სიახლეები

„ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში

31.12.2021 • 1748
„ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში

„ბურღი არ დავინახო ჩართული, პრობლემებს შეგიქმნით,“ –  დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ბურღვის გამო, სახლები დაებზარათ. მათი ინფორმაციით, დაბზარულია 5 კორპუსის კედლები, რაც 130 ბინას აერთიანებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მერიის წარმომადგენლებისგან არაერთი დაპირება მოისმინეს, რომ პრობლემით დაინტერესდებიან, თუმცა უშედეგოდ.  მათივე ინფორმაციით, მერიამ ამ დასახლებიდან ნაქირავებ ბინაში გადაიყვანა  მხოლოდ რვა ოჯახი, თუმცა განუსაზღვრელი ვადით ნაქირავებ ბინაში ცხოვრება არც მათ არ სურთ.

„არ გვინდა ნაქირავები ბინა, თუ ეს სახლები გამაგრებას არ ექვემდებარება, დაგვაკმაყოფილონ,“ – აცხადებს მოსახლეობა.

მოსახლეობის პროტესტის ფონზე შეჩერებული სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ დღეს, 31 დეკემბერს, განაახლა.

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა 2022 წლის ბოლომდე გადაიწია.  გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 80 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში 55 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ჯამში 429 მილიონ 740 ათასი ლარი დაიხარჯება [აქედან, 2019 წელს დაიხარჯა 241 მილიონ 740 ათასი ლარი, 2020 წელს კი – 53 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს]. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება.

გადაბეჭდვის წესი