მთავარი,სიახლეები

1 თვის შვილს მიუძღვნა უკრაინელმა მედესანტემ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება

24.06.2022 • 9609
1 თვის შვილს მიუძღვნა უკრაინელმა მედესანტემ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება

22 ივნისს, მე-80 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მედესანტემ, ნაზარმა, რუსული სამხედრო ვერტმფრენი Ka-52 „ალიგატორი“ ჩამოაგდო. ნაზარი ამბობს, რომ თავის პირველ გამარჯვებას უძღვნის შვილს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა ერთი თვე.

უკრაინის 24-ე არხი წერს, რომ რუსული „ალიგატორი“, რომლის ღირებულებაც 16 მილიონი დოლარია, ნაზარმა საბჭოთა წარმოების, 60-80 ათას დოლარიანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, „იგლათი“, ჩამოგდო.

„იმ დღეს ჩვენი ჯგუფი მორიგე იყო. დაახლოებით დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან, ცაზე სამი Ka 52 გამოჩნდა. ალბათ, დასაზვერად გამოვიდნენ. როდესაც ვერტმფრენები მოგვიახლოვდნენ, მიზანში ამოვიღე ჩემი „იგლადან“ და გავუშვი. რაკეტა პირდაპირ „ბზრიალას“ მოხვდა! ვერტმფრენს სქელი შავი კვამლი აუვიდა,“ – ჰყვება პარაშუტისტი-მედესანტე.

ცოტა ხანში, მეზობელ პოზიციებზე მყოფმა თანამებრძოლებმაც აცნობეს ნაზარს, რომ მისი მიზანი ნამდვილად ზუსტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, Ka 52-ის განადგურება უკრაინის გენშტაბმაც დაადასტურა. 23 ივნისს, როდესაც გენშტაბმა რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გააახლა, ვერტმფრენების რაოდენობას ნაზარის ჩამოგდებული Ka 52-იც დაემატა და 183-ს მიაღწია.

რუსული Ka 52, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში ჩამოაგდეს/ფოტო: ukrinform

უკრაინელ სამხედროებს მტრის მფრინავი ტექნიკიდან ყველაზე მეტი, 622 ერთეული, უპილოტო აპარატი აქვთ განადგურებული. რაც შეეხება თვითმფრინავებს, რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე 216 თვითმფრინავი დაკარგა.

24 ივნისის მდგომარეობით, გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 3 637 ჯავშანმანქანა და 1 507 ტანკი გაანადგურეს. რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი კი 34 530 სამხედროა.

მთავარი ფოტო: უკრაინელი მედესანტე ნაზარი/ფოტო: მე-80 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: