მთავარი,სიახლეები

რუსეთი უკრაინის ფრონტზე გენერლებს ცვლის – ბრიტანეთის დაზვერვა

25.06.2022 • 1515
რუსეთი უკრაინის ფრონტზე გენერლებს ცვლის – ბრიტანეთის დაზვერვა

„უკრაინა სავარაუდოდ აპირებს გადახედოს სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დაცვის სტრატეგიას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალები, ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, მცოცავ შეტევებს განაგრძობენ“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასის ფრონტზე არსებულ ვითარებას 25 ივნისის განახლებაში.

უწყების მთავარი ყურადღება უახლეს სადაზვერვო ცნობარში, რუსეთის არმიის გენერლებზეა მიმართული. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ივნისის დასაწყისიდან, რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ რამდენიმე გენერალს უკრაინის ომში მეთაურობა და გადამწყვეტი ფუნქციები ჩამოართვა.

„მათ შორისაა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და არმიის სამხრეთის დაჯგუფების მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვორნიკოვი, გარკვეული დროის განმავლობაში, მთავარი ოპერატიული მეთაურის მოვალეობასაც ასრულებდა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ სამხრეთის დაჯგუფების მეთაურობას, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინს ჩააბარებენ.

„სამხრეთის დანაყოფი კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს დონბასის შეტევებში, თავისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში კი სუროვიკინი ცნობილია კორუფციითა და სისასტიკით“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ჯერ კიდევ მაისში აღნიშნავდა, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ. მაშინ, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ. დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანსაც ასახელებდა.

მთავარი ფოტო: სერგეი სუროვიკინი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: