„ევროპა ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებაა, მშვიდ და სამართლიან გარემოში“, – ამბობს 27 წლის მასწავლებელი წალკიდან ირა ძირკვაძე, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ირა სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე, ინგლისურ ენას ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სოფელზე, ბავშვებსა და იმ ღირებულებებზე საუბრობს, რასაც, მისი აზრით, ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია.
- ქალბატონო ირა, დღეს ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებს ასეთი თემა შეხვდათ საწერად, – „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“. როგორ ფიქრობთ, რას დაწერდა თქვენი მოსწავლე, გამოცდაზე რომ ყოფილიყო. ან თქვენ რას ფიქრობთ, როდის აქვს ბრძოლას აზრი?
შესაძლოა, ბარათაშვილი გახსენებოდა და დაეწერა – „ცუდად ხომ მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“. იტყოდა, რომ ბრძოლაა საჭირო, მომავალი თაობისთვის უკეთესი ქვეყანა რომ დაეტოვებინა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიღირს ის, რისთვისაც იბრძვი.
- დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოება, ხალხი საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, რადგან მტერი, რომელიც შენი მეზობელია, ძლიერია. თქვენთვის თუ აქვს ამ მიზნისთვის ბრძოლას აზრი?
მე ჩემი თავი ევროპელად მიმაჩნია, თუმცა ევროკავშირის წევრობა რომ მოვიპოვოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, ერთმანეთს ვესაუბროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ. მეც ვყოფილვარ ევროპაში და სხვა სტუდენტებსაც ვეხმარები, რომ წავიდნენ და ნახონ როგორი კარგია ევროპაში ცხოვრება, შემდეგ კი იფიქრონ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს ყველაფერი.
ჩემთვის ევროპა არის ბედნიერად და მშვიდად ცხოვრება. ამიტომ მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაინახონ ეს და იყვნენ კანონმორჩილები, პასუხისმგებლიანები, სამართლიანები და ობიექტური მოქალაქეები, რომ ჩვენც ვიცხოვრებთ მსგავს გარემოში.
- როგორც ვიცით, ხულოდან ხართ წარმოშობით, თუ გაქვთ ისევ რაიმე ბმა ბავშვობის სოფელთან და რას ნიშნავს თქვენთვის დღეს სოფელი გუმბათი?
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში დავიბადე, იქ ვცხოვრობდი. თუმცა, შვიდი წლის ვიყავი, როცა ოჯახმა წალკაში გადმოსვლა გადაწყვიტა საცხოვრებლად. 2002 წელს გადმოვედით წალკაში, სოფელ გუმბათში ეკომიგრანტის სტატუსით და მას შემდეგ აქ ვართ.
თავიდან რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება, რადგან გეოგრაფიულადაც განსხვავდება ჩემი ძველი სოფლისგან და კლიმატითაც. აქ გაშლილი სივრცეები გვაქვს, ხულოში კი მთებით და ტყეებით ვიყავით გარშემორტყმული.
რთული იყო ისიც, რომ ჩვენთვის უცხო გარემოში მოვხდით. აქ მცხოვრებ ადამიანებს ქართული არ ესმოდათ, რადგან ძირითადად ეთნიკური სომხებით და ბერძნებითაა დასახლებული ეს სოფლები. რუსულად არ ვლაპარაკობდით და გვიჭირდა ურთიერთობა ამ ადამიანებთან.
თავდაპირველად დაპირისპირებებიც იყო ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათ მიწებზე ვსახლდებოდით, ასევე ჩვენი განსხვავებული მრწამსის – მუსლიმობის გამოც, ჩვენთან თანაცხოვრება სასიამოვნოდ არ მიაჩნდათ.
- დღეს როგორი ურთიერთობები გაქვთ, თუ დაიძლია ეს გაუცხოება?
დროთა განმავლობაში ეს კრიზისები გადავლახეთ, სადღაც ხუთი წლის შემდეგ დამშვიდდა სიტუაცია და დღეს მეტად გვესმის ერთმანეთის. განსაკუთრებით ახალგაზრდები მეგობრობენ ერთმანეთთან, ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, თუმცა სამწუხაროა, რომ ეთნიკური სომხების დიდმა ნაწილმა ქართული ენა ისევ არ იცის.
ბერძნების შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან ისინი ქართულენოვან სკოლებში იღებენ განათლებას.
- დღეს ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სოფლიდან ქალაქში წავიდეს, ან უცხოეთში ეძებოს მომავალი. თქვენ რატომ დაბრუნდით სოფელში, რა იყო მოტივაცია?
მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს არჩევანს. ხშირად ამბობენ, რომ ეს მსხვერპლია, რასაც მე არ ვეთანხმები. მე, პირადად, არ მიყვარს ქალაქში ყოფნა, გარეუბნები უფრო მეტად მხიბლავს, ამიტომ გადავწყვიტე სოფელში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა წალკაში ძალიან ცუდია.
მოტივაციას კი ის მაძლევს, რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ, საინტერესო სამსახური მაქვს და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. არ მაქვს განცდა, რომ რაღაც რუტინულად ვმუშაობ, არამედ რაღაც ღირებულს ვაკეთებ ჩემი სოფლისა და ჩემი ქვეყნისთვის.
- რატომ აირჩიეთ მასწავლებლობა. ეს იყო ტრადიციის გაგრძელება, რადგან მშობლები პედაგოგები გყავთ, თუ იყო თქვენი გააზრებული არჩევანი?
ტრადიციის გაგრძელება, ვფიქრობ, ნაკლებადაა, რადგან თავიდან არ ვაპირებდი მასწავლებლობას. დაახლოებით მესამე კურსზე როცა ვიყავი, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მომიხდა მოსწავლეებთან ურთიერთობა და აღმოვაჩინე, რომ მასწავლებლობა მაინტერესებდა, მსიამოვნებდა ბავშვებთან ურთიერთობა.
თუმცა გუმბათზე ნაკლებად ვფიქრობდი, სხვა რომელიმე მაღალმთიან სოფელში მინდოდა წასვლა, მაგრამ როცა უნივერსიტეტი დავასრულე, აღმოჩნდა, რომ ინგლისურის მასწავლებელი აღარ ჰყავდათ სკოლაში და რადგან მე ვიცოდი ენა, შემომთავაზეს მუშაობა დამეწყო. თუმცა ქართული ფილოლოგიაა ჩემი სპეციალობა, ამიტომ ქართულსაც ვასწავლი.
- არიან ადამიანები, რომლებსაც ძირითადად უსიამოვნოდ ახსენდებათ სკოლაში გატარებული წლები, ზოგიერთს კი – პირიქით. თქვენ რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად მოსწავლეობიდან, როგორია თქვენს წარმოდგენაში ცუდი ან კარგი მასწავლებელი?
მეც ვფიქრობ ხოლმე ჩემი პერიოდის სკოლაზე, რა მომწონდა ან რა არა და ამაზე ჩემს მეგობრებსაც ვეკითხებოდი. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მისი ქართულის მასწავლებელი არ მოსწონდა. ძირითადად უყვართ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ბავშვებს, ამიტომ გამიკვირდა. როცა ჩავეძიე, მითხრა, იმიტომ არ მიყვარდა, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობდა, ჩვენი აზრი კი ნაკლებად აინტერესებდაო.
ვთქვათ, ამბობდა, რომ გალაკტიონმა „თოვლში“ იგულისხმა საყვარელი ადამიანი ან ამ მწერალმა ამ ლექსში თუ მოთხრობაში იგულისხმა სამშობლო და ასე შემდეგ. ჩემთვისაც ეკითხა, იქნებ მე სხვა მოსაზრება მქონდაო. ამას, როგორც მასწავლებელი, დღეს ხშირად ვითვალისწინებ და ვცდილობ, რომ ჯერ ჩემს მოსწავლეებს ვკითხო თვითონ რას ფიქრობენ, რას ხედავენ ამა თუ იმ გმირზე, სიმბოლოზე და შემდეგ შევთავაზო ჩემი მოსაზრება. თან ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი არ მივაწოდო, როგორც უპირობო ჭეშმარიტება, მინდა იმსჯელონ, იფიქრონ და თვითონ აღმოაჩინონ.
ბუნებრივია, როგორც მასწავლებელი ვთავაზობ ჩემს აზრსაც, თუმცა ვეუბნები, რომ ასე ბევრი მეცნიერი მიიჩნევს.
როცა ვიხსენებდი ჩემი მოსწავლეობის პერიოდს, მივხვდი რომ მხოლოდ წიგნით და რვეულით ვერ შევიძინე ის ცოდნა და უნარები, რაც მჭირდებოდა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, ან იმაში, რომ ჩემი გზა მეპოვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი გაკვეთილები არ ყოფილი ერთფეროვანი და ვცდილობ სივრცეებიც ხშირად გამოვიცვალოთ.
- ბუნებასთან კავშირს გულისხმობთ?
დიახ, არ არის აუცილებელი, რომ 45 წუთი კლასში იჯდეს ბავშვი. გარეთ გავდივართ ხოლმე და იქ ვატარებ გაკვეთილს. ყოფილა შემთხვევა, როცა შემაჯამებელი დავალება მდინარესთან დაგვიწერია. ასევე ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ თავისუფალი სივრცე შევუქმნა მოსწავლეებს, სადაც თავიანთ აზრს თავისუფლად გამოთქვამენ. ინგლისურად ალაპარაკდებიან და ეს არ იქნება მხოლოდ მასწავლებლისთვის მოყოლილი გაკვეთილი. კარგად გაიაზრებენ, რომ ცოდნა, რომელსაც გაკვეთილზე შეიძენენ, მათ შემდეგ ცხოვრებაში გამოადგებათ.
პირველ რიგში, სკოლა ბავშვებს უნდა უქმნიდეს სასიამოვნო გარემოს, სადაც ბავშვი გაიღიმებს, ბედნიერი იქნება, რადგან დადებითი განწყობის გარეშე ძალიან რთულია ზმნის უღლებაზე საუბარი.
ცოდნა მოსწავლის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. ვცდილობ, ხშირად ჩავატარო გამოკითხვები და მათგან გავიგო, რა უნდა გავითვალისწინო გაკვეთილზე. ვცდილობ, ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც ვისწავლით და კარგად გავიაზრებთ, რომ მომავლისთვის ვსწავლობთ. ხშირად ვეუბნები ხოლმე მოსწავლეებს „ჩემთვის ნუ დაიზეპირებთ“. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მე, უბრალოდ, მხარდამჭერი ვარ, ცოდნა კი მათ უნდა გამოადგეთ.
- დღეს ბევრი პრობლემის გადალახვა უწევთ ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს. როგორ ხვდებით, რომ რაღაც უჭირს, რაღაც ადარდებს თქვენს მოსწავლეს?
დიახ, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მეტი სოციალური სიდუხჭირეა ოჯახებში, ხშირად შეიძლება იყვნენ ბავშვებიც პრობლემებით, ცუდი განწყობით. შეიძლება „ჰელადოსზე“ უნდა მემსჯელა იმ გაკვეთილზე, მაგრამ თუ ბავშვი სევდიანია, ვცვლი სტრატეგიას და რაიმე სახალისო აქტივობას ვაკეთებ.
მაქსიმალურად ვცდილობ კარგად დავაკვირდე მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში ვესაუბრები ხოლმე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა დაგვიგეგმავს გაკვეთილის შემდეგ რაიმე თამაში ან მსგავსი და ამით შემიცვლია მისი განწყობა.
- თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია ასწავლო მოქალაქეობა ბავშვებს. როგორ ესმით ეს საკითხი?
ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი მოსწავლეები პასუხისმგებლიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ, უნდა იცოდნენ, რომ ნარჩენი კი არ უნდა გადააგდონ ღია სივრცეში, არამედ სანაგვე ყუთი მოძებნონ და იქ ჩააგდონ. მას უნდა ესმოდეს, რომ არ დააზიანოს, ვთქვათ, ბანერი, იყოს აქტიური და ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს უნარები უნდა განუვითაროთ ბავშვებს.
მნიშვნელოვანია, რომ ტოლერანტი მოსწავლეები გვყავდეს, შეეძლოთ განსხვავებულის მიღება და პატივისცემა. სკოლების დიდი ნაწილი ნაკლებად აქცევს ასეთ დეტალებს ყურადღებას, თუმცა საბედნიეროდ, ბევრი მასწავლებელი გვყავს, ვინც ასწავლის ამ ღირებულებებს ბავშვებს და ამ ღირებულებებით მუშაობს საგაკვეთილო პროცესის შემდეგაც ბავშვებთან.
- საბჭოთა სკოლა ბავშვებს თავისუფლებაზე მეტად მორჩილებას უნერგავდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებს ჰქონდეთ იმის ცოდნა, რომ თვითონ შეუძლიათ ისეთი ქვეყანა ჰქონდეთ, როგორც მათ სურთ?
ვფიქრობ, ეს ყველაფერი მასწავლებლებმა ჩვენსავე გაკვეთილებზე უნდა ვაჩვენოთ მათ. თუ ბავშვს გაკვეთილზე ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება გვქონდეს დემოკრატიული, თავისუფალი გაკვეთილი, ის ავტომატურად გადაიტანს ამ მოდელს თავის ცხოვრებაში.
ადრე ჩემს მოსწავლეებს უჭირდათ ხოლმე თქმა „ჩემი აზრით“ და როცა ვეუბნებოდი „თქვენ როგორ ფიქრობთ?“, ან „ეს თქვენი აზრია“, შემდეგ თვითონ ამბობდნენ ხოლმე, რომ „ეს ჩემი აზრია“. ხაზს უსვამენ, რომ საკუთარი აზრი აქვთ რაღაც საკითხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ აზრის გამოთქმაც და სხვისი აზრის მოსმენაც.
თუ გაკვეთილზე ექნებათ მათი აზრი, შემდეგ სახლშიც ექნებათ, სოფელშიც ილაპარაკებენ და შემდეგ ქვეყანაშიც გამოხატავენ თავიანთ ნებას.
ერთი მეგობარი მეუბნებოდა, ჩვენ ვცდილობთ ბავშვებს გადავცეთ ცოდნა, მაგრამ ნაკლებად ვეკითხებით, თუ როგორი გაკვეთილი სურთ. თუ გაკვეთილზე ვკითხავ მოსწავლეებს რა მოეწონათ, რა არა, რას შეცვლიდნენ, ალბათ მეტყოდნენ, რომ სულ ტესტური შემაჯამებელი დავალებები აქვთ და იქნებ, ახლა შემოქმედებითი დავალებები შევასრულოთ? თუ ამას გაკვეთილებზე მივაჩვევთ, შემდეგ ისინი თვითმმართველობის დონეზეც იტყვიან, რომ რაღაც არ მოსწონთ და შესაცვლელია. ეს ცვლილებები სწორედ ამ პატარა გაკვეთილებიდან იწყება. ამიტომ, მასწავლებელთან იქნება თუ დირექტორთან, მოსწავლეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მივცეთ.
იყო შემთხვევები, როცა მშობლები მეუბნებოდნენ, „შეგიძლია წამოარტყა“, ან „შეგიძლია უყვირო“, მე მათ ვუხსნიდი, რომ ამის უფლება მასწავლებელს არ აქვს და ეს არ არის მნიშვნელოვანი.
მთავარია, მოსწავლე ჩემთან დაცულად გრძნობდეს თავს. ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეს ჩემი არ უნდა ეშინოდეს და საგაკვეთილო წესებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა ვემორჩილებოდეთ.
- თანასწორობის საკითხებს თუ განიხილავთ მოსწავლეებთან და როგორ ასწავლით ამის შესახებ?
არაფორმალური განათლების მიმართულებით შეხვედრებს ვატარებთ ხოლმე და მაშინ ვსაუბრობთ გენდერის საკითხზე. სკოლაში გვაქვს გოგონების ფეხბურთის გუნდი და თავიდან იყო სტერეოტიპული მიდგომა, რომ „გოგომ ფეხბურთი რატომ უნდა ითამაშოს“, მშობლები თავიდან არ უშვებდნენ შვილებს სათამაშოდ, მაგრამ მასწავლებლები ვგულშემატკივრობდით, მოტივაციას ვაძლევდით გოგონებს. დღეს უკვე ძალიან აქტიურად თამაშობენ გოგონები ფეხბურთს.
ძირითადად მაინც გოგოებზე მოდის აქცენტის გაკეთება, – „გოგო ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს“. ვცდილობთ, მსგავსი დამოკიდებულებები შევცვალოთ.
- როგორც ვიცი, სოფელში საწარმოც გაქვთ, ბავშვები რა ფორმით თანამონაწილეობენ ამაში?
დიახ, მონაწილეობენ, რადგან ეს სივრცე შევქმენით მათთვის. სოციალური საწარმო არის სივრცე, სადაც სტუმრები მოდიან, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ, სხვადასხვა თემაზე ვმსჯელობთ.
სასმელი წყალიც ჩამოვიყვანეთ სკოლის ეზოში, გვქონდა პროექტი „აღმოაჩინე შენი სოფელი“, ხუთ სოფელში ზეპირი ისტორიები ჩავიწერეთ, დავამუშავეთ და ფოტოგამოფენაც მოვაწყვეთ. ამ სოფლებში ახალგაზრდული ჯგუფებიც გავაჩინეთ, რომლებიც პროექტებს წერენ, ზოგმა მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი იყიდა, ზოგმა „პუფები“ ბიბლიოთეკისთვის და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, სასწავლო ცენტრიც გვაქვს, სადაც აბიტურიენტებს ვამზადებთ ხელმისაწვდომ ფასად, სოციალურად დაუცველებს კი უფასოდ ვამეცადინებთ.
- მიზნის მიღწევას ან საკუთარი შეხედულებების დაცვას როგორ ასწავლით ბავშვებს?
ლიტერატურის სწავლებასთან ერთად, ამ ყველაფრის სწავლება უფრო ადვილია, რადგან ბევრ თემას და ნაწარმოებს ვეხებით. ერთად განვიხილავთ, ვსაუბრობთ. როლურ თამაშებს ვთამაშობთ, შემოქმედებითად ვწერთ და ეს გვეხმარება.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სოფლის გარეთაც გავიდნენ, ბანაკებში ჩაერთონ, ბევრ ადამიანს შეხვდნენ, საინტერესო ადამიანები გაიცნონ, რადგან მარტო ჩემთან ურთიერთობით ამ ყველაფერს ვერ აღმოაჩენენ. ვცდილობთ, ასეთი პროექტები დავუფინანსოთ ბავშვებს, რომ გავიდნენ სოფლის გარეთაც.