მთავარი,სიახლეები

აშშ-ის სენატი მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას

24.06.2022
აშშ-ის სენატი მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას

23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი დეპუტატი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან და დემოკრატი დეპუტატი ტედ ლიუ კალიფორნიიდან.

„[რუსეთის] ტერორის მმართველობა უნდა შეწყდეს“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯო უილსონს. ხოლო ტედ ლიუს თქმით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა, უკრაინაში შეჭრისთვის მისი დასჯის მცდელობების გაგრძელება იქნება.

უკრაინაში შეჭრისთვის, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებით რუსეთი ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გვერდით აღმოჩნდება. გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნულმა ზომამ კონგრესის ორივე პალატა უნდა გაიაროს და გადაეგზავნოს იგი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს.

ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ, არაერთხელ მოითხოვეს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: