ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

30.04.2022 • 2454
ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, ზოგან კი, სიგანე მხოლოდ 10-15 მეტრია.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიშით უკვე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტი ხორციელდება ბათუმის ინფრასტრუქტურის დასაცავად და მასში მოცემულია ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

პროექტით, ნაპირის ხელოვნური კვებისთვის პლაჟზე შესატანი ინერტული მასალის ამოსაღებად რამდენიმე ადგილი მდინარე ჭოროხის დელტაშია შერჩეული.

ჭოროხიდან ამოღებულ ხრეშს ავტომანქანებით სანაპიროზე გადაიტანენ და ზღვაში ჩაყრიან. ხრეშის ჩასაყრელად კი, სამი უბანია შერჩეული:

პირველ უბანზე აუცილებელია 120 000 კუბური მეტრი, ხოლო მეორე და მესამე უბნებზე – ჯამში 292 960 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა / წყარო: სკრინინგის ანგარიში

„ხრეში სანაპიროზე დაიყრება სამ უბანზე და ზღვა შემდეგ თავად გადაანაწილებს მას,“ – გვითხრეს სამმართველოში.

სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა მზად არ არის და ის 10 მაისის შემდეგ დაზუსტდება. სწორედ 10 მაისის შემდეგ უნდა მიიღოს სამინისტრომ სკრინინგის დასკვნა.

„წინასწარი გათვლებით, სამუშაოებისთვის 6 მილიონზე ოდნავ მეტი ლარი იქნება საჭირო. სამუშაოები კი დაახლოებით თვე-ნახევარში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს.

პლაჟის შესანარჩუნებლად ხრეშის შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო, თუმცა არა ამ რაოდენობით. წინასწარი გათვლებით, ალბათ, 100 ათასი კუბური მეტრი იქნება საკმარისი, თუმცა ეს ოდენობაც დაზუსტდება შემდგომში მონიტორინგის შედეგად,“ – გვითხრეს სამმართველოში.

სკრინინგის ანგარიში შემუშავებულია „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი ეკომეტრის“ მიერ.

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით

„საშუალო და ძლიერი შტორმების დროს პერიოდულად ზიანდება ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა… აჭარაში შტორმული სეზონი ზამთარში დგება, როდესაც 2 მ და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორებადობა აღწევს 30%-ს, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13%-მდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17%-ს შეადგენს. დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში აღწევდა 7-8 მეტრს. ტალღების ზემოქმედება ნაპირზე პრაქტიკულად ხორციელდება ტალღების ტრანსფორმაციის დაწყებასთან ერთად, 15-20 მეტრი სიღრმიდან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

შტორმი / ბათუმი / 1.12.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე|ბათუმელები

ბათუმის სანაპიროს ახლანდელი მდგომარეობა

[crosslist]

  • მთლიანად მოშლილია პლაჟებისთვის მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი

[/crosslist]

თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე.

ადრე ჭოროხი კვებავდა ნაპირებს გონიოდან ქობულეთის ჩათვლით, ხოლო უკანასკნელ წლებში, ბათუმის საპორტო მოლების აშენების შემდეგ, მხოლოდ გონიოდან ბათუმის კონცხის ჩათვლით.

საკვლევი უბნის ფარგლებში და მის მიმდებარედ ფიქსირდება ზღვის ნაპირების წარეცხვა და ამ პროცესის ტემპის მომავალში ზრდა, ვინაიდან მდ. ჭოროხის აუზში აგებული კაშხლების ექსპლუატაციაში შესვლა და მდ. აჭარისწყლის აუზში ახალი კაშხლების მშენებლობა უპირობოდ გამოიწვევს პლაჟმაფორმირებელი მასალის კატასტროფულ დეფიციტს თავისი უარყოფითი შედეგებით.

უკეთესი მდგომარეობა არც პატარა მდინარეებზეა – მდინარეების ნატანების და კინტრიშის კალაპოტებიდან მოპოვებული მილიონობით კუბური მეტრი მასალით შენდება გზები და შენობები, როცა ორივე მდინარის საშუალო წლიური ჩამონადენი არ აღემატება 60 000 კუბურ მეტრს.

[crosslist]

  • მშენებლობების შედეგად მასობრივად განადგურებულია საუკუნოვანი ნაპირგასწვრივი ზვინულები, ხდება პლაჟების ტერიტორიების ათვისება

[/crosslist]

საქართველოს სანაპირო ზოლში არსად არ გვხვდება მრავალწლიური ნაპირგასწვრივი ზვინული და პლაჟები, ბუნებრივი ზომებით. ზვინულები ან საგრძნობლად დადაბლებულია ან მასზე, დამატებით, გაშენებულია ნაგებობა და გზა.

ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვის ზვირთცემის მოქმედებით არის შექმნილი, სწორედ ამ სამუშაოზე იხარჯება ზღვის ზვირთცემის ენერგია და აქედან გამომდინარე, სანაპირო ზვინულების ზოლი წარმოადგენს ბუნებრივ ჯებირს, რომელიც სანაპირო ხმელეთს იცავს ზღვის ტალღების ზემოქმედებისაგან.

პლაჟები საუკეთესო შემთხვევაში, ბუნებრივი ზომების 1/3 სიგანითაა შემორჩენილი. ასეა მაგალითად ბათუმის ახალი ბულვარი – ზვინულის ნარჩენებზე და პლაჟზე გაშენებული, რომელიც პირველივე შტორმის შემდეგ დაინგრა. აგრეთვე უამრავი მოსწორებულ ზვინულზე აშენებული და ზოგი მშენებარე შენობა, რომელთა წინ არსებული დამცავი პლაჟის სიგანე 20-40 მეტრს არ აღემატება. უნდა იყოს 90-120 მეტრი ადლიაში და ბათუმში, ხოლო 60-70 მეტრი – აჭარის სხვა პლაჟებზე.

ახალი ბულვარის სიმაღლის ნიშნული მხოლოდ 3 მეტრომდეა, მაშინ, როცა ბუნებრივი პლაჟის ზვინულის სიმაღლე 4,5-5 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ბულვარი უნდა მდებარეობდეს ზვინულის უკან. ზვინულზე დასაშვებია მხოლოდ მცენარეული საფარის გაშენება. ასეთ პირობებში, ბულვარი და მის მიმდებარედ გაშენებული ნაგებობები დაცული იქნებოდნენ განადგურებისგან.

ნაპირდამცავი ნაგებობა / ბათუმი, ახალი ბულვარი/აპრილი, 2022 წელი

სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა.

დიდი რაოდენობით ინერტული მასალის ამოღება უშუალოდ სანაპირო ზოლიდან ხდებოდა XX საუკუნის 80-იან წლებამდეც. შედეგად, 1929 წლიდან 1980 წლამდე გარეცხილი იქნა დაახლოებით 150 ჰექტარი სანაპირო ზოლი.

[crosslist]

  • ამჟამად ნაპირდაცვითი სამუშაოები ხორციელდება ორი მეთოდით – ქვანაყარი ნაპირგასწვრივი დეფორმირებადი ბერმით და კარიერებიდან მოტანილი მასალით პლაჟების აღდგენით

[/crosslist]

ქვანაყარი ბერმა გამოიყენება ყველგან, სადაც საჭიროა საავტომობილო გზების და რკინიგზის დაცვა [სარფი, კვარიათი, ადლია, ჩაქვი და სხვ.]. ეს მართლაც კარგი მეთოდია, ვინაიდან დეფორმაციის შემთხვევაში არ ხდება სანაპირო დანაგვიანება ბეტონის ნამსხვრევებით და ადვილია აღდგენა ლოდების დამატებით.

ერთადერთი ნაკლია ის, რომ ამ მეთოდით გამაგრებული ნაპირი კარგავს პლაჟებს და რეკრეაციულ მნიშვნელობას. პლაჟების შესანარჩუნებლად საჭირო ხდება კარიერებიდან შესაბამისი ფრაქციისა და ხარისხის, ინერტული მასალის შემოტანა სანაპიროზე და ხელოვნურად პლაჟების აღდგენა [სარფი, ადლია, ქობულეთი, და სხვ.].

[crosslist]

  • ბათუმის კონცხი – არამდგრადი წარმონაქმნი, რომელიც საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას პლაჟზე

[/crosslist]

ბათუმის კონცხის დისტალური ნაწილი მეტად არამდგრადი წარმონაქმნია. ზოგადად, მუდმივად გროვდება ჭოროხიდან მოტანილი მასალები კონცხზე და შემდგომ შესაბამისი მიმართულების ღელვით ამ მასალის იახტკლუბის შესასვლელის მიმართულებით გადაადგილება და ამ უბანზე ნაპირის მუდმივად წინ გაწევა.

ნაპირის წინ გაწევას აქ ზღუდავს ბათუმის კანიონის სათავე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნაპირს. როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშველოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში.

მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა. სანაპირო ხაზების შედარება გვიჩვენებს, რომ 2007-2009 წლებში, ნაპირის ხაზი, ორ დეზს შორის, შესაბამისად 54-40 მეტრზე იყო უკან დახეული 2015 წელთან შედარებით. ამავე დროს დელფინარიუმის საკომპრესოროს წინ ნაპირის ხაზი 18 მ-ით წინ იყო გაწეული 2015 წელთან შედარებით.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იახტკლუბთან ხდებოდა მასალის დაგროვება და ნაპირის წინ წაწევა, საშუალოდ 2 მ/წელიწადში სიჩქარით. მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობენ კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება.

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული. მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.

ბათუმის კონცხი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

განმეორებითი გეოდეზიური გაზომვების შედეგების მიხედვით, ჭოროხი-ბათუმის სტრუქტურული ბლოკის ზღვისპირა ნაწილი, კერძოდ, სანაპირო ზონა, წელიწადში 0,8-1,3 მმ-ით იძირება.

რაც შეეხება ციხისძირის სტრუქტურულ ბლოკს, ამ ბლოკის ზღვისპირა ზოლი წელიწადში 1-2 მმ-ით განიცდის აზევებას. აზევების ასეთი ტემპი დამახასიათებელია სარფი-კალენდერის სტრუქტურული ბლოკისთვის და მასთან მიმდებარე სანაპირო ზონისთვისაც.


პროექტი, რომელიც ნაპირის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უნდა განახორციელოს.

სამმართველოს მიერ სამინისტროში წარდგენილ სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით წარუდგინონ, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროებას.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა.

სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას“.

სამინისტრომ უნდა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ნაპირდაცვითი პროექტის განხორციელებისთვის სგშ.

ამავე თემაზე:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: