მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთი უკრაინელი მოქალაქე-ჯარისკაცების წვრთნის პროგრამას აფართოებს

05.09.2022 • 765
ბრიტანეთი უკრაინელი მოქალაქე-ჯარისკაცების წვრთნის პროგრამას აფართოებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას აფართოებს. პროგრამა ათიათასობით სამხედროს სწავლებას გაითვალისწინებს, ხოლო სამხედრო კურსის დრო სამიდან ხუთ კვირამდე გაიზრდება – ინფორმაცის Sky News-ი ავრცელებს.

ძირითადი კურსი, რომელსაც ბრიტანეთი სთავაზობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ქვეითი ჯარის მომზადებაა, იმ მოქალაქეების ჯარისკაცებად გარდაქმნა, ვინც ბრძოლა გადაწყვიტა – იარაღთან მოპყრობა, პირველი დახმარება ბრძოლის ველზე, შენიღბვა და პატრულირების ტექნიკა.

დამატებითი ორი კვირა კი სამხედროებს უფრო საფუძვლიანი სწავლების საშუალებას მისცემს – ბრძოლები ქალაქის პირობებში და სანგრებში, ოპერაციები სატრანსპორტო საშუალებებით.

ივნისის შემდეგ დაახლოებით 4700-მა უკრაინელმა გაიარა მომზადება ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე. სწავლებას უძღვებიან ბრიტანეთის არმიის სამხედროები და საერთაშორისო ინსტრუქტორები რვა ქვეყნიდან, მათ შორის ახალი ზელანდიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიასა და ნიდერლანდებიდან.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ეს წვრთნები ერთობლივი მხარდაჭერის კარგი მაგალითია. 

„სასწავლო კურსი სწრაფად შემუშავდა და ახლა ჩვენ მას ხუთ კვირამდე ვახანგრძლივებთ, რათა საუკეთესო ცოდნა მივცეთ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც მალე მზად იქნებიან ბრძოლებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად, დაიცვან საკუთარი სახლები უკანონო და არაპროვოცირებული რუსული აგრესიისგან და ამას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ – თქვა ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე ოთხჯერ მოინახულა უკრაინელთა საწვრთნელი ბაზები.

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედროების მომზადების პროგრამა ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ ივნისში კიევში მყოფმა ბორის ჯონსონმა შესთავაზა.

უკრაინელების პირველი ჯგუფი ბრიტანეთში 6 ივლისს ჩავიდა.  

მთავარ ფოტოზე: საწვრთნელი პოლიგონი/ფოტო: დიდი ბრიტანეთის თავდაცვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: