მთავარი,სიახლეები

„ჩვენი ხმა ევროკავშირს” – სტუდენტების მანიფესტაცია ბათუმში

24.06.2022 • 1316
„ჩვენი ხმა ევროკავშირს” – სტუდენტების მანიფესტაცია ბათუმში

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური მანიფესტაცია – „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართა.

სტუდენტ ალექსანდრე აბუსელიძის თქმით, ღონისძიების გამართვის ინიციატივა 10 დღის წინ გამოთქვა და ბსუს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის და თვითმმართველობის სხვა წევრების მხარდაჭერით დააორგანიზა.

როგორც ალექსანდრე ამბობს, მანიფესტაცია სტუდენტების პოზიციის გამოხატულებაა, რომ მათ ევროპული მომავალი, განვითარებული და წარმატებული საქართველოს ხილვა სურთ.

დღეს სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს უნივერსიტეტიდან ევროპის მოედნისკენ.

თედო დუმბაძის, ბსუ ეკოლოგიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტის და ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ის, რომ საქართველომ ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პირველ რიგში სახელმწიფო პასუხისმგებლობაა.

„დღეს შემოვუერთდი სტუდენტებს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ევროპასთან დაკავშირებით, რაც არის საწინდარი ჯანსაღი მომავლისთვის.

ვფიქრობ, რომ კანდიდატის წევრობის დაკარგვა პირველ რიგში სახელმწიფო პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ მოქალაქეებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ისინი მზად არიან გახდნენ ევროპის დიდი საზოგადოების ნაწილი.

პირველ რიგში, ახლა არამარტო სახელმწიფო ან ცალკეული პირები, არამედ საქართველოს თითოეული მოსახლე უნდა ცდილობდეს, რომ დავაკმაყოფილოთ ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებიც წამოაყენა ევროკავშირმა, შევასრულოთ ყველა ეს პუნქტი, რომ საბოლოოდ შევძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება“ – ამბობს თედო.

თედო დუმბაძე

კიდევ ერთი მონაწილის, ეკონომიკისა და ბიზნესის მესამე კურსის სტუდენტის, სალომე დუმბაძის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მართალია, პოლიტიკას არ ვეხებით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ხელი შეეწყოს [ამ გზაზე]“, – გვითხრა სალომემ.

სალომე დუმბაძე

ფოტო მანიფესტაციიდან

ფოტო მანიფესტაციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: