ნეტგაზეთი • RU

რატომ აგზავნის რუსეთი „ვაგნერის“ მფრინავებს უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის 24 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობარში, დაზვერვა 17 ივნისის შემთხვევას იხსენებს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე სუ 25 ჩამოაგდეს და შეიპყრეს მისი პილოტი, რომელიც ჯგუფ „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა.

„გადამდგარი და ახლა კონტრაქტით „ვაგნერში“ მომუშავე სამხედროების საჰაერო ბრძოლებში გამოყენება მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სერიოზული დანაკარგების ფონზე, რუსეთს სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ცნობით, თავისი მისიის შესასრულებლად რუსი მფრინავი იყენებდა კომერციულ GPS-ს და არა რუსეთის სამხედრო სანავიგაციო მოწყობილობას.

„ეს გვაფიქრებინებს, რომ „ვაგნერის“ პილოტების თვითმფრინავები სუ 25-ის უფრო ძველი მოდელებია და რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უზრუნველყოფს „ვაგნერს“ თანამედროვე საავიაციო ელექტრონიკით,“ – მიუთითებს დაზვერვა.

საერთაშორისო მედია ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ რუსეთი დაქირავებული მებრძოლების ნაწილის ლიბიიდან უკრაინაში გადაყვანას აპირებდა, მათ შორის დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრების.  უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით კი, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა, ისინი, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შტურმში მონაწილეობდნენ.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

მთავარი ფოტო: „ვაგნერის“ მფრინავი ანდრეი ფეოდრჩუკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამხედროებმა შეიპყრეს/სქრინი დაზვერვის ვიდეოდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.