნიკოვის ჩვენების თანახმად, დეპუტატი დერკაჩი 2016 წელს გადაიბირეს. მასთან უშუალოდ სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნები მუშაობდნენ – სამმართველოს უფროსი იგორ კოსიუკოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმირ ალექსსეევი.

უშიშროების მტკიცებით, ანდრეი დერკაჩი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსგან იღებდა თანხას უკრაინაში კერძო კომპანიების შესაქმნელად. ამ გეგმებისთვის, რამდენიმე თვეში ერთხელ, რუსეთი 3-4 მილიონ დოლარს იხდიდა. თანხის დიდი ნაწილი, უშიშროების ცნობით, დეპუტატის ჯიბეში მიდიოდა.

დაკავების შემდეგ, კოლესნიკოვი უკრაინის სამართალდამცველებთან, ინფორმაციის სანაცვლოდ შეთანხმებაზე წავიდა და ჩვენება მისცა ქსელის მისიაზე, საქმიანობასა და იმაზეც, თუ როგორ უნდა ემოქმედა ამ ქსელს სრულმასშტაბიანი ომის პირობებში:

„ჯარების შემოსვლის შემთხვევაში, ამ კერძო კომპანიებს უნდა უზრუნველეყოთ ტექნიკის გატარება, უნდა დამსხდარიყვნენ ჯავშანტექნიკაზე რუსული დროშებით და ამ გზით უნდა მოეხერხებინათ „მშვიდობიანი შესვლა“ ქალაქებში“.

კოლესნიკოვის თქმით, კიევის დასაპყრობად, რუსეთის გენშტაბი სპეციალური ძალების შეყვანას უკრაინაში ბელორუსიდან გეგმავდა. სპეცრაზმი უნდა შესულიყო კიევში, დაეკავებინა სახელისუფლებო კვარტალი და შეეკრიბა რადა, რომელიც ახალ მთავრობას აირჩევდა.

ანდრეი დერკაჩი უკრაინელი პოლიტიკოსი და უკრაინის რადას დეპუტატია. 2020 წელს მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დაუწესა „რუსეთის აგენტობის ათწლიანი სტაჟისთვის“.

ანდრეი დერკაჩი ასევე შედის იმ პოლიტიკოსთა სიაში, ვისაც უკრაინის ეროვნული საფრთხრეებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციები შეეხება.

მთავარი ფოტო: ანდრეი დერკაჩი/ფოტო: Pravda.com.ua

თურქეთში ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თურქეთში დააკავეს 34 წლის კაცი, რომელიც 21 ივნისს, მუღლას პროვინციაში, ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, მან აღიარა, რომ ხანძარი  ტყეში მისი დაუდევრობის გამო გამო გაჩნდა.

ხანძრის მიზეზად დაკავებული ოჯახურ კონფლიქტს ასახელებს:

„ჩემი ოჯახი მიწის გადმოცემას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით რატომღაც აზრი შეიცვალეს. შემდეგ ჩვენ ვიჩხუბეთ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ვიყიდე ბენზინი და წავედი ტყეში ცეცხლის დასანთებად“ – ციტირებს მას თურქული მედია. 

თურქეთში, მუღლას პროვინციაში მეხანძრეები ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხანძრის ლოკალიზება შესაძლებელია, მაგრამ პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის. 

მედიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ ჩაკეტა გზატკეცილი მარმარისსა და დატჩას მიდამოებში. ტერიტორიიდან დაახლოებით 274 მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.

______________

ფოტო: კადრი ვიდეომასალიდან

„ჩვენი ხმა ევროკავშირს” – სტუდენტების მანიფესტაცია ბათუმში

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური მანიფესტაცია – „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართა.

სტუდენტ ალექსანდრე აბუსელიძის თქმით, ღონისძიების გამართვის ინიციატივა 10 დღის წინ გამოთქვა და ბსუს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის და თვითმმართველობის სხვა წევრების მხარდაჭერით დააორგანიზა.

როგორც ალექსანდრე ამბობს, მანიფესტაცია სტუდენტების პოზიციის გამოხატულებაა, რომ მათ ევროპული მომავალი, განვითარებული და წარმატებული საქართველოს ხილვა სურთ.

დღეს სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს უნივერსიტეტიდან ევროპის მოედნისკენ.

თედო დუმბაძის, ბსუ ეკოლოგიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტის და ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ის, რომ საქართველომ ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პირველ რიგში სახელმწიფო პასუხისმგებლობაა.

„დღეს შემოვუერთდი სტუდენტებს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ევროპასთან დაკავშირებით, რაც არის საწინდარი ჯანსაღი მომავლისთვის.

ვფიქრობ, რომ კანდიდატის წევრობის დაკარგვა პირველ რიგში სახელმწიფო პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ მოქალაქეებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ისინი მზად არიან გახდნენ ევროპის დიდი საზოგადოების ნაწილი.

პირველ რიგში, ახლა არამარტო სახელმწიფო ან ცალკეული პირები, არამედ საქართველოს თითოეული მოსახლე უნდა ცდილობდეს, რომ დავაკმაყოფილოთ ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებიც წამოაყენა ევროკავშირმა, შევასრულოთ ყველა ეს პუნქტი, რომ საბოლოოდ შევძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება“ – ამბობს თედო.

თედო დუმბაძე

კიდევ ერთი მონაწილის, ეკონომიკისა და ბიზნესის მესამე კურსის სტუდენტის, სალომე დუმბაძის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მართალია, პოლიტიკას არ ვეხებით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ხელი შეეწყოს [ამ გზაზე]“, – გვითხრა სალომემ.

სალომე დუმბაძე
ფოტო მანიფესტაციიდან
ფოტო მანიფესტაციიდან

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ – ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ… ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ კარი გაუხსნეს ევროპაში. პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ – აღნიშნა დღეს, 24 ივნისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაადასტურა ევროკავშირმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პოლარიზების დასრულებისთვის მზაობაზე, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი რეკომენდაციაა.

„ჩვენი გუნდის სახელით მინდა განვაცხადო სრული მზაობა, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან პოლიტიკურ ოპოზიციასაც მოუწოდა პოლარიზების დასრლებისკენ.

პრემიერის თქმით, ევროსაბჭოს გაადწყვეტიულება დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ მოკლე დროში შესრულდეს ევროკომისიის ყველა მოთხოვნა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება არის აღიარება რომ, საქართველო ერთგულია ევროპული ღირებულებების. პრემიერის აზრით, ევროსაბჭოს გადწყვეტილება არის „საქართველოს მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც“.

1 თვის შვილს მიუძღვნა უკრაინელმა მედესანტემ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება

22 ივნისს, მე-80 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მედესანტემ, ნაზარმა, რუსული სამხედრო ვერტმფრენი Ka-52 „ალიგატორი“ ჩამოაგდო. ნაზარი ამბობს, რომ თავის პირველ გამარჯვებას უძღვნის შვილს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა ერთი თვე.

უკრაინის 24-ე არხი წერს, რომ რუსული „ალიგატორი“, რომლის ღირებულებაც 16 მილიონი დოლარია, ნაზარმა საბჭოთა წარმოების, 60-80 ათას დოლარიანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, „იგლათი“, ჩამოგდო.

„იმ დღეს ჩვენი ჯგუფი მორიგე იყო. დაახლოებით დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან, ცაზე სამი Ka 52 გამოჩნდა. ალბათ, დასაზვერად გამოვიდნენ. როდესაც ვერტმფრენები მოგვიახლოვდნენ, მიზანში ამოვიღე ჩემი „იგლადან“ და გავუშვი. რაკეტა პირდაპირ „ბზრიალას“ მოხვდა! ვერტმფრენს სქელი შავი კვამლი აუვიდა,“ – ჰყვება პარაშუტისტი-მედესანტე.

ცოტა ხანში, მეზობელ პოზიციებზე მყოფმა თანამებრძოლებმაც აცნობეს ნაზარს, რომ მისი მიზანი ნამდვილად ზუსტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, Ka 52-ის განადგურება უკრაინის გენშტაბმაც დაადასტურა. 23 ივნისს, როდესაც გენშტაბმა რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გააახლა, ვერტმფრენების რაოდენობას ნაზარის ჩამოგდებული Ka 52-იც დაემატა და 183-ს მიაღწია.

რუსული Ka 52, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში ჩამოაგდეს/ფოტო: ukrinform

უკრაინელ სამხედროებს მტრის მფრინავი ტექნიკიდან ყველაზე მეტი, 622 ერთეული, უპილოტო აპარატი აქვთ განადგურებული. რაც შეეხება თვითმფრინავებს, რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე 216 თვითმფრინავი დაკარგა.

24 ივნისის მდგომარეობით, გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 3 637 ჯავშანმანქანა და 1 507 ტანკი გაანადგურეს. რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი კი 34 530 სამხედროა.

მთავარი ფოტო: უკრაინელი მედესანტე ნაზარი/ფოტო: მე-80 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფეისბუქგვერდიდან

სევეროდონეცკს ვტოვებთ – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი დღეს, 24 ივნისს, წერს, რომ უკრაინის არმიას სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან, რადგან პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს: დაღუპულთა რიცხვი იზრდება“ – წერს გაიდაი ტელეგრამზე.

გაიდაის თქმით, ქალაქ სევეროდონეცკში, რომელსაც რუსეთის არმია უკვე ოთხი თვეა ბომბავს, შენობების 90% დანგრეულია ან დაზიანებულია.

გაიდაი ასევე წერს, რომ რუსმა სამხედროებმა აიღეს სოფელი ნიკოლაევკა, ლისიჩანსკის სამხრეთ-დასავლეთით, ბახმუტ-ლისიჩანსკის გზასთან.

დღეს, 11:30 საათზე გაიდაიმ მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამზე წარწერით – „ბოლო ბრძოლები სევეროდონეცკისთვის ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში“.

აშშ-ის სენატი მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას

23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი დეპუტატი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან და დემოკრატი დეპუტატი ტედ ლიუ კალიფორნიიდან.

„[რუსეთის] ტერორის მმართველობა უნდა შეწყდეს“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯო უილსონს. ხოლო ტედ ლიუს თქმით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა, უკრაინაში შეჭრისთვის მისი დასჯის მცდელობების გაგრძელება იქნება.

უკრაინაში შეჭრისთვის, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებით რუსეთი ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გვერდით აღმოჩნდება. გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნულმა ზომამ კონგრესის ორივე პალატა უნდა გაიაროს და გადაეგზავნოს იგი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს.

ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ, არაერთხელ მოითხოვეს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება.

გერმანია 178 მლნ ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს უკრაინას

გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას გადასცემს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

ელჩის თქმით, ასეთი სისტემები შეძლებს რამდენიმე წლის განმავლობაში, უკრაინის თავზე უზრუნველყოს უსაფრთხო ცა.

მელნიკის განცხადებით, გერმანია მზადაა გადასცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც თავად ბუნდესვერსაც [გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები] კი არ აქვს.

„ვიმედოვნებ, ბერლინის მხარდაჭერით შევიძენთ მომდევნო 10 სტაციონარულ საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIS-T, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სისტემად ითვლება. ის მომდევნო წლების განმავლობაში უზრუნველყოფს უსაფრთხო ცას უკრაინის თავზე“, – განაცხადა ანდრეი მელნიკმა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში.

უკრაინაში გერმანიის ელჩის თქმით, უკრაინელმა და გერმანელმა დიპლომატებმა კულისებში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მოახერხეს პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევა და თავდაცვის მწარმოებელ Diehl Defense-თან უკვე გააფორმეს სისტემის შესყიდვაზე 178 მილიონი ევროს ღირებულების პირველი კონტრაქტი.

მელნიკის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას გერმანიის მთავრობა დააფინანსებს.

___

ფოტო: IRIS-T, რომელსაც გერმანია უკრაინისთვის იყიდის

ოკუპირებულ ხერსონში კოლაბორაციონისტი მანქანაში ააფეთქეს – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ააფეთქეს ადგილობრივი კოლაბორაციონისტის, დიმიტრი სავლუჩენკოს მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, იგი ადგილზე დაიღუპა.

„ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერხი ხლანმა სავლუჩენკოს ლიკვიდაციას უწოდა “უკრაინელი პარტიზანების გამარჯვება” – წერს უკრაინული მედია.

ხერსონელი ჟურნალისტის, დმიტრი კაზანსკის ინფორმაციით, სავლუჩენკო მედვედჩუკის პარტიის წევრი და მრავალი წლის განმავლობაში ღიად ეწეოდა ქალაქში ანტიუკრაინულ საქმიანობას, რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისთანავე კი მან დაიწყო თანამშრომლობა რუს ოკუპანტებთან.

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად პერიოდულად იმართებოდა აქციები. ხერსონში მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ. რუსეთი გეგმავდა ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივნისის 21 საათიდან 25 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 26 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, 27 ივნისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

რატომ აგზავნის რუსეთი „ვაგნერის“ მფრინავებს უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის 24 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობარში, დაზვერვა 17 ივნისის შემთხვევას იხსენებს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე სუ 25 ჩამოაგდეს და შეიპყრეს მისი პილოტი, რომელიც ჯგუფ „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა.

„გადამდგარი და ახლა კონტრაქტით „ვაგნერში“ მომუშავე სამხედროების საჰაერო ბრძოლებში გამოყენება მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სერიოზული დანაკარგების ფონზე, რუსეთს სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ცნობით, თავისი მისიის შესასრულებლად რუსი მფრინავი იყენებდა კომერციულ GPS-ს და არა რუსეთის სამხედრო სანავიგაციო მოწყობილობას.

„ეს გვაფიქრებინებს, რომ „ვაგნერის“ პილოტების თვითმფრინავები სუ 25-ის უფრო ძველი მოდელებია და რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უზრუნველყოფს „ვაგნერს“ თანამედროვე საავიაციო ელექტრონიკით,“ – მიუთითებს დაზვერვა.

საერთაშორისო მედია ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ რუსეთი დაქირავებული მებრძოლების ნაწილის ლიბიიდან უკრაინაში გადაყვანას აპირებდა, მათ შორის დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრების.  უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით კი, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა, ისინი, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შტურმში მონაწილეობდნენ.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

მთავარი ფოტო: „ვაგნერის“ მფრინავი ანდრეი ფეოდრჩუკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამხედროებმა შეიპყრეს/სქრინი დაზვერვის ვიდეოდან.

„შურს ვიძიებთ!“ – მეგობრები უკრაინის ეროვნულ გმირს ემშვიდობებიან

„შენ ახლა ჩვენს თავზე ცას დაიცავ,“ „აუცილებლად ვიძიებთ შურს“, „შენ იყავი მომავალი, რომელიც ბინძურმა ნაძირალამ წაგვართვა,“ – ასე დაემშვიდობნენ სოციალურ ქსელებში მეგობრები და თანამებრძოლები უკრაინის ეროვნულ გმირს, 27 წლის ანდრეი ვერხოგლიადს.

72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მაიორი, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ მისმა მეგობრებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია ბრიგადის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა დაადასტურა.

„ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური, ბრიგადის სიამაყე,“ – თანამებრძოლები აღნიშნავენ, რომ ის კეთილშობილი, მტკიცე, მამაცი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო.

„ჩვენი და ჩვენი ოჯახების გულები სავსეა მწუხარებითა და სიბრაზით. ჩვენს გზას მომავალშიც ერთად გავიკვლევთ. შენთან ერთად. უბრალოდ შენ ახლა ჩვენს თავზე ცას დაიცავ“, – წერს 72-ე ბრიგადა.

ანდრეი ვერხოგლიადი/ფოტო: 72-ე ბრიგადის ფეისბუქგვერდიდან

„ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვიხდით ყოველ წუთს… უკრაინამ კიდევ ერთი გმირი დაკარგა. ანდრეი ვერხოგლიადი (ცაცია)… სიტყვები არ მყოფნის.. ჩემი თანაგრძნობა ოჯახს, მეგობრებს, თანამებრძოლებს. ომი გრძელდება. შურს ვიძიებთ!“, – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფმანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ანდრეი ვერხოგლიადის დაღუპვის შესახებ.

ანდრეის მეგობარი, სამხედრო ბლოგერი ანატოლი რუნეცი კი ავდეევკაში მათ პირველ შეხვედრას იხსენებს: „ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ავდეევკაში, რამდენი რამ გადავიტანეთ – თითქოს ნამდვილი მეგობრობის წლები კი არა, ასწლეულები გვაკავშირებს. ყველა შენი მოქმედება ვიცი, ვიცი, როგორ უფრთხილდებოდი ადამიანებს, ვიცი, როგორ გაახლოებდა თითოეული დღე უკრაინის გამარჯვებასთან… – შენ მომავალი იყავი, რომელიც ბინძურმა ნაძირალამ წაგვართვა“.

ანდრეი ვერხოგლიადი 1995 წელს ნოვოგრად-ვოლინსკში დაიბადა, ჟიტომირის ოლქში. მისი მამაც და ბაბუაც სამხედროები იყვნენ. 2016 წელს, სახმელეთო ქვეითთა ეროვნული აკადემიის დამთავრებისთანავე აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე, ვოლნოვახაში წავიდა. იბრძოდა დოკუჩაევსკსა და ავდეევკაში, სადაც მძიმედ დაიჭრა.

2017 წელს მისმა ქვედანაყოფმა, ავდეევკასთან, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედროების თავდასხმა მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა. სწორედ ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო ანდრეი ვერხოგლიადმა ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი და ეროვნული გმირის წოდება.

2022 წლის 26 მარტს ის ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვეს.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, 2018 წელს, ანდრეი ვერხოგლიადი, (საბრძოლო მეტსახელი – ცაცია) რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის ალბათობაზე საუბრობდა და ამბობდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებდა უკრაინაში, მთელი უკრაინა გამარჯვებისთვის გაერთიანდებოდა.„ჩვენ ასეთი ერი ვართ, თუკი ძლიერად შემოგვიტევენ, ჩვენ გავერთიანდებით და ვუპასუხებთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებს, სახლში არავინ დაჯდება, ვიღაც ალბათ გაიქცევა უცხოეთში, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვინც როგორც 2014-ში, პირიქით, თავის საქმეს მიატოვებენ და სამშობლოში საომრად დაბრუნდებიან. იქნებ სწორედ ესაა პატრიოტიზმი. თუმცა მე ამას გადარჩენის ინსტინქტს ვუწოდებ. შენ, უბრალოდ, მთელი გულით გრძნობ, რომ ზუსტად ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად. ამიტომაც, თავდასხმის შემთხვევაში, იქნება მტკიცე წინააღმდეგობა. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინს ბლიცკრიგი არ გამოუვიდეს.“

რა ვითარებაში, ან რომელ რაიონში დაიღუპა უკრაინის ეროვნული გმირი 72-ე ბრიგადას არ დაუკონკრეტებია.

ანდრეი ვერხოგლიადს მშობლები დარჩა. მისი უფროსი ძმა დმიტრო გვარდიის 95-ე სადესანტო ბრიგადაში მსახურობს.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 507 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 3 637 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 759 ერთეული [+3]
  • MLRS – 241 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 183 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 622 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 553 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 213 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 334 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 769 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 659 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 002 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 835 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის:

ამავე თემაზე:

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

რა ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში 24 ივნისს

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, 24 ივნისს, 22:00 საათიდან 25 ივნისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29-დან #53-მდე
  • ანგისის ქუჩა
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა
  • ხახუტაიშვილის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩა
  • შალვა ინასარიძის ქუჩა
  • შალვა ინასარიძის ჩიხი
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
  • ჰასან ჰელიმიშის ქუჩა
  • ანგისის ჩიხები და შესახვევები
  • გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა
  • ადლიის ქუჩა
  • ანგისის I, II და III ჩიხები
  • გენერალ აბაშიძის ქუჩა #1,3,5,7
  • ტაძრის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩა #9,11,13

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია.

გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები ესაზღვრება. ნაკვეთს ორ მხარეს აქვს, ასევე, გზაზე გასასვლელი.

მონიშნულია გიორგი ამილახვრის ნაკვეთი

ძვირადღირებული მაჯის საათები განათლების კომიტეტის თავმჯდომარესაც ჰყვარებია. თუმცა საათი ერთადერთი ნივთი არ არის, რაშიც გიორგი ამილახვარი დიდ თანხას იხდის, გასულ წლებში ოჯახი ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებსაც ყიდულობდა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია, ეს დაახლოებით 30 000 ლარია. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც, მას 4900 ევრო ანუ 15000 ლარი გადაუხდია. საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2022 წელს პარლამენტარის მეუღლემ კიდევ ერთი ძვირადღირებული ნივთი იყიდა, მან ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა, ტანსაცმელში კი მხოლოდ 2022 წელს პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 50 000 ლარი დახარჯეს.

შვილების სწავლის დასაფინანსებლად გასულ წელს პარლამენტარის მეუღლეს 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი გადაუხდია – ჯამში 42 000 ლარი. მათი ორივე შვილი სკოლის ასაკისაა. შვილების სახელზე ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე ჯამში 50 000-ზე მეტი დოლარი ირიცხება.

საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 70 000 ლარი დახარჯეს, სახლის რემონტისთვის კი – 20 000 ლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს, თავად გიორგი ამილახვრის შემოსავალი გასულ წელს 47 157 ლარი იყო, ამას ემატება ფართობის გაქირავებიდან მიღებული 18 816 ლარი.

პარლამენტარის მეუღლემ კი ნახევარ მილიონზე მეტი [633 913] ლარი გამოიმუშავა. ის შპს „თოუ დეველოპმენტის“ ასი პროცენტის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 2013 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის მართვაში მეუღლეს გადასცა.

პარლამენტარის მეუღლე არის ასევე შპს „ნიმის“  და „ნიმი 1“ – ის დირექტორი, ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს.

3 კომპანიის მართვასთან ერთად პარლამენტარის მეუღლე 2 უნივერსიტეტშიც მუშაობს – ის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა გიორგი ამილახვარი, ვიდრე მას „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ჩაწერდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის ღია  სასწავლო უნივერსიტეტის  50 პროცენტს გიორგი ამილახვრის მამა, ზაურ ამილახვარი ფლობდა. 2012 წლიდან კი ის უნივერსიტეტის ასი პროცენტის მფლობელი იყო, თავად ფიქსირდებოდა დირექტორადაც. 2017 წლიდან კომპანიის თანადირექტორად გიორგი ამილახვარი დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში რეესტრში ასახული მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტის მფლობელი „ველოქს ედიუქეიშენია“.

უნივერსიტეტი გაყიდეს, ცვლილების ასახვამდე კი რეესტრს გარიგების ფინანსური ნაწილის გასაიდუმლოება სთხოვეს.

ამ კომპანიის წილებს ექვსი ბიზნესმენი ინაწილებს. მათ შორის არიან: რამაზ კუკულაძე -„ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე [32.5%] , მარიამ მეღვინეთუხუცესი, „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [9.5%], ბიზნესმენი, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის ყოფილი  მოადგილე დავით წიკლაური [14%], ავთანდილ ნამიჩეიშვილი – სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [ 11%] ნიკოლოზ გამყრელიძე – „GHG-ის გენერალური დირექტორი [ 11%] , არჩილ კონცელიძე -VTB ბანკის გენერალური დირექტორი [ 12.5%],  ვანო ბალიაშვილი, [9.5%] „თი ბი სი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.

გიორგი ამილახვრის ავტომანქანის ფასი მინიმუმ 200 000 ლარია – „Mercedes GLE 450“- ში 2019 წელს მას 76 000 ევრო გადაუხდია.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახს სესხი და შესაბამისად, საბანკო ვალდებულებები არ აქვს.

___

ფოტო: გიორგი ამილახვარი

ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

დღეს, 23 ივნისს ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, იმპიჩმენტის წესით გათავისუფლეს და ამჯერად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას.

„…სასამართლომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ მოპასუხის – „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ პოზიცია იყო დაუსაბუთებელი, არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოს ეტაპზეც საია დაიცავს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ გაიზიარა იმპიჩმენტის დროს „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის მხრიდან დასახელებული შემდეგი გარემოებები: კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ხარჯები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი, პარალელური შესყიდვა, ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვებში/უშედეგო შესყიდვა, სამართლებრივი დავები უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან/სამსახურებრივი რესურსების პირადი მიზნებით გამოყენება, სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულებები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი, შრომითი კონტრაქტების სრულიად დაუსაბუთებელი ხარჯები/ცალმხრივი გადაწყვეტილებები, გადაცემები ხელშეკრულებების და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროფესიონალი და კომპეტენტური პირების მოსაზრებების უგულებელყოფით ორგანიზაციის მართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილებისა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში.

მოსამართლემ გაიზიარა ყოფილი ბორდის მოსაზრება, მაგალითად, რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კი უთხრა, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

მოსამართლეს რეიტინგების დათვლის სპეციალისტმაც უთხრა, როგორც მოწმემ, რომ რეიტინგის შემცირება უკავშირდებოდა სატელევიზიო ბადიდან მექანიკის (სერიალები, მხატვრული ფილმები) ამოღებას და მცდელობას, ტელევიზიას საკუთარი გადაცემები შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

————–

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

 

რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები

ვიტილიგო დაავადებაა, რომლის დროსაც კანი ფრაგმენტულად უფერულდება, გაუფერულებული კერები კი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იზრდება. კლინიკა „კანის“ ექიმი, ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ექიმისთვის დროულად მიმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაჩენილ კერებზე პიგმენტის დაბრუნება უფრო ადვილია.

  • ქალბატონო თათია, რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. ამ დროს წარმოიქმნება დეპიგმენტური ანუ პიგმენტის არმქონე თეთრი ფერის ლაქები.

ვიტილიგო შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ადგილზე, სადაც კანის საფარველია, თუმცა არის ადგილები, სადაც უფრო მკვეთრად გამოიყოფა ლაქები. მაგალითად, ყველაზე ხშირად ლოკალიზება ახასიათებს ხელის თითების ფალანგებზე, იღლიის ფოსოებში, ასევე სასქესო ორგანოების მიდამოებში, მკერდზე, სახეზე – თვალების გარშემო გვხვდება ძალიან ხშირად, ტუჩების გარშემო, ლორწოვან გარსზე შეიძლება იყოს.

ვიტილიგო შესაძლოა პატარა კერით, მცირე ზომის თეთრი ლაქის წარმოქმნით დაიწყოს და შემდეგ გაიზარდოს ზომაში.

  • რა იწვევს ვიტილიგოს?

ზოგადად ვიტილიგოს ეტიოლოგია და პათოგენეზი, ანუ რა იწვევს ამ დაავადებას, დღემდე უცნობია და კვლევის საგანს წარმოადგენს, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი მაინც გამოიყოფა მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის.

ერთ-ერთი მიზეზია გენეტიკური წინასწარგანწყობა; ასევე, ვიტილიგო შეიძლება უკავშირდებოდეს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის და სასქესო ჯირკვლების დისფუნქციებს.

ვიტილიგო შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგადაც. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს შიშის შემდგომ, ან სტრესი გახდეს მაპროვოცირებელი (თუმცა ბავშვების შემთხვევაში ეს ნაკლებ სავარაუდოა). გვყავდა პაციენტი, რომელსაც ბავშვობაში შეეშინდა თავისივე ჩრდილის, გარკვეული ხნის შემდეგ დაეწყო ჰიპოპიგმენტური ლაქების გაჩენა და ეს დავუკავშირეთ შიშს.

ვიტილიგო შეიძლება გამოიწვიოს მზისგან მიღებულმა დამწვრობამაც, თუ დავიწვებით მზის აქტიური იზოლაციით, შეიძლება რაღაც დროის შემდეგ დაგვემართოს ასეთი დაავადება. ყოფილა შემთხვევები, როცა ზღვაზე წაყვანილი ბავშვი ძალიან დაეწვათ უფროსებს, გადახურდა ბავშვი, მიიღო სერიოზული დამწვრობა, სულ წითელი იყო. მას, რა თქმა უნდა, აუტყავდა დამწვარი კანი და ერთ წელიწადში ზუსტად იმ ადგილებზე გაჩნდა უკვე ვიტილიგოსთვის დამახასიათებელი, თეთრი, პიგმენტური ლაქები.

ადამიანები ავადდებიან ვიტილიგოთი, როდესაც მათი სხეული თავს ესხმის საკუთარ მელანოციტებს, უჯრედებს, რომლებიც ფერს ანიჭებენ ჩვენს კანსა და თმას. რა იწვევს ამ პროცესს, ბოლომდე არ არის გასაგები. ვიტილიგო შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადება. ასეთი დაავადებები ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარი სხეულის ზოგიერთ ნაწილს – ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის აკადემია.

  • რა ასაკში ჩნდება ვიტილიგო? 

უკვე ძალიან გაახალგაზრდავებულია ვიტილიგო, ბავშვებშიც ძალიან ხშირია. ისე კი, უმეტესად 20 წლის ზემოთ ახალგაზრდებში უფრო აქტიურად გვხვდება ეს დაავადება. ასევე, სტატისტიკურად, იგი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში.

  • შეიძლება თუ არა ვიტილიგოს მოჰყვეს რაიმე გართულება?

კანის დეპიგმენტურ უბნებზე გართულებას არ ვხვდებით ხოლმე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, თუმცა, თუ პაციენტი მიიღებს დამწვრობას და აქტიურ მზეზე იქნება [11:00-დან  17:00 საათამდე], რა თქმა უნდა, იმ ადგილებში უფრო აქტიურად წამოვა სიწითლე და დამწვრობა. ამიტომ აუცილებელია ვიტილიგოს მქონე პაციენტის შემთხვევაში გამოყენებული იყოს მზის დამცავი საშუალებები რაც შეიძლება მაღალი ფილტრით.

ეს არ არის ავთვისებიანი დაავადება, იგი უფრო კოსმეტიკურ „დეფექტად“ ითვლება. სამწუხაროდ, ხშირად, პიგმენტური ლაქები პაციენტებს ძალიან თრგუნავს, თორემ შინაგანი ორგანოების მხრივ, ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადება არ არის. ცხადია, თუ ფარისებრი წესრიგშია და სხვა პათოლოგიები არ არის.

არსებობს ფეტონის ნევუსი – ეს არის ჩვეულებრივი, მუქი პიგმენტური ხალი, რომლის გარშემოც შეინიშნება სითეთრე, ესეც ვიტილიგოს ერთ-ერთი ნიშანია. ხალი შეიძლება იყოს წლების განმავლობაში და უცებ მის ირგვლივ თეთრი ლაქა გაჩნდეს. ამ შემთხვევაში ხალს ვაკვირდებით დინამიკაში, რომ სხეულზე არ დაიწყოს პიგმენტური ლაქები.

  • მკურნალობა რას მოიცავს და რა ეფექტი აქვს მას?
ვიტილიგო

მკურნალობა ვიტილიგოს შემთხვევაში ტარდება ორი მეთოდით, გარეგანი საცხების გამოყენება და ყველაზე ეფექტური მეთოდით – ფოტოთერაპიით. მკურნალობის მიზანია პიგმენტის დაბრუნება. ფოტოთერაპია არის მზის ერთ-ერთი ულტრაიისფერი – UV სხივით მკურნალობა, მისი სიგრძე გახლავთ 311 ნანომეტრი, ანუ ძალიან მოკლე სხივია, ანათებს მხოლოდ კანზე და არ აღწევს სხვაგან. ვიტილიგოს დეპიგმენტური ლაქის ადგილზე ხდება დანათება ამ სხივის, რის შედეგადაც პიგმენტი ეტაპობრივად მოდის და თეთრი ლაქა იხურება. პროცედურიდან პროცედურამდე ვამჩნევთ, როგორ იცვლის ეს ლაქა ფერს, თავიდან გაწითლდება, გავარდისფრდება, შემდეგ ყავისფერი პიგმენტაცია წამოვა და ნელ-ნელა იხურება.

ეს არაინვაზიური მეთოდია, გამოიყენება ბავშვებშიც 1 წლის ასაკიდან. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ კეთდება. ფოტოთერაპიის შემთხვევაში ჩვენ ვნიშნავთ მინიმუმ 50 პროცედურას და უკვე დაახლოებით 15-20 პროცედურიდან ვამჩნევთ დადებით დინამიკას.

როცა კერა იხურება, იმ ადგილზე ახალი აღარ წარმოიქმნება, თუმცა, სამწუხაროდ, მკურნალობა იმის პრევენციას არ ახდენს, რომ ახალი კერები არ გაჩნდეს სხვაგან.

საცხების საშუალებით მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია. ის უფრო ეფექტურია, როცა საქმე გვაქვს ახალ, მაგალითად 1 კვირის ან 1 თვის წინ გაჩენილ ლაქასთან. ასევე, თუ დეპიგმენტაცია მოხდა სახეზე, რადგან აქ ყველაზე ნაზი კანია. ეს არასტეროიდული, არაჰორმონალური კრემია, რომლის გამოყენების შედეგადაც იხურება ლაქა. დრო ინდივიდუალურია, საშუალოდ 3-6 თვე სჭირდება გარეგანი საცხებით მკურნალობას.

  • რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელსაც ვიტილიგო აქვს?

ვიტილიგოს შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს აქტიურ მზეს. როცა პიკია მზის გამოსხივების, თუ მოხდილი ტანსაცმელი აცვია, აუცილებელია გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალებები, რომელთაც გამოყენების თავისი წესი აქვთ – წავისვათ მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, მას ორსაათიანი ეფექტი აქვს, ანუ მზისგან დამცავი საშუალება უნდა განახლდეს 2 საათში ერთხელ.

ზღვაზე უნდა გავიდეთ 11 საათამდე, თუ შუადღის მზეზე მოგვიწევს ყოფნა, იყიდება სპეციალური ნაჭრის საცურაო კოსტიუმები, რომლებიც ფარავს ამ ადგილებს, თუმცა უმჯობესია მაინც მოვერიდოთ მზეს. მზისგან დამცავი საცხები უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი დაცვის ფაქტორით: SPF 50-დან ზევით, 15-30 ძალიან დაბალია ვიტილიგოს შემთხვევაში.

  • ადრეული დიაგნოსტირება მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია?

საქმე ის არის, რომ რაც უფრო ახალია დეპიგმენტაცია და რაც უფრო პატარა ზომის, მით უფრო სწრაფად ხდება ალაგება. აქვე აღვნიშნავ, რომ სახეზე ყველაზე სწრაფი შედეგი გვაქვს ფოტოთერაპიის დროს, რადგან ყველაზე ნაზი კანი სწორედ აქ არის, ამიტომ სახეზე უფრო სწრაფად ხდება პიგმენტის შევსება, ვიდრე სხეულზე.

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

ცვლილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერი ვალდებული იქნება შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს. მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს.

სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. იქნება თუ არა რაიმე დათქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ საბჭოს წევრი, ან ექნება თუ არა მერს ვალდებულება საბჭოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეიყვანოს, ამის შესახებ პროექტში არაფერი წერია. ამის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია საბჭოს დაკომპლექტების წესში, თუ ამას მოინდომებს.

პროექტში ცვლილების მიხედვით, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით
უნდა დაამტკიცოს დროებითი ხელშეწყობითი ღონისძიებისა და მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების წესი.

ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი.

ბათუმის მე-10 სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დამატებით, ახალ შენობას ააშენებენ. ახალი შენობის პროექტისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მოსამზადებლად კი, აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა.

მე-10 საჯარო სკოლის დამატებითი შენობა 3-სართულიანი უნდა იყოს. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობით – არანაკლებ 600 [25 მოსწავლე ერთ კლასში].

შენობა უნდა მოიცავდეს ასევე შემდეგ სივრცეებს [შესაძლებელია ცვლილებები შესაბამისი დასაბუთებით]: არანაკლებ 24 საკლასო ოთახი [ერთი საკლასო ოთახის ფართობი 45 – 50 კვ.მ-ის ფარგლებში]; დამლაგებლის ფართობი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი; სანიტარული კვანძები მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციისა და შშმ პირებისათვის; ფოიე [გარდერობით], დერეფანი, სარეკრეაციო ზონები.

შენობაში უნდა დამონტაჟდეს ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობით. მოეწყოს სპორტული და სააქტო დარბაზები [სასურველია]; დამატებით პირობებში კი, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ღია სპორტული მოედნის [ტრიბუნებით] მოწყობაც შედის.

ახალი სასწავლო კორპუსი ბათუმში მე-10 სკოლის იმ შენობის უკან არსებულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის 66 ნომერში დგას. სკოლის არსებული შენობის უკან მდებარე ტერიტორია კი, ჯამში, დაახლოებით, 3 500 კვადრატული მეტრია.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა და ტერიტორია [წითელ ფერში], სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს / ჯავახიშვილის ქუჩაზე
კონკურსში წინადადებების მიღება 13 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულმა კი ახალი შენობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 4 თვეში უნდა მოამზადოს. ამის შემდეგ სამინისტრო მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

მე-10 საჯარო სკოლაში ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სწავლობენ, ვინაიდან მე-16 სკოლის შენობა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო.

მე-16 სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად 15 969 157 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული. პირობის მიხედვით მე-16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა 2025 წელში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

დაპყრობილი მიწის ყოველი მეტრი მორწყულია მტრის სისხლით – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებს. როგორც ვალერი ზალუჟნი ტელეგრამ არხზე წერს, სიტუაციას, სირთულის მიუხედავად, უკრაინის არმია აკონტროლებს.

„თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. ძალიან რთულია, რადგან საცეცხლე უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარესაა. ყველაფრის მიუხედავად, ვდგავართ. სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი,“ – წერს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მანევრულ თავდაცვაზე არიან გადასულები და უფრო მეტად მოხერხებულ პოზიციებს იკავებენ.

„მაგრამ მტრის მიერ დაპყრობილი ყოველი მეტრი მათი სისხლითაა მორწყული“, – დასძენს ზალუჟნი.

უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილი ახლა დონბასია, დონეცკის ოლქი, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება სევეროდენცკში. რუსეთი ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, თუმცა უკრაინელთა წინააღმდეგობა არ წყდება.

უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო უწყებების ინფორმაციით, რუსეთმა თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონში გადაისროლა.

სევეროდენცკისთვის ბრძოლის პარალელურად, რუსეთის არმია ცდილობს, მოიგერიოს უკრაინელთა თავდასხმები ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.

დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან გადმოცემული HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები უკვე უკრაინაშია.

გუშინ, ასევე თავდაცვის მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ უკვე ბრძოლის ველზეა გერმანული Panzerhaubitze200-ები – თვითმავალი ჰაუბიცები. უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან დაპირებულ M109 da M270 ტიპის საარტილერიო დანადგარებსაც ელოდება.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი/ფოტო: president.gov.ua

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე.

დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“.

დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31

___

ევროპარლამენტმა, 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ, დრეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან დაკავშირებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, გუშინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ აჩვენა, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილებას.

Exit mobile version