მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები

23.06.2022 • 9766
რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები

ვიტილიგო დაავადებაა, რომლის დროსაც კანი ფრაგმენტულად უფერულდება, გაუფერულებული კერები კი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იზრდება. კლინიკა „კანის“ ექიმი, ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ექიმისთვის დროულად მიმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაჩენილ კერებზე პიგმენტის დაბრუნება უფრო ადვილია.

  • ქალბატონო თათია, რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. ამ დროს წარმოიქმნება დეპიგმენტური ანუ პიგმენტის არმქონე თეთრი ფერის ლაქები.

ვიტილიგო შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ადგილზე, სადაც კანის საფარველია, თუმცა არის ადგილები, სადაც უფრო მკვეთრად გამოიყოფა ლაქები. მაგალითად, ყველაზე ხშირად ლოკალიზება ახასიათებს ხელის თითების ფალანგებზე, იღლიის ფოსოებში, ასევე სასქესო ორგანოების მიდამოებში, მკერდზე, სახეზე – თვალების გარშემო გვხვდება ძალიან ხშირად, ტუჩების გარშემო, ლორწოვან გარსზე შეიძლება იყოს.

ვიტილიგო შესაძლოა პატარა კერით, მცირე ზომის თეთრი ლაქის წარმოქმნით დაიწყოს და შემდეგ გაიზარდოს ზომაში.

  • რა იწვევს ვიტილიგოს?

ზოგადად ვიტილიგოს ეტიოლოგია და პათოგენეზი, ანუ რა იწვევს ამ დაავადებას, დღემდე უცნობია და კვლევის საგანს წარმოადგენს, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი მაინც გამოიყოფა მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის.

ერთ-ერთი მიზეზია გენეტიკური წინასწარგანწყობა; ასევე, ვიტილიგო შეიძლება უკავშირდებოდეს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის და სასქესო ჯირკვლების დისფუნქციებს.

ვიტილიგო შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგადაც. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს შიშის შემდგომ, ან სტრესი გახდეს მაპროვოცირებელი (თუმცა ბავშვების შემთხვევაში ეს ნაკლებ სავარაუდოა). გვყავდა პაციენტი, რომელსაც ბავშვობაში შეეშინდა თავისივე ჩრდილის, გარკვეული ხნის შემდეგ დაეწყო ჰიპოპიგმენტური ლაქების გაჩენა და ეს დავუკავშირეთ შიშს.

ვიტილიგო შეიძლება გამოიწვიოს მზისგან მიღებულმა დამწვრობამაც, თუ დავიწვებით მზის აქტიური იზოლაციით, შეიძლება რაღაც დროის შემდეგ დაგვემართოს ასეთი დაავადება. ყოფილა შემთხვევები, როცა ზღვაზე წაყვანილი ბავშვი ძალიან დაეწვათ უფროსებს, გადახურდა ბავშვი, მიიღო სერიოზული დამწვრობა, სულ წითელი იყო. მას, რა თქმა უნდა, აუტყავდა დამწვარი კანი და ერთ წელიწადში ზუსტად იმ ადგილებზე გაჩნდა უკვე ვიტილიგოსთვის დამახასიათებელი, თეთრი, პიგმენტური ლაქები.

ადამიანები ავადდებიან ვიტილიგოთი, როდესაც მათი სხეული თავს ესხმის საკუთარ მელანოციტებს, უჯრედებს, რომლებიც ფერს ანიჭებენ ჩვენს კანსა და თმას. რა იწვევს ამ პროცესს, ბოლომდე არ არის გასაგები. ვიტილიგო შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადება. ასეთი დაავადებები ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარი სხეულის ზოგიერთ ნაწილს – ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის აკადემია.

  • რა ასაკში ჩნდება ვიტილიგო? 

უკვე ძალიან გაახალგაზრდავებულია ვიტილიგო, ბავშვებშიც ძალიან ხშირია. ისე კი, უმეტესად 20 წლის ზემოთ ახალგაზრდებში უფრო აქტიურად გვხვდება ეს დაავადება. ასევე, სტატისტიკურად, იგი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში.

  • შეიძლება თუ არა ვიტილიგოს მოჰყვეს რაიმე გართულება?

კანის დეპიგმენტურ უბნებზე გართულებას არ ვხვდებით ხოლმე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, თუმცა, თუ პაციენტი მიიღებს დამწვრობას და აქტიურ მზეზე იქნება [11:00-დან  17:00 საათამდე], რა თქმა უნდა, იმ ადგილებში უფრო აქტიურად წამოვა სიწითლე და დამწვრობა. ამიტომ აუცილებელია ვიტილიგოს მქონე პაციენტის შემთხვევაში გამოყენებული იყოს მზის დამცავი საშუალებები რაც შეიძლება მაღალი ფილტრით.

ეს არ არის ავთვისებიანი დაავადება, იგი უფრო კოსმეტიკურ „დეფექტად“ ითვლება. სამწუხაროდ, ხშირად, პიგმენტური ლაქები პაციენტებს ძალიან თრგუნავს, თორემ შინაგანი ორგანოების მხრივ, ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადება არ არის. ცხადია, თუ ფარისებრი წესრიგშია და სხვა პათოლოგიები არ არის.

არსებობს ფეტონის ნევუსი – ეს არის ჩვეულებრივი, მუქი პიგმენტური ხალი, რომლის გარშემოც შეინიშნება სითეთრე, ესეც ვიტილიგოს ერთ-ერთი ნიშანია. ხალი შეიძლება იყოს წლების განმავლობაში და უცებ მის ირგვლივ თეთრი ლაქა გაჩნდეს. ამ შემთხვევაში ხალს ვაკვირდებით დინამიკაში, რომ სხეულზე არ დაიწყოს პიგმენტური ლაქები.

  • მკურნალობა რას მოიცავს და რა ეფექტი აქვს მას?

ვიტილიგო

მკურნალობა ვიტილიგოს შემთხვევაში ტარდება ორი მეთოდით, გარეგანი საცხების გამოყენება და ყველაზე ეფექტური მეთოდით – ფოტოთერაპიით. მკურნალობის მიზანია პიგმენტის დაბრუნება. ფოტოთერაპია არის მზის ერთ-ერთი ულტრაიისფერი – UV სხივით მკურნალობა, მისი სიგრძე გახლავთ 311 ნანომეტრი, ანუ ძალიან მოკლე სხივია, ანათებს მხოლოდ კანზე და არ აღწევს სხვაგან. ვიტილიგოს დეპიგმენტური ლაქის ადგილზე ხდება დანათება ამ სხივის, რის შედეგადაც პიგმენტი ეტაპობრივად მოდის და თეთრი ლაქა იხურება. პროცედურიდან პროცედურამდე ვამჩნევთ, როგორ იცვლის ეს ლაქა ფერს, თავიდან გაწითლდება, გავარდისფრდება, შემდეგ ყავისფერი პიგმენტაცია წამოვა და ნელ-ნელა იხურება.

ეს არაინვაზიური მეთოდია, გამოიყენება ბავშვებშიც 1 წლის ასაკიდან. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ კეთდება. ფოტოთერაპიის შემთხვევაში ჩვენ ვნიშნავთ მინიმუმ 50 პროცედურას და უკვე დაახლოებით 15-20 პროცედურიდან ვამჩნევთ დადებით დინამიკას.

როცა კერა იხურება, იმ ადგილზე ახალი აღარ წარმოიქმნება, თუმცა, სამწუხაროდ, მკურნალობა იმის პრევენციას არ ახდენს, რომ ახალი კერები არ გაჩნდეს სხვაგან.

საცხების საშუალებით მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია. ის უფრო ეფექტურია, როცა საქმე გვაქვს ახალ, მაგალითად 1 კვირის ან 1 თვის წინ გაჩენილ ლაქასთან. ასევე, თუ დეპიგმენტაცია მოხდა სახეზე, რადგან აქ ყველაზე ნაზი კანია. ეს არასტეროიდული, არაჰორმონალური კრემია, რომლის გამოყენების შედეგადაც იხურება ლაქა. დრო ინდივიდუალურია, საშუალოდ 3-6 თვე სჭირდება გარეგანი საცხებით მკურნალობას.

  • რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელსაც ვიტილიგო აქვს?

ვიტილიგოს შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს აქტიურ მზეს. როცა პიკია მზის გამოსხივების, თუ მოხდილი ტანსაცმელი აცვია, აუცილებელია გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალებები, რომელთაც გამოყენების თავისი წესი აქვთ – წავისვათ მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, მას ორსაათიანი ეფექტი აქვს, ანუ მზისგან დამცავი საშუალება უნდა განახლდეს 2 საათში ერთხელ.

ზღვაზე უნდა გავიდეთ 11 საათამდე, თუ შუადღის მზეზე მოგვიწევს ყოფნა, იყიდება სპეციალური ნაჭრის საცურაო კოსტიუმები, რომლებიც ფარავს ამ ადგილებს, თუმცა უმჯობესია მაინც მოვერიდოთ მზეს. მზისგან დამცავი საცხები უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი დაცვის ფაქტორით: SPF 50-დან ზევით, 15-30 ძალიან დაბალია ვიტილიგოს შემთხვევაში.

  • ადრეული დიაგნოსტირება მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია?

საქმე ის არის, რომ რაც უფრო ახალია დეპიგმენტაცია და რაც უფრო პატარა ზომის, მით უფრო სწრაფად ხდება ალაგება. აქვე აღვნიშნავ, რომ სახეზე ყველაზე სწრაფი შედეგი გვაქვს ფოტოთერაპიის დროს, რადგან ყველაზე ნაზი კანი სწორედ აქ არის, ამიტომ სახეზე უფრო სწრაფად ხდება პიგმენტის შევსება, ვიდრე სხეულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: