მთავარი,სიახლეები

ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

02.07.2021 • 2529
ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

„სახლები დაიბზარა, გვეშინია დაძინების, მაგისტრალი ჩვენს აივნებზე შემოდის პირდაპირ, ხმაურია აუტანელი, მტვერი…“ – პრობლემების ჩამონათვალი დიდი აქვთ სალიბაურში მცხოვრებ ადამიანებს. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ სახლების აივნებისა და ეზოების პირდაპირ ბათუმის შემოვლითი გზა გაიყვანეს. მანამდე სალიბაური ერთი მშვიდი და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი იყო.

15 ოჯახი, რომლებსაც ახლა უკვე ცხოვრება მაგისტრალთან უწევთ, პერმანენტულ აქციებს მართავს. ისინი განსახლებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე, ჯერჯერობით, შეაჩერეს შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები. იქ, სადაც მძიმე ტექნიკა უნდა მუშაობდეს, ახლა კარვებია გაშლილი.

კარვები ბათუმის შემოვლით გზასთან, სოფელი სალიბაური

აქცია ბათუმის შემოვლით გზასთან

12 ოჯახი კორპუსში ცხოვრობს, სამი ოჯახი – კერძო სახლებში. აქ ნებისმიერი გეტყვით: „წამოდით, ჩემი სახლის კედლებიც ნახეთ“. სალიბაურში მცხოვრები ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ბზარები სახლის კედლებზე შემოვლითი გზის მშენებლობამ და მძიმე ტექნიკის მუშაობამ გააჩინა. მათთვის ცხოვრება საშიში გახდა და არც კი უნდათ იმ ვითარების  წარმოდგენა მას შემდეგ, როცა ავტობანი გაიხსნება და აივნებიდან შეხედავენ ავტომანქანების მოძრაობას.

მერი ტაკიძე

„ეს ჩემი აივანია, მაგისტრალის მტვერი და ხმაური პირდაპირ ჩამოვა აქ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ზანზარებს ყველაფერი, როცა მძიმე ტექნიკა მუშაობს,“ – გვიყვება მერი ტაკიძე და სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადადის, ყველა ოთახში შედის და დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს.

მერი ტაკიძის თქმით, ექსპერტები მასთანაც იყვნენ, თუმცა დასკვნის შესახებ ჯერ არაფერი იცის. მერი ყურადღებას ამახვილებს ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზეც.

„მეზობლის ბავშვი გაგვიხდა ავად, აღარ თამაშობდა… ექიმმა თქვა, ტყვიის შემცველობა აქვს მაღალი, 24.8 პროცენტიო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ესაა, ჯანმრთელობა. ახლა რომ ეს მაჩვენებელია, მერე რა იქნება?“ – კითხულობს მერი და მეზობლებსაც გასძახის, სხვა დაბზარული კედლებიც რომ გვაჩვენონ.

ბზარები მაგისტრალთან ახლოს მდებარე მაღაზიის კედელზე. მაგისტრალთან მცხოვრები ადამიანების თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობის შემდეგ ბავშვებში ტყვიის შემცველობა გაიზარდა. 

მაგისტრალი საცხოვრებელ კორპუსთან

კარვებთან შეგვხდა სეფიე ივანაძეც. ამბობს, რომ მის მიწის ნაკვეთს იყენებენ მაგისტრალის მშენებლობისთვის, მაგრამ ზიანი არავინ აუნაზღაურა.

„ამ მიწას ჩვენ ვამუშავებდით 30 წელია, მითხრეს 1000 ლარს მოგცემთო, მაგრამ უარი ვთქვი. სიმინდს ვთესავდით, ხეხილი მქონდა. ახლა არაფერი, რით ვიარსებოთ?“ – კითხულობს სეფიე ივანაძე.

სეფიე ივანაძე

ექსპერტიზის დასკვნა აქვს მზიური ზოსიძეს, თუმცა დასკვნას არც ამ ოჯახში შეუცვლია რამე უკეთესობისკენ.

„2 წლის წინ მოვიდნენ და ხელშეკრულებებიც გაგვიფორმეს. გვითხრეს, რომ თუკი რაიმე ზიანი მოგვადგებოდა, აგვინაზღაურებდნენ, მაგრამ ახლა არავინ გვაქცევს ყურადღებას, არავის აღარ უნდა ჩვენი მოსმენა, აჭარის ეკონომიკის მინისტრთანაც მივედით და არ მოგვისმინა,“ – ამბობს მზიური ზოსიძე. მან საკუთარი სახლის დაბზარული კედლები გვაჩვენა და ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც „დაზიანებების გაჩენა შესაძლოა გამოეწვია ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას“.

ბზარები მზიური ზოსიძის სახლში

ექსპერტიზის დასკვნაში წერია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: „საცხოვრებელი შენობები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საავტომობილო გზებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა“, – წერს ექსპერტი და იქვე მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული სახლი ხიმინჯებიდან 27-35 მეტრითაა დაშორებული. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გზების დეპარტამენტში არ ცნობენ.

„დისტანცია უნდა იყოს 25 მეტრი. არ ვიცი, რატომ დაწერა ეს ექსპერტმა, ექსპერტს ჰკითხეთ,“ – გვითხრა საქართველოს გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ.

გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები არ არის სამართლიანი. აქ ექსპერტიზის დასკვნის ერთ სიტყვაზე აკეთებენ აქცენტს – „შესაძლოა“.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს დაზიანებები შესაძლოა იყოს გამოწვეული შემოვლითი გზის მშენებლობით. ჩვენ შევთავაზეთ ამ მოქალაქეებს მონიტორინგის განხორციელება, ანუ შესაბამისი ნიშნულებით მონიშვნა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. რაც შეეხება კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ჯერ მზად არ არის… განსახლების მოთხოვნა ასე ვერ დაკმაყოფილდება, თუკი ის დოკუმენტით არ დადასტურდება,“ – განმარტავს მიხეილ უჯმაჯურიძე, გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი.

რატომ არ შეისწავლეს ამ სახლების მდგომარეობა, ვიდრე შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყებოდა? – მიხეილ უჯმაჯურიძემ გვიპასუხა, რომ მანამდე ამის საჭიროება არ იყო. გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვითხრა ისიც, რომ ხმაური და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლიც დასაშვებ ნორმაშია.

„იქ უნდა განხორციელდეს შემარბილებელი ღონისძიებები, რაც ქვეკონტრაქტორის ვალდებულებაა, მაგალითად, მორწყვა ინტენსიურად… ზედამხედველის მონაცემებით, ხმაური დასაშვებ ნორმაშია,“ – ირწმუნება გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რას აპირებს გზების დეპარტამენტი, როცა შემოვლითი გზის მშენებლობა შეჩერებულია და იქ კარვებია გაშლილი?

„მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ჩვენ მივიღებთ კანონიერ გადაწყვეტილებას, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა მიხეილ უჯმაჯურიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ არის პროტესტი სამართლიანი, თუ გზის მშენებლობის გამო ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და სახელმწიფო მათ არაფერს სთავაზობს? – ესეც ვკითხეთ გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს.

„თქვენთან პოლემიკაში ვერ შემოვალ“, – დაგვემშვიდობა მიხეილ უჯმაჯურიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: