ნეტგაზეთი • RU

კაცი ჟანგბადის ბალონით, რომელიც ქუჩაში სანთებელების გაყიდვით ირჩენს თავს

ბათუმში, მერიის შენობის გვერდით კაცი ზის ეტლში, გვერდით ჟანგბადის ბალონი უდევს, წინ, ყუთზე, სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ულაგია. ყუთზე წარწერაა – „გთხოვთ, შეიძინოთ რამე, ამით თქვენ დაეხმარებით მძიმე ავადმყოფს“.

ეს მურმან პაქსაძეა, 48 წლის მოქალაქე. იგი სიგარეტების და სანთებელების გაყიდვით ცდილობს საარსებო თანხის შოვნას.

მურმანის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ჯანმრთელობის გამო. მან გვითხრა, რომ სამი წელია ციროზი და B ჰეპატიტი აქვს, სარგებლობს ეტლით და სუნთქვა არ შეუძლია ხელოვნური ჟანგბადის დახმარების გარეშე. 

ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე

მურმანი ამბობს, რომ სანამ დაავადება ძალიან დაასუსტებდა, მანამდე მძღოლად მუშაობდა. უკვე ერთი წელია, რაც ეტლით სარგებლობს. გვითხრა, რომ ახლა დარჩენილი აქვს საღი ღვიძლის 10% და სჭირდება ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა, ამასთან, მძიმედ აქვს დაზიანებული ფილტვები. 

„ჟანგბადის ბალონის შესავსებად ფული მჭირდება. ჟანგბადის გარეშე დამოუკიდებლად სუნთქვა არ შემიძლია. სადაც ვავსებინებ ჟანგბადს, იქ პერსონალს ვეცოდები და 3-4 შევსებას თანხის გარეშე მივსებენ. ძალიან მრცხვენია და ვცდილობ ამ წვრილმანების გაყიდვით თანხა შევაგროვო, რომ გადავიხადო. ჟანგბადის შევსებას 15 ლარი სჭირდება და მთელი დღის განმავლობაში მყოფნის მარაგი“, – გვითხრა მურმან პაქსაძემ. 

მურმანი ხელვაჩაურიდანაა, სოფელ შარაბიძეებიდან, თუმცა ახლა ბენზეში ცხოვრობს, დედასთან და ცოლთა ერთად. მან გვითხრა, რომ დედამ ინსულტი გადაიტანა და ვერ გადაადგილდება, მასზე და დედამისზე მურმანის ცოლი ზრუნავს. ოჯახის სოციალურ დახმარებას ვერ იღებს.

„7 წლის წინ მოვყევით მეწყერსაშიშ ზონაში და მივიღეთ ბინა ბენზეში. სანამ ბინას შევიცვლიდით, მანამდე სოციალური დახმარება გვქონდა. ბოლო აღწერაზე გვითხრეს, რომ 120 000 ქულა გვქონდა და დახმარება აღარ გვეკუთვნოდა.

დახმარება მომიხსნეს ტელევიზორის და მისამართის ცვლილების გამო. ასევე მითხრეს, რომ მქონდა სააბაზანოც და ესეც მიზეზად დაასახელეს, რეალურად კი სააბაზანო არის გაურემონტებელი, ე.წ. შავი კარკასია. მხოლოდ უნიტაზი და ხელსაბანი გვაქვს. 

სახლში მაქვს სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი და ტელევიზორი, ეს ტექნიკა გასულ წელს მეორადებში შევიძინეთ ჟურნალისტების შეგროვებული თანხით. ბინაში ჩემი სახსრებით არაფერი არაა შეძენილი, ლოგინიც კი“, – ამბობს მურმანი. 

მან გვითხრა, რომ წელს თურქეთში ექიმთან კონსულტაციისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დააფინანსა 2000 ლარით.

„ასევე, ფინანსურადაც მეხმარება და ცდილობს პროდუქტებით მომამარაგოს აჭარის მუფთი. მერიაში საფენებს მაძლევდნენ და ახლა აღარ მაძლევენ, ისევ საცხოვრებლის ცვლილების გამო.

ახლა საფენებსაც ჩემი ხარჯებით ვყიდულობ. ვეღარ ვახერხებ შეკვრით ყიდვას და მიწევს ცალობით ვიყიდო. ერთ საფენში 1.30 ლარს ვიხდი და შეკვრით რომ ვიყიდო, მერე რა უნდა ვქნა? რით ვიარსებო? არ მაქვს არც ანალიზის და არც წამლების ფული“, – ამბობს ის. 

მურმან პაქსაძე. ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე

მურმან პაქსაძე ამბობს, რომ სანთებელებსა და სიგარეტებს თურქეთში, ექიმთან კონსულტაციაზე წასასვლელი ფულის შესაგროვებლად ყიდის.

„ახლა აქაც იმიტომ ვარ და ვყიდი, რომ თვის ბოლოს თურქეთში ექიმთან უნდა წავიდე კონსულტაციაზე. იქ რომ ჩავალ, ის რას მეტყვის და კიდევ რა ხარჯი მექნება, არავინ იცის. ჩემს უკან ოჯახია და ოჯახსაც თავისი ხარჯები აქვს. ცალკე თანხა სჭირდება დედას, რომლისთვისაც ვერაფერს ვაკეთებ.

ვითხოვ დახმარებას ყველასგან. მე ეტლით ყველგან მისვლას და ყველაფრის გარკვევას ვერ ვახერხებ“, – ამბობს მურმანი. 

მან გვითხრა, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ განცხადებით აჭარის მთავრობისთვის არ მიუმართავს.

მურმან პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებიც ართულებს. ბინას კორპუსში, სადაც მურმან პაქსაძე ცხოვრობს, ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული სადარბაზოს შესასვლელი ნაწილი აქვს, მაგრამ ბინამდე მისასვლელად კიდევ ერთი კიბის გავლაა საჭირო და სწორედ ეს კიბე არ არის გათვლილი შშმ პირებისთვის.  

კიბე სადარბაზოში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ამ კიბეზე მურმანი ხან ცოლს, ხანაც მეზობლებს ჩაჰყავთ და ამოჰყავთ და ეს საკმაოდ რთული პროცესია. 

ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ფაქტობრივად შავი კარკასია. შეთეთრებულია მხოლოდ მისაღები ოთახი და იატაკიც მხოლოდ ამ ოთახშია, ისიც – ნაწილობრივ. ყველაზე რთული აქ მაინც სააბაზანოს და სველი წერტილების არ არსებობაა.

ოჯახს სააბაზანოში არ აქვს სივრცე, სადაც დაბანას შეძლებენ, ამიტომ მეზობლის სააბაზანოთი სარგებლობენ.

მისაღები ოთახი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

სველი წერტილი

მურმანმა გვითხრა, რომ სახლში ხშირად ეთიშებათ ელექტროენერგია. მისი სუნთქვა კი ამაზეა დამოკიდებული, რადგან თუ შუქი გაითიშება, გაითიშება სასუნთქი აპარატიც. „ჟანგბადის გარეშე კი მაქსიმუმ 10 წუთი შემიძლია გავძლო“- ამბობს მურმან პაქსაძე. 

ოჯახში სამი წევრია და სამივეს სესხი აქვს გამოტანილი. 1716 ლარი, საპენსიო სესხი, მურმან პაქსაძემ შარშან, სექტემბერში გამოიტანა. ყოველ თვე პენსიიდან იგი 62 ლარს იხდის ამ სესხის დასაფარად და ჯამში 2966 ლარი [აქედან 1250 ლარი პროცენტია] 2025 წელს უნდა დაფაროს. 

საპენსიო სესხი აქვს გამოტანილი მურმანის დედასაც, რომელიც წევს და დამოუკიდებლად გადაადგილება მას არ შეუძლია. 2 129 ლარი აქვს „თიბისი“ ბანკიდან სესხად აღებული მურმანის ცოლს, დონარი პაქსაძეს. 

მურმანის თქმით, ოჯახი ბანკს მაშინ მიმართავს, როდესაც წამალი სასწრაფოდ ესაჭიროებათ და საყიდელ ფულს სხვაგან ვერსად შოულობენ. 

ამჟამად ოჯახის შემოსავალი მურმანის და დედამისის პენსია, სულ 460 ლარია, რაც 3 ადამიანისთვის, რომელთაგანაც ორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, საკმარისი არ არის. 

__________________

მურმან პაქსაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

ლიბერთი ბანკი

GE05LB0211191030386000

მიმღები: მურმან პაქსაძე

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარიკა ბოლქვაძე