მთავარი,სიახლეები

„შურს ვიძიებთ!“ – მეგობრები უკრაინის ეროვნულ გმირს ემშვიდობებიან

24.06.2022 • 10809
„შურს ვიძიებთ!“ – მეგობრები უკრაინის ეროვნულ გმირს ემშვიდობებიან

„შენ ახლა ჩვენს თავზე ცას დაიცავ,“ „აუცილებლად ვიძიებთ შურს“, „შენ იყავი მომავალი, რომელიც ბინძურმა ნაძირალამ წაგვართვა,“ – ასე დაემშვიდობნენ სოციალურ ქსელებში მეგობრები და თანამებრძოლები უკრაინის ეროვნულ გმირს, 27 წლის ანდრეი ვერხოგლიადს.

72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მაიორი, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ მისმა მეგობრებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია ბრიგადის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა დაადასტურა.

„ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური, ბრიგადის სიამაყე,“ – თანამებრძოლები აღნიშნავენ, რომ ის კეთილშობილი, მტკიცე, მამაცი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო.

„ჩვენი და ჩვენი ოჯახების გულები სავსეა მწუხარებითა და სიბრაზით. ჩვენს გზას მომავალშიც ერთად გავიკვლევთ. შენთან ერთად. უბრალოდ შენ ახლა ჩვენს თავზე ცას დაიცავ“, – წერს 72-ე ბრიგადა.

ანდრეი ვერხოგლიადი/ფოტო: 72-ე ბრიგადის ფეისბუქგვერდიდან

„ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვიხდით ყოველ წუთს… უკრაინამ კიდევ ერთი გმირი დაკარგა. ანდრეი ვერხოგლიადი (ცაცია)… სიტყვები არ მყოფნის.. ჩემი თანაგრძნობა ოჯახს, მეგობრებს, თანამებრძოლებს. ომი გრძელდება. შურს ვიძიებთ!“, – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფმანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ანდრეი ვერხოგლიადის დაღუპვის შესახებ.

ანდრეის მეგობარი, სამხედრო ბლოგერი ანატოლი რუნეცი კი ავდეევკაში მათ პირველ შეხვედრას იხსენებს: „ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ავდეევკაში, რამდენი რამ გადავიტანეთ – თითქოს ნამდვილი მეგობრობის წლები კი არა, ასწლეულები გვაკავშირებს. ყველა შენი მოქმედება ვიცი, ვიცი, როგორ უფრთხილდებოდი ადამიანებს, ვიცი, როგორ გაახლოებდა თითოეული დღე უკრაინის გამარჯვებასთან… – შენ მომავალი იყავი, რომელიც ბინძურმა ნაძირალამ წაგვართვა“.

ანდრეი ვერხოგლიადი 1995 წელს ნოვოგრად-ვოლინსკში დაიბადა, ჟიტომირის ოლქში. მისი მამაც და ბაბუაც სამხედროები იყვნენ. 2016 წელს, სახმელეთო ქვეითთა ეროვნული აკადემიის დამთავრებისთანავე აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე, ვოლნოვახაში წავიდა. იბრძოდა დოკუჩაევსკსა და ავდეევკაში, სადაც მძიმედ დაიჭრა.

2017 წელს მისმა ქვედანაყოფმა, ავდეევკასთან, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედროების თავდასხმა მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა. სწორედ ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო ანდრეი ვერხოგლიადმა ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი და ეროვნული გმირის წოდება.

2022 წლის 26 მარტს ის ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვეს.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, 2018 წელს, ანდრეი ვერხოგლიადი, (საბრძოლო მეტსახელი – ცაცია) რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის ალბათობაზე საუბრობდა და ამბობდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებდა უკრაინაში, მთელი უკრაინა გამარჯვებისთვის გაერთიანდებოდა.„ჩვენ ასეთი ერი ვართ, თუკი ძლიერად შემოგვიტევენ, ჩვენ გავერთიანდებით და ვუპასუხებთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებს, სახლში არავინ დაჯდება, ვიღაც ალბათ გაიქცევა უცხოეთში, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვინც როგორც 2014-ში, პირიქით, თავის საქმეს მიატოვებენ და სამშობლოში საომრად დაბრუნდებიან. იქნებ სწორედ ესაა პატრიოტიზმი. თუმცა მე ამას გადარჩენის ინსტინქტს ვუწოდებ. შენ, უბრალოდ, მთელი გულით გრძნობ, რომ ზუსტად ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად. ამიტომაც, თავდასხმის შემთხვევაში, იქნება მტკიცე წინააღმდეგობა. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინს ბლიცკრიგი არ გამოუვიდეს.“

რა ვითარებაში, ან რომელ რაიონში დაიღუპა უკრაინის ეროვნული გმირი 72-ე ბრიგადას არ დაუკონკრეტებია.

ანდრეი ვერხოგლიადს მშობლები დარჩა. მისი უფროსი ძმა დმიტრო გვარდიის 95-ე სადესანტო ბრიგადაში მსახურობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: