სიახლეები

ბევრი ქალი მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი – მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი ქალი

05.09.2022 • 9346
ბევრი ქალი მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი – მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი ქალი

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონზე მეტ მებრძოლს შორის 700 ათასზე მეტი საქართველოდან იყო, მათ შორის 16 ათასი ქალი. მებრძოლების თითქმის ნახევარი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა.

ციცინო ჭყონიას გაუმართლა. ფრონტიდანაც დაბრუნდა და სწავლაც განაგრძო ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში, საიდანაც 1942 წელს პირდაპირ ლექციიდან წაიყვანეს ომში.

ციცინო ჭყონიას შვილი, ლუიზა მალაზონია გვიყვება, რა გადახდა დედას ომის დამთავრების შემდეგ, რას ფიქრობდნენ სოფლებში ფრონტიდან დაბრუნებულ ქალებზე და დედის მონათხრობისგან რა ახსოვს ომის ამბებზე.

„დედაჩემის მშობლები შეძლებული გლეხები იყვნენ. თავზარი დაეცათ, როცა მათი ქალიშვილი, მეორეკურსელი დედაჩემი უნივერსიტეტიდან პირდაპირ ფრონტზე წაიყვანეს.

1942 წელს ფილოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებიდან აიყვანეს და წაიყვანეს. ძმა ჰყავდა უფროსი დედას.

ისიც ფრონტზე იყო და ცნობები არ მოდიოდა მის შესახებ. არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მერე ბიძაჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგულად უცნიათ და მშობლებს ამის დამადასტურებელი ცნობაც მიუღიათ ფრონტიდან. მენშევიკი იყო დაკარგული ბიძაჩემი, ბოლშევიკების დიდი მოწინააღმდეგე. მენშევიკი ყოფილა ბაბუაჩემიც. გლეხი იყო, რკინიგზელი, მაგრამ საკმაოდ შეძლებული და ყველაფერი ჩამოურთმევიათ მისთვის ბოლშევიკებს.

ბაბუაჩემმა იცოდა, დედაჩემი ვერ გადაიტანდა ძმის დაკარგვას ადვილად და უფიქრია ჩავალ და მე მოვუყვები შვილს ყველაფერს, სანამ ვინმე სხვა ეტყვისო.

ჩასულა ჯურუყვეთიდან ბათუმში (დედაჩემის მშობლები ლანჩხუთში, ჯურუყვეთში ცხოვრობდნენ), მოუკითხავს შვილი და უთქვამთ, რომ ციცინო ფრონტზე წაიყვანეს“, – გვიყვება ციცინო ჭყონიას შვილი, ლუიზა მალაზონია.

ფრონტის პირველ ხაზზე არ უბრძოლია, მაგრამ 1945 წლამდე იარაღით ხელში იყო ომში და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. დარაჯობდა ბენზინის ავზებსა და საბრძოლო ტექნიკას.

ომიდან რომ დაბრუნდა, ციცინომ სწავლის გაგრძელება შეძლო უნივერსიტეტში. მშობლებს ეშინოდათ, ისევ სადმე არ წაიყვანონ ლექციებიდანო და გოგომ სწავლა დაუსწრებელ ფაკულტეტზე განაგრძო.

მერე ჯურუყვეთის სკოლაში დაიწყო მუშაობა სამხედრო საქმის მასწავლებლად:

„დედა ამბობდა, ვისაც მოვწონდი ყველა მშორდებოდა, როცა იგებდნენ ომში ვიყავი ნამყოფიო.

არც მალავდნენ თურმე. ჯერ მოსწონდათ დედაჩემი, გაიცნობდნენ ერთმანეთს და პირდაპირაც ეუბნებოდნენ, ჯარში ხარ ნამყოფიო.

სოფელში მაშინ სხვანაირად უყურებდნენ ფრონტზე ნამყოფ ქალებს. მამაჩემმა და დედაჩემმა რომ გაიცნეს ერთმანეთი, დედაჩემს პირველად ის უკითხავს მისთვის, იცი, ფრონტზე რომ ვარ ნამყოფიო? მამას გასცინებია და უთქვამს, ვიცი, ვიცი, მეც ვიყავი ფრონტზე და ამიტომაც გაფასებო.

დედა და მამა მალევე დაქორწინდნენ. სანამ დაქორწინდებოდნენ, მამას ბევრი თავისი ნაცნობი ურჩევდა თურმე არ დაქორწინებულიყო „ნაფრონტალ“ ქალზე. მამასაც დიდი ამბები ჰქონდა გადატანილი, 4 წელი ჯარში იყო, ჯარის მეოთხე წელს ომმა მოუსწრო და პირდაპირ ფრონტზე წავიდა. ჯარსა და ომში 9 წელი გაატარა,“ – გვიყვება ლუიზა მალაზონია.

ციცინო ჭყონია ფრონტზე, მარცხნიდან პირველი, შუა რიგში

ციცინო ჭყონიამ და მისმა მეუღლემ ამის მერე დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს. სამი შვილი გაუჩნდათ, შვილიშვილი და შვილთაშვილი.

ციცინო ჭყონიას ომის ვეტერანობა არაფრით აღნიშნულა სახელმწიფოს მხრიდან.

ერთადერთხელ მიიწვიეს სოფლის სკოლის ღონისძიებაზე და სიმბოლურად საათი აჩუქეს. ეს იყო და ეს.

„მოესწრო აფხაზეთის ომს. ამ დროს ყველა ჭრილობა ეხსნებოდა და ფრონტის ამბებს იხსენებდა. ამბობდა, ომში არავის არაფერი ახსოვს, მაგრამ ხანდახან ძალიან უფრთხილდებიან და პატივს სცემენ ფრონტზე თანამებრძოლები ერთმანეთსო. დედას თურმე ძალიან გრძელი თმა ჰქონდა. არ შეიჭრა ფრონტზე და ყველა ეხმარებოდა: ოღონდ რამე არ გაგიჩნდეს შიგ და ჩვენ თუ 15 წუთი გვაქვს გამოყოფილი საბანაოდ, შენ ნახევარ საათს იბანავეო, ეუბნებოდნენ თურმე და დედაც გრძელი თმის გამო ამ პრივილეგიით სარგებლობდა. არასდროს მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი. ბევრ ქალს ამის რცხვენოდა და მალავდა.

მეც ყოველთვის სიამაყით ვამბობდი, რომ დედაჩემი ფრონტზე იყო ნამყოფი“ – იხსენებს ომის ვეტერანის შვილი და აგრძელებს:

„ფრონტზე ყოფნის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამისაც რცხვენოდათ ქალებს საერთოდ. თან სოფელში. დედა და ბიძა ფრონტზე რომ  გაგზავნეს, ამ დროს 50 წლამდე ბებიაჩემი ორსულად ყოფილა. ძალიან რცხვენოდა თურმე – რა დროს ჩემი ორსულობააო, ამბობდა. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ქალს უნდა გაეჩინა შვილები.

ასე დაიბადა ჩემი მეორე, უმცროსი ბიძა. როცა ბავშვს აცრები სჭირდებოდა, ბებია და ბაბუა სახლში რჩებოდნენ და დედაჩემს ატანდნენ თურმე ექიმთან, ამისიც რცხვენოდათ, ჩვილით როგორ გამოვჩნდეთ ამხელა ხალხიო.

ბაბუაჩემიც სულ ასე ამბობდა თურმე: ეს რა დაგვემართა, ეს რა დაგვემართა ამხელა ხალხსო“, – იხსენებს ლუიზა მალაზონია.

გადაბეჭდვის წესი