მთავარი,სიახლეები

რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი

03.09.2022 • 19724
რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი

„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს.

ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, ისევ არავინ აპირებს.

ზოგიერთი მოქალაქე სამუშაოების განახლებას ელის, ზოგიერთი კი, მიიჩნევს, რომ „ფულია შეჭმული“.

„ფული შეჭამეს, ფაქტია, ყარაულებსაც ხელფასი ვერ მისცეს და მუშებს კიდევ…  ჩემი სახლი ისევ ძალით დგას ფეხზე, ჩამონგრევის პირასაა მაგ ავტობანის გამო და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, კომპენსაციის საკითხი ისევ გაურკვეველია,“ – გვითხრა როინ დევაძემ.

სალიბაურში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს 2021 წელს. აქ მცხოვრები 13 ოჯახი აცხადებს, რომ სახლებს ბზარები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც იქ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ფაქტია, რომ საცხოვრებელი სახლების აივნებზე გადის ავტობანი.

მშენებარე ავტობანი სალიბაურში, სადაც მუშაობა შეჩერებულია / 3.09.2022

„ორი თვე იქნება, რაც წავიდნენ, ტექნიკაც წაიღეს და ყველაფერი, მაგრამ ალბათ სხვაგან მუშაობენ სადმე და დაბრუნებიან, ავტობანს ვინ გააჩერებს?“ – კითხულობს სალიბაურში მცხოვრები შოთა ბერიძე.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს. „ბათუმელები“ ამ კომპანიის დაცვის სამსახურში დასაქმებულ რუსლან ფუტკარაძეს ესაუბრა.

„მე მახვილაურის ტერიტორიაზე ვმუშაობ დაცვის სამსახურში,“ – გვითხრა რუსლან ფუტკარაძემ, – „მუშები ყველა დაითხოვეს სამსახურიდან, რამდენიმე ყარაული დაგვტოვეს მხოლოდ, მგონი ამასაც ამცირებენ… ხელფასს ვერ გვიხდიდნენ ორი თვე, მაგრამ გუშინ ჩაგვირიცხეს თანხის ნაწილი. დავალიანება 12 სექტემბერს უნდა დაგვიფარონ სრულად ,“ – აღშნიშნა რუსლან ფუტკარაძემ.

„ბათუმელებს“ კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა შეჩერებულია და ეს „ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება“, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს: რა სახის ფინანსური პრობლემების გამოა შეჩერებული უკვე ორი თვე ავტობანის მშენებლობა? ან როდის გაანხლდება სამუშაოები?

„მშენებლობა დროებით შეჩერებულია, ფინანსური პრობლემები შეექმნა კომპანიას, სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება, როდესაც აღმოიფხვრება ფინანსური პრობლემები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომან პატარიძემ.

„სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინაროებს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს გზების დეპარტამენტში, სადაც სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი, მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ბათუმის ავტობანის დასრულებას 2023 წლისთვის ვარაუდობენ.

ბათუმის ავტობანისთვის 329 მილიონ 630 ათას 734 ლარი დაიხარჯება.

ვრცლად ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი], მახინჯაურის მონაკვეთი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: