მთავარი,სიახლეები

შეწყვიტეთ აგრესიული რიტორიკა მედიის მიმართ – ქარტიის და კოალიციის განცხადებები

24.06.2022 • 874
შეწყვიტეთ აგრესიული რიტორიკა მედიის მიმართ – ქარტიის და კოალიციის განცხადებები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ქარტიამ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც დღეს, 24 ივნისს, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.

„თავდასხმის მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგნაირად მიმართა: „თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში“, „დაკარგე ადამიანის სახე“, „ცუდად ხარ, გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ“, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას სამარცხვინო უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას. ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მოვუწოდებთ უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები დაისაჯონ კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომით“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას, ასევე, განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: