განათლება,მთავარი,სიახლეები

„იმ სკოლაში მივხვდი, რას ნიშნავს იყო უარყოფილი“ – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

12.07.2022 • 11766
„იმ სკოლაში მივხვდი, რას ნიშნავს იყო უარყოფილი“ – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

„ერთმა ადამიანმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი, შემდეგ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები“, – გვითხრა კახა გალდავამ, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.

„ბათუმელებთან“ მასწავლებელი საუბრობს უარყოფილი ბავშვების შესახებ, იმ სირთულეებსა და ნდობაზე, რაზეც, მისი აზრით, სწავლა-სწავლების პროცესია დამყარებული.

  • ბატონო კახა, როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა, როგორ გახსენდებათ ეს ამბავი?

უნივერსიტეტი 2007 წელს დავამთავრე და 2008-ში სოფელ ღანირის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი სოფელია, სადაც ცნობილი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ლია ელიავა და ჯემალ ღაღანიძე დაიბადნენ. ორი წელი ვიმუშავე ამ სკოლაში.

პარალელურად, ინგლისურისა და კომპიუტერული მეცნიერებების სწავლების ცენტრი მქონდა და პედაგოგებს ვამზადებდი „ისტში“. ამ დროს 22 წლის ვიყავი.

როდესაც სკოლაში მივედი, ფიზიკის ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დღეს როგორ გაკვეთილსაც ჩაატარებ, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ასეთი გაკვეთილი გექნებაო. რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში, რადგან მაინც საბჭოთა ეპოქაგამოვლილი ბავშვი ვიყავი და ჩემს წარმოდგენაში გაკვეთილი იყო კლასი, სადაც მოსწავლე გაუნძრევლად იჯდა მერხთან, არ შეიძლებოდა ბავშვთან ერთად სადმე წასულიყო მასწავლებელი, თუნდაც გასართობად და ასე შემდეგ. იმ დღეს, ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი გამომივიდა და მადლობა ღმერთს, არაფერი დარჩა ჩემში საბჭოური წარმოდგენებიდან.

  • თქვენ შესახებ წავიკითხე, „ყველა სტერეოტიპის მსხვრევა დაიწყოო“. რა ტიპის სტერეოტიპებთან მოგიწიათ შეჯახება და როგორ გაუმკლავდით?

თუნდაც ის, რომ არასდროს მქონია სტანდარტული გაკვეთილი. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ადრე თუ გვიან, ან თქვენ გაგაგდებენ სკოლიდან, ან ჩვენო, რადგან ჩემს გაკვეთილზე სულ ხმაური იყო. რა თქმა უნდა, ხმაური აქტივობებით იყო გამოწვეული.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო „ელექტროსადგური“. ძალიან ხმაურიანი იყო, რადგან შეიძლება მერხი აგეყირავებინა, სკამები შემოგედო ერთმანეთზე, თოკები უნდა გადაგეხლართა მთელ კლასში და ასე შემდეგ. ამას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, ერთხელ დირექტორმაც შემოაღო კარი და დარჩა – ვნახო ერთი რას აკეთებთო.

  • რისი სიმბოლოა „ელექტროსადგური“, რას აკეთებდით აქ?

„ელექტროსადგური“ თოკებითაა დახლართული, ამ თოკებზე კი დაკეცილი ქაღალდებია ჩამოკიდებული, სადაც კონკრეტული პრობლემები წერია.

ერთი ჯგუფი ქმნის პრობლემას, მეორე – ავარიას, ანუ შემოდის და ჭრის ნებისმიერ თოკს, რომელიც ვარდება ძირს, მესამე, საავარიო ჯგუფი კი, მოდის და ამ პრობლემის გადაჭრის გზას ეძებს.

  • თქვენ რა პრობლემები გადაჭერით?

სამტრედიის სკოლაში როცა გადმოვედი მასწავლებლად, ისტორიის გარდა სამოქალაქო განათლებასაც ვასწავლიდი და ბევრი აქტუალური თემა შემოდის ამ საგანში. გვიწევს მსჯელობა ოჯახში ძალადობის თემაზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ბულინგზე, კონფლიქტის სხვადასხვა ფორმაზე და ასე შემდეგ.

შესაბამისად, საგნების ინტეგრაციას როცა ვაკეთებდი, ისტორიასთან პარალელებში  ვცდილობდი განგვეხილა ეს საკითხები. იგივე გენდერულ თანასწორობაზე მსჯელობისას მოგვყავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიიდან მაგალითები და ვმსჯელობთ პრობლემაზე.

ევროპასთან, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხები როცა იდგა, „ნატოს სამიტი“ მოვაწყვეთ კლასში და ვიმსჯელეთ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე. იმაზე, რა პრობლემები შეიძლება წამოჭრილიყო ამ გზაზე და როგორ უნდა გადაგვეჭრა.

არ მახსოვს გაკვეთილი, სადაც ხმის აწევა და „გაჩერდის“ თქმა დამჭირდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი გაკვეთილი თანამშრომლობის პრინციპზე მაქვს აგებული. ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, შეგიძლიათ მითხრათ, რა არ მოგწონთ ჩემში. ჯანსაღი კრიტიკა კარგია. მოსწავლეებს ზოგადად არასდროს ეკითხებიან ხოლმე რა მოსწონთ მათ და ეს არის ჩვენი სისტემის პრობლემა.

როგორც ჩვენ, მასწავლებლები, ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას ბავშვებს, ასე გვჭირდება ჩვენც უკუკავშირი.

ადრე სწრაფად ვლაპარაკობდი ხოლმე და ამაზე მომცეს შენიშვნა მოსწავლეებმა. ეს იმდენად ორგანული იყო ჩემთვის, რომ არ მწყენია, ბუნებრივია და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე.

ასევე, მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნება, თუ გაკვეთილების შემდეგაც გექნებათ ჩვენთვის დროო. ვგეგმავდით ექსკურსიებს და დღემდე მახსოვს მათთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, უშგულში გატარებული საინტერესო დღეები.

  • კიდევ ჰქონდთ რამე შენიშვნა?

ბავშვებს არა. ძალიან მიყვარს კედები და ადრე სულ მაგაზე მაძლევდა ხოლმე დირექტორი შენიშვნას, რომ სკოლაში არ შეიძლება კედებით და გაცრეცილი ჯინსებით იარო, ან რაღაც მაისურებით მოხვიდე, იქნებ ჩაცმა მოაწესრიგოო. მაგრამ ბავშვებს მოსწონთ, ასე რომ ვიცვამ და ეს არის მთავარი.

  • როცა ბავშვებს საგაკვეთილო სივრცის მიღმაც აქვთ ურთიერთობის სურვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი მასწავლებელი ხართ?

ვფიქრობ, კი. მახსოვს, ერთხელ მშობელი მოვიდა და მთხოვა მის შვილს დავლაპარაკებოდი. ჩვენ ვერ მოვაგვარეთ მასთან ურთიერთობა და იქნებ დაგვეხმაროო. მარტივად გამომივიდა, რადგან დავსხედით და გულახდილად ვისაუბრეთ. შემდეგ ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომ სტუმრადაც კი მოდიოდა ჩემთან. ნებისმიერ სივრცეში შეგვეძლო გვესაუბრა და მოგვესმინა მისთვის.

კახა გალდავა

ძალიან მიყვარს წერა, ორი წელია ხატვაც დავიწყე და სულ ველაპარაკები ხოლმე მათ ხელოვნებაზე, მწერლობაზე, ისტორიაზე. სულ ვამბობ ხოლმე, რა კარგია, რომ ბავშვებთან მაქვს შეხება, რადგან ძალიან სუფთა გონება აქვთ, ჯანსაღი ღირებულებები. ვფიქრობ, ძალიან მაგარი თაობა მოდის. ისეთი ხედვები და ინტერესები აქვთ, განვითარების ისეთი პოტენციალი, რომ ამ თაობას ნამდვილად შეუძლია თავისი სათქმელი თქვას.

იგივე ევროპის თემა რომ ავიღოთ, ძალიან პროგრესული დამოკიდებულებები აქვთ. პირველ რიგში, შეუძლიათ იმის აღიარება, რომ განსხვავებულობა ნორმაა. მაღალი მიმღებლობა აქვთ განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ორიენტაციის, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • როცა ამბობთ, რომ ადვილად პოულობთ საერთო ენას ბავშვებთან, ეს ნდობის ფაქტორია ხომ?! როგორ მიიღწევა ნდობა?

ნდობას იწვევს აღიარება – აღიარების პრობლემა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, ზოგადად. აღიარებაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია სხვისი წარმატების დანახვა და შემდეგ აღიარება. გაჯერებული ვართ სტერეოტიპებით.

მაგალითად, „ეს ექიმის შვილია და ნიშანი უნდა დაუწერო“ – გეუბნებიან, მე კი ვამბობ – „რატომ უნდა დავუწერო იმის გამო, რომ ექიმის შვილია?“ მე მოსწავლის უნარებს ვაფასებ და არა მის წარმომავლობას. ან ვიღაცის მშობელი მერიაში რომ მუშაობს, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ასეთ დათმობებზე არასდროს მივდივარ, რადგან არ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის და გაგების პრობლემა.

მასწავლებლობას იმიტომ ადარებენ ხელოვნებას, რომ მას თაობები შეუძლია დაღუპოს ან გადაარჩინოს. ყველა წუთი, ყველა წამი, რომელსაც ამ ბავშვებთან ვატარებთ, აუცილებლად უნდა იყოს გაიგივებული ხელოვნებასთან და აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა იყოს გააზრებული. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისთვის ბოლომდე იხარჯები და მხოლოდ ის არ გაინტერესებს, რა ისწავლა ისტორიაში, ნდობაც მეტია და შედეგიც.

ერთხელ ერთმა ტრენერმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი. შემდეგ მივხვდი რას გულისხმობდა – ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები.

ზოგჯერ გგონია, რომ ბავშვები კარგად გრძნობენ თავს, თუ მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან, მაგრამ ასე არ არის. ერთი შემთხვევა მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ჩემს მეშვიდეკლასელ გოგონას წიგნი ვთხოვე. მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, დედა ემიგრაციაში იყო.

საღამოს წიგნი რომ გადავშალე, იქიდან დაკეცილი ფურცელი გადმოვარდა. საკმაოდ გრძელი ლექსი ეწერა. მეშვიდეკლასელი გოგო წერდა, როცა დავამთავრებ სკოლას, მეცმევა საუკეთესო კაბა და ფეხსაცმელი, მაგრამ მერჩივნა ვყოფილიყავი ფეხშიშველი, ოღონდ შენი მზერა გამყოლოდაო. დედას გეფიცებით, დავჯექი და ვიტირე. იმიტომ, რომ მივხვდი, მოსწავლე არ უნდა დამენახა მხოლოდ იმ მოცემულობით, რასაც ვიზუალურად ვხედავთ. ეგზიუპერი ამბობდა: „უმთავრესია ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ“ და მეც ზუსტად ამას დავუწყე ძებნა. იმას, რასაც ვიზუალურად ვერ ვხედავდი.

ამ ყველაფერმა მომცა ის, რამაც ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან. ასე მგონია, ჩემს საკუთარ შვილებსაც კი ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც მოსწავლეებს.

  • როგორც ვიცით, სამტრედიის მე-15 სკოლაშიც მუშაობდით, სადაც რთული ქცევის და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებსაც ასწავლიდით. რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ, შეცვალეთ რამე ამ ბავშვების ცხოვრებაში?

2013 წელს მივედი ამ სკოლაში სამუშაოდ, დირექტორმა მთხოვა და ვიფიქრე – რატომაც არა. თუმცა, რაც პირველივე დღეებში ვნახე, გულახდილად გეტყვით, სტრესში ვიყავი მთელი ერთი თვე, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ვფიქრობდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმიტომ, რომ ეს იყო ადგილი, პირდაპირ გეტყვით, ბოლო გაჩერება ამ ბავშვებისთვის.

აქ მოდიოდნენ ბავშვები, რომლებმაც ვერსად იპოვეს ადგილი მთელ საქართველოში. გამოვლილი ჰქონდათ ბავშვთა სახლები, მინდობით აღზრდა, 14 წლის იყო ზოგიერთი და უკვე პრობაციონერი, აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც არც მშობლებს სურდათ და არც საზოგადოებას. აქ მივხვდი პირველად, რას ნიშნავს იყო უარყოფილი.

ზუსტად სამი თვის მერე დამიძახა დირექტორმა და მკითხა ჩემს შთაბეჭდილებებზე. მე ვუთხარი, არ ვიცი, ბავშვები შეიცვალნენ, თუ უკვე მე აღვიქვამ მათ საქციელს ნორმად-მეთქი. მართლა ისე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება, რომ ეს ბავშვები სახლშიც კი დამყავდა. საახალწლო სუფრაზე დავპატიჟე, ღამითაც კი რჩებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა არც ერთ გაკვეთილზე არ შედიოდნენ, მაგრამ მოდიოდნენ ჩემს გაკვეთილზე.

კახა გალდავა

გარე-დაკვირვება გავიარე ამ ბავშვებთან, როდესაც სტატუსი ავიმაღლე და წამყვანი მასწავლებელი გავხდი. იცით, როგორ რთულ ქცევაზე ვსაუბრობ? როცა ბავშვს შეეძლო ამდგარიყო გაკვეთილზე ფეხზე და 45 წუთი წრეზე ევლო კლასში. აი, ასეთი ქცევის ბავშვებთან ჩავატარე გაკვეთილი, სადაც ერთი წყვეტაც კი არ მქონია აქტივობებს შორის.

დღემდე, როცა მირეკავს ის მოსწავლე, მეუბნება ხოლმე – „კახა მასწ, აბა მითხარი, ვინ იყო უკანასკნელი მსხვერპლი პირველ მსოფლიო ომში?“ და როცა სახელსაც მეტყვის იმ ადამიანის და წარმომავლობას, ვხვდები, როგორ ჩაიბეჭდა მის გონებაში ეს გაკვეთილი.

7 წელი ვიმუშავე ამ სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ ბავშვთან კონფლიქტი არ მქონია, ჩემი გაკვეთილიდან არც ერთი მოსწავლე არ წასულა.

  • თქვენ ამბობთ, რომ ეს ბავშვები უარყოფილნი იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა მათი ცხოვრება აქამდე, როგორია მათი ცხოვრების ისტორია?

მე მაქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებაზე უფლების მოპოვებასაც ველოდები.

მაშინ მომიყვა ერთი მოსწავლე თავის ისტორიას, 39 გვერდია. მახსოვს, გურამ ოდიშარიასაც გავუგზავნე წასაკითხად, კულტურის მინისტრი რომ იყო და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ეხილა მზის სინათლე ამ ჩანაწერებს. სათაურიც მაქვს უკვე წიგნისთვის – „ხმა, რომელიც ჭაობის პირას ჩაიკარგა“. ასე ვარქმევ და მინდა მალე გამოვუშვა.

ერთმა ბავშვმა მითხრა, არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი დაწესებულება, სადაც არ ვყოფილვარ, მე არც დედა ვიცი ვინ არის, არც მამაო. ვიღაცას უთქვამს მისთვის, დედაშენი უცხოეთშია წასულიო. ამბობდა, ერთადერთი ოცნება მაქვს, ვიპოვო დედაჩემი, საყელოთი დავიჭირო, ვაიძულო, თვალებში ჩამხედოს და ვუთხრა – „რატომ გამაჩინე, რა დაგიშავე“.

ბავშვები მიყვებოდნენ, როგორ ექცეოდა მამა დედას, შემდეგ როგორ გამოაგდო მამამ სახლიდან და ამ ყველაფრის მონაწილე იყვნენ ისინი. ძალიან ბევრი და მტკივნეული ისტორია მაქვს მოსმენილი.

როცა გაკვეთილზე ყოფნა არ სურდათ, ფილმებს ვუყურებდით. ყოველთვის მქონდა ხოლმე მიზნობრივი შინაარსის ფილმი, რომელიც მათ საჭიროებებთან იყო ახლოს. მაგალითად: „თავისუფლების მწერლები“, „ნაწილები“ და ასე შემდეგ. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ფილმებია, ვუყურებდით და შემდეგ ვარჩევდით.

თავიდან მათთან ნებისმიერ თემაზე დავიწყე საუბარი. როცა მიხვდნენ, რომ პირად ისტორიებსაც ვუყვებოდი, მათაც გაუჩნდათ მოყოლის სურვილი. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ არაფორმალურ გარემოში დავმსხდარიყავით და მოგვეყოლა ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ.

  • დავუშვათ, ამ ბავშვებს არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში, ასეთ დროს ხომ ვამბობთ, რომ სკოლამ უნდა შეუვსოს ბავშვს დანაკლისი. სად იყო სკოლა, რატომ ვერ შეძლო ამ ბავშვების ტკივილის შემსუბუქება?

ვფიქრობ, სკოლამ ეს მოახერხა. ჩვენ შევძელით. გული მწყდება, რომ ეს სკოლა უკვე დაიხურა, რადგან მან მართლა შეცვალა ბევრი ბავშვის ცხოვრება.

  • ეს, ალბათ, თქვენ შემთხვევაში?

იცით, ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ყოველ დღე ვსხდებოდით და ერთმანეთს ვეკითხებოდით – რით შეგვიძლია ამ ბავშვებს დავეხმაროთ? ყველასი ვერა, მაგრამ რამდენიმე ბავშვის ცხოვრება მართლაც შეცვალეთ. ზოგი ჩვენს რაიონში ბარმენად დასაქმდა, ზოგი მიმტანია, ზოგი ავტოსამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სხვა ქალაქში წავიდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ.

აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც მიტოვებული ჰყავდათ ოჯახის წევრებს. მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი წავიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგამ სახლში, როცა ძმამ 6 თვე არ მოაკითხა.

„რა ჯანდაბისთვის მომითრიეთ ეს აქო“- გვითხრა ამ ბიჭის ძმამ, როცა დაგვინახა. ისეთი აცრემლებული თვალები ჰქონდა ამ ბავშვს,  შევცბი და ძმას ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა. დაიტოვა, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დავაბრუნეთ, რეალურად ოჯახს არ უნდოდა ეს ბავშვი. მშობლები აღარ ჰყავდა და ძმა მასზე აღარ ზრუნავდა.

22-ში პრეზენტაცია მაქვს თბილისში და აუცილებლად ვილაპარაკებ ამ გადარჩენილი ბავშვების შესახებ.

  • როგორც ვიცი, დღიურსაც აწარმოებდით, სადაც თქვენი მოსწავლეების ხასიათს, შეხედულებებს და ემოციებს იწერდით.

დიახ, ეს ძალიან დამეხმარა შემდგომ ამ ბავშვებთან ურთიერთობაში. ამ ყველაფერმა მათი ინდივიდუალური საჭიროებები დამანახა და ადვილად ვხვდებოდი, ვისთან რა ინტერვენცია მჭირდებოდა. ისინიც გრძნობდნენ ამას და მეუბნებოდნენ ხოლმე, მასწავლებელო, ყოველთვის როგორ ხვდები ჩვენ რა გვინდა და რა გვჭირდებაო.

  • მოდით, დავუბრუნდეთ ისტორიის გაკვეთილებს, რა ისწავლეს თქვენმა მოსწავლეებმა თქვენი საგნით?

ვფიქრობ, ყველა საგნის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიის უსწავლელობა ბავშვს არ ეპატიება, იმიტომ, რომ შენი ქვეყნის წარსულის ცოდნაზეა დამოკიდებული უკეთესი აწმყოც და მომავალიც.

ისტორიის სწავლება, ვფიქრობ, კარგია პირადი მაგალითებით. იქნება ეს მეფეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები თუ სხვა. მიყვარს ასევე ფილმებით სწავლებაც. სწავლებაში ვიშველიებ როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს.

იგივე გენდერულ თანასწორობაზე როცა ვსაუბრობდით, მომყავდა თამარ მეფის, ჟანა დარკის, ელიზაბეტ პირველის, დედოფალ ვიქტორიას და სხვა ბევრი ცნობილი ქალის მაგალითი.

„ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ – ასეთი გაკვეთილიც ჩავატარეთ, სადაც ვაჩვენე კონკრეტული ფაქტებით, რომ ქართულ-ევროპული ურთიერთობები დღეს არ დაწყებულა და ამას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა ევროპული ხედვები. მოვუყევი ფარსმან მეფის შესახებ, მისი საოცარი მხედრული შერკინება, რომლის ძეგლიც კი დადგეს რომში. სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში და ბევრი სხვა ფაქტი, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ხედვები ყოველთვის იყო ევროპაზე სწორება და არასდროს გვქონია გეზი ჩრდილოეთისკენ, ეს იყო იძულებითი.

ევროპული ღირებულებებია ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო უნდა დადგეს და გააგრძელოს წინსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ განვითარების პრეტენზია ვერ გვექნება და ვერც განვვითარდებით. ევროპა არ არის წარმოსახვითი სივრცე, სადაც მხოლოდ იმოგზაურებ ან სამუშაოდ წახვალ, ეს არის კულტურის ცენტრი, რომლის შეთავსებაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

  • რუსეთზე მინდა გკითხოთ, დღემდე საჯილდაო ქვად რჩება ეს თემა. ბავშვებს თუ მიაჩნიათ რუსეთი მტრულ ქვეყნად, მიიჩნევენ მას ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფრთხედ?

მე ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და მტერია, მაგრამ ვცდილობ, ფაქტები ვასწავლო ბავშვებს, რომ შემდეგ თავად გააკეთონ ანალიზი და თავად შეაფასონ. ვფიქრობ, ადეკვატური შეფასებები აქვთ მოსწავლეებს.

ერთ-ერთი კომპლექსური დავალება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო. სულ მახსენდება ამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ერეკლე არ იყო პრორუსი ადამიანი, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე შეალია თავისუფლებისთვის ბრძოლას.

რა მოცემულობამ აიძულა ერეკლე, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ჰქონდა თუ არა მას სხვა არჩევანი – ამ კითხვებზე ფაქტებით უნდა გასცეს მოსწავლემ პასუხი.

  • ჩვენს ქვეყანაში დღემდე ცდილობენ სტალინის კულტის შენარჩუნებას, ძირითადად პრორუსული ძალები. სკოლებშიც კი, არის დამოკიდებულება, რომ კი, სტალინი იყო ტირანი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ის მაინც დიდი ადამიანი იყო. თქვენ რას ასწავლით მასზე ბავშვებს?

ამ საკითხს მარტივად ვაგვარებ. ბავშვებს ვასწავლი, რომ პიროვნებების შეფასებისას ჯერ მათი საქმეები უნდა შეაფასონ, მათი პოლიტიკური მიღწევები. სტალინი შეიძლება იყო ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ ის იყო ტირანი და მე ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე.

გავაკეთე სპეციალური გვერდი, „საბჭოთა რეპრესიები“, რაშიც დამეხმარა „სოვლაბი“ [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია]. ბევრი ისტორია შევკრიბე და როცა ბავშვებს ვასწავლი ამ თემაზე ან რაღაც სიმპათიებს ვამჩნევ სტალინის მიმართ, ვუგზავნი ამ ბმულს და ვეუბნები, რომ გაეცნოს ყველა დოკუმენტს და შემდეგ ვიმსჯელოთ.

ერთმა ბავშვმა გაიხსენა მეწაღის ისტორია, რომელმაც შემთხვევით გაუყარა მახათი გაზეთს, რომელზეც სტალინის ფოტო იყო გამოსახული და როგორ დახვრიტეს ის ამის გამო. როცა ვუყვები ევგენი მიქელაძის ისტორიას, რომელიც ჩვენი კუთხიდან იყო და რომელიც რეჟიმმა დახვრიტა, საოცარი ემოციები აქვთ.

მე არ მიმაჩნია, რომ სტალინი ძლიერი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და ის, რომ დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს სადავო, სწორედ სტალინის და საბჭოთა სისტემის დამსახურებაა.

  • რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო ახსენეთ, მინდა მოგვიყვეთ იმ აფხაზ და ოს პედაგოგებზე, რომლებსაც ხვდებით ხოლმე ხშირად. რას ფიქრობენ ჩვენზე?

2013 წელს მოხალისედ დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „განათლება და სამყარო“. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია და ვმუშაობთ აფხაზ მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან. სამი საერთაშორისო კონფერენცია გვქონდა უკვე, ორი სტამბოლში და ერთი – ერევანში. ასევე შეხვედრები ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში.

მახსოვს, პირველად როცა ჩამოვიდნენ ბათუმში აფხაზები, მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ: „ეს ნამდვილად საქართველოა? ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ომის შემდეგ საქართველო არ განვითარებულა“. აფხაზეთში ხომ ძალიან მძიმე ვითარებაა, დაბალი ხელფასები, ტანსაცმელსაც კი ვერ ყიდულობენ.

როცა ვუთხარი, რომ აქ მასწავლებელს 1500 ლარი აქვს ხელფასი, ძალიან გაუკვირდათ. ყოველ წელს 10-15 გაოცებულ ადამიანს ვუშვებთ აფხაზეთში.

  • ვიცით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. გაქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ შორის აღდგება ნდობა?

ჩვენი მიზანი სწორედ ნდობის აღდგენაზე მუშაობაა. როცა ახალი ჯგუფი ჩამოდის, პირველი დღე ყოველთვის დაძაბული არიან, თუმცა მეორე-მესამე დღეს აბსოლუტურად იცვლებიან.

ერთი პედაგოგი მიყვებოდა, როგორ დაადგა თავზე ფსბ-ს აგენტი, როცა ტელეფონში ქართული მუსიკა ჩართო. მაშინვე პოლიცია დაადგა თავზე, „ან გადააყენე, ან დაგიმტვრევო“ – უთხრა. ბუნებრივია, ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა არის ნაწილი, რომელიც აღიარებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: