მთავარი,სიახლეები

რუსეთში სამხედრო მეთაურებს თანამდებობიდან ათავისუფლებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

19.05.2022
რუსეთში სამხედრო მეთაურებს თანამდებობიდან ათავისუფლებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ – ასეთია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება. 19 მაისის განახლებაში, ტვიტერზე, უწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანს ასახელებს.

„გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ჩამოაშორეს იმის გამო, რომ ხარკოვის აღება ვერ შეძლო.

თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმაც, რომელიც შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, სავარაუდოდ, აპრილში, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ.

სავარაუდოდ, პოსტზე რჩება რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი, თუმცა გაურკვეველია, ინარჩუნებს თუ არა ის პრეზიდენტ პუტინის ნდობას“.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ გადაბრალებისა და „განტევების ვაცის“ ძიების პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული რუსეთის სამხედრო და უშიშროების სისტემებში.

უწყება ვარაუდობს, რომ ბევრი ოფიციალური პირი, რომლებიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდნენ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად  ეცდება, რუსეთის მარცხზე პირადი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, ეს მდგომარეობა კი მათ ბრძოლისუნარიანობაზე იმოქმედებს.

„ეს დიდი ალბათობით, მძიმედ დააწვება რუსეთის სარდლობისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგანაც ოფიცრები უფრო და უფრო ხშირად ცდილობენ საკუთარ ხელმძღვანელობას გადააბარონ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ პირობებში რუსეთს ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 18 მაისის განახლებაში, უწყება მარიუპოლისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობაზე წერდა. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა.

მთავარი ფოტო: ვალერი გერასიმოვი, ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: