მთავარი,სიახლეები

წარუმატებლობის გამო, რუსეთმა შესაძლოა ლიბიიდან უკრაინაში „ვაგნერელები“ გადაიყვანოს – მედია

29.04.2022
წარუმატებლობის გამო, რუსეთმა შესაძლოა ლიბიიდან უკრაინაში „ვაგნერელები“ გადაიყვანოს – მედია

რუსეთს ლიბიიდან თავისი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი გამოჰყავს და შესაძლოა, ისინი უკრაინაში გადაიყვანოს – ინფორმაციას უკრაინული მედია, გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, გამოცემის წყაროები დასავლეთსა და სირიაში იუწყებიან, რომ თავიდან რუსეთი არ გეგმავდა ლიბიაში თავისი კონტინგენტის შემცირებას, თუმცა უკრაინაში წარუმატებლობის გამო გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია.

მედიის ცნობით, რუსეთმა უკვე გამოიყვანა ლიბიიდან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ლიგის“, ყოფილი „ვაგნერის“, 200 წევრი, ასევე ათასი სირიელი მებრძოლი. თუმცა ლიბიაში კვლავ რჩება რუსეთის 5 ათასი დაქირავებული სამხედრო.

რამდენიმე დღის წინ, NATO-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლების“ უკრაინის ბიურო წერდა, რომ რუსეთი ათასზე მეტი „ვაგნერელის“ დონბასში გადასროლას გეგმავდა. ალიანსში ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვი სამხედროებს სირიიდან ან აფრიკიდან გამოიყვანდა.

„უნიანის“ ცნობით, „ვაგნერის“ წევრები უკრაინაში უკვე არიან, ისინი, რამდენი დღის წინ, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე წარუმატებელ შტურმში მონაწილეობდნენ.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

ჯერ კიდევ 2018 წელს, სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სირიაში თავისი დაქირავებული მებრძოლების გადასაყვანად საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა. როსტოვიდან მიმავალი თვითმფრინავი სირიაში ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეები გავლით ხვდებოდა.

—-

უკრაინის აღმოსავლეთი რუსეთისთვის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, სრულად მოიპოვონ კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 27-28 აპრილს ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწიეს წინ.

___

მთავარი ფოტო: უნიანის ტელეგრამარხი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: