განათლება,მთავარი,სიახლეები

ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის

11.02.2019 • 8264
ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პრაქტიკოსი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, ახალმა რეფორმამ სისტემაში გაურკვევლობა და ბუნდოვანება შემოიტანა. თუმცა, ცვლილებები, მისი აზრით, მაინც აუცილებელი იყო.

ბატონო ლადო, ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საატესტატო გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმება, მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას დაუკარგავს. იზიარებთ ამ შეხედულებას თუ არა?

ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმების მომხრე არ ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა საჭიროა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბავშვმა გამოცდის გულისთვის არ უნდა ისწავლოს. მე სამოქალაქო განათლებას იმიტომ ვასწავლი, რომ ვცდილობ ბავშვები მომავლისთვის მოვამზადო და ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ სტანდარტებზეც გავიდე. CAT-ის გამოცდებმა თავის დროზე ორგანიზება გაუკეთა მოსწავლეებს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა შემდეგ დანამატი. ყველაფერს მუდმივად ესაჭიროება ცვლილება. თუ გამოცდებს აუქმებ, მაშინ მასწავლებლებს უნდა მოსთხოვო იმდენად კარგი გაკვეთილები ჩაატარონ, რომ ბავშვი მოვიდეს გაკვეთილზე და არ გაიქცეს.

მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი გაკვეთილი იყოს ხალისიანი, შემოქმედებითი, აქტივობებით დატვირთული. შეიძლება ასეთი არ ყოფილიყო, თუკი ამ საგანშიც ბავშვებს გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ.

რატომ, რას ცვლის ეს მასწავლებლისთვის?

ალბათ უფრო მეტად ტექსტების დამახსოვრებაზე იქნებოდა ორიენტირებული. მოსწავლეებს კი მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდებათ. ბევრი კოლეგა მეუბნებოდა, შენ ათამაშებ ბავშვებს და მასე ვერ ისწავლიანო, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. თუმცა, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის რთული იქნება მსგავსი გაკვეთილების ჩატარება, რადგან არ აქვთ ლაბორატორიები, სასწავლო რესურსები. როგორ ჩაატაროს მხიარული, საინტერესო ექსპერიმენტებზე დამყარებული გაკვეთილები, სადაც ბავშვი თვითონ ნახავს ყველაფერს?

საერთოდ, როცა გამოცდას აუქმებ, სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზო სკოლას, ცარიელი ხელებით მასწავლებელი უკვე პრობლემის წინაშეა. მეც მოვისმინე, რომ „მასწავლებლებს ყველანაირად დავუდგებით გვერდით“, „მათ ექნებათ დიდი შესაძლებლობა“, მაგრამ რეფორმა, ვფიქრობ, მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა მასწავლებელი, სკოლა ძლიერია. თუ მასწავლებელი გაჭირვებულია და ვერ ახერხებს მისი პირადი მოთხოვნილებების უზრუნველყოფას, გაკვეთილზე ის რეფორმას ვერ განგიხორციელებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ მასწავლებლის ხელფასი უნდა გაზრდილიყო, სკოლები უნდა აღჭურვილიყო ტექნიკურად და შემდეგ უნდა დაწყებულიყო ცვლილებები?

როდესაც სკოლაში მუშაობ და მოსწავლე, თანამშრომლები გიყვარს და ა.შ. შესაძლებელია ფულზე არ გაყიდო ყველაფერი, მაგრამ  ძირეული რეფორმებისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.

შედეგი რა მოჰყვება ამ ცვლილებებს და რა იქნება, მე არ ვარ განათლების ექსპერტი და არ ვიცი, შეიძლება ობიექტურად ვერ შევაფასო, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს შემოქმედებითი გაკვეთილების ჩატარება.

გურამიშვილის სიტყვები: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“, დღეს აღარ მუშაობს. სწავლა ძირშიც ტკბილი უნდა იყოს და თავშიც. თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის. ახლანდელ თაობას უნდა სიტკბოება, სიხარული, საინტერესო გაკვეთილები…

ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი უცებ გაქრა, მასწავლებლების აქტივობები სავალდებულო აღარ არის, არც კრედიქტულების დაგროვება, არც გამოცდები… ალბათ ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო ეს ცვლილებები.

არ მომეწონა, როცა თქვეს მეთორმეტეკლასელები ჩააბარებენ გამოცდებსო, მოსწავლეების პროტესტის შემდეგ კი თქვეს, გავაუქმეთო. კი, ბატონო, ბავშვებს ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, მაგრამ მე მგონია, რომ განათლების სამინისტროს თავისი პრინციპები უნდა ჰქონდეს.

აკადემიურ ცოდნას როგორ უნდა იღებდეს მოსწავლე, რაში უნდა შეაფასოს ის სკოლამ?

ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გამოწვევები აქვს მოსწავლეს და იმის დაძლევაზე უნდა ვიმუშაოთ. რაში უნდა მივცეთ ატესტატი? – რა თქმა უნდა, ეს კითხვები არის, მაგრამ მე, პირადად, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მე, პირადად, მოსწავლეს ნიშანს ვუწერ ჩართულობაში, სხვა მოსწავლეების ორგანიზებაში, ინიციატივებში, დამოუკიდებლად რომ განახორციელა პროექტი იმაში და ა.შ. ყველა ბავშვი არის გარკვეული რესურსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება აკადემიურ სწავლებას, მე შემიძლია ბავშვი მივიყვანო რაღაც კონდიციამდე, დავაინტერესო, აკადემიური ცოდნისთვის კი უნივერსიტეტებს უნდა მიმართოს.

მე წავიყვანე მოსწავლე თეატრში, კინოში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, გავაცანი სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანი, სპეციალისტი და მერე თავად უნდა დაინტერესდეს – ამ ყველაფრის მისაღწევად რა ცოდნაა საჭირო, შემდეგ, უკვე, თვითონ ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს.

თქვენ მომხრე ხართ იმის, რომ ზოგადი განათლების შემდეგ სკოლამ მოსწავლეები უნივერსიტეტებისთვის მოამზადოს?

მე-11 კლასამდე მოსწავლე უნდა სწავლობდეს შემოქმედებითად და ხალისიანად. შემდეგი საფეხურები კი უნდა იყოს უფრო აკადემიური. საგნობრივი კომპეტენციების განვითარება უნდა მოხდეს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია მოსწავლეს შეეძლოს პატიება, იყოს ტოლერანტი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, შეეძლოს თანამშრომლობა, პატივისცემა და ბევრი უნარი ჰქონდეს. ჩვენ ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ ბავშვები, რადგან სამომავლოდ მათ ბევრი გამოწვევა ექნებათ.

გამოწვევებია თუნდაც ციფრული კომპეტენციები, ეს უნდა იცოდნენ, უნდა შეეძლოთ კულტურულ, ეთნიკურ მრავალფეროვნებაში თანაარსებობა, თუ ამას არ ასწავლის სკოლა, შემდეგ ამ გამოწვევის წინაშე დადგება ახალგაზრდობა.

თუ გინდა 21-ე საუკუნის ბავშვი გაკვეთილზე შემოგივიდეს, მზად უნდა დახვდე. მას რაღაც განსხვავებული, დინამიკური უნდა შესთავაზო, საინტერესოდ უნდა მიაწოდო ინფორმაცია – ეს არის სკოლის მიზანი, თორემ ბევრ რამეს დღეს ინტერნეტითაც ისწავლი. გაკვეთილების ჩატარებასაც, მათ შორის. სკოლამ გარკვეული ცოდნის გადაცემის გარდა მოსწავლეს თანამშრომლობა, კომუნიკაცია უნდა ასწავლოს, საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციების ჩატარების უნარი უნდა გამოიმუშაოს. ერთია, რას ასწავლი თეორიულად და რას გამოაყენებინებ პრაქტიკაში. გამჭოლი კომპეტენციები უნდა განვუვითაროთ, ჩვენი მიზანია, სამომავლოდ გვყავდეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. მშობელიც უნდა გაიზარდოს და თავის დროზე დაინახოს რა შეუძლია მის შვილს.

დღეს ხედავს ამ მიზნებს სკოლა თუ ვერა?

მე, უბრალოდ, ძალიან მწყინს, რომ ასეთ აურზაურში გვიწევს სწავლება და განათლება სახელმწიფოს პრიორიტეტი ისევ არ არის. როცა განათლებაა პრიორიტეტი, მაშინ იქ მარტო ერთი პოლიტიკური პარტია კი არ წყვეტს ყველაფერს, ყველა შესაბამის ჯგუფთან ხდება თანამშრომლობა და როცა მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

მინისტრების და ხელისუფლების ცვლილება არ უნდა იწვევდეს ცვლილებებს განათლების სისტემაში. ერთი მინისტრი იწყებს ახალს, შემდეგ მეორე მოდის და ცვლის, შემდეგ მესამე ისევ სხვა მიმართულებას აძლევს… მოკლედ, აირია მონასტერი. სერიოზულადაც კი აღარ ვუყურებ და მგონია, რომ კიდევ რაღაც შეიცვლება. განათლების რეფორმები ხელისუფლების ცვლილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. განათლებას არამდგრადობა ნამდვილად არ უხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: