ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 2 პირი – შსს

03.09.2022
აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 2 პირი დააკავეს, 1 პირი კი ამხილეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია ნ.ტ.-ის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად:

„სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.

ამავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: