ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის, 4 ნარკორეალიზატორია.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა.,1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-ს, 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული,უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ დააკავეს.

დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით „სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.“

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, „სუბოქსინი“ , “ალფა პვპ”, 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი,“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

უკრაინა აუცილებლად მოიგებს, ეს დროის საკითხია – გენერალი ჰოჯესი

„თუ ჩვენ მივცემთ უკრაინელებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, მაშინ ისინი ამ წლის დასრულებამდე შეძლებენ რუსები 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნონ,“ – განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში. 

მან ხაზი გაუსვა, რომ წლის ბოლომდე ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინელებს ამ დროში მიაწვდის იმ იარაღს, რაც მათ სჭირდებათ.

„ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ გავაგრძელებთ ფეხის მოთრევას, ეს ძალიან გაიწელება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

უკრაინა აუცილებლად მოიგებს, ახლა უბრალოდ საკითხი დროს შეეხება. რამდენად სწრაფად მოხდება ეს,“ – ამბობს გენერალი ჰოჯესი.

მისივე პროგნოზით, უკრაინა ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

რუსეთი საბრძოლო დრონებს უფრთხილდება, რაც სანქციების ეფექტია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ყველა გზით ცდილობს, თავისი უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი შეინარჩუნოს. დრონების ნაკლებობას, უწყების აზრით, ხელს უწყობს მისი კომპონენტების დეფიციტიც, რაც დასავლური სანქციებითაა გამოწვეული.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მაგალითად მოჰყავს „ოდესის ჟურნალის“ ინფორმაცია, რომ 5 სექტემბერს, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსეთის 27 უპილოტო საფრენი აპარატი დაითვალეს, მაშინ, როდესაც აგვისტოს განმავლობაში, იმავე ტერიტორიაზე რუსული დრონების რაოდენობა დღეში საშუალოდ 50 მაინც იყო.

„ბოლო წლებში, რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა უპილოტო საფრენ აპარატებს. მათ ძირითადად საარტილერიო დარტყმებისთვის სამიზნეების აღმოსაჩენად იყენებენ, თუმცა დრონი შესაძლოა, ძალიან დაუცველი აღმოჩნდეს როგორც კინეტიკური ეფექტისთვის, როდესაც უპილოტო აპარატს პირდაპირ აგდებენ, ისე ელექტრონული შეფერხებისთვის,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა 6 სექტემბრის რელიზში და იხსენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 აგვისტოს ცნობას, რომ მათ ერთ დღეში რუსეთის სამი „ორლან-10“ ჩამოაგდეს.

უწყების აზრით, უდიდესი საბრძოლო დანაკარგების ფონზე, რუსეთი ყველა გზით ცდილობს, შეინარჩუნოს უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი, ამას კი სანქციების გამოწვეული კომპონენტების ნაკლებობა ართულებს.

„მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების შეზღუდული შესაძლებლობები, სავარაუდოდ, მეთაურთა ტაქტიკურ სიტუაციურ ინფორმირებულობას აუარესებს და კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს რუსეთის საბრძოლო ოპერაციებს,“ – მიუთითებს უწყება.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის საბრძოლო დანაკარგების სიაში 870 უპილოტო საფრენი აპარატია.

___________________

ფოტოზე: ჩამოგდებული რუსული დრონი/ფოტო: უკრაინის გენშტაბი

ომში რუსეთის არმიის 50 000 სამხედროა ლიკვიდირებული – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 50 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 077 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 4 484 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 1 179 ერთეული [+22]
  • MLRS – 296 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 156 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 236 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 207 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 876 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 209 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 305 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 109 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 290 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 889 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 845 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 825 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 343 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინა ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება… უკრაინელები ომს აუცილებლად მოიგებენ, საქართველომ კი ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ისტორიის სწორ მხარესაა“, – აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი ნეტგაზეთთან ინტერვიუში:

[yellow_box]რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და მოიერიშეებში 90-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს – ექსპერტები[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთი საბრძოლო დრონებს უფრთხილდება, რაც სანქციების ეფექტია – ბრიტანეთის დაზვერვა

რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი? – „გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური მორჩილების მიხედვით“

„თბილისიდან დაფინანსება წელს BIAFF-ს არ ჰქონდა“ – ამ არგუმენტით სცადეს თავის მართლება ბათუმის მერიასა და აჭარის კულტურის სამინისტროში, სადაც დღეს, 5 სექტემბერს ვიკითხეთ: რატომ არ დააფინანსეს წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი?

BIAFF წელს მეჩვიდმეტედ იმართება. კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გასული 16 წელი ბათუმის მერია იყო. ეს პირველი წელია, როცა კინოფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერია არ არის. 

კინოფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა კინოცენტრმაც, სადაც დღეს „ბათუმელების“ კითხვას, რა მოტივაციით უთხრეს უარი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კინოფესტივალს დაფინანსებაზე, არ უპასუხეს.

მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ბათუმის კინოფესტივალი წელს მაინც გაიმართება, თუმცა, ამჯერად მხოლოდ საელჩოებისა და რამდენიმე პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით. ამ დროისთვის ფესტივალისთვის ორგანიზატორებმა დაახლოებით 110 ათასი ლარის შეგროვება შეძლეს. იგეგმება ფესტივალისთვის თანხის შეგროვების მხარდამჭერი კამპანიაც სლოგანით -„ერთად ჩავატაროთ BIAFF“.

რატომ გადაწყვიტა ერთდროულად ყველა სახელმწიფო უწყებამ ბათუმის კინოფესტივალისთვის დაფინანსებაზე უარის თქმა, როცა ყველა ამ უწყებაში იციან, რომ ბათუმის კინოფესტივალს არც მაყურებლები აკლია, არც საინტერესო პროგრამა თუ ცნობილი სახეების სტუმრობა და კინოფესტივალი ყოველწლიურად, სექტემბრის მიწურულს, ფაქტობრივად ასრულებს ზაფხულის ტურისტულ სეზონს?!

აჭარის კულტურის სამინისტროში თქვეს, რომ„სხვა ნიუანსია“, როცა ტენდერების და კონკურსის გარეშე გამოუყვეს, მაგალითად, „პრაიმ შოუ სტუდიას“ 73 ათასი ლარი რამდენიმე დღის წინ, ხოლო ბათუმის მერიაში პრაქტიკულად მინიმუმ კორუფციის რისკი დაუშვეს, როცა დაგვიდასტურეს, რომ საფესტივალო განაცხადების მიღების დასრულებამდე BIAFF-ის მენეჯმენტს უთხრეს, რომ „ბიუჯეტი ამოიწურა“.

„თვითონ BIAFF-ს ბევრი კითხვის ნიშანი ჰქონდა და ჩვენ არ დაგვესიზმრებოდა, რას გააკეთებდნენ. თბილისიდან დაფინანსება და კულტურის ცენტრიდან BIAFF-ს არ ჰქონდა. როცა თანადაფინანსება არ აქვს პროექტს, ეს პრობლემაა… დააგვიანეს შემოტანა.

ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით განაცხადებს და ეტაპობრივად დაფინანსდა სხვადასხვა ფესტივალი… როცა შემოიტანეს განაცხადი, ბიუჯეტი უკვე ამოწურული იყო,“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა, ბათუმის მერის მოადგილემ.

ბათუმის მერიამ ფესტივალების დაფინანსებაზე კონკურსის 2022 წლის 22 ივლისს გამოაცხადა და განაცხადების მიღების შესაძლებლობა აგვისტოს დასრულებამდე დატოვა. BIAFF-მა საპროექტო განაცხადი ბათუმის მერიაში 3 აგვისტოს შეიტანა.

სოფო ხალვაშმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება მართლაც აგვისტოს ბოლომდე იყო და BIAFF-ს პროექტის შეტანა არ დაუგვიანია, თუმცა ამ მოცემულობაში ბათუმის მერის მოადგილეს არ ესმის: რატომ შეიძლება საქმე გვქონდეს კორუფციის რისკთან და უსამართლო მიდგომასთან, მაშინ როცა კომისია განაცხადების მიღების დასრულებამდე განიხილავს განაცხადებს  და აფინანსებს, ხოლო სხვა განმცხადებლებს, რომლებსაც ვადები არ დაურღვევიათ, ცარიელ ბიუჯეტს ახვედრებს?

„კორუფციის სქემა როგორ არის, რას მელაპარაკებით? გამოდის, გავაჩეროთ უნდა ფესტივალები და აღარ ჩავატაროთ?… წელს საკრებულო ვერ შეიკრიბა დროულად და ამიტომ დაგვიანდა კონკურსის გამოცხადება,“ – აღნიშნა სოფო ხალვაშმა „ბათუმელებთან“. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო წელს დროულად ვერ შეიკრიბა, დაგვიანდა კონკურსის გამოცხადება და თუკი ყველა განაცხადის მიღების დასრულებას დაელოდებოდნენ, მაშინ სხვა ფესტივალები ვეღარ ჩატარდებოდა.

„ბევრი ფესტივალი დაფინანსდა წელს… ეტაპობრივად ხდება განხილვა, როცა შემოდის განსაზღვრული რაოდენობა, კომისია ვალდებულია, რომ ეს განიხილოს,“ – თქვა სოფო ხალვაშმა.

რა არგუმენტით არის ეს სამართლიანი მიდგომა?

„კარგი ღონისძიებები როცა ტარდება ქალაქში, გიხარიათ?!“ – კითხვა შემოგვიბრუნა სოფო ხალვაშმა. მან ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია ბათუმის ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე BIAFF-ის დაფინანსება მოხერხდეს, რასაც საკრებულოს გადაწყვეტილება დასჭირდება.

ბათუმის მერიამ წელს საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სულ 11 ფესტივალი დააფინანსა, მათ შორის, მაგალითად: ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. სექტემბრის ბოლოს დაიწყება შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“, ნოემბერში ჩატარდება საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“, ასევე, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „Lemon  2022“.

„მოდით, ნუ ჩავიციკლებით ამ „პრაიმ შოუთი“, – ეს აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, კაკო ძნელაძის რეაქციაა. მას ვკითხეთ, რა არგუმენტით არ დააფინანსა წელს სამინისტრომ ბათუმის კინოფესტივალი, როცა რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სეზონის გახანგრძლივება გადაწყვიტა და აჭარის კულტურის სამინისტრომ მმართველ პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებულ„პრაიმ შოუს“ ერთდღიანი კონცერტისთვის გამოუყო 73 ათასი ლარი?

„ეს სხვა თემაა, პარალელი არ არსებობს თავისუფალ პროექტებსა და ფესტივალის კონკურსთან, თქვენ ახლა ჩაიხვიეთ  და მეც ჩავიხვიე, რომ ფესტივალების კონკურსში, რაშიც ჰქონდა პროექტი წარმოდგენილი BIAFF-ს, არ ჰქონდათ დოკუმენტაცია სრულად,“ – აღნიშნა კაკო ძნელაძემ და განმარტა, რომ გაზაფხულზე, როცა სამინისტროს საფესტივალო პროგრამების კონკურსი ჰქონდა, კინოფესტივალის დამფინანსებელი მხოლოდ საფრანგეთის საელჩო იყო – 2 ათასი ევროთი.

კაკო ძნელაძეს არ მოერიდა ეთქვა, რომ მისთვისაც სანდო BIAFF-ს  იმიტომ არ მისცა აჭარის კულტურის სამინისტრომ დაფინანსება, რომ ფესტივალს სხვა სახელმწიფო უწყებებმაც გამოუხურეს კარი.

„არსაიდან არ ჰქონდათ დაფინანსება, არც ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც კულტურის სამინისტროდან, არც კინოცენტრიდან… ჩვენგან ითხოვდნენ დაახლოებით 60 ათას ლარს და მთლიანად ფესტივალს სჭირდება დაახლოებით 300 ათასი ლარი… ასე ვერ მოხერხდებოდა სრულყოფილი ფესტივალის ჩატარება, ამას მოჰყვებოდა აუდიტი…

მე პრაიმ შოუზე არ ვსაუბრობ, ეს სხვა თემაა“ – გვითხრა მან, თუმცა ვერ განმარტა, რატომ არის ეს „სხვა თემა“?

BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის წარდგენა და განხილვა მუშა პროცესია, შესაბამისად, ის, რომ ყველა დაფინანსების წყარო კინოფესტივალს იმ დროისთვის არ ჰქონდა, არგუმენტი ვერ იქნება შემდეგი მიზეზის გამო:

„იმ პერიოდში, როცა ჩვენ აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს მივმართეთ, რამდენიმე საელჩოს დაფინანსება ჩადებული გვქონდა [ფესტივალის პროექტში] წინა წლების მსგავსად და ახალი თანადაფინანსებების შესახებაც მივწერდით, როცა ეს დაზუსტდებოდა. ეს წინა წლებშიც ასე იყო.

ეს მუშა პროცესია და ზოგჯერ კონკრეტული დროისთვის ვერ ადასტურებ იმას, რომ თანადაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობს. მაგალითად, ბათუმის მერია ფესტივალის პარტნიორია, მაგრამ ჩვენ მუდმივად დაფინანსებას ვიღებდით მერიიდან კონკურსის წესით. აჭარის კულტურის სამინისტროს როცა მივმართეთ, მაშინ მერიას კონკურსი გამოცხადებულიც არ ჰქონდა. ვიდრე კონკურსი რეალურად არ ჩატარდება და არ დაზუსტდება ის, რომ ფესტივალს აფინანსებენ, წინმსწრებად დოკუმენტს ხომ ვერ წარადგენ?“ – გვითხრა მან.

„ეს ლოგიკურიც იყო, რომ ასე მოხდებოდა, თუ შევხედავთ ერთიან სურათს,“ – არ უკვირს სახელმწიფო უწყებების მიდგომა ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს. ის დარწმუნებულია, რომ BIAFF-ის მიმართ სახელმწიფო უწყებების მიდგომა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ფინანსდება პარტიული ნიშნით და მიკუთვნებებით გამორჩეული პროექტები. გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური ერთგულების და მორჩილების მიხედვით. ეს ერთი დეტალია უკვე სრულიად ქაოსურ, აბსურდულ და ანტისახელმწიფოებრივ მდგომარეობაში, რომელიც მისხალ-მისხალ ყველა სფეროს ანგრევს,“ – მიიჩნევს თეო ხატიაშვილი და განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას BIAFF-ის მნიშვნელობაზე ბათუმისთვის.

„ცენტრიდან გარეთ უკვე არსებობს ასეთი სტრუქტურა ამდენწლიანი გამოცდილებით და ხელს კი არ უწყობ და ავითარებ, პირიქით, კლავ ფაქტობრივად,“ – აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.

რა არის კულტურის სამინისტროს მოთხოვნები? რა შემთხვევაში მიიღებდა დააფინანსებდა BIAFF-ი?

„ერთადერთი მოქმედება იყო საჭირო BIAFF-ის ორგანიზატორებისგან – პარტიული აქტივიზმი, თანაც ნეიტრალური პოზიცია არ არის საკმარისი, ერთგული ადამიანი უნდა იყო, რომ იქიდან გადმოგიგდონ „სატყუარა“.

ეს ხელისუფლება გარდა იმისა, რომ გამოირჩევა არაფრის კეთებით, კულტურის სამინისტრო სკრუპულოზურად აკვირდება ადამიანის პოლიტიკურ განწყობებს. ამ შემთხვევაში BIAFF-ის წლევანდელ სეზონზე დაგეგმილია უკრაინის თემატიკის ფილმების ჩვენებაც და ეს ცალკე სექციაა. ჩვენთან ხომ ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობაც ანტიოცნებისტურად აღიქმება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თითქოს ბრაზდება, როცა მას უკრაინის საკითხზე აკრიტიკებენ და ამავდროულად უკან იხევს, ან ჩუმდება, ან პირდაპირ პრორუსულ გადაწყვეტილებებს იღებს,“ – გვითხრა თეო ხატიაშვილმა.

ამ თემაზე:

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

ბევრი ქალი მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი – მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი ქალი

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონზე მეტ მებრძოლს შორის 700 ათასზე მეტი საქართველოდან იყო, მათ შორის 16 ათასი ქალი. მებრძოლების თითქმის ნახევარი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა.

ციცინო ჭყონიას გაუმართლა. ფრონტიდანაც დაბრუნდა და სწავლაც განაგრძო ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში, საიდანაც 1942 წელს პირდაპირ ლექციიდან წაიყვანეს ომში.

ციცინო ჭყონიას შვილი, ლუიზა მალაზონია გვიყვება, რა გადახდა დედას ომის დამთავრების შემდეგ, რას ფიქრობდნენ სოფლებში ფრონტიდან დაბრუნებულ ქალებზე და დედის მონათხრობისგან რა ახსოვს ომის ამბებზე.

„დედაჩემის მშობლები შეძლებული გლეხები იყვნენ. თავზარი დაეცათ, როცა მათი ქალიშვილი, მეორეკურსელი დედაჩემი უნივერსიტეტიდან პირდაპირ ფრონტზე წაიყვანეს.

1942 წელს ფილოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებიდან აიყვანეს და წაიყვანეს. ძმა ჰყავდა უფროსი დედას.

ისიც ფრონტზე იყო და ცნობები არ მოდიოდა მის შესახებ. არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მერე ბიძაჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგულად უცნიათ და მშობლებს ამის დამადასტურებელი ცნობაც მიუღიათ ფრონტიდან. მენშევიკი იყო დაკარგული ბიძაჩემი, ბოლშევიკების დიდი მოწინააღმდეგე. მენშევიკი ყოფილა ბაბუაჩემიც. გლეხი იყო, რკინიგზელი, მაგრამ საკმაოდ შეძლებული და ყველაფერი ჩამოურთმევიათ მისთვის ბოლშევიკებს.

ბაბუაჩემმა იცოდა, დედაჩემი ვერ გადაიტანდა ძმის დაკარგვას ადვილად და უფიქრია ჩავალ და მე მოვუყვები შვილს ყველაფერს, სანამ ვინმე სხვა ეტყვისო.

ჩასულა ჯურუყვეთიდან ბათუმში (დედაჩემის მშობლები ლანჩხუთში, ჯურუყვეთში ცხოვრობდნენ), მოუკითხავს შვილი და უთქვამთ, რომ ციცინო ფრონტზე წაიყვანეს“, – გვიყვება ციცინო ჭყონიას შვილი, ლუიზა მალაზონია.

ფრონტის პირველ ხაზზე არ უბრძოლია, მაგრამ 1945 წლამდე იარაღით ხელში იყო ომში და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. დარაჯობდა ბენზინის ავზებსა და საბრძოლო ტექნიკას.

ომიდან რომ დაბრუნდა, ციცინომ სწავლის გაგრძელება შეძლო უნივერსიტეტში. მშობლებს ეშინოდათ, ისევ სადმე არ წაიყვანონ ლექციებიდანო და გოგომ სწავლა დაუსწრებელ ფაკულტეტზე განაგრძო.

მერე ჯურუყვეთის სკოლაში დაიწყო მუშაობა სამხედრო საქმის მასწავლებლად:

„დედა ამბობდა, ვისაც მოვწონდი ყველა მშორდებოდა, როცა იგებდნენ ომში ვიყავი ნამყოფიო.

არც მალავდნენ თურმე. ჯერ მოსწონდათ დედაჩემი, გაიცნობდნენ ერთმანეთს და პირდაპირაც ეუბნებოდნენ, ჯარში ხარ ნამყოფიო.

სოფელში მაშინ სხვანაირად უყურებდნენ ფრონტზე ნამყოფ ქალებს. მამაჩემმა და დედაჩემმა რომ გაიცნეს ერთმანეთი, დედაჩემს პირველად ის უკითხავს მისთვის, იცი, ფრონტზე რომ ვარ ნამყოფიო? მამას გასცინებია და უთქვამს, ვიცი, ვიცი, მეც ვიყავი ფრონტზე და ამიტომაც გაფასებო.

დედა და მამა მალევე დაქორწინდნენ. სანამ დაქორწინდებოდნენ, მამას ბევრი თავისი ნაცნობი ურჩევდა თურმე არ დაქორწინებულიყო „ნაფრონტალ“ ქალზე. მამასაც დიდი ამბები ჰქონდა გადატანილი, 4 წელი ჯარში იყო, ჯარის მეოთხე წელს ომმა მოუსწრო და პირდაპირ ფრონტზე წავიდა. ჯარსა და ომში 9 წელი გაატარა,“ – გვიყვება ლუიზა მალაზონია.

ციცინო ჭყონია ფრონტზე, მარცხნიდან პირველი, შუა რიგში

ციცინო ჭყონიამ და მისმა მეუღლემ ამის მერე დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს. სამი შვილი გაუჩნდათ, შვილიშვილი და შვილთაშვილი.

ციცინო ჭყონიას ომის ვეტერანობა არაფრით აღნიშნულა სახელმწიფოს მხრიდან.

ერთადერთხელ მიიწვიეს სოფლის სკოლის ღონისძიებაზე და სიმბოლურად საათი აჩუქეს. ეს იყო და ეს.

„მოესწრო აფხაზეთის ომს. ამ დროს ყველა ჭრილობა ეხსნებოდა და ფრონტის ამბებს იხსენებდა. ამბობდა, ომში არავის არაფერი ახსოვს, მაგრამ ხანდახან ძალიან უფრთხილდებიან და პატივს სცემენ ფრონტზე თანამებრძოლები ერთმანეთსო. დედას თურმე ძალიან გრძელი თმა ჰქონდა. არ შეიჭრა ფრონტზე და ყველა ეხმარებოდა: ოღონდ რამე არ გაგიჩნდეს შიგ და ჩვენ თუ 15 წუთი გვაქვს გამოყოფილი საბანაოდ, შენ ნახევარ საათს იბანავეო, ეუბნებოდნენ თურმე და დედაც გრძელი თმის გამო ამ პრივილეგიით სარგებლობდა. არასდროს მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი. ბევრ ქალს ამის რცხვენოდა და მალავდა.

მეც ყოველთვის სიამაყით ვამბობდი, რომ დედაჩემი ფრონტზე იყო ნამყოფი“ – იხსენებს ომის ვეტერანის შვილი და აგრძელებს:

„ფრონტზე ყოფნის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამისაც რცხვენოდათ ქალებს საერთოდ. თან სოფელში. დედა და ბიძა ფრონტზე რომ  გაგზავნეს, ამ დროს 50 წლამდე ბებიაჩემი ორსულად ყოფილა. ძალიან რცხვენოდა თურმე – რა დროს ჩემი ორსულობააო, ამბობდა. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ქალს უნდა გაეჩინა შვილები.

ასე დაიბადა ჩემი მეორე, უმცროსი ბიძა. როცა ბავშვს აცრები სჭირდებოდა, ბებია და ბაბუა სახლში რჩებოდნენ და დედაჩემს ატანდნენ თურმე ექიმთან, ამისიც რცხვენოდათ, ჩვილით როგორ გამოვჩნდეთ ამხელა ხალხიო.

ბაბუაჩემიც სულ ასე ამბობდა თურმე: ეს რა დაგვემართა, ეს რა დაგვემართა ამხელა ხალხსო“, – იხსენებს ლუიზა მალაზონია.

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში წასვლა? – რამდენიმე ვერსია გააქტიურდა სოციალურ ქსელში პრობლემაზე, როცა ადამიანები საკუთარ, მაგრამ გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებენ.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როცა გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. მართალია, კანონით სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ.

რა არის კანონიერი გამოსავალი, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ პაატა დიასამიძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს.

  • რით არის გამართლებული ის, რომ საკუთარი ბინიდან პირის გამოსახლებისთვის, რომელიც პირობებს არღვევს და თანხას აღარ იხდის, გჭირდება სასამართლო დავა?

პირველ რიგში, პირი მართლზომიერად უნდა იმყოფებოდეს ბინაში, ცხადია, შეჭრა დანაშაულია. უძრავ ქონებაში შეჭრის შემთხვევაში შსს-ს შეუძლია გამოსახლება, როცა იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

როცა არსებობს ქირავნობის ან ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში მივდივართ სასამართლომდე. ხელშეკრულება შესაძლოა იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, თუმცა მიზანშეწონილია წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იქნება შესაძლებელი პირობების გათვალისწინება, მათ შორის, ქირის გადახდის წესი, პერიოდულად ბინის მონახულების შესაძლებლობა, ნივთების დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურების წესი და ასე შემდეგ.

წლების წინ იყო პრაქტიკა, როცა წარუდგენდი პოლიციას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, რაც ადასტურებდა, რომ შენ ხარ ნამდვილად მესაკუთრე და პოლიციის ძალით ხდებოდა გამოსახლება. ამ პერიოდში მევახშეები ხშირად აფორმებდნენ კაბალურ ხელშეკრულებებს, კაბალური პროცენტებით, შეცდომაში შეჰყავდათ მესაკუთრეები, უძრავ ქონებას იკავებდნენ და ასე შემდეგ, პოლიცია კი, შინაარსში ვერ შევიდოდა და ამიტომაც შეიცვალა ეს საკანონმდებლო რეგულაციები. რთულია იმის თქმა, რამდენად სწორია ეს ან არასწორი, თუმცა დღეს ბინას რამდენად მართლზომიერად ფლობს ესა თუ ის პირი, ადგენს სასამართლო.

ეს არის უფრო მართლმსაჯულების პრობლემა, რადგან ხშირ შემთხვევაში კი არა, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო არღვევს საქმეთა განხილვის ვადებს. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამოთხოვის საქმეების განხილვას აქვს ერთთვიანი ვადა სარჩელის შეტანიდან. კანონში პირდაპირ არის ეს ჩანაწერი.

  •  პრაქტიკაში რა დრო სჭირდება ამ საქმეების განხილვას სასამართლოში? 

ამ კატეგორიის საქმეების განხილვას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. მე არ მინახავს ერთ თვეში რომელიმე საქმის განხილვა დასრულებულიყოს. ამ კატეგორიის საქმეზე ასევე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა დადგინდეს დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ გასაჩივრება ვეღარ შეაჩერებს გამოსახლების პროცესს.

  • აღსრულებას რა დრო სჭირდება რეალურად? 

ჩვეულებრივი წესით ხდება აღსრულება, ანუ ჯერ პირს უნდა ჩაბარდეს წერილობითი შეტყობინება, შემდეგ კი, იწყება იძულებით აღსრულება. წესით, აღსრულების ეტაპი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს, თუმცა მინახავს შემთხვევებიც, როცა ეს ჭიანურდება.

ზოგჯერ გაჭიანურების ობიექტური გარემოებებიც არსებობს, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამ დროს აღსრულების ბიუროს უფროსს აქვს გადავადების უფლება და ხდება გადავადებაც.

  • თქვენი აზრით, პრობლემაა ამ კატეგორიის საქმეების სასამართლოში განხილვის ვადა და არ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი? 

თავის დროზე მიიჩნიეს, რომ არსებობდა რისკები, როცა პოლიცია ახორციელებდა გამოსახლებას და შევცვალეთ კანონი. ჩამოყალიბდა ამგვარი საკანონმდებლო რეგულაცია, რომ სასამართლომდე მივიდეს მსგავსი კატეგორიის დავების განხილვა. არსებული სამართლებრივი რეგულაციებით შესაძლებელია ამ დავების ეფექტურად განხილვა, თუ  სასამართლო ამას მართლაც ერთ თვეში განიხილავს.

  • სოციალურ ქსელში კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ ზოგიერთს ასეთი გამოსავალი მოუძებნია: როცა გაქირავებული ბინა ვეღარ დავიბრუნეთ, საკეტი შევცვალეთ და შემდეგ საკუთარი ბინიდან ხომ ვეღარ გამომასახლებდნენო. 

ეს არის თვითნებობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაძლოა, ვინც ბინაშია, მისი მოთხოვნები სამართლიანია და არაა გასული ვადა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თვითნებობის განმარტება არის ეს: „ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება“ და ზუსტად ეს შემთხვევა იქნება, თუკი ვინმე საკეტს გამოცვლის საკუთარ ბინაში მაშინ, როცა დამქირავებელს ბინა არ დაუცლია და სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

  • მეორე ვერსიაა კომუნალურების გამორთვა – მესაკუთრის მოთხოვნით ბინაში აღარაა შუქი, წყალი, გაზი. ეს დასაშვებია? 

ეს თვითნებობა არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში პირს, რომელიც ბინაშია, შეუძლია მისწეროს სემეკს, თან დაურთოს ქირავნობის ხელშეკრულება და მოითხოვოს ის, რომ  ჩაურთონ შუქი და წყალიც.

არსებობს კანონით განსაზღვრული „მინიმალური საცხოვრისის სტანდარტი“, რაც ნებისმიერი ადამიანის უფლებაა და ამ მინიმალურ საცხოვრისში შედის კომუნალური სერვისებით სარგებლობის უფლება. სემეკი ამ შემთხვევაში დაავალებს მიმწოდებელ კომპანიას, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, მაგალითად, ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინონ კონკრეტულ მისამართზე.

რას ურჩევდით მოქალაქეებს, ვიდრე ისინი გააქირავებენ ბინებს? 

ვურჩევდი წერილობით ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც შესაძლებელი იქნება პირობების განსაზღვრა, მაგალითად, თვეში ერთხელ საკუთარი ბინის მონახულება, ხოლო როცა დამქირავებელი ბინას არ ტოვებს და არც ქირას იხდის, ამ რისკს ვერ დააზღვევ და მივდივართ სასამართლომდე. იმისთვის, რომ სამოქალაქო ბრუნვას ხელი არ შეეშალოს და ამან ეკონომიკური შეფერხება არ გამოიწვიოს, სასამართლომ ამ კატეგორიის დავები დროულად უნდა განიხილოს და კანონით გათვალისწინებული ვადები დაიცვას.

რუსებმა ხერსონის რეფერენდუმი „დააპაუზეს“

„ჩვენ ვემზადებოდით ხმის მიცემისთვის, გვინდოდა რეფერენდუმის გამართვა უახლოეს პერიოდში, მაგრამ იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ხდება, ვფიქრობ, ჯერჯერობით პაუზას ავიღებთ.

ამას პრაქტიკული ახსნა აქვს, რადგან არსად ვჩქარობთ და ძირითად ამოცანას ვასრულებთ – დავაპუროთ მოსახლეობა და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა.

სტრემოუსოვის კომენტარს კრემლის მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ხერსონელები „მზად არიან გაიქცნენ რეფერენდუმზე, რათა იმ დიდი და ერთიანი ქვეყნის სრულუფლებიანი სუბიექტები გახდნენ, რომელიც მათ დაიცავს“.

„ჩვენ არ გვეშინია, უკვე ვთქვით: ხერსონი სამუდამოდ რუსულია,“ – დასძინა მან

7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები გაბედავენ თუნდაც ერთი ფსევდორეფერნდუმის გამართვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან მოლაპარაკების ყველა გზა ჩაიკეტება“.

პრეზიდენტის ამ განცხადებას, მეორე დღეს კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა – რეფერენდუმის გამართვა არა რუსეთის, არამედ ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთა სურვილია.

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს.

როგორ გეგმავს კრემლი „რეფერენდუმს“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და მოიერიშეებში 90-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს – ექსპერტები

გამომძიებლები, რომლებმაც რუსეთის უახლესი ფრთოსანი რაკეტები და მოიერიშე შვეულმფრენები შეისწავლეს, გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ შეიარაღებაში ადრეული მოდელებიდან ამოღებული, ათობით წლების წინანდელი ტექნოლოგიებია გამოყენებული.

ეს მიგნებები დეტალურადაა აღწერილი Conflict Armament Research-ის ახალ ანგარიშში. ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ომებში გამოყენებულ იარაღსა და აღჭურვილობას სწავლობს, უკრაინის ხელისუფლების მიწვევით, რუსული შეიარაღების დასათვალიერებლად, ივლისში უკრაინაში იმყოფებოდა.

როგორც The New York Times-ი წერს, ანალიტიკოსებისთვის უდიდესი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რუსეთი თავისი ფართოდ გარეკლამებული მაღალი სიზუსტის იარაღისთვის 90-იანებისა 2000-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს, რის გამოც ეს იარაღი ნაკლებად ზუსტი ხდება.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსულ შეიარაღებაში ჩაყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ღია საწყისი კოდი აქვს, რაც ძალიან ამარტივებს იარაღის კოპირებას იმ შემთხვევაში, თუ მისი ნარჩენები მოწინააღმდეგის ხელში მოხვდება.

როგორც დამოუკიდებელი ჯგუფის ანგარიშშია აღნიშნული, რუსული შეიარაღების ნარჩენების შესწავლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რუსეთი გამუდმებით უვლიდა გვერდს ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

როგორც ირკვევა, უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და მოიერიშე შვეულმფრენების კომპიუტერული ჩიპები დასავლური წარმოებისაა და გამოშვებულია 2014 წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. გაურკვეველია, როგორ მიიღო რუსეთმა ეს ნახევარგამტარები.

ამ საქმეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ვაჭრობის დეპარტამენტი იკვლევენ.

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

პედაგოგი ხულოდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია

დღეს, 5 სექტემბერს, გამოვლინდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული.

ესენი არიან:

  • როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი;
  • სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
  • ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში ასევე იყვნენ: კახა გალდავა – სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ლალი მარგიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი; ხათუნა ნოზაძე – თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; ნუგზარ სადიკოვი – თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი.

წელს, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეროვნული ჯილდოს ხუთეული უკრაინის გლობალური ჯილდოს 2017-2021 წლების გამარჯვებულებმა დაასახელეს.

წლის მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

გამარჯვებული დაჯილდოვდება 15 ათასი ლარით. ფულად ჯილდოს, 5-5 ათას ლარს, მიიღებენ ფინალში გადასული სხვა მონაწილეები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველი პრიზი ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშიც მოხვდა, იმავე წელს კი ვარკის ფონდის ელჩი გახდა.

________________

მთავარი ფოტო: მარცხნიდან-მარჯვნივ: როლანდ შავაძე, ირა ძირკვაძე, ნანა მგალობლიშვილი, მიხეილ ლაბარტყავა, სოფიო ძიგრაშვილი.

სიგარეტის უკანონო შემოტანისა და უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტები ბოლო 1 თვეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-31 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ირანის, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 43 280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, იმავე პერიოდში, 1-31 აგვისტოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 14 739 კოლოფი [მ.შ. 179 ელექტროსიგარეტი] და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

„100 ფაქტზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552  მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები  ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

4 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხედრო დანაშაული – 2 რუს გენერალზე უკრაინის უშიშროებამ მტკიცებულებები შეაგროვა

უკრაინის უშიშროების ცნობით, გამოააშკარავეს ორი რუსი გენერალი, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ისინი კიევისა და ლუგანსკის ოლქებში მყოფ სამხედროებს ხელმძღვანელობდნენ.

ესენი არიან: აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო და გენერალ მაიორი, ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის სახალხო მილიციის მეორე საარმიო კორპუსის მეთაური, ესედულა აბაჩევი.

აბაჩევს უკვე გაუგზავნეს შეტყობინება, ჩაიკოს ბრალდება კი სასამართლოს გადაეცა.

უშიშროების ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, გენერალი ჩაიკო უშუალოდ გეგმავდა და ამზადებდა სამხედრო ოპერაციას უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში, კერძოდ, კიევში. ის საოკუპაციო დაჯგუფება „აღმოსავლეთს“ ხელმძღვანელობდა.

ბუჩის რაიონის სოფელ ზდვიჟივკაში გენერალმა ჩაიკომ შტაბი საბავშვო ბაღში მოაწყო, ერთ-ერთი სკოლის მოედანზე კი, თავის ქვეშევრდომებს მედლებით აჯილდოებდა.

მოგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალ ჩაიკოს ბრალი ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში და აგრესიული ომის დაგეგმვაში, მომზადებასა და წარმოებაში.

როგორც უშიშროებამ დაადგინა, ესედულა აბაჩევი უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის არმიის წინააღმდეგ, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბეჟნოესა და ლუგანსკის ოლქის სხვა პუნქტებში.

რუსეთის მთავრობამ მას „რუსეთის გმირისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდებები მიანიჭა. აბაჩევს უკრაინა ბრალს სდებს ქვეყნის საზღვრების შეცვლის მიზნით წინასწარგანზრახული ქმედებების ჩადენაში, რამაც ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია; ასევე, აგრესიული ომის დაგეგმვაში, მზადებასა და წარმოებაში.

მთავარ ფოტოზე: ალექსანდრ ჩაიკო და ესედულა აბაჩევი/ფოტოები: უკრაინის უშიშროების სამსახური

რამდენი დღე იქნება წვიმიანი ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

9 სექტემბრიდან კი თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

ბრიტანეთი უკრაინელი მოქალაქე-ჯარისკაცების წვრთნის პროგრამას აფართოებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას აფართოებს. პროგრამა ათიათასობით სამხედროს სწავლებას გაითვალისწინებს, ხოლო სამხედრო კურსის დრო სამიდან ხუთ კვირამდე გაიზრდება – ინფორმაცის Sky News-ი ავრცელებს.

ძირითადი კურსი, რომელსაც ბრიტანეთი სთავაზობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ქვეითი ჯარის მომზადებაა, იმ მოქალაქეების ჯარისკაცებად გარდაქმნა, ვინც ბრძოლა გადაწყვიტა – იარაღთან მოპყრობა, პირველი დახმარება ბრძოლის ველზე, შენიღბვა და პატრულირების ტექნიკა.

დამატებითი ორი კვირა კი სამხედროებს უფრო საფუძვლიანი სწავლების საშუალებას მისცემს – ბრძოლები ქალაქის პირობებში და სანგრებში, ოპერაციები სატრანსპორტო საშუალებებით.

ივნისის შემდეგ დაახლოებით 4700-მა უკრაინელმა გაიარა მომზადება ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე. სწავლებას უძღვებიან ბრიტანეთის არმიის სამხედროები და საერთაშორისო ინსტრუქტორები რვა ქვეყნიდან, მათ შორის ახალი ზელანდიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიასა და ნიდერლანდებიდან.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ეს წვრთნები ერთობლივი მხარდაჭერის კარგი მაგალითია. 

„სასწავლო კურსი სწრაფად შემუშავდა და ახლა ჩვენ მას ხუთ კვირამდე ვახანგრძლივებთ, რათა საუკეთესო ცოდნა მივცეთ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც მალე მზად იქნებიან ბრძოლებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად, დაიცვან საკუთარი სახლები უკანონო და არაპროვოცირებული რუსული აგრესიისგან და ამას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ – თქვა ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე ოთხჯერ მოინახულა უკრაინელთა საწვრთნელი ბაზები.

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედროების მომზადების პროგრამა ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ ივნისში კიევში მყოფმა ბორის ჯონსონმა შესთავაზა.

უკრაინელების პირველი ჯგუფი ბრიტანეთში 6 ივლისს ჩავიდა.  

მთავარ ფოტოზე: საწვრთნელი პოლიგონი/ფოტო: დიდი ბრიტანეთის თავდაცვა

კიევს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აესს-ის ბირთვული ანგარიში ჯერ არ მიუღია – პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორების გაციების სისტემების უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე. ატომური ენერგიის საერთაშოროსი სააგენტოს მისიისგან კიევს ჯერაც არ მიუღია საინჟინრო-ბირთვული ანგარიში.

ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.

„ჩვენ ეს ყველაფერი ანგარიშში არ გვინახავს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საჭიროა არა იმდენად აესს-ის როგორც სამშვიდობო მისიის საქმიანობა, რამდენადაც ატომური, საინჟინრო-ბირთვული აუდიტის,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თქმით, სადგურზე აუცილებელია ისეთი ადამიანების ყოფნა, ვინც იცის ბირთვული ფიზიკა, საინჟინრო ტექნოლოგიები და შეუძლია უკრაინელი თანამშრომლების გვერდით დადგეს. ამასთან, პოდოლიაკმა მოიწონა აესს-ის ინიციატივა, ხანგრძლივად დარჩნენ სააგენტოს ექსპერტები ადგილზე. მისი თქმით, ამან, შესაძლოა, ატომური სადგურის თანამშრომლები შეიარაღებული ოკუპანტებისგან დაიცვას.

„იქ არიან რუსი სამხედროები, რომლებსაც არ ესმით რა ხდება, სწორად ვერ აფასებენ რისკებს. იქ არიან თანამშრომლები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ. მათ გვერდით უნდა იდგნენ ადამიანები საერთაშორისო საზოგადოებიდან, ინსპექციიდან, რომლებიც იტყვიან – არ შეეხოთ ამ ხალხს, აცადეთ მუშაობა. ეს მნიშვნელოვანია,” – დასძინა პოდოლიაკმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, მისი დირექტორისა და 13 ექსპერტის შემადგენლობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს შევიდა.

სადგურის დათვალიერების შემდეგ, სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარინო გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“, მან დასძინა, რომ მისიის ექსპერტთა ნაწილი, ორი ადამიანი, ზაპოროჟიეში დარჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო სააგენტოს მისიას რუსეთისთვის სადგურის დემილიტარიზაციისკენ არ მოუწოდებია.

რუსული მედიის ინფორმაციით, მისიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სადგურის ტერიტორია.

„მე ვიცი, რომ რუსებს სურთ რეაქტორები გამოირთოს უკრაინული ქსელიდან და დაუკავშირდეს რუსეთის ქსელს. არა, ჩვენ არ ვეთანხმებით ამას“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ განიხილავს ზაესის კონტროლირებად გამორთვას, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს. ოკუპაციის მიუხედავად ზაესი უზრუნველყოფს უკრაინის ორ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას, უკრაინას კი „ცხვირწინ აქვს ზამთარი“.

რუსეთში სასამართლომ გააუქმა „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია

დღეს, 5 სექტემბერს, მოსკოვში სასამართლომ დააკმაყოფილა „როსკომნადზორის“ სარჩელი 2006 წელს რუსული მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტასთვის“ გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო „ნოვაია გაზეტას“ ბეჭდური ვერსიის რეგისტრაციის მოწმობა.

„როსკომნადზორმა“ „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ სარჩელი რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით ივლისის ბოლოს შეიტანა. სარჩელის ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ 2006 წელს გამოცემამ შეცვალა რედაქციის დამფუძნებელი, მაგრამ წესდება არ წარუდგინა „როსკომნადზორს – წერს „ბიბისის“ რუსული ბიურო.

„ნოვაია გაზეტას“ განცხადებით, დამფუძნებლის შეცვლა არ ნიშნავს, რომ გაზეთმა დაიწყო მუშაობა ახალ მედიასაშუალებად, რასთან დაკავშირებითაც წესდების დებულება არ იყო სავალდებულო.

რუსეთში მოქმედმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ, „ნოვაია გაზეტამ“ მუშაობა 2022 წლის მარტში შეაჩერა, კანონის გამო, რომელიცრუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“  რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობა ელით.

15 ივლისს გამოცემის გუნდმა დაიწყო პროექტი, რომელიც უნდა გამოექვეყნებინა ჟურნალისტური და ლიტერატურული ტექსტები და არა უშუალოდ საომარი მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ტექსტები, თუმცა 24 ივლისს პროექტის რედაქტორებმა განაცხადეს, რომ „როსკომნადზორმა“ დაბლოკა მათი ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით. მიზეზი რუსული არმიის „დისკრედიტაციაში“ წაყენებული ბრალდება გახდა.

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში დარჩა. 7 აპრილს მას თავს დაესხნენ მატარებელში და კუპეში ზეთის საღებავი და აცეტონი შეასხეს. საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

2022 წლის მარტში მურატოვმა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია, ნობელის პრემიის მედალი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად გაყიდა.

ამავე თემაზე: 

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

_____________

ფოტო: EPA-EFE/TOMS KALNINS

რატომ შეიყვანა პრემიერმა ღარიბაშვილმა შვილი კერძო სკოლაში და არა საჯაროში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი უპირატესობას კერძო სკოლას რომ ანიჭებს და არა საჯაროს,  ეს იქიდანაც ჩანს, რომ პრემიერის ოთხივე შვილი კერძო სკოლაში სწავლობს.

დღეს პირველკლასში ღარიბაშვილის უმცროსი შვილი, 6 წლის ნინოც სავარაუდოდ კერძო სკოლაში შევიდა, რადგან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება, ირაკლი ღარიბაშვილმა კი შვილის სკოლაში შეყვანის ფოტო დღეს, 5 სექტემბერს, გამოაქვეყნა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და მისი მეუღლე, ნუნუ თამაზაშვილი მონიშნა.

ღარიბაშვილმა შვილი კერძო სკოლაში შეიყვანა

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ოჯახი შვილების განათლებაში ყოველწლიურად სოლიდურ თანხას იხდის.

მაგალითად, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ოჯახმა უფროსი შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის განათლებაში 24 ათასი ლარი გადაიხადა წელიწადში. დეკლარაციის მიხედვით, თანხის ნახევარს – 12 ათას ლარს, ნუნუ თამაზაშვილი იხდის, მეორე ნახევარს კი – ირაკლი ღარიბაშვილი.

მომდევნო შვილის სწავლის საფასური კი პრემიერს დოლარში აქვს გადახდილი.

მაგალითად, ანდრია ღარიბაშვილის სწავლაში 2019-2020 სასწავლო წელს 5 700 დოლარი გადაიხადა, მომდევნო წელს კი – 3 500 დოლარი.

უმცროსი შვილების – ნინო და გაბრიელ ღარიბაშვილების სწავლის საფასური 2020-2021 წელს 12298 ლარი დაუჯდა პრემიერის ოჯახს.

რამდენს იხდის პირველკლასელი შვილის განათლებაში ირაკლი ღარიბაშვილი, ჯერჯერობით უცნობია, შვილის განათლებაში გადახდილი სწავლის ღირებულება კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის დეკლარაციაში უნდა აისახოს.

_______________

მსგავს თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

კადიროვის „უვადო შვებულება“ ჯერ არ დაწყებულა – კრემლის პრესმდივანი

რამზან კადიროვის ვიდეომიმართვას, რომელშიც ის „უვადო და ხანგრძლივ შვებულებაზე“ საუბრობს, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„ნამდვილად ვნახეთ მისი შეტყობინება, თუმცა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, თუ მე სწორად მესმის, ეს ნათქვამი ჯერ არ შესრულებულა… ჯერჯერობით გამოვდივარ იქიდან, რომ ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას განაგრძობს,“ – განაცხადა პესკოვმა.

3 სექტემბერს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ 15 წელი ჩეჩნეთის სათავეში ყოფნის შემდეგ, ის „უვადო და ხანგრძლივ შვებულებაში“ გასვლას აპირებს.

„ვფიქრობ, ჩემი დროც მოვიდა. ვიდრე გამაგდებენ. მგონი, უკვე მოხუცი ვარ. ოდესღაც ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ახლა ისევ გამოუცდელი ვარ, თუმცა ახალგაზრდობა სადღაც გაქრა,“ – თქვა კადიროვმა.

რუსი პოლიტოლოგი, აბას გალიამოვი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება რუსეთის მწვავე შიდაპოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით კი, ჩეჩნეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ კადიროვი მათ „სხვის“ ომში აგზავნის.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური 2007 წელს გახდა, მანამდე ის ჯერ პრემიერის მოადგილე, შემდეგ კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

დააკავეს პირი, რომელიც ახლობლის ვალის გადახდას სთხოვდა მოქალაქეს და ემუქრებოდა – შსს

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა.

ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთს დონეცკის დაპყრობა 15 სექტემბრამდე სურს. გეგმა არარეალისტურია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, უკრაინის ძალების კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთის მთავარი ძალისხმევა უკრაინაში კვლავაც მიმართულია დონბასის შეტევით ოპერაციებზე, კერძოდ, ორ მიმართულებაზე – ავდეევკა, ქალაქ დონეცკთან ახლოს და ბახმუტი, 60 კილომეტრით ჩრდილოეთით.

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რუსეთმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ამ სექტორში მიაღწია, მისი ძალები კვირაში მხოლოდ 1 კილომეტრით მიიწევენ წინ ბახმუტისგენ.

„დონბასის ოპერაციის პოლიტიკური მიზანი დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავებაა, რაც კრემლს საშუალებას მისცემს, დონბასის „გათავისუფლების“ შესახებ გამოაცხადოს. თუმცა რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, უკვე ბევრჯერ გადააცილა ამ მიზნის მისაღწევად დაწესებულ ვადებს,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 სექტემბრის რელიზში.

უწყება ეყრდნობა უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ რუსეთის ძალებს უბრძანეს, მისია 15 სექტემბრისთვის დაასრულონ, რაც დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა:

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია მიზანს ამ ვადაში მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის გეგმის შესრულებას, გამართოს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების მიზნით“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება რუსეთის არმიის მორალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი არმიის ფორმებით, იარაღით, საკვებითა და ხელფასით სათანადოდ უზრუნველყოფას.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 49 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 2 068 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 4 459 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 1 157 ერთეული [+10]
  • MLRS – 294 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 156 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 236 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 206 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 867 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 205 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 286 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 107 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 287 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 877 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 372 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 822 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 825 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 368 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 304 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება შეტევითი საშუალებები. ეს ეხება შესაბამის ჯავშანტექნიკას, საჰაერო და საცეცხლე მხარდაჭერას. უკრაინას ასევე სჭირდება დასვენებული დარტყმითი დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება დასავლეთიდან მიწოდებული თანამედროვე სისტემებით“ ამბობს „ბათუმელებთან“ გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

ამავე თემაზე:

რუსეთს დონეცკის დაპყრობა 15 სექტემბრამდე სურს. გეგმა არარეალისტურია – ბრიტანეთის დაზვერვა

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

საავტორო კინოს ბათუმის მე-17 ფესტივალი [BIAFF] 2 კვირაში უნდა გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მნიშვნელოვანი ფესტივალია ბათუმში, სახელმწიფო სტრუქტურებმა ფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვეს, მათ შორის, ბათუმის მერიამ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია.

„ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას,“ – მიიჩნევს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი, რომელსაც საკონკურსო განცხადების მიღების დასრულებამდე უთხრეს, რომ კინოფესტივალისთვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის.

რატომ აღარ აფინანსებენ BIAFF-ს, რა ფინანსური რესურსით და რა ფორმით ჩატარდება წელს კინოფესტივალი ბათუმში? -„ბათუმელები“ ამ თემაზე ზვიად ელიზიანს ესაუბრა.

  • ფესტივალი ორ კვირაში, 18 სექტემბერს დაიწყება, ფესტივალს კი დაფინანსება ჯერ არ მიუღია ოფიციალური პარტნიორისგან – ბათუმის მერიისგან. რა არგუმენტით გითხრეს უარი? 

ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, წერილს ველოდებით, თუმცა გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა და გვითხრეს, რომ ბიუჯეტი ამოიწურა.

მერიამ ფესტივალის დაფინანსებაზე წელსაც კონკურსი გამოაცხადა, ეს იყო 21 ან 22 ივლისს. ჩვენ 3 აგვისტოს შევიტანეთ აპლიკაცია დაფინანსებაზე. მერიის კონკურსის და ნებისმიერი კონკურსის მარტივი, საბაზისო პირობაა ის, რომ აპლიკაციები შევიდეს და კომისიამ განიხილოს ეს განაცხადები. სხვებმაც, ბუნებრივია, შეიტანეს განაცხადი და დაიბარეს პრეზენტაციაზე, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ. ჩვენ კი, საერთოდ არ შეგვეხმიანენ, მოვიკითხეთ და ეს პასუხი მივიღეთ.

საუბარი გვქონდა სოფო ხალვაშთან [ბათუმის მერის მოადგილე], ასევე მერიის სხვა წარმომადგენლებთან და განმარტეს, რომ კომისია პერიოდულად ავლენდა გამარჯვებულებს, რომლებიც დააფინანსეს და ამ ეტაპზე უკვე ამოწურულია ბიუჯეტი. სოფო ხალვაშმა თქვა, რომ ბევრი აპლიკაცია იყო შესული, წინასწარ განიხილეს და ფული აღარ აქვთ.

გაუგებარია: თუ კომისია ჯერ არ განიხილავს ყველა განაცხადს, როგორ იწურება ბიუჯეტი განაცხადების მიღების დასრულებამდე? როცა განაცხადების შეტანა იყო აგვისტოს ბოლომდე, ჩვენ კი, კონკურსის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შევიტანეთ აპლიკაცია. ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას – ვიღაცამ ადრე შეიტანა, ვიღაცამ – გვიან.

როგორ შეიძლება 3 აგვისტოს ამოწურული გქონდეს უკვე ბიუჯეტი, როცა ჯერ განაცხადების მიღება არ დაგისრულებია?

დიახ, ეს აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსება იყო და ჩვენ ამ სამინისტროსგანაც ვერ მოვისმინეთ ლოგიკური არგუმენტი, რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი. პასუხი იყო ის, რომ 10 გამარჯვებულ ფესტივალს შორის დაბალი ქულები გვქონდა თანადაფინანსების კომპონენტში, მაგრამ ეს არაა სწორი არგუმენტი, თანაც მაშინ, როცა მინიმუმ 10 წელი ვთანამშრომლობთ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან.

იმ პერიოდში, როცა ჩვენ აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს მივმართეთ, რამდენიმე საელჩოს დაფინანსება ჩადებული გვქონდა [ფესტივალის პროექტში] წინა წლების მსგავსად და ახალი თანადაფინანსებების შესახებაც მივწერდით, როცა ეს დაზუსტდებოდა. ეს წინა წლებშიც ასე იყო.

ეს მუშა პროცესია და ზოგჯერ კონკრეტული დროისთვის ვერ ადასტურებ იმას, რომ თანადაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობს. მაგალითად, ბათუმის მერია ფესტივალის პარტნიორია, მაგრამ ჩვენ მუდმივად დაფინანსებას ვიღებდით მერიიდან კონკურსის წესით. აჭარის კულტურის სამინისტროს როცა მივმართეთ, მაშინ მერიას კონკურსი გამოცხადებულიც არ ჰქონდა. ვიდრე კონკურსი რეალურად არ ჩატარდება და არ დაზუსტდება ის, რომ ფესტივალს აფინანსებენ, წინმსწრებად დოკუმენტს ხომ ვერ წარადგენ?

  • რამდენ ლარს ითხოვდით წელს მერიისგან?

წინა წლებში გვქონდა ბათუმის მერიიდან დაფინანსება 180 ათასი ლარი, წელს კი, ზოგადად თითოეული ფესტივალის მაქსიმალური ზღვარი დააწესეს 90 ათასი ლარი. ჩვენ მოვითხოვეთ 88 ათასი ლარი და თან დავურთეთ საელჩოებიდან, უცხოელი პარტნიორებისგან და კომპანიებისგან მიღებული წერილები, რითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 115 ათასი ლარი გვქონდა უკვე არასახელმწიფო დაფინანსება. ეს უფრო ღირებულია: როცა სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან კი არ გაქვს დაფინანსება და ისევ საბიუჯეტო ორგანოდან კი არ ითხოვ ფულს, არამედ შეძელი და მოიპოვე სხვა წყაროებიდან დაფინანსება.

  • სხვა სახელმწიფო უწყებებმა რატომ თქვეს უარი BIAFF-ის დაფინანსებაზე? 

მაგალითად, საქართველოს კულტურის სამინისტროდან საერთოდ არ მიგვიღია განმარტება, ასევე კინოცენტრიდან. მათ უბრალოდ წელს არაფერი გამოყვეს…

აჭარის კულტურის სამინისტროში საბოლოოდ გვითხრეს, რომ შესაძლოა გარკვეული ეკონომიების ხარჯზე გამოგვიყონ დაფინანსება. ასევე მერიაში სოფო ხალვაშმა თქვა, რომ დაელაპარაკება მერს და შესაძლოა მოითხოვონ აქაც ეკონომიების ხარჯზე საფესტივალო ბიუჯეტის გაზრდა, ანუ საკრებულოზე რომ გავიდეს ეს საკითხი. ფესტივალის დაწყებამდე ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი და რა მოესწრება, არ ვიცი.

  • მე-17 წელია ტარდება ბათუმში კინოფესტივალი და ყოველთვის სექტემბერში, ანუ მოულოდნელობა არ იყო რომელიმე სამინისტროსთვის, მით უმეტეს მერიისთვის ეს კინოფესტივალი. რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება? 

გადაჭარბების გარეშე ვამბობ – ეს ერთადერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო, ბათუმური ფესტივალია, რომელსაც ბათუმური გუნდი ატარებს. ეს მნიშვნელოვანია, როცა ადგილზე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც ფესტივალს ამზადებს და ამას გარდა, გვიკეთებია კინოსკოლა, კინოტრენინგები და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი ბათუმის ცნობადობის გაზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, ბათუმის – როგორც კინოგადაღების ადგილის ცნობადობას. კითხვა იმაზე, თუ რა ხარისხის ფესტივალია BIAFF-ი, მგონი, არ არსებობს მათთვის, ვინც ამ სფეროში ჩახედულია.

მე ვერ ვიგებ, რა მიდგომაა ეს… გამოდის, რომ კომისია ვერ აფასებს სწორად, ან რაღაც სხვა მიზეზებია, არ ვიცი. მე ვერ მოვისმინე ლოგიკური პასუხები.

  • ხომ არ ხედავთ კავშირს კულტურის ბოლოდროინდელ პოლიტიკასთან? მაგალითად, როცა სამხატვრო ხელმძღვანელები  გამოცვალეს და ბათუმშიც დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად პირდაპირ „ოცნებასთან“ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია დანიშნეს გაორმაგებული ხელფასით? 

შეიძლება იყოს ეს კავშირი, ვერაფერს გამორიცხავ. ვიცი, რომ ბევრი სხვა ფესტივალიც თბილისში აუხსნელად არ დააფინანსეს. შესაძლოა, ვიღაცას ეს ფესტივალიც არ მოსწონდა, არ ვიცი.

ჩვენ ვისთანაც გვქონდა კომუნიკაცია და რა პასუხიც მივიღეთ, ეს არ იყო ლოგიკური არანაირად და ეწინააღმდეგება კონკურსის პრინციპებს.

  • უფრო მკაფიოდ რომ ახსნათ: რატომ სჭირდება ისევ საბიუჯეტო დაფინანსება კინოფესტივალს, რომელიც წარმატებულია? 

ზოგადად, ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო ფესტივალების გამოცდილებას, გეტყვით, რომ მუსიკალურ ფესტივალებსაც კი, მაგალითად, როკფესტივალს, აქვს გარკვეული დაფინანსება სახელმწიფოსგან ევროპის ქვეყნებში, თუმცა ბევრად მცირე, ვიდრე ეს აქვს ისეთ ფესტივალებს, როგორიცაა კინო და თეატრი. ვიცით, რომ კინო და თეატრი სხვა ტიპის ხელოვნებაა და ის მთლად კომერციული ვერ იქნება.

კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფესტივალად ითვლება კანის კინოფესტივალი და ამ ფესტივალზეც კი 50% არის სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა. არგუმენტი არის შემდეგი: ეს ბევრ რამეს უწყობს ხელს, მათ შორის, კინოს და ხელოვნების პოპულარიზაციას.

ასეთ ფესტივალზე და ჩვენთანაც ხომ ბლოგბასტერებს არ ვაჩვენებთ. ვაჩვენებთ ფილმებს, რომლებსაც დიდ ეკრანზე, კომერციულ კინოში ვერ ნახავთ. ასეთ ფილმებს კომერციული კინო არ აჩვენებს არასდროს. გარდა ამისა, მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს მსახიობები და ცნობილი რეჟისორები, დაესწროს მათ მასტერკლასებს.

ჩვენ გვაქვს ინდუსტრიული პლატფორმაც, რაც ხელს უწყობს ქართული კინოპროექტების განვითარებას და 5 დღე ტარდება ტრენინგები, ვითარდება პროექტები, დაფინანსების სხვა პლატფორმაზე იგზავნება, ან პარტნიორ ფესტივალებთან.

გარდა ამისა, კულტურული ცხოვრება ხომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში? მსგავსი ფესტივალები მართლაც უწყობენ ხელს რეგიონების, ქალაქის პოპულარიზაციას. პრესაში იწერება არამხოლოდ კინოფესტივალის, არამედ ქალაქის შესახებ და ეს არის კარგი პიარი ქალაქისთვის.

  • წელს რა დაფინანსებით მოახერხებთ ფესტივალის ჩატარებას და როგორ აისახება ფინანსური სირთულე ფესტივალის შინაარსზე? 

ჩვენ გვაქვს მინიმალური ფინანსური რესურსი საელჩოებიდან და სხვა პარტნიორებისგან. ცნობილია, რომ ყველა ფილმი ექვემდებარება ლიცენზიას. რამდენიმე კომპანიამ, რომელსაც ავუხსენით სიტუაცია, უფასოდ მოგვცა ფილმი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერაა.

ორშაბათიდან ვაპირებთ, რომ დავაანონსოთ ფანდრაიზინგი, რაც ერთგვარი გამოცდილება იქნება: 16 წელია ფესტივალი არსებობს, მას ჰყავს კარგი აუდიტორია, რომელსაც ესმის ფესტივალის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდში აუდიტორია იაქტიურებს. გვექნება სლოგანი – „ერთად ჩავატაროთ BIAFF“. ეს დაიდება, როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ პლატფორმებზე, სადაც ავხსნით, რატომ და რისთვის გვჭირდება დაფინანსება.

გვექნება პაკეტებიც, ანუ თუკი პაკეტებს შეიძენს ადამიანი, მას ფესტივალზე დასწრებაც შეეძლება და თან მხარდაჭერაც გამოვა.

  • რით იქნება გამორჩეული BIAFF 2022, რა შეიძლება გამოყოთ? 

გახსნის ფილმი, მაგალითად, იქნება ელდარ შენგელიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების სეტი. თვითონ ბატონი ელდარიც დაესწრება ფილმის ჩვენებას.

გვექნება საკონკურსო სექცია, ანუ მხატვრული ფილმები, დოკუმენტური, დიდოსტატთა კოლექცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – გვექნება ფოკუსი უკრაინაზე. აქ ვაჩვენებთ უკრაინის თემატიკაზე მხატვრულ ფილმებს და ასევე დოკუმენტურ ფილმებს, მათ შორის, „მარიუპოლი 2“-ს, რომელიც კანში იყო პრემირებული და რომლის რეჟისორიც ომში დაიღუპა.

ეს იქნება ძალიან საინტერესო სექცია, როგორც ზოგადად აუდიტორიისთვის, ისე აქ მცხოვრები უკრაინელებისთვის.

ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს და ის ისეთივე გამორჩეულია, როგორც წინა წლებში იყო. დაფინანსების პრობლემა შინაარსზე არ ასახულა, ეს შევძელით.

ბათუმში „ბასკოს“ შენობას ანგრევენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „ბასკოს“ შენობას ანგრევენ.

სასპორტო სკოლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება.

ამ შენობის დემონტაჟისთვის სამუშაოები 2022 წლის აპრილში დაიწყო.

აქვე მუშაობას განაგრძობს „ორბის“ ბეტონის ქარხანა, რასაც მოსახლეობა ხმაურის და მტვრის გამო მეხუთე წლია აპროტესტებს. ეს ქარხანა შრომის ინსპექციამ 2022 წლის 10 ივნისს გააჩერა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა ქარხანა ისევ ამუშავდა.

ყოფილი „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე / 4 სექტემბერი, 2022 წელი
ყოფილი „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე / 4 სექტემბერი, 2022 წელი
ყოფილი „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე / 4 სექტემბერი, 2022 წელი
ყოფილი „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე / 4 სექტემბერი, 2022 წელი

ამ თემაზე:

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

დაიწყო გამოძიება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მყისიერად დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.“

სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელ სასწავლო დაწესებულებაზეა საუბარი.

თუმცა 3 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ ბათუმში გახსნილ კერძო სკოლა „School Club Georgia-ს“ არ აქვს ავტორიზაცია, რომელსაც გასცემს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით კი, შესაბამის უწყებას მიმართა.

ბათუმში მოქმედი კერძო რუსული სკოლა „School club georgia-ს“ შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

 

მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღისით აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე, წვიმა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი; შესაძლებელია ელვა-ჭექა.

კვირას, 4 სექტემბერს, დღის ბოლოს, ზღვაზე მოსალოდნელია ასევე შტორმული 4-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 4 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 5 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე აჭარაში იქნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვაზე ხილვადობა 4-10 კმ; ტალღის სიმაღლე 13-18დმ [4ბალი];

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს, 6 და 7 სექტემბერს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 49 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 2 049 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 4 430 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 1 147 ერთეული [+13]
  • MLRS – 294 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 156 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 236 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 206 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 864 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 203 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 276 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 106 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 287 თვითმფრინავი
  • 151 ვერტმფრენი
  • 1 872 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 372 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 804 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 824 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 367 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 276 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]საშინელი სიმართლე ხერსონზე – რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპაციიდან გამოაღწია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი

„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს.

ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, ისევ არავინ აპირებს.

ზოგიერთი მოქალაქე სამუშაოების განახლებას ელის, ზოგიერთი კი, მიიჩნევს, რომ „ფულია შეჭმული“.

„ფული შეჭამეს, ფაქტია, ყარაულებსაც ხელფასი ვერ მისცეს და მუშებს კიდევ…  ჩემი სახლი ისევ ძალით დგას ფეხზე, ჩამონგრევის პირასაა მაგ ავტობანის გამო და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, კომპენსაციის საკითხი ისევ გაურკვეველია,“ – გვითხრა როინ დევაძემ.

სალიბაურში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს 2021 წელს. აქ მცხოვრები 13 ოჯახი აცხადებს, რომ სახლებს ბზარები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც იქ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ფაქტია, რომ საცხოვრებელი სახლების აივნებზე გადის ავტობანი.

მშენებარე ავტობანი სალიბაურში, სადაც მუშაობა შეჩერებულია / 3.09.2022

„ორი თვე იქნება, რაც წავიდნენ, ტექნიკაც წაიღეს და ყველაფერი, მაგრამ ალბათ სხვაგან მუშაობენ სადმე და დაბრუნებიან, ავტობანს ვინ გააჩერებს?“ – კითხულობს სალიბაურში მცხოვრები შოთა ბერიძე.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს. „ბათუმელები“ ამ კომპანიის დაცვის სამსახურში დასაქმებულ რუსლან ფუტკარაძეს ესაუბრა.

„მე მახვილაურის ტერიტორიაზე ვმუშაობ დაცვის სამსახურში,“ – გვითხრა რუსლან ფუტკარაძემ, – „მუშები ყველა დაითხოვეს სამსახურიდან, რამდენიმე ყარაული დაგვტოვეს მხოლოდ, მგონი ამასაც ამცირებენ… ხელფასს ვერ გვიხდიდნენ ორი თვე, მაგრამ გუშინ ჩაგვირიცხეს თანხის ნაწილი. დავალიანება 12 სექტემბერს უნდა დაგვიფარონ სრულად ,“ – აღშნიშნა რუსლან ფუტკარაძემ.

„ბათუმელებს“ კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა შეჩერებულია და ეს „ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება“, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს: რა სახის ფინანსური პრობლემების გამოა შეჩერებული უკვე ორი თვე ავტობანის მშენებლობა? ან როდის გაანხლდება სამუშაოები?

„მშენებლობა დროებით შეჩერებულია, ფინანსური პრობლემები შეექმნა კომპანიას, სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება, როდესაც აღმოიფხვრება ფინანსური პრობლემები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომან პატარიძემ.

„სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინაროებს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს გზების დეპარტამენტში, სადაც სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი, მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ბათუმის ავტობანის დასრულებას 2023 წლისთვის ვარაუდობენ.

ბათუმის ავტობანისთვის 329 მილიონ 630 ათას 734 ლარი დაიხარჯება.

ვრცლად ამ თემაზე:

როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი], მახინჯაურის მონაკვეთი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში.

რა ღირს თხილი დღეს და გაიზრდება თუ არა ფასი

თხილის კრეფის სეზონი სრულდება. მეთხილეები ამბობენ, რომ თხილის ფასი წელს განსაკუთრებით დაბალია. მაგალითად, ქობულეთში ახალ თხილს, ხარისხის მიხედვით, ფერმერები ერთ კილოგრამს, საშუალოდ, 2.5 – 4 ლარად აბარებენ.

„თუ გასულ წელს ევროპის ქვეყნებში კომპანიები გვიკვეთავდნენ 10 მანქანის დამზადებას, ახლა გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 მანქანა უნდათ… ჩემი გათვლებით, თხილის ფასი არ გაიზრდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, ის თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ ხელმძღვანელია და სენაკში იბარებს თხილს. ამ კომპანიას უკვე წლებია ევროპის ქვეყნებში გააქვს ქართული თხილი.

„ხარისხიან თხილს საშუალოდ 5 ლარად ვიბარებთ, დაბალხარისხიანი ორლარ-ნახევარიც ღირს, სამლარ-ნახევარი… გასულ წელს დაახლოებით 6 ლარი იყო კარგი თხილის ფასი. ფასი შემცირდა, მაგრამ ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი: ევროპის ქვეყნებშიც მოთხოვნა თხილზე შემცირდა და ქართულ თხილში 5 დოლარსაც კი, აღარ იხდიან.

მთავარი ფაქტორი ომია – ევროპელები დღეს აღარ იხდიან იმ თანხას თხილში და თხილისგან დამზადებულ პროდუქტებში, რასაც ომამდე იხდიდნენ,“ – თავისი ვერსია გაგვიზიარა თხილის ექსპორტიორმა ბადრი ლორჩოშვილმა, როცა მას ვკითხეთ: ძირითადად, რის გამო იაფდება თხილი საქართველოში?

ექსპორტიორის დაკვირვებით, თხილის გაიაფების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი თურქეთში თხილის ჭარბი მოსავალია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თხილის ძირითადი მიმწოდებელია.

„ნახეთ, როგორ არის: სულ სჭირდება მსოფლიოს დაახლოებით 900 ათასი ტონა თხილი, წელს კი, მხოლოდ თურქეთს აქვს 850 ათასი ტონა თხილის მოსავალი. მსოფლიოში წელს თხილის მოსავალი დაახლოებით მილიონ 200 ათასი ტონაა.  თურქეთში ქართული თხილი არ შედის, აკრძალულია. ევროპაში ბევრ კომპანიას კი, ისევ თურქეთში ურჩევნია თხილის შეძენა, რადგან მისი გამოსავლიანობა დაახლოებით 52 პროცენტია, ჩვენთან – 40 %.

ჩვენი თხილიც ხარისხიანია, აკმაყოფილებს ხარისხის ყველა სტანდარტს, რასაც ევროპის ქვეყნებში ითხოვენ, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნა შემცირდა,“ – გვითხრა ბადრი ლორჩოშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოში ფერმერები სათანადო აგროწესებით და რაოდენობით შეწამლავენ თხილის ბაღებს, ხარისხიან მოსავალს მიიღებენ და თხილის რეალიზებაც პრობლემა არ იქნება.

„ფაროსანაც იყო, შეწამვლითაც მასობრივად უნდა შეიწამლოს რამდენჯერმე, რომ ამას ეფექტი ჰქონდეს. თხილი უკვე გამხმარია ისეთი მზიანი ამინდია ყველგან, შესაბამისად, ეს ფასი აღარ გაიზრდება,“ – დასძინა ბადრი ლორჩოშვილმა „ბათუმელებთან“.

 

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვა მიიღო კომპანიამ მაშინ, როცა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.

„ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხვედლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში მიიღო გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა კომპანიამ უკვე მიიღო,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა,

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე აქ მხოლოდ „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობას იწყებს. თუმცა ეს „ჯებირი“, არსებული ესკიზების მიხედვით, სამომავლოდ, პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის შემადგენელი ნაწილი გახდება.

პროექტის მიხედვით, აქ ორი ნახევარკუნძული და ერთი კუნძული უნდა აშენდეს.

დღეს პროექტის პრეზენტაციაზე გამართული „მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაც“  იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია „ხელოვნური კუნძულის“ აშენებას „ჯებირის“ მშენებლობით იწყებს.

მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში – სქრინი TV „იმედის“ ლაივიდან

კონკრეტულად რაზეა გაცემული ნებართვა? – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 3 სექტემბერს, უთხრეს, რომ ამას სამუშაო დღეებში ანუ მომავალ ორშაბათს დაგვიზუსტებენ. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

ამ დრომდე ვერ დავუკავშირდით ასევე კომპანია „ამბასადორის“ იურისტს.

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე], „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ასეთი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო.

აგვისტოს დასაწყისში კი, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „ნაპირდამცავი სამუშაოები საინვესტიციო პროექტის [ხელოვნური კუნძულის“] დაწყების დაანონსება“ იყო.

„მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაშინ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა გოჩა კამკიამ.

„ხელოვნური კუნძულის“ პრეზენტაციას პრემიერი ღარიბაშვილიც დაესწრო. მან პროექტს უნიკალური უწოდა და თქვა: „ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტები“.

„მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში.

პრემიერის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება და 2 000 ადგილობრივი დასაქმდება.

ღარიბაშვილმა კომპანია „ამბასადორს“ მადლობა გადაუხადა „უნიკალური პროექტებისთვის“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში.

შეგახსენებთ: „ამბასადორმა“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო კიდეც ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად.

22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტიდან ამოიღეს ჩანაწერი „ამბასადორის“ მშენებარე ობიექტის შესახებ, როგორც „ბულვარისთვის შეუსაბამო“.

ამ თემაზე:

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

 

ჩაირთე სილქფესტი 3 და 4 სექტემბერს და ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებით მთელი თვე

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს, 3 და 4 სექტემბერს, შესაძლებლობა აქვთ მინიმალურ ფასად, მაქსიმალურად მეტი სერვისი ჩაირთონ.

კოდით *202#, ან აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან, მსურველი 30 დღით გაიაქტიურებს შემდეგ პირობებს:

  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
  • 25 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 16₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + 10 000 MB მობილური ინტერნეტი – 20₾

შეთავაზების შეძენას სილქნეტში ჩართული სხვა ნებისმიერი ნომრისთვისაც შეძლებთ. ასევე, არ ხართ შეზღუდული რამდენიმე პირობა ერთდროულად გაიაქტიუროთ.

ბათუმში ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა; შესაძლებელია ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი, 
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი,
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 5-6 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

 

ხულოში ხალხს წყალი განრიგითაც აღარ აქვს – რას ამბობენ „წყალკანალში“

„გუშინ დილის მერე წყალი არ გვაქვს, მაღაზიებშიც აღარაა წყალი, რომ ვიყიდოთ,“ – ამბობს დაბა ხულოში მცხოვრები მთვარისა კირთაძე.

„არც გაგვაფრთხილეს, ისე შეგვიწყვიტეს წყალი. დაახლოებით 1200 ადამიანი დაგვტოვეს უწყლოდ დაბაში, სოფელ განახლებასა და დეკანაშვილებში,“ – გვიყვება მთვარისა კირთაძე, – „ცხელ ხაზზე არავინ გვიპასუხა, ამ დილით დავურეკეთ ხულოს მერს, იქნება წყალიო, მოკლედ მხოლოდ ეს გვითხრა, ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დღეს საღამოს წყალი იქნება.

ამ დასახლებაში ზოგადად წყალი დაახლოებით დილის 9-ზე მოდის შუადღის პირველამდე და შემდეგ საღამოობით – ერთი საათით. ხშირად ამ განრიგითაც არ გვაქვს წყალი, ხან წვიმას იძახიან, მილი გაფუჭდაო, ხან დაზიანებააო და ასე შემდეგ. ამდენი წელი წყალი არ გვეღირსა ხულოში. რაც არის, ისიც სასმელად უვარგისია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მთვარისა კირთაძემ.

მთვარისა კირთაძე ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს, მისი თქმით, იქვე მეზობლად მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი ბადრი აბაშიძე, ვის კაფეშიც წყალი აქვთ.

„დღესაც გავიგონე მისი კაფიდან წყლის ხმა, ონკანი იყო ღიად დატოვებული… ჩვენ, სამეზობლოს, ამ წყლით სარგებლობის უფლება არ გვაქვს, კაფე ბადრი აბაშიძეს გაქირავებული აქვს.“ – დასძინა მთვარისა კირთაძემ.

ხულოში უწყლობის დროსაც რომ კაფეში სასმელი წყალი არის, ამას ადასტურებს ბადრი აბაშიძე, „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი, თუმცა, მისი თქმით, ეს წყაროს წყალია და ამას შეხება წყლის სისტემასთან არ აქვს.

„იქვე გამოდის წყარო, 8 – 10 წელია, ონკანიც დავაყენე, წნევა არ აქვს, რომ სახლში შევიყვანო… ვინც არ იცის, ის საუბრობს ასე. სინამდვილეში ხულოს ცენტრში, ეკლესიის ზემოთ, მეჩეთის გვერდით არის ცენტრალური რეზერვუარი, ის რეზერვუარი ახლა ცარიელია, საერთოდ არ შედის წყალი. იქ თუ წყალი საერთოდ არ შევიდა, ჩემთან საიდან იქნება წყალი?“ – უთხრა ბადრი აბაშიძემ „ბათუმელებს“.

ბადრი აბაშიძის განმარტებით, უწყლობა წყლის სისტემის დაზიანებამ გამოიწვია, რასაც დაემატა გვალვა და წყლის დაშრობა.

„საუკუნოვანი წყაროები დაშრა, ხვალ წვიმასაც ველით… 2 სათავე ნაგებობაზეც დაშრა წყალი, მესამე დატვირთული იყო და იქ მოხდა დაზიანება, ღამე ვერც ვიმუშავეთ, ტყეა, ნადირია, მიმდინარეობს ახლა აღდგენა და დღეს საღამოდან მოსახლეობას ექნება წყალი,“ – ამბობს ბადრი აბაშიძე.

 

მთავარი ფოტო: დაბა ხულო/ხულოს მერიის ფოტო

აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 2 პირი დააკავეს, 1 პირი კი ამხილეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია ნ.ტ.-ის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად:

„სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.

ამავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.“

რუს მეთაურებს ამ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ – ბრიტანეთის დაზვერვა

იმ პირობებში, როდესაც სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება, დონბასსა და ხარკოვში კი ბრძოლები არ წყდება, რუსეთის არმიის მეთაურებს, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: საით გადაისროლონ ის სარეზერვო ძალები, რომელთა მობილიზებაც მოახერხეს – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის ფრონტზე შექმნილ ვითარებას.

3 სექტემბრის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ სამხრეთში უკრაინელთა ოპერაციის ერთ-ერთი ელემენტია მდინარე დნეპრის დასავლეთით, ფართო ფრონტზე განგრძობითი შეტევა, რომელიც ხერსონის ოლქში სამ მიმართულებაზეა ფოკუსირებული.

„ოპერაციას დაუყოვნებლივი მიზნები არ აქვს, თუმცა უკრაინის ძალებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის არმიის ცუდი ლოგისტიკა და მართვა და კონკრეტულ ტაქტიკურ მოულოდნელობას მიაღწიეს,“ – წერს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. უწყების გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის სამხედრო წვრთნები, „ვოსტოკი 2022“, რომელიც რუსეთმა, უკრაინაში ომის მიუხედავად, პირველ სექტემბერს დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, წვრთნებში, სავარაუდოდ, მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს და ეს ღონისძიება, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 49 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 034 ერთეული [+25]
  • ჯავშანტექნიკა – 4 403 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 1 134 ერთეული [+8]
  • MLRS – 293 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 235 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 205 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 864 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 203 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 268 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 105 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 286 თვითმფრინავი
  • 151 ვერტმფრენი
  • 1 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 372 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 824 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 366 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 250 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]საშინელი სიმართლე ხერსონზე – რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპაციიდან გამოაღწია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პრობლემაა პარტიზანული მოქმედებების გაშლა, როცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად განადგურებულია ან შეშინებული,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინა ამ ეტაპზე ახერხებს რუსებს „ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს“, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი საშუალება, „გამანადგურებელი დარტყმების“ ეტაპზე გადავიდეს.

სამხედრო ექსპერტის აზრით, ახლა სამხედრო დაპირისპირებაში გადამწყვეტი ეფექტი დასავლეთის პოლიტიკურ მიდგომას ექნება, კონკრეტულად კი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას და იმას, თუ რა ფასის გადახდაზეა თანახმა დასავლეთი.

„რა სურს ევროპას, რომ ბოლომდე დამარცხდეს რუსეთი და დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, თუ მხოლოდ მისი შეჩერება მოხერხდეს? ან იქნებ ფინეთის მსგავსად მოხდეს, რომელმაც კარელია დაკარგა, მაგრამ ქვეყანა გადარჩა?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი და შემდეგ დასძენს: „რუსეთი თუ მოძლიერდა, მისი მიზანი არის ისევ ხარკოვის აღება, დნესტრისპირეთში გასვლა… ის, რა თქმა უნდა, დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა შეიცვალა ბოლო დღეებში სამხრეთის მიმართულებაზე? თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: ელით გარდამტეხ მომენტს?

არ ველი, რადგან არაფერი არ შეცვლილა მნიშვნელოვნად.

უკრაინელების მხრიდან იყო პოზიციების გარკვეული გაუმჯობესება, უკრაინელებმა საბრძოლო უზრუნველყოფის ზონა გარკვეულ ადგილებში გაარღვიეს, მაგრამ არა რუსების  მთავარი თავდაცვითი ხაზი. ამჟამად სოლისებურად შეჭრილი უკრაინელები არიან შეჩერებულები და მიმდინარეობს მათზე საცეცხლე ზემოქმედება. არ არის დიდი, ოპერატიული ცვლილებები, მხოლოდ ტაქტიკური დონის ცვლილებებია.

  • მაგრამ „ლენდ ლიზი“ დაიწყო. თქვენი ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობიდან პროცენტულად რა რაოდენობა აქვს ამ ეტაპზე უკრაინას? 

ვერ გეტყვით ზუსტად, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება შეტევითი საშუალებები. ეს ეხება შესაბამის ჯავშანტექნიკას, საჰაერო და საცეცხლე მხარდაჭერას. უკრაინას ასევე სჭირდება დასვენებული დარტყმითი დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება დასავლეთიდან მიწოდებული თანამედროვე სისტემებით. „რამშტეინ 5“ იწყება, სადაც იქნება დახურული და ინდივიდუალური შეხვედრები, რაც გაზრდის აღჭურვილობის მიწოდებას, თუმცა არ მგონია, რომ იქნება ორგანიზებული მასიურად იარაღის მიწოდება… უკრაინას ჯერ სჭირდება ამ აღჭურვილობის დაგროვება და მათი ადაპტირება, იგივე 300 კილომეტრ მანძილზე დარტყმითი საშუალებები „ჰაიმარსებზე“ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ღია სტეპებზე შეტევისთვის ვერ გახვალ შესაბამისი ჯავშანტექნიკის გარეშე.

უახლოეს მომავალში მე ვერ ვხედავავ პირობას, რომ უკრაინამ შეძლოს კონტრდარტყმა, ან ოპერატიული დონის შეტევა. წინა ინტერვიუებში თქვენთან ვამბობდი, რომ აგვისტოს ბოლოს გამოჩნდებოდა გარკვეული ნიშნები, რას შეძლებდა უკრაინა. გამოჩნდა, რომ უკრაინელებმა შეძლეს რუსების მასიური შეტევების მოგერიება, რუსები ვეღარ ახერხებენ წინ წაწევას, ტემპი დაუვარდათ, თუმცა, თავის მხრივ, უკრაინელებიც ამ ეტაპზე არ არიან მზად კონტრდარტყმისთვის.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით „რუსეთის ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი შენაერთის სიმტკიცე გახდება მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად გაუძლებს რუსეთის დაცვა უკრაინელთა კონტრშეტევას“. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი? 

ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილ დანაყოფს, მაგრამ რუსებს ჯერ კიდევ დარჩათ გამოცდილი, ბრძოლისუნარიანია დანაყოფები თავდაცვაში ყოფნისთვის.

ამასთან, რუსებმა დაიწყეს „მესამე კორპუსის“ ჩამოყალიბება, რომელსაც მიმართავს ყირიმის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს იქნება 15 ათასი კაცი, 200 ტანკი, 400 BMP ჯავშანტექნიკა, თუმცა ბოლომდე არაა დაკომპლექტებული. ესეც იქნება დამატებითი ძალა.

  • შოიგუს ჩამოშორების შემდეგ რა შეიცვალა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში? რა გადაჯგუფებებია სამხედრო კლანებს შორის და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ომზე?

არ ვიცი, რა ხდება შიდა სამზარეულოში: უკრაინა რასაც ამბობს, ეს გასაფილტრია, რუსები კი, არაფერს იძახიან, თითქოს არც არაფერი ხდება, არადა, შოიგუ მთლიანად ჩამოშორებულია სამხედრო საქმიანობას. ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება კარგად შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე. ასევე, არსად ჩანან დვორნიკოვი და გერასიმოვი. გაუგებარია საერთოდ, ვინ მართავს ოპერაციას, სად არიან ესენი. არც „ახალი ცოცხის პრინციპი“ ჩანს.

  • სამხედრო დანაკარგების გავლენა როგორია რუსეთზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 სექტემბრის მონაცემებით, რუსებმა დაკარგეს: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 700 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში კი, დამატებით 350 ადამიანი, ხოლო ტანკი – 2 009 ერთეული.  

მე უფრო დავეყრდნობოდი ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებს. ჩემი ინფორმაციით, ადამიანური დანაკარგები რუსეთს აქვს სადღაც 15 ათასიდან 20 ათასამდე კაცი, ამას უნდა დავუმატოთ დაახლოებით დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე დაჭრილი და ჯამში გამოდის სადღაც 60000 – 80000 კაცი . ეს მცირე დანაკარგი ნამდვილად არ არის 6 თვე ომისთვის….

ტექნიკის დანაკარგებიც რთულად აღსარიცხია, მაგრამ, ცხადია, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს. უკრაიანასაც აქვს ეს დანაკრგები, მაგრამ უკრაინა ახერხებს მის შევსებას დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკით. რუსებს მხოლოდ რაოდენობრივად შეუძლიათ ტექნიკური დანაკარგების აღდგენა, რაც ძალიან არასაკმარისია.

  • სუსტია, თუ კრიტიკული? რუსული საგამოძიებო პროექტ The Insider-ის ჟურნალისტების დასკვნაში წერია, რომ: „რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება, განსაკუთრებით კი, საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის კუთხით.“

თვალსაჩინოა ის, რომ რუსებს მკვეთრად შეუმცირდათ მაღალი სიზუსტის სისტემები, ეს ჩანს აშკარად. რაოდენობრივად არა მგონია, რომ კრიტიკული იყოს მდგომარეობა, რადგან საბჭოთა კავშირიდან აქვთ შემორჩენილი შეიარაღების წინა თაობების სისტემები, რომლითაც ისევ შეძლებენ მასირებული დარტყმების განხორციელებას.

  • რეფერენდუმს დიდი ალბათობით პუტინი 11 სექტემბერს ჩაატარებს. შეძლებენ ამას იმის გათვალისწინებით, რომ პარტიზანები საკმაოდ გააქტიურდნენ და რუსების მხარეს გადასულ ადგილობრივებსაც სასტიკად უსწორდებიან?

რეფერენდუმის ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ჩაატარებენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ფარსი და ეს რომ ვერ ჩაატარონ, ბევრი რამის მაჩვენებელი იქნება.

  • უკრაინას ისტორიულად ერთგვარი „კულტურაც“ კი აქვს პარტიზანული მოძრაობის. ამ ომში რამდენად ჩანს მათი მოქმედება, თუ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ რუსეთს შეუძლია ამ მხრივ მშვიდად იყოს?

მშვიდად ვერ იქნება ნამდვილად, მაგრამ არ არის ის სიღრმე ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ფართოდ გაიშალოს პარტიზანული მოქმედებები.

მეორე ფაქტორია ის, რომ ლუგანსკსა და დონეცკში, სადაც 2014 წლიდან მიმდინარეობს დაპირისპირება, უკრაინის მხარდამჭერი მოსახლეობა ფაქტობრივად აღარ არის: ისინი გაასახლეს, გამოყარეს, გაანადგურეს, გაიყვანეს… ხერსონის მიმართულებით კი, ეს შესაძლებელია და მიმდინარეობს კიდეც. არ ვიცი, ეს პარტიზანული მოქმედებაა თუ სპეცოპერაცია, თუმცა ეს ორი მოქმედება ერთმანეთს არ გამორიცხავს და უფრო ავსებს, თუმცა ჯერჯერობით ამას არ აქვს ისეთი გავლენა – გარდამტეხი.

  • ჟურნალისტმა კონსტანტინ რიჟენკომ ოკუპირებულ ხერსონში ნახევარი წელი მიმალვაში გაატარა, მან ხერსონიდან გამოაღწია, ახლა კიევშია და ამბობს: „თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, რაღაც მომენტში ჩვენ გავათავისუფლებთ ხერსონს, მაგრამ შეგვრჩება სრულიად გაძარცვული ქალაქი. დანგრეული კი არ იქნება, არამედ ეს იქნება გაძარცვული ქალაქი გაღატაკებული და ფსიქოლოგიურად განადგურებული მოსახლეობით.“ რა სახის სირთულეს ქმნის მოსახლეობის ეს განწყობა უკრაინისთვის იგივე პარტიზანული მიმართულებით? 

პრობლემაა პარტიზანული მოქმედებების გაშლა, როცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად განადგურებულია ან შეშინებული…

არ არის აუცილებელი, პარტიზანული მოქმედებების დროს მთელი მოსახლეობა გიჭერდეს მხარს, მაგრამ მოსახლეობა მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური, რაც ხელს უწყობს პარტიზანული მოქმედებების განვითარებას. გარედან პარტიზანების ან უკრაინული სპეცჯგუფების მოქმედებებისადმი მიუღებლობა  მოსახლეობისგან არ ჩანს და ვინც იქ იყო, ცხადია, დეტალები მან ჩემზე უკეთ იცის.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი ელის ზამთარს, ენერგოდამოკიდებულების გავლენით ევროპა რომ დაიყოლიოს დათმობაზე. უკრაინას რა გათვლა აქვს ამ გადასახედიდან?

უკრაინა ცდილობს, დაზამთრებამდე მოასწროს ხერსონის მიმართულებით აქტივობა და მოლაპარაკებები დაიწყოს, რომ მოგებული პოზიციით შევიდეს ამ მოლაპარაკებაზე. ეს ზამთარი ძალიან მძიმე იქნება უკრაინელებისთვის, რადგან ომს დაემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. რუსეთი ზუსტად ამას ეცდება, რომ „ომით გადაღლის“ მასშტაბი გაზარდოს, რომ შემდეგ უკრაინის მოსახლეობამ აიძულოს ხელისუფლება, დათმობაზე წაიყვანოს.

რამდენად წარმატებული იქნება „ომის გადაღლის“ მეთოდის გამოყენება, ეს დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე – რამდენად შეინარჩუნებს მოსახლეობის მოტივაციას.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსებს აქვთ დაკავებული ტერიტორიების დაცვის რესურსი, ასევე მასირებული საცეცხლე დარტმის საშუალება: ისინი განაგრძობენ საცეცხლე დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალაქებზე… უკრაინა კი, ახერხებს რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და ძალა მოიკრიბოს, მუდმივად მცირე „ჩხვლეტების“ ქვეშ ამყოფოს, მაგრამ უკრაინას სჭირდება სხვა საშუალებები, რომ კონტრდარტყმა შეძლოს.

  • რა გამოდის: რატომ არ აწვდიან დასავლეთიდან უკრაინას საჭირო რაოდენობის აღჭურვილობას დროულად? 

ეს დამოკიდებულია დროსთან, რა ფორმით ხდება მიწოდება, ასევე აღჭურვილობასთან მომუშავე პერსონალის მომზადებასთან, სამხედრო ტექნიკის ადაპტირებასთან…

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აწვდის იარაღს უკრაინას, აქვს თავდაცვისუნარიანობის მინიმალური დონე, რომლის იქეთაც ვერ მისცემს ტექნიკას უკრაინას. ასევე, უცებ ვერ ამუშავდებოდა სამხედრო მრეწველობა, როცა ამდენი წელი არაფერი ხდებოდა და ნატოს ქვეყნებმა დაიწყეს პირიქით, ჯარების და ტექნიკის შემცირება. სამხედრო მრეწველობამ უნდა შეძლოს, მასობრივად აწარმოოს ახალი იარაღი, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საწყობებში არსებული ტექნიკა მისცენ უკრაინას.

  • რა დრო დასჭირდება ამას? 

არ ვიცი, გააჩნია მიწოდების მასშტაბს, თუ გაიზრდება მასშტაბი, უფრო ჩქარა მოხდება მიწოდება…

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: ევროპისთვის რა ჩაითვლება უკრაინის წარმატებად და რა ფასის გადასახდელად არის მზად ევროპა? რა სურს ევროპას, რომ ბოლომდე დამარცხდეს რუსეთი და დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, თუ მხოლოდ მისი შეჩერება მოხერხდეს? ან იქნებ ფინეთის მსგავსი შემთხვევა იქნება წარმატება, როცა ფინეთმა კარელია დაკარგა, მაგრამ ქვეყანა გადარჩა?

  • თქვენი დაკვირვებით, რა ფასის გადასახდელად არის მზად დასავლეთი ამ ომში? 

არ ჩანს, რომ ევროპას რუსეთის საბოლოო განადგურება უნდოდეს.

ვფიქრობ, უფრო მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინამ რუსეთის შეჩერება შეძლოს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, მაგალითად, ხერსონი და ზაპოროჟიე დაიბრუნოს და შესაძლოა 2014 წლის საზღვრებამდეც გავიდეს. ეს იქნება მართლაც დიდი წარმატება უკრაინისთვის და ევროპა იქნება თანახმა, დაიწყოს მოლაპარაკებები.

  • რუსეთის სამიზნეა ამ ეტაპზე მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა? 

რუსეთი თუ მოძლიერდა, მისი მიზანი რჩება ისევ ხარკოვის აღება, დონბასის დაკავება, დნესტრისპირეთში გასვლა, თუმცა მას ახლა დროის მოგება სჭირდება ყველაზე მეტად, რომ ძალების გადაჯგუფება და აკუმულირება შეძლოს. ის, რა თქმა უნდა, დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. უკრაინას კი ჯერ კიდევ არ აქვს ის ძალები, რომ გამანადგურებელ დარტყმებზე გადავიდეს.

Exit mobile version