აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, რომლითაც აჭარის განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მერიას დაავალა უზრუნველყონ ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად საჭირო კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
დოკუმენტში მითითებული არ არის, ტურისტული სეზონის რა ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს ახალი განკარგულება.
ამ განკარგულების გამოცემიდან ერთ დღეში, 25 აგვისტოს, აჭარის განათლების სამინისტროს „პრაიმ შოუ სტუდიამ“ დაფინანსების თხოვნით მიმართა და 2022 წლის 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის მხარდაჭერა სთხოვა:
„კონცერტი ჩატარდება ე.წ. „ხავერდოვან სეზონში“, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას რეგიონში. კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარად საჭირო ფინანსური რესურსის ნაწილი ჩვენს მიერ უკვე მოპოვებულია. გთხოვთ, გაგვიწიოთ ფინანსური მხარდაჭერა 73 ათასი ლარის ოდენობით, კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების ანაზღაურებისათვის.“
მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს სცენის მოწყობა-აღჭურვის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად მიმართა და არგუმენტად მოიყვანა, რომ ტენდერის გამოცხადებას ვეღარ მოასწრებს.
მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის დასაბუთების ნაწილში სამინისტრო წერს:
„აჭარის მთავრობის 2022 წლის 24 აგვისტოს განკარგულებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე ტურისტული სეზონის პერიოდის გახანგრძლივების მიზნით, კულტურული ღონისძიების ორგანიზება. ამასთან, შპს „პრაიმ შოუ სტუდიისა“ და საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინის“ მიერ დაიგეგმა ღონისძიების ორგანიზება, რომლის მხარდაჭერის მიზნით მომართეს სამინისტროს. დაგეგმილი ღონისძიება ასევე არის საქველმოქმედო ხასიათის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღონისძიება ატარებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობის ხასიათს“.
დოკუმენტების მიხედვით, „პრაიმ შოუ სტუდია“, საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინა“-სთან ერთად ანრი ჯოხაძისა და ოლია პოლიაკოვას ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს ბათუმის ბულვარში 2 სექტემბერს ჩაატარებს.