უკრაინის უშიშროების ცნობით, გამოააშკარავეს ორი რუსი გენერალი, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ისინი კიევისა და ლუგანსკის ოლქებში მყოფ სამხედროებს ხელმძღვანელობდნენ.
ესენი არიან: აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო და გენერალ მაიორი, ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის სახალხო მილიციის მეორე საარმიო კორპუსის მეთაური, ესედულა აბაჩევი.
აბაჩევს უკვე გაუგზავნეს შეტყობინება, ჩაიკოს ბრალდება კი სასამართლოს გადაეცა.
უშიშროების ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, გენერალი ჩაიკო უშუალოდ გეგმავდა და ამზადებდა სამხედრო ოპერაციას უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში, კერძოდ, კიევში. ის საოკუპაციო დაჯგუფება „აღმოსავლეთს“ ხელმძღვანელობდა.
ბუჩის რაიონის სოფელ ზდვიჟივკაში გენერალმა ჩაიკომ შტაბი საბავშვო ბაღში მოაწყო, ერთ-ერთი სკოლის მოედანზე კი, თავის ქვეშევრდომებს მედლებით აჯილდოებდა.
მოგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალ ჩაიკოს ბრალი ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში და აგრესიული ომის დაგეგმვაში, მომზადებასა და წარმოებაში.
როგორც უშიშროებამ დაადგინა, ესედულა აბაჩევი უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის არმიის წინააღმდეგ, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბეჟნოესა და ლუგანსკის ოლქის სხვა პუნქტებში.
რუსეთის მთავრობამ მას „რუსეთის გმირისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდებები მიანიჭა. აბაჩევს უკრაინა ბრალს სდებს ქვეყნის საზღვრების შეცვლის მიზნით წინასწარგანზრახული ქმედებების ჩადენაში, რამაც ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია; ასევე, აგრესიული ომის დაგეგმვაში, მზადებასა და წარმოებაში.
მთავარ ფოტოზე: ალექსანდრ ჩაიკო და ესედულა აბაჩევი/ფოტოები: უკრაინის უშიშროების სამსახური






