მთავარი,სიახლეები

გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა

29.08.2022 • 1337
გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა

ბათუმში, ზღვისპირას, ბულვართან ახლოს, „ბეტონის ქარხანა“ ისევ მუშაობს. კომპანია „ორბის“ ბეტონის ქარხნის მუშაობას განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაურისა და მტვრის გამო მოსახლეობა 5 წელია უშედეგოდ აპროტესტებს. ეს ქარხანა შრომის ინსპექციამ 2022 წლის 10 ივნისს გააჩერა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

„დარღვევების გამოსწორების შედეგად სუბიექტს მიეცა სამუშაოების განახლების უფლება,“ – გვიპასუხეს შრომის ინსპექციაში, საიდანაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ: რის გამო შეაჩერეს ბეტონის ქარხნის მუშაობა, რა დარღვევა დაფიქსირდა და რა გამოსწორდა 10 ივნისიდან დღემდე?

აღმოჩნდა, რომ შრომის ინსპექცია „ბეტონის ქარხნით“ დაინტერესდა მხოლოდ 9 მარტს, როცა ინსპექციისავე ინფორმაციით, ქარხანაში „უბედური შემთხვევა“ დაფიქსირდა, ხოლო მეორედ ინსპექციამ ბეტონის ქარხანა 10 ივნისს დახურა. 9 ივნისს კი, „ბათუმელები“ წერდა: „თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

შრომის ინსპექცია ორჯერ შევიდა „ბეტონის ქარხანაში“ და ორივეჯერ დაადასტურა, რომ ქარხანა დასახურია. დღეს კი, ინსპექცია მიიჩნევს, რომ აქ „დარღვევები გამოსწორდა“.

ფაქტია, რომ შუაგულ ქალაქში მუშაობს ბეტონის ქარხანა, რომელიც ბათუმის მერიის შეფასებითაც კი, უკანონოა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო და საჯარო ყველა უწყება იუწყება, რომ შესაბამისად რეაგირებს, გავლენიანი ბიზნესისთვის არაფერი იცვლება: მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ ქარხანა უკანონოა, მაგრამ 2019 წელს სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ დრომდე არ განუხილავთ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში ვერც დღეს გვითხრეს, როდის მოიცლის ბეტონის ქარხნისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე – 2023 წელს „ორბი“ ბეტონის ქარხანას ისედაც დაშლის – აქ მშენებლობას ასრულებს. ივნისის დასაწყისში, როცა „ბათუმელები“ ამ თემაზე მუშაობდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ მოსამზადებელი სხდომა 7 ივნისს ჩაინიშნა, თუმცა ის გადაიდო. მორიგი სხდომის თარიღი კი, ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური დოკუმენტებით, რაც შრომის ინსპექციამ საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა „ბათუმელებს“, ირკვევა, რომ  10 ივნისის ინსპექტირების შედეგად დადგინდა „კრიტიკული შეუსაბამობები“:

„…ობიექტზე მიმდინარეობდა ბეტონის წარმოება და შენობის სადემონტაჟო სამუშაოები. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, დასაქმებული ფილტრის შეცვლის სამუშაოებს ახორციელებდა სიმაღლეზე [დაახლოებით 20 მეტრი] უსაფრთხოების ღვედის გამოყენების გარეშე, ასევე კონვეირის ლენტის გვერდით სამოძრაო კიდეზე არ არის დამონტაჟებული მოაჯირები…. კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მიმდინარე სამუშაოების წარმოების თაობაზე რისკების შეფასების დოკუმენტი, ობიექტზე არ არის იდენტიფიცირებული  საფრთხეები და რისკები, მოედანი არ არის სრულად შემოღობილი. არ არის დამონტაჟებული სტანდარტის შესაბამისი მოაჯირები, ღიობები… არ არის მოწყობილი უსაფრთხოების ბადე,“ – ვკითხულობთ შრომის ინსპექციის მიერ 10 ივნისს გამოცემულ სამართალდარღვევის ოქმში.

შრომის ინსპექცია ასევე მიუთითებს სამართლებრივ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც 2 კალენდარული წლის განმავლობაში „კრიტიკული შეუსაბამობის განმეორებით დაფიქსირებისთვის“ ობიექტი დააჯარიმეს 50 ათასი ლარით.

შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ინსპექციამ „ორბის“ ბეტონის ქარხანა 9 მარტს შეამოწმა „ბეტონის საამქროში მომხდარი უბედური შემთხვევის  მოკვლევისა და ინსპექტირების მიზნით“. თუმცა ინსპექციაში არ დაგვიკონკრეტეს, რა უბედური შემთხვევის გამო შევიდა ბეტონის საწარმოში ინსპექცია, ან რატომ არ დაინტერესდა ამ ქარხნით ინსპექცია წინა წლებში, როცა მოსახლეობა პროტესტს გამოხატავდა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვდა.

9 მარტის ინსპექტირების შედეგადაც შრომის ინსპექციამ ბეტონის ქარხნის მუშაობა ასევე შეაჩერა „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის“ დარღვევის გამო. სამართალდარღვევის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ოქმის გაფორმების დროს „ობიექტზე დირექტორი არ იმყოფებოდა“ და ინსპექციის წარმომადგენელს 112-ზე დაურეკავს, ოქმის ჩაბარებას ვერ ვახერხებთო.

კომპანია „ორბის“ პრესცენტრში, ასევე, კომპანიის მთავარმა იურისტმა დღეს, 29 აგვისტოს, „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხეს.

მთავარი ფოტო: მტვერი ბეტონის ქარხნიდან, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: