მთავარი,სიახლეები

დაპირისპირება რუს გენერლებში იწვევს არეულობას, დალაგებულები არც აქამდე იყვნენ – ინტერვიუ

25.06.2022 • 9484
დაპირისპირება რუს გენერლებში იწვევს არეულობას, დალაგებულები არც აქამდე იყვნენ – ინტერვიუ

„პაუზის გარეშე რუსები სრულიად გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა დაიწყოს და პოლიტიკური ვაჭრობა გაააქტიუროს, თუმცა განახლების გარეშე ესეც გაუჭირდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერალ-მაიორის ინფორმაციით, რუსი გენერლები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, გერასიმოვს აღარ უსმენენ – რუსეთის გენშტაბის უფროსს. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული დვორნიკოვი ცდილობს „მეფეს“თავი მოაწონოს.

„ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ,“ – დასძინა გენერალმა, ვისთან ინტერვიუც სევეროდონეცკით დავიწყეთ, რომლის დატოვების გადაწყვეტილებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს. „უკანდახევა კი, ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად უკრაინისთვის გერმანიიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე გვითხარით – 10 ერთეული IRIS-T, რაც 178 მლნ ევრო ღირს. რა შეიცვლება ამით უკრაინისთვის? 

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „მერსედესი“ საჰაერო თავდაცვით სისტემებში, გერმანული წარმოება, რომელიც თავის დროზე შექმნილია, როგორც ახლო მანძილის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის თვითმფრინავის შეიარაღებად, შემდგომში შემუშავებულ იქნა, როგორც საზღვაო ბაზირების, ასევე სახმელეთო პლატფორმებით. ის შეიძლება იყოს, როგორც ახლო, ასევე საშუალო და შორი მანძილის, ეს დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე. მისი ეფექტიანობის მანძილი საშუალოდ 25 კილომეტრია, სიმაღლე 20 კმ-მდე. ის გამოიყენება, როგორც თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ასევე, რაც მნიშვნელოვანია – რაკეტების წინააღმდეგ.

IIRIS-T ძალიან ეფექტურია, თუმცა მნიშვნელოვანია რაოდენობა. 10 ერთეულით შესაძლებელი იქნება დაახლოებით საშუალო სიდიდის ერთი ქალაქის დაცვა. უკრაინას შეუძლია არჩევანი გააკეთოს სტრატეგიული მართვის პუნქტების დაცვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ „ლენდ-ლიზის“ მიწოდება უკვე დაიწყო და გამოჩნდა ეს აღჭურვილობა უკვე უკრაინის შეიარაღებაში, თუმცა ეს არის მცირე რაოდენობა, რაც ძირითადად სჭირდებათ დანაკარგების შესავსებად, ასევე გარკვეული ტექნიკა მოითხოვს რემონტს. „ლენდ-ლიზის“ სრულად მიწოდება და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა იქნება გარდამტეხი ამ ომში.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს. ამას ადასტურებს კონკრეტული შემთხვევაც, როცა უკრაინელებმა ჩამოაგდეს მოიერიშე სუ-25 და მისი პილოტი „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა. ეს სამხედრო დაჯგუფება სირიის ომშიც მონაწილეობდა. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება რუსეთის საჰაერო ძალებში?

ცხადია, ეს იყო კერძო, სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელსაც ჰყავს სამხედრო სპეციალისტები, მფრინავები და საარტილერიო ექსპერტები. ის საკმაოდ კარგად ორგანიზებულია, ფესვგადგმულია და მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლების მიერ. ცენტრალურ აფრიკაში „ვაგნერი“ ავარჯიშებდა ადგილობრივებს, ცენტრალურ აფრიკაში აღჭურვილობაც შეიტანეს, როცა იქ სულ ორი დაჟანგული „კალაშნიკოვი“ ჰქონდათ და მაშინ ამან ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეშფოთებაც გამოიწვია.

სირიაში მათი ამოცანა სადივერსიო მოქმედებების ჩატარება იყო, კონტრამბოხებულების ოპერაციები და სახელისუფლებო ძალების წვრთნა. როგორც წესი, „ვაგნერი“ ჩნდება იქ, სადაც რუსეთს აქვს პრობლემა და უკრაინის შემთხვევაში ჩანს, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი პრობლემა სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებში. ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ კიდეც, რომ 63 წლის გენერალი ჩამოაგდეს, რაც აჩვენებს იმას, რომ რუსებს მფრინავების ნაკლებობა აქვთ.

  • ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსებმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი გადააყენეს და მის ნაცვლად დონეცკის ოლქის მკვიდრი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დანიშნეს. თქვენი ინფორმაციით, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ: დვორნიკოვი გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მოადგილეა გერასიმოვიც, რომელიც გენშტაბის უფროსია, თუმცა პირველი მოადგილეა. არ არის გამორიცხული, დვორნიკოვმა ჩაანაცვლოს გერასიმოვი. ასეთი გადაწყვეტილება კი, ბრძოლის შუა ეტაპზე, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, იწვევს არეულობას. შესაძლოა, თავისიანები დანიშნოს თანამდებობაზე, განახორციელოს ცვლილებები და ასე შემდეგ.

მოკლედ, დვორნიკოვი ცდილობს ახლა მაქსიმალურად აჩვენოს თავისი მნიშვნელობა და „ახალი ცოცხის“ პრინციპით მუშაობს. ჩანს, რომ უკვე გერასიმოვს აღარ ეკითხებიან არაფერს, სხვა გენერლები იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ. შესაძლოა, ამ ცვლილებებს უკავშირდებოდეს ისიც, რომ ოპერატიულ პაუზას არ იღებენ, თუმცა ფაქტია, რომ ოპერატიულ პაუზაზე გასასვლელად რუსეთს სჭირდება ოპერატიული ეპიზოდის დასრულება – რუსები სევეროდონეცკში შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან.

  • მაგრამ სევეროდონეცკიდან უკვე გამოდიან უკრაინელი სამხედროები.

დიახ, ბრძანება გაცემულია გამოსვლაზე, მაგრამ როგორ გამოვლენ და რამდენად შეუძლიათ უკანდახევის განხორციელება, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში. სავარაუდოდ, უკრაინელები გამოიყენებენ ურთიერთდაზღვევის მეთოდს და არიერგარდს, რომელიც შეაჩერებს რუსებს, ვიდრე ძირითადი დანაყოფები გამოვა.

უკანდახევას ართულებს ისიც, რომ მდინარე სევერსკი დონეცზე ხიდები აფეთქებულია. შესაბამისად, უკრაინელებს მოუწევთ ტექნიკის და მძიმე შეიარაღების სევეროდენცკში დატოვება. ამ დრომდე სევეროდენცკში ბრძოლა გრძელდება, ვერ დატოვებ ასე ტერიტორიას, როცა კონტაქტში ხარ მოწინააღმდეგესთან, ორგანიზებულად უნდა მოხდეს გამოსვლა, თუ ალყაში ხარ უკვე, ალყის გარღვევა უნდა მოახერხო, რაც ასევე ურთულესი ტაქტიკური ამოცანაა.

ბოლომდე არ არის გარკვეული „აზოტის ქარხნის“ დამცველთა ბედი: ისინი ალყაში არიან, თუ გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ „აზოტის ქარხანას“„აზოვსტალივით“ წინასწარ თავდაცვისთვის არ ამზადებდნენ, არ იყო შეტანილი მარაგები. მისი მიწისქვეშა კონსტრუქციაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება „აზოვსტალისას“. შესაბამისად, მისი დაცვაც უფრო რთული იქნება.

  • სევეროდენცკის შემდეგ განაგრძობს რუსული არმია შეტევას ლისიჩანსკიზე, რა არის რუსული არმიის სამიზნე ამ ეტაპზე? 

წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ ლისიჩანსკი უფრო ადვილი დასაცავია, რადგან ის მდინარის უფრო მაღალ ნაპირზეა განლაგებული, ვიდრე სევეროდენცკი. ჩემი აზრით, არ ღირდა უკრაინის მხრიდან ამხელა ძალისხმევის გაღება სევეროდონეცკიზე, აჯობებდა, ის გამოეყენებინათ უსაფრთხოების ზოლად და ძირითადი თავდაცვა მოეწყოთ ლისიჩანსკიზე. სევეროდონეცკი იყო მხოლოდ პოლიტიკურად საინტერესოა რუსეთისთვის, რადგან მისი აღებით ფაქტობრივად გადის ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სტრატეგიული მნიშვნელობა არც სევეროდენცკის შენარჩუნებას არ ჰქონდა.

გააჩნია ახლა რას გადაწყვეტს უკრაინა: შესაძლოა, უკრაინამ აქტიურად მოაწყოს თავდაცვითი ზღუდე სევერსკი-სოლედარ-ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ეს ტერიტორია დაბლობია და, შესაბამისად, დასაცავად არ არის ხელსაყრელი. აქ შესაძლებელია, გარკვეული ოპერირება [მოძრავი ჯავშან/საწინააღმდეგო ჯგუფების მოქმედება, აქტიური დაზვერვის წარმოება, მოწინააღმდეგის სკრინინგი და სხვა] ნატოს ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, უსაფრთხოების რაიონის ორგანიზება, ან საბჭოთა ტერმინოლოგიით, უზრუნველყოფის ზოლის შექმნა, ხოლო თავდაცვის ძირითადი რაიონი მოეწყოს სლავიანსკი-კრამატორსკი-პოპასნაიას ზღუდეზე.

  • რატომ არის საჭირო ამ ზღუდის მოწყობა, ფიქრობთ, რომ რუსეთი შეტევას ისევ განაგრძობს? 

მიმაჩნია, რომ სევეროდენცკზე გაჩერდება რუსეთი, ამას მოითხოვს საღი აზრი, რადგან რუსული არმია იფიტება და ყველა ექსპერტი ამას ამბობს, თუმცა თუ ლისიჩანსკის მიმართულება იქნება მისთვის წარმატებული, არ გამოვრიცხავ გააგრძელოს იერიში. ამ შემთხვევაში, თუკი, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბლოკირება მოხერხდება, ის ხდება მოწყვლადი და შესაძლოა, ალყაში მოაქციონ, რაც ძალიან არასასურველია, ამ ქალაქის უზრუნველყოფის გზები უკვე ცეცხლის ქვეშაა. სევეროდონეცკიდან გამოსული უკრაინული დანაყოფებით ამ ზღუდის მოწყობით შესაძლებელი იქნება ლისიჩანსკის დაცვა. სხვათა შორის, ბრიტანელები ერთი თვით ადრე უფრო ღრმად უკან დახევას სთავაზობდნენ უკრაინელებს,

რუსები ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდებიან ლისიჩანსკის, რადგან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე სევერო დონეცის გადალახვა მათთვის პრობლემაა, უკრაინელების არტილერია მუშაობს და ამ პირობებში მდინარის გადალახვა არ უნდათ. წესით, როცა დასახლებულ პუნქტზე იწყებ შეტევას, თავდაპირველად ახდენ იმ ქალაქის ბლოკირებას და შემდეგ იწყებ შეტევას, მაგრამ ასე არ გააკეთეს სევეროდონეცკის შემთხვევაში, პოლიტიკური ზეწოლით ვადების შემცირების მიზნით, მაგრამ მიიღეს უკუეფექტი, შესაბამისად, დასჭირდათ ამდენი დრო.

  • ანუ რა გათვლა ჰქონდათ რუსებს, რატომ არ სცადეს ბლოკირება? 

ვერ გეტყვით. შესაძლოა, არასწორი ინფორმირების შედეგი იყოს ეს და ეგონათ, რომ იოლად აიღებდნენ. ამას მოწმობს ისიც, რომ იქ თავდაპირველად კადიროველები შეიყვანეს, რომლებიც, როგორც წესი, წინა ხაზზე არ მოქმედებენ და ადგილობრივი ლუგანსკის დაჯგუფება.

  • შეზღუდული წარმატება“ – ამ ტერმინით ახასიათებს რუსული არმიის შედეგს უკრაინაში ბრიტანეთის დაზვერვა. ეთანხმებით? 

ნამდვილად ასეა, რადგან ეს წარმატება მცირე მასშტაბისაა და მიმართულებაც მცირეა, თანაც ეს არ არის სტრატეგიული მიმართულება. რუსებმა მიაღწიეს მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას და ლისიჩანსკიც რომ აიღონ, ეს იქნება ასევე მხოლოდ ტაქტიკური წარმატება. ეს არ იქნება ოპერატიული დონის მიზნის მიღწევა, მით უფრო სტრატეგიული.

ფაქტია, რომ ორივე მხარეს ამ ეტაპზე სჭირდება ოპერატიული პაუზა, რომ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიცირების განახლება შეძლონ. რუსებს უკვე ორგანიზებული დანაყოფებიც კი არ შეჰყავთ ბრძოლაში, არამედ, ასე ვთქვათ, „ბორბლებიდან“ შეჰყავთ პირდაპირ ადამიანთა ჯგუფები, გადმოჰყავს სხვადასხვა მიმართულებიდან ძალები და ასე ცდილობენ დანაკარგების შევსებას. რუსეთი ცდილობს თავდაცვითი ზღუდეები მოაწყოს ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით და გადმოჰყავს ძალები ძირითად მიმართულებაზე, რაც უკრაინას კონტრშეტევის საშუალებას აძლევს დასუსტებულ მონაკვეთებზე.

  • რას ცვლის უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები ამ ეტაპზე, მაგალითად, ხერსონთან, ან ზაპოროჟიეს მიმართულებით, როცა ის ფართომასშტაბიანი არ არის? 

ცვლის იმას, რომ რუსებს მაქსიმალურად აჯაჭვავს კონკრეტულ რაიონებზე, ანუ აიძულებს, ვეღარ გადაისროლონ მეტი სამხედრო ძალა წარმატებულ მიმართულებაზე და ასევე ამზადებს პლაცდარმს ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის.

ასე თანდათანობით უკრაინელები უკვე მიუახლოვდნენ ხერსონს. არაა გამორიცხული გაძლიერების და შესაბამისი ოპერატიული გარემოებების შემთხვევაში ხერსონს დაარტყან და გაათავისუფლონ კიდეც, წარმატება აქვთ უკრაინელებს მარიუპოლის მიმართულებითაც – 10 კილომეტრით წინ წაიწიეს, როგორც ვიცი. ეს უკვე არის მიწოდებული აღჭურვილობის შედეგიც, შედარებით გაუმჯობესდა უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, ღამით ბრძოლაც შეუძლია, არტილერიაც აქვთ. შესაბამისად, წარმატებებსაც უნდა ველოდოთ.

  • რა მოხდა კუნძულ ზმეინთან, რა სახის უპირატესობა მოიპოვეს იქ უკრაინელებმა, როცა დასავლეთიდან მიწოდებული „ჰარპუნით“ კიდევ ერთი რუსული ხომალდის ჩაძირეს? 

ფაქტია, რომ უკრაინელები ამცირებენ რუსების საზღვაო შესაძლებლობებს. ეს ხომალდი, რაც ჩაძირეს, საბრძოლო არ იყო, ეს იყო მხარდამჭერი, თუმცა ჩაუძირეს მცურავი საბურღი კოშკურები. ეს კოშკურები იყო ყირიმში განლაგებული რუსული კომპანიის ტექნიკა, რაზეც განლაგებული იყო თვალთვალის საშუალებები, რადარები. ზმეინი უკრაინელებისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, რადგან სადესანტო ოპერაციას მაინც ვერ ახორციელებენ, ამის რესურსი და საშუალება არ აქვთ.

წყალქვეშა ნავები კი, რაც აქვთ რუსებს შავ ზღვაში, მუშაობს დიზელზე, ეს არაა ატომური წყალქვეშა ნავები, რადგან შავი ზღვა არაბირთვული ზონაა. შესაბამისად, წყალქვეშა ნავს ჰაერის მარაგის შესავსებად სჭირდება მინიმუმ 6 საათი ზევით ამოსვლა, რომ მოქმედება შეძლოს. ის თუ ამოცურდება მიწვდომის მანძილზე უკრაინელებისთვის, მასაც დააზიანებენ თვითმფრინავებიდან, ან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. წყალქვეშ ვერ იმოქმედებენ „ჰარპუნები“ და „ნეპტუნები“, რაც უკრაინლებს აქვთ, ამიტომაც, რუსები რაკეტების გაშვებისთვის მათ აქტიურად იყენებენ. მგონი, სულ 5 ერთეული ჰყავთ რუსებს ასეთი წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში, ხოლო წყალზედა ხომალდები უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შიშით 200-ზე მეტ კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან სანაპიროს.

  • რუსები მიდიან ოპერატიული პაუზისკენ, რომ მოემზადონ მორიგი იერიშისთვის, თუ მხოლოდ დაკავებული მიწების დაცვას ეცდებიან და ეს პაუზა არც კი სჭირდებათ? 

არ არის გამორიცხული, აღარ დასჭირდეთ ოპერატიული პაუზა, თუ მხოლოდ თავდაცვას აპირებენ, ვინაიდან თავდაცვის ორგანიზებისთვის „კულმინაციის წერტილის“ ორგანიზება განსხვავდება შეტევის პირობებისგან, თუმცა თავდაცვასაც სჭირდება შესაბამისი მომზადება. პაუზის გარეშე რუსები სრულიად მოუმზადებლად და გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას, რუსებს ძალები არსებულ დაჯგუფებაში ეწურებათ, საჭიროებენ დასვენებულ, სრულიად ჩამოყალიბებულ და მომზადებულ საბრძოლო ერთეულებს და არა სხვადასხვა კომისარიატიდან პირდაპირ ბრძოლაში გაშვებულ რეზერვისტებს.

არ არის გამორიცხული, რუსეთმა თქვას, რომ ამოცანები უკვე შეასრულა, ეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას და პოლიტიკურ ვაჭრობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში, როცა ახალ უფროსს სურს მეფის წინაშე თავის გამოჩენა და ცდილობს აჩვენოს, როგორ ამუშავებს ჯარს.

მოხალისეები მრავლად ჰყავს რუსეთის არმიას – რუსეთში ღარიბ რუსს რა დალევს, რომელიც მზად იქნება ომში წავიდეს კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ მას, ცხადია, სჭირდება შესაბამისი მომზადება, რის დროც ახლა რუსეთს ნამდვილად არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: