მთავარი,სიახლეები

რუსეთს დონეცკის დაპყრობა 15 სექტემბრამდე სურს. გეგმა არარეალისტურია – ბრიტანეთის დაზვერვა

05.09.2022 • 19130
რუსეთს დონეცკის დაპყრობა 15 სექტემბრამდე სურს. გეგმა არარეალისტურია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, უკრაინის ძალების კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთის მთავარი ძალისხმევა უკრაინაში კვლავაც მიმართულია დონბასის შეტევით ოპერაციებზე, კერძოდ, ორ მიმართულებაზე – ავდეევკა, ქალაქ დონეცკთან ახლოს და ბახმუტი, 60 კილომეტრით ჩრდილოეთით.

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რუსეთმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ამ სექტორში მიაღწია, მისი ძალები კვირაში მხოლოდ 1 კილომეტრით მიიწევენ წინ ბახმუტისგენ.

„დონბასის ოპერაციის პოლიტიკური მიზანი დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავებაა, რაც კრემლს საშუალებას მისცემს, დონბასის „გათავისუფლების“ შესახებ გამოაცხადოს. თუმცა რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, უკვე ბევრჯერ გადააცილა ამ მიზნის მისაღწევად დაწესებულ ვადებს,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 სექტემბრის რელიზში.

უწყება ეყრდნობა უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ რუსეთის ძალებს უბრძანეს, მისია 15 სექტემბრისთვის დაასრულონ, რაც დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა:

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია მიზანს ამ ვადაში მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის გეგმის შესრულებას, გამართოს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების მიზნით“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება რუსეთის არმიის მორალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი არმიის ფორმებით, იარაღით, საკვებითა და ხელფასით სათანადოდ უზრუნველყოფას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: