მთავარი,სიახლეები

რადას დეპუტატი უკრაინის დაპყრობაში რუსეთს ეხმარებოდა – უკრაინის უშიშროება

24.06.2022
რადას დეპუტატი უკრაინის დაპყრობაში რუსეთს ეხმარებოდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩიც შედიოდა. ქსელის მიზანი იყო, რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დახმარებოდა.

გამოძიების მტკიცებით, დერკაჩი კურირებდა დაცვის კერძო კომპანიების შექმნას უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ეს სტრუქტურები უკრაინის სწრაფი ოკუპაციისთვის უნდა გამოეყენებინათ. უშიშროების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ დეპუტატის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო.

„ქსელის შექმნაზე დიდი ხანი მუშაობდნენ, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისი განეიტრალება ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოახერხა, როდესაც დააკავა დეპუტატის ყოფილი თანაშემწე, იგორ კოლესნიკოვი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის გენერალური შტაბის უშტატო თანამშრომელი იყო, მეტსახელით „ვეტერანი“. სწორედ ის იყო კონტაქტი და ფინანსური კურიერი რუსეთის სპეცსამსახურებსა და დერკაჩს შორის,“ – აღნიშნავს უშიშროება.

კოლესნიკოვის ჩვენების თანახმად, დეპუტატი დერკაჩი 2016 წელს გადაიბირეს. მასთან უშუალოდ სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნები მუშაობდნენ – სამმართველოს უფროსი იგორ კოსიუკოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმირ ალექსსეევი.

უშიშროების მტკიცებით, ანდრეი დერკაჩი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსგან იღებდა თანხას უკრაინაში კერძო კომპანიების შესაქმნელად. ამ გეგმებისთვის, რამდენიმე თვეში ერთხელ, რუსეთი 3-4 მილიონ დოლარს იხდიდა. თანხის დიდი ნაწილი, უშიშროების ცნობით, დეპუტატის ჯიბეში მიდიოდა.

დაკავების შემდეგ, კოლესნიკოვი უკრაინის სამართალდამცველებთან, ინფორმაციის სანაცვლოდ შეთანხმებაზე წავიდა და ჩვენება მისცა ქსელის მისიაზე, საქმიანობასა და იმაზეც, თუ როგორ უნდა ემოქმედა ამ ქსელს სრულმასშტაბიანი ომის პირობებში:

„ჯარების შემოსვლის შემთხვევაში, ამ კერძო კომპანიებს უნდა უზრუნველეყოთ ტექნიკის გატარება, უნდა დამსხდარიყვნენ ჯავშანტექნიკაზე რუსული დროშებით და ამ გზით უნდა მოეხერხებინათ „მშვიდობიანი შესვლა“ ქალაქებში“.

კოლესნიკოვის თქმით, კიევის დასაპყრობად, რუსეთის გენშტაბი სპეციალური ძალების შეყვანას უკრაინაში ბელორუსიდან გეგმავდა. სპეცრაზმი უნდა შესულიყო კიევში, დაეკავებინა სახელისუფლებო კვარტალი და შეეკრიბა რადა, რომელიც ახალ მთავრობას აირჩევდა.

ანდრეი დერკაჩი უკრაინელი პოლიტიკოსი და უკრაინის რადას დეპუტატია. 2020 წელს მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დაუწესა „რუსეთის აგენტობის ათწლიანი სტაჟისთვის“.

ანდრეი დერკაჩი ასევე შედის იმ პოლიტიკოსთა სიაში, ვისაც უკრაინის ეროვნული საფრთხრეებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციები შეეხება.

მთავარი ფოტო: ანდრეი დერკაჩი/ფოტო: Pravda.com.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: