მთავარი,სიახლეები

„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

02.09.2022 • 9059
„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პრობლემაა პარტიზანული მოქმედებების გაშლა, როცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად განადგურებულია ან შეშინებული,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინა ამ ეტაპზე ახერხებს რუსებს „ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს“, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი საშუალება, „გამანადგურებელი დარტყმების“ ეტაპზე გადავიდეს.

სამხედრო ექსპერტის აზრით, ახლა სამხედრო დაპირისპირებაში გადამწყვეტი ეფექტი დასავლეთის პოლიტიკურ მიდგომას ექნება, კონკრეტულად კი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას და იმას, თუ რა ფასის გადახდაზეა თანახმა დასავლეთი.

„რა სურს ევროპას, რომ ბოლომდე დამარცხდეს რუსეთი და დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, თუ მხოლოდ მისი შეჩერება მოხერხდეს? ან იქნებ ფინეთის მსგავსად მოხდეს, რომელმაც კარელია დაკარგა, მაგრამ ქვეყანა გადარჩა?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი და შემდეგ დასძენს: „რუსეთი თუ მოძლიერდა, მისი მიზანი არის ისევ ხარკოვის აღება, დნესტრისპირეთში გასვლა… ის, რა თქმა უნდა, დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა შეიცვალა ბოლო დღეებში სამხრეთის მიმართულებაზე? თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: ელით გარდამტეხ მომენტს?

არ ველი, რადგან არაფერი არ შეცვლილა მნიშვნელოვნად.

უკრაინელების მხრიდან იყო პოზიციების გარკვეული გაუმჯობესება, უკრაინელებმა საბრძოლო უზრუნველყოფის ზონა გარკვეულ ადგილებში გაარღვიეს, მაგრამ არა რუსების  მთავარი თავდაცვითი ხაზი. ამჟამად სოლისებურად შეჭრილი უკრაინელები არიან შეჩერებულები და მიმდინარეობს მათზე საცეცხლე ზემოქმედება. არ არის დიდი, ოპერატიული ცვლილებები, მხოლოდ ტაქტიკური დონის ცვლილებებია.

  • მაგრამ „ლენდ ლიზი“ დაიწყო. თქვენი ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობიდან პროცენტულად რა რაოდენობა აქვს ამ ეტაპზე უკრაინას? 

ვერ გეტყვით ზუსტად, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება შეტევითი საშუალებები. ეს ეხება შესაბამის ჯავშანტექნიკას, საჰაერო და საცეცხლე მხარდაჭერას. უკრაინას ასევე სჭირდება დასვენებული დარტყმითი დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება დასავლეთიდან მიწოდებული თანამედროვე სისტემებით. „რამშტეინ 5“ იწყება, სადაც იქნება დახურული და ინდივიდუალური შეხვედრები, რაც გაზრდის აღჭურვილობის მიწოდებას, თუმცა არ მგონია, რომ იქნება ორგანიზებული მასიურად იარაღის მიწოდება… უკრაინას ჯერ სჭირდება ამ აღჭურვილობის დაგროვება და მათი ადაპტირება, იგივე 300 კილომეტრ მანძილზე დარტყმითი საშუალებები „ჰაიმარსებზე“ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ღია სტეპებზე შეტევისთვის ვერ გახვალ შესაბამისი ჯავშანტექნიკის გარეშე.

უახლოეს მომავალში მე ვერ ვხედავავ პირობას, რომ უკრაინამ შეძლოს კონტრდარტყმა, ან ოპერატიული დონის შეტევა. წინა ინტერვიუებში თქვენთან ვამბობდი, რომ აგვისტოს ბოლოს გამოჩნდებოდა გარკვეული ნიშნები, რას შეძლებდა უკრაინა. გამოჩნდა, რომ უკრაინელებმა შეძლეს რუსების მასიური შეტევების მოგერიება, რუსები ვეღარ ახერხებენ წინ წაწევას, ტემპი დაუვარდათ, თუმცა, თავის მხრივ, უკრაინელებიც ამ ეტაპზე არ არიან მზად კონტრდარტყმისთვის.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით „რუსეთის ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი შენაერთის სიმტკიცე გახდება მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად გაუძლებს რუსეთის დაცვა უკრაინელთა კონტრშეტევას“. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი? 

ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილ დანაყოფს, მაგრამ რუსებს ჯერ კიდევ დარჩათ გამოცდილი, ბრძოლისუნარიანია დანაყოფები თავდაცვაში ყოფნისთვის.

ამასთან, რუსებმა დაიწყეს „მესამე კორპუსის“ ჩამოყალიბება, რომელსაც მიმართავს ყირიმის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს იქნება 15 ათასი კაცი, 200 ტანკი, 400 BMP ჯავშანტექნიკა, თუმცა ბოლომდე არაა დაკომპლექტებული. ესეც იქნება დამატებითი ძალა.

  • შოიგუს ჩამოშორების შემდეგ რა შეიცვალა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში? რა გადაჯგუფებებია სამხედრო კლანებს შორის და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ომზე?

არ ვიცი, რა ხდება შიდა სამზარეულოში: უკრაინა რასაც ამბობს, ეს გასაფილტრია, რუსები კი, არაფერს იძახიან, თითქოს არც არაფერი ხდება, არადა, შოიგუ მთლიანად ჩამოშორებულია სამხედრო საქმიანობას. ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება კარგად შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე. ასევე, არსად ჩანან დვორნიკოვი და გერასიმოვი. გაუგებარია საერთოდ, ვინ მართავს ოპერაციას, სად არიან ესენი. არც „ახალი ცოცხის პრინციპი“ ჩანს.

  • სამხედრო დანაკარგების გავლენა როგორია რუსეთზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 სექტემბრის მონაცემებით, რუსებმა დაკარგეს: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 700 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში კი, დამატებით 350 ადამიანი, ხოლო ტანკი – 2 009 ერთეული.  

მე უფრო დავეყრდნობოდი ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებს. ჩემი ინფორმაციით, ადამიანური დანაკარგები რუსეთს აქვს სადღაც 15 ათასიდან 20 ათასამდე კაცი, ამას უნდა დავუმატოთ დაახლოებით დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე დაჭრილი და ჯამში გამოდის სადღაც 60000 – 80000 კაცი . ეს მცირე დანაკარგი ნამდვილად არ არის 6 თვე ომისთვის….

ტექნიკის დანაკარგებიც რთულად აღსარიცხია, მაგრამ, ცხადია, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს. უკრაიანასაც აქვს ეს დანაკრგები, მაგრამ უკრაინა ახერხებს მის შევსებას დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკით. რუსებს მხოლოდ რაოდენობრივად შეუძლიათ ტექნიკური დანაკარგების აღდგენა, რაც ძალიან არასაკმარისია.

  • სუსტია, თუ კრიტიკული? რუსული საგამოძიებო პროექტ The Insider-ის ჟურნალისტების დასკვნაში წერია, რომ: „რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება, განსაკუთრებით კი, საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის კუთხით.“

თვალსაჩინოა ის, რომ რუსებს მკვეთრად შეუმცირდათ მაღალი სიზუსტის სისტემები, ეს ჩანს აშკარად. რაოდენობრივად არა მგონია, რომ კრიტიკული იყოს მდგომარეობა, რადგან საბჭოთა კავშირიდან აქვთ შემორჩენილი შეიარაღების წინა თაობების სისტემები, რომლითაც ისევ შეძლებენ მასირებული დარტყმების განხორციელებას.

  • რეფერენდუმს დიდი ალბათობით პუტინი 11 სექტემბერს ჩაატარებს. შეძლებენ ამას იმის გათვალისწინებით, რომ პარტიზანები საკმაოდ გააქტიურდნენ და რუსების მხარეს გადასულ ადგილობრივებსაც სასტიკად უსწორდებიან?

რეფერენდუმის ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ჩაატარებენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ფარსი და ეს რომ ვერ ჩაატარონ, ბევრი რამის მაჩვენებელი იქნება.

  • უკრაინას ისტორიულად ერთგვარი „კულტურაც“ კი აქვს პარტიზანული მოძრაობის. ამ ომში რამდენად ჩანს მათი მოქმედება, თუ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ რუსეთს შეუძლია ამ მხრივ მშვიდად იყოს?

მშვიდად ვერ იქნება ნამდვილად, მაგრამ არ არის ის სიღრმე ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ფართოდ გაიშალოს პარტიზანული მოქმედებები.

მეორე ფაქტორია ის, რომ ლუგანსკსა და დონეცკში, სადაც 2014 წლიდან მიმდინარეობს დაპირისპირება, უკრაინის მხარდამჭერი მოსახლეობა ფაქტობრივად აღარ არის: ისინი გაასახლეს, გამოყარეს, გაანადგურეს, გაიყვანეს… ხერსონის მიმართულებით კი, ეს შესაძლებელია და მიმდინარეობს კიდეც. არ ვიცი, ეს პარტიზანული მოქმედებაა თუ სპეცოპერაცია, თუმცა ეს ორი მოქმედება ერთმანეთს არ გამორიცხავს და უფრო ავსებს, თუმცა ჯერჯერობით ამას არ აქვს ისეთი გავლენა – გარდამტეხი.

  • ჟურნალისტმა კონსტანტინ რიჟენკომ ოკუპირებულ ხერსონში ნახევარი წელი მიმალვაში გაატარა, მან ხერსონიდან გამოაღწია, ახლა კიევშია და ამბობს: „თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, რაღაც მომენტში ჩვენ გავათავისუფლებთ ხერსონს, მაგრამ შეგვრჩება სრულიად გაძარცვული ქალაქი. დანგრეული კი არ იქნება, არამედ ეს იქნება გაძარცვული ქალაქი გაღატაკებული და ფსიქოლოგიურად განადგურებული მოსახლეობით.“ რა სახის სირთულეს ქმნის მოსახლეობის ეს განწყობა უკრაინისთვის იგივე პარტიზანული მიმართულებით? 

პრობლემაა პარტიზანული მოქმედებების გაშლა, როცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად განადგურებულია ან შეშინებული…

არ არის აუცილებელი, პარტიზანული მოქმედებების დროს მთელი მოსახლეობა გიჭერდეს მხარს, მაგრამ მოსახლეობა მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური, რაც ხელს უწყობს პარტიზანული მოქმედებების განვითარებას. გარედან პარტიზანების ან უკრაინული სპეცჯგუფების მოქმედებებისადმი მიუღებლობა  მოსახლეობისგან არ ჩანს და ვინც იქ იყო, ცხადია, დეტალები მან ჩემზე უკეთ იცის.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი ელის ზამთარს, ენერგოდამოკიდებულების გავლენით ევროპა რომ დაიყოლიოს დათმობაზე. უკრაინას რა გათვლა აქვს ამ გადასახედიდან?

უკრაინა ცდილობს, დაზამთრებამდე მოასწროს ხერსონის მიმართულებით აქტივობა და მოლაპარაკებები დაიწყოს, რომ მოგებული პოზიციით შევიდეს ამ მოლაპარაკებაზე. ეს ზამთარი ძალიან მძიმე იქნება უკრაინელებისთვის, რადგან ომს დაემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. რუსეთი ზუსტად ამას ეცდება, რომ „ომით გადაღლის“ მასშტაბი გაზარდოს, რომ შემდეგ უკრაინის მოსახლეობამ აიძულოს ხელისუფლება, დათმობაზე წაიყვანოს.

რამდენად წარმატებული იქნება „ომის გადაღლის“ მეთოდის გამოყენება, ეს დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე – რამდენად შეინარჩუნებს მოსახლეობის მოტივაციას.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსებს აქვთ დაკავებული ტერიტორიების დაცვის რესურსი, ასევე მასირებული საცეცხლე დარტმის საშუალება: ისინი განაგრძობენ საცეცხლე დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალაქებზე… უკრაინა კი, ახერხებს რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და ძალა მოიკრიბოს, მუდმივად მცირე „ჩხვლეტების“ ქვეშ ამყოფოს, მაგრამ უკრაინას სჭირდება სხვა საშუალებები, რომ კონტრდარტყმა შეძლოს.

  • რა გამოდის: რატომ არ აწვდიან დასავლეთიდან უკრაინას საჭირო რაოდენობის აღჭურვილობას დროულად? 

ეს დამოკიდებულია დროსთან, რა ფორმით ხდება მიწოდება, ასევე აღჭურვილობასთან მომუშავე პერსონალის მომზადებასთან, სამხედრო ტექნიკის ადაპტირებასთან…

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აწვდის იარაღს უკრაინას, აქვს თავდაცვისუნარიანობის მინიმალური დონე, რომლის იქეთაც ვერ მისცემს ტექნიკას უკრაინას. ასევე, უცებ ვერ ამუშავდებოდა სამხედრო მრეწველობა, როცა ამდენი წელი არაფერი ხდებოდა და ნატოს ქვეყნებმა დაიწყეს პირიქით, ჯარების და ტექნიკის შემცირება. სამხედრო მრეწველობამ უნდა შეძლოს, მასობრივად აწარმოოს ახალი იარაღი, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საწყობებში არსებული ტექნიკა მისცენ უკრაინას.

  • რა დრო დასჭირდება ამას? 

არ ვიცი, გააჩნია მიწოდების მასშტაბს, თუ გაიზრდება მასშტაბი, უფრო ჩქარა მოხდება მიწოდება…

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: ევროპისთვის რა ჩაითვლება უკრაინის წარმატებად და რა ფასის გადასახდელად არის მზად ევროპა? რა სურს ევროპას, რომ ბოლომდე დამარცხდეს რუსეთი და დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, თუ მხოლოდ მისი შეჩერება მოხერხდეს? ან იქნებ ფინეთის მსგავსი შემთხვევა იქნება წარმატება, როცა ფინეთმა კარელია დაკარგა, მაგრამ ქვეყანა გადარჩა?

  • თქვენი დაკვირვებით, რა ფასის გადასახდელად არის მზად დასავლეთი ამ ომში? 

არ ჩანს, რომ ევროპას რუსეთის საბოლოო განადგურება უნდოდეს.

ვფიქრობ, უფრო მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინამ რუსეთის შეჩერება შეძლოს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, მაგალითად, ხერსონი და ზაპოროჟიე დაიბრუნოს და შესაძლოა 2014 წლის საზღვრებამდეც გავიდეს. ეს იქნება მართლაც დიდი წარმატება უკრაინისთვის და ევროპა იქნება თანახმა, დაიწყოს მოლაპარაკებები.

  • რუსეთის სამიზნეა ამ ეტაპზე მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა? 

რუსეთი თუ მოძლიერდა, მისი მიზანი რჩება ისევ ხარკოვის აღება, დონბასის დაკავება, დნესტრისპირეთში გასვლა, თუმცა მას ახლა დროის მოგება სჭირდება ყველაზე მეტად, რომ ძალების გადაჯგუფება და აკუმულირება შეძლოს. ის, რა თქმა უნდა, დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. უკრაინას კი ჯერ კიდევ არ აქვს ის ძალები, რომ გამანადგურებელ დარტყმებზე გადავიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: