ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება

25.03.2022 • 3177
„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბი 170 მეტრი სიმაღლის კიდევ ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება.

170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა და ხახუტაიშვილის ქუჩების გასწვრივ აშენდება. ამ ორ შენობას კი ერთმანეთთან 8-სართულიანი [40 მეტრი სიმაღლის] საერთო შენობა დააკავშირებს, რომელიც დღეს არსებული სასპორტო სკოლის ადგილას აშენდება. სამივე შენობა ერთი კომპლექსი იქნება.

„ორბი სითისა“ და დაგეგმილ შენობებს შორის გაკეთდება სამანქანე გზა, ტროტუარებით, რომელიც ფიროსმანის ქუჩის პარალელური იქნება და შარტავას გამზირს დააკავშირებს ხახუტაიშვილის ქუჩასთან.

მიწის ნაკვეთის, სადაც ახალი მშენებლობა იგეგმება, საერთო ფართობი 15 413 კვ.მ-ია. რაც შეეხება გამწვანებას, გეგმის მიხედვით, მას 2 480 კვ.მ ფართობი დაეთმობა.

ბათუმის მერიამ 2022 წლის 21 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში“ წარუდგინა. აღნიშნული მონაცემებიც ამ ანგარიშიდანაა.

ქალაქის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ორბს“ პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია და „დეტალური პროექტირება დაწყებულიც არ არის.“

საპროექტო ტერიტორია, სადაც ახალი შენობები უნდა აშენდეს [მარცხნივ] და გამწვანების გეგმა ამავე ტერიტორიისთვის / წყარო: სკრინინგის ანგარიში.

სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ამ ტერიტორიისთვის [სასპორტო სკოლასთან] მიმდინარეობს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება [ამ მისამართზე განაშენიანების კონცეფცია წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა].

„განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისთვის, გეგმარებითი ერთეული მთლიანად მოიცავს 7 მიწის ნაკვეთს“ – „ორბი სითის“ და ახალ საპროექტო ტერიტორიას ერთად. მათი ჯამური ფართობი 45 467 კვ.მეტრია [„კომპლექსის ძირითად ნაწილში განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები/აპარტამენტები, ხოლო ნაწილში (ძირითადად ე.წ. „სტილობატში“ და კომპლექსის ბოლო სართულებზე) განთავსდება სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართობები – რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, ბრენდული მაღაზიები და სხვა“].

„გთხოვთ, განიხილოთ „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში“ და გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროების თაობაზე“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ სამინისტროებში გაგზავნილ წერილში.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა.

სამინისტროებმა ამჯერად უნდა გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა სგშ-ს ჩატარება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: „წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge “


ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა [„ბასკოს“ შენობა] და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 2020 წლის ივლისში, ელექტრონულ აუქციონზე 19,5 მილიონ ლარად იყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა.

პირობის მიხედვით, „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს, მის ადგილზე კი, მაქსიმუმ 5 წელში ანუ 2025 წლის აგვისტომდე აამოქმედოს მრავალფუნქციური კომპლექსი [რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს]; რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/387183/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: