ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია

26.07.2022 • 1467
ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყება. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე ჯამში 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 7 192 585 ლარით გამოაცხადა.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული მდინარე ჭოროხის გარკვეულ საბადოებსა და გამოვლინებებზე ამოიღებს ხრეშს და მას სანაპირო ზოლში, ტენდერით განსაზღვრულ მონაკვეთებში შეიტანს.

სამუშაოები სპეციალური გრაფიკით, 150 დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით, მაგალითად, ყველაზე დაზიანებულ მონაკვეთზე 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად საჭიროა 292 960 კუბ.მ პლაჟწარმომქმნელი მასალის [ქვიშახრეში] შეტანა.

ხელოვნური პლაჟების შესაქმნელად ხრეშს სამ უბანზე შეიტანენ:

  • პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, მისი სიმაღლე +3 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 95 მეტრამდე. ამ უბანზე შეტანილი იქნება 120 000 კუბ. მ პლაჟწარმომქნელი მასალა;
  • მეორე და მესამე უბნები თითქმის ემიჯნება ერთმანეთს. აქ რეაცხვადი ბერმის სიგანე შედაგენს 86 მეტრს. ჯამურად ორივე უბანზე შეტანილი უნდა იქნას 292 960 კუბ. მ მასალა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ამ ეტაპზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: