ნეტგაზეთი • RU

„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე

„ეს არის განუკითხაობის დაკანონება. კატასტროფაა არაერთი მიზეზის გამო“, – ასე აფასებს ურბანისტი ირაკლი ჟვანია ცვლილების პროექტს სამშენებლო კოდექსში. საპარლამენტო ოპოზიციამ კი მას კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნის შესაძლებლობა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. მათი მხრიდან გაცილებით მკვეთრად იყო გამოხატული უარი ცვლილებაზე ექსპროპრიაციის წესში, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

სამშენებლო კოდექსში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ, 23 ივნისს მიიღო.

„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

კანონში ცვლილება, რომელიც ბათუმის მერისთვის K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის გაცემის უფლების მინიჭებას ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებდა, პროექტის მეორე მოსმენისთვის დააზუსტეს. ცვლილების დამტკიცების შემდეგ, ამ უფლებას მერი გამოიყენებს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

კოეფიციენტის გაზრდა, რაც დადგენილი პარამეტრების გადაჭარბებას – სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, არ არის ის ძირითადი საკითხი, რასაც სპეციალისტები მწვავედ აკრიტიკებენ.

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის განმარტებით, ბევრად მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც მერისთვის კიდევ რამდენიმე სამშენებლო რეგულაციით დადგენილი მოთხოვნის უგულებელყოფას ითხოვს. იგივე გვითხრა ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამაც.

ახალი კანონით, k2 კოეფიციენტის გაზრდის გარდა, ბათუმის მერს შეუძლია, მაგალითად, სარეკრეაციო ზონას, კონკრეტულ ნაკვეთს შეუცვალოს სტატუსი ან ფუნქცია და ის საქმიან ან საცხოვრებელ ზონად გადააქციოს. მერს შეეძლება შეცვალოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„ძველ კანონშიც კი არ ეწერა, რომ k2-ის გაზრდა დანარჩენი რეგულაციების გაუქმებას იწვევს, სხვა ყველაფერი ძალაში რჩებოდა. ხაზგასმით იყო განმარტებული, რომ k2-ის გაზრდა სხვა რეგულაციებს არ ეხებოდა. ახლა კი გაჩნდა ჩანაწერი, რომ მერს ნებისმიერი რეგულაციის გაუქმება შეუძლია. მაგალითად, როგორიც არის მიჯნის ზონის დაცვა, სახანძრო უსაფრთხოება, ზონის შინაარსის ცვლილება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს ყველაფერი 2027 წლამდე“, – არქიტექტორ გია რამიშვილის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში რეგულაციების დარღვევით აშენებული სახლები დაბალხარისხიანი იქნება. შესაბამისად, დაბალხარისხიანი იქნება აქ საცხოვრებელი გარემოც.

გიორგი რამიშვილი – არქიტექტორი

ურბანისტ ირაკლი ჟვანიასთვის გაუგებარია, რატომ შედის მთელი ქვეყნის კანონში ცვლილება ერთი კონკრეტული ქალაქისთვის, როცა ავარიული სახლები სხვა ქალაქებშიც არის. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ ცვლილებით ცდილობს დეველოპერებს გადააბაროს „ავარიული სახლების“ პრობლემა, რაც მათთვის მაქსიმალური მოგების გზა უფრო იქნება, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტის:

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქალაქია, კონკრეტული ქალაქის გამო მთელი ქვეყნის კანონში შედის ცვლილება იმიტომ, რომ ეს ქალაქი დგას პრობლემების წინაშე, რასაც ვერ უმკლავდება ისე, როგორც საჭიროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავარიული სახლების, სერიოზული პრობლემის, რომელიც არის ბათუმში, ქუთაისში და თბილისშიც, გადასაწყვეტად ჩართავენ დეველოპერებს ისეთი ფორმით, რაზეც არც აჭარის მთავრობის, არც მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე, არანაირი ხედვა არ აქვთ.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ აქ არანაირი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა არ იგეგმება და მთლიანად გადააბარებენ კერძო სექტორს, რომელიც, რა თქმა უნდა, ეცდება მიიღოს მაქსიმალური მოგება. ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის ამ გზის გახსნა მაქსიმალური მოგებისთვის. ასე მოსახლეობა ვერასდროს გაიგებს, კონკრეტულ შემთხვევაში რატომ გახდა საჭირო კოეფიციენტების გაზრდა, საქმე გვაქვს გონივრულ მატებასთან თუ მაქსიმალურ მოგებასთან, რაც შესაძლოა აზიანებდეს ქალაქში ცხოვრების ძალიან ბევრ პარამეტრს და ქალაქგეგმარებით ინდიკატორებს“.

ირაკლი ჟვანია – ურბანისტი.  [ ფოტო „ფეისბუქიდან“]

პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში კიდევ რამდენიმე დეტალი დაზუსტდა, მაგალითად ჩაიწერა, რომ მერს აღარ ექნება უგულებელყოს კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა გამწვანების კოეფიციენტთან დაკავშირებით. ვიდრე ამ საკითხს კოდექსი დაარეგულირებდა, ბათუმში K 3 – იგივე გამწვანების კოეფიციენტი, პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო, ისევე როგორც შენობის მასშტაბთან შესაბამისი ოდენობის პარკინგის ადგილების მოწყობა. კოდექსმა ამ მიმართულებით ახალი მოთხოვნები გააჩინა, ეს მოთხოვნები ძალაში დარჩება.

პროექტის შეფასებისას ურბანისტი ირაკლი ჟვანია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პროექტში გათვალისწინებული არ არის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების მომენტი:

„ეს არის სააჯარობისა და ანგარიშვალდებულების არათუ მინიმუმამდე დაყვანა, არამედ გაუქმება. მერი იქნება უფლებამოსილი პირადად გადაწყვიტოს თითოეული ასეთი შემთხვევა, პასუხისმგებლობის გაზიარებისა და საჯაროობის მომენტები არ არის.“

ჩართულობასა და ანგარიშვალდებულების ნაწილზე შენიშვნები პარლამენტარებმაც გამოთქვეს პირველივე მოსმენაზე, მეორე მოსმენისთვის კი ამ მიმართულებით პროექტში ახალი ჩანაწერები გაჩნდა.

ბათუმის მერი ვალდებული იქნება შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს. მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებით რეკომენდაციას გასცემს.

სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. იქნება თუ არა რაიმე დათქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ საბჭოს წევრი, ან ექნება თუ არა მერს ვალდებულება საბჭოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეიყვანოს, ამის შესახებ პროექტში არაფერი წერია. ამის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია საბჭოს დაკომპლექტების წესში, თუ ამას მოინდომებს.

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

მწვავე და პრობლემურია ბათუმში ავარიული სახლების საკითხი და ოპერატიულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. ამას არც სპეციალისტები უარყოფენ და არც საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა აცხადებენ, რომ ერთი საქმის გაკეთებით მეორე არ უნდა გაფუჭდეს. პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური, რომელსაც შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით პირველივე მოსმენის დროს კრიტიკული კითხვები ჰქონდა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ პროგრამის მიზნობრიობაში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა მისი გადაჭრის შეთავაზებული გზა არ მოსწონს:

„პროექტის მიზანს, რა თქმა უნდა ვიზიარებთ, თუმცა ეს ცვლილება არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო. მიზანამდე უნდა წარმოშობს დიდ რისკებს კორუფციული მიმართულებით. ანტიკორუფციული მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა, ეს მარტო ეროვნულ დონეზე კი არ არის ცნობილი, მათ შორის ევროკომისიაც გვეუბნება, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა “.

საქართველოს პარლამენტმა, 2022 წლის 23 ივნისს, დაჩქარებული წესით, ორდღიანი განხილვის შედეგად, მიიღო ცვლილებები საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი