მთავარი,სიახლეები

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

09.03.2022 • 14343
რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

დიმიტრი მურატოვი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსეთში ჯერ კიდევ მომუშავე „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია. „ნოვაია გაზეტა“ 2006 წელს რუსეთში მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მშობლიური რედაქციაა. დღემდე მისი სამუშაო მაგიდა ხელუხლებელია, სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე კი მისი ინტერვიუების კადრები გადის.

დიმიტრი მურატოვი შიშობს, რომ რუსეთში ყალბი ინფორმაციის შესახებ კანონის დამტკიცებით, რედაქციას მუშაობის შეწყვეტა ან მის ჟურნალისტებს 2-დან 15 წლამდე დაპატიმრება დაემუქრებათ. 7 მარტს იუთუბზე, გადაცემაში – „უთხარი გორდეევას“ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე, პუტინის მიერ დახატულ რუსეთის იდეასა და შესაძლო ბირთვულ კატასტროფაზე.

„ბათუმელები“ მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს გთავაზობთ.

  •  ომი და „ნოვაია გაზეტა

„ბევრი რამე გადაგვხდენია თავს: კოლეგების, მეგობრების სიკვდილი, გაგვივლია ჩეჩნეთის და საქართველოს ომები, მიგვიღია ასობით მუქარა, რუსი ფაშისტებისგან და ნაცისტებისგან ღორის მოჭრილი თავები მიგვიღია წარწერით, რომ ასე დაემართებოდათ რედაქციის დამლაგებლიდან მთავარ რედაქტორამდე – მოკლედ, ბევრი რამე გვინახავს და მაგარი ნერვების მქონე ხალხი ვართ. აი, ახალგაზრდა თანამშრომლებს კი საზარელი განწყობა აქვთ და სულ უფრო უმყარდებათ სურვილი, ქვეყანა დატოვონ. რედაქციაში მათი პასპორტების ასლები მიდევს, იქნებ, სადმე რამე გამოჩნდეს მათ გასამგზავრებლად.

ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, რომ, სამწუხაროდ, ომი იქნებოდა. რედაქციაში უამრავ შეხვედრას ვმართავდით და ვფიქრობდით, რომ ეს ოლიმპიადის მერე მოხდებოდა (ნუ, პარაოლიმპიელები, ცხადია, არ დაინდვეს, რადგან პარაოლიმპიადა მეორე ეტაპზე იმართება ხოლმე). რაღაც პრინციპებზე შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ყველასთან გავმართოთ დიალოგი, მაგრამ თუ ომი დაიწყებოდა, არჩევანი უბრალოდ არ დაგვრჩებოდა. ასეც მოხდა.

როცა ინფორმირებული მოლოდინი გვქონდა, რომ ომი აუცილებლად დაიწყებოდა, მოვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ ევფემიზმებისთვის დრო და ადგილი აღარ დარჩებოდა და ყველაფერს ვიტყოდით პირდაპირ, რომ ომს არ შევეგუებოდით და არავითარი „მაგრამ“ არ იარსებებდა. რა „კი, მაგრამ?“ წინათ თუ ამბობდნენ, რომ პატრიოტიზმი უკანასკნელი ნაძირალების თავშესაფარია, ახლა გეოპოლიტიკა გახდა ასეთი თავშესაფარი, არავითარი „კი, მაგრამ“, როცა უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები იღუპებიან, როცა მშვიდობიანი ქალაქები ნადგურდება და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.

  • „პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა

„გამოსვლებში ვლადიმერ პუტინმა ჩამოთვალა ყველა ის წყენა, რომელიც მას, როგორც რუსეთის ლიდერს, გულში ჩარჩენია; პუტინის გამოსვლებიდან ცხადი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომი პუტინისთვის არ დასრულებულა, ვვარაუდობ, რომ პუტინს ახლა პირადი გამარჯვების მოპოვება სურს მეორე მსოფლიო ომში. ეს გამარჯვება ნიშნავს იმ შედეგების შენარჩუნებას, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დადგა და რაც პუტინს მართებულად მიაჩნია – ის ახლა იქ იბრძვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ეს, რა თქმა უნდა, წარსულში ცხოვრებაა, მაგრამ რას იზამ, უნდა გამარჯვება მოიპოვოს. გამოდის, თითქოს მეორე მსოფლიო ომი გამარჯვებით არ დასრულებულა.

ამ დღეებში იმ ადამიანებს ვესაუბრე, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. არ მინდა მათ ელიტა ვუწოდო (ელიტა ის ხალხია, ვისაც სისხლითა და ოფლით ხალხისთვის და ქვეყნისთვის კარგი მოაქვს, ჩვენ კი უშიშროების საბჭოს სხდომის დროს ვნახეთ ტრიბუნასთან მიმავალი, შიშისგან აცახცახებული ადამიანები, რომლებიც განიერად დგამდნენ მიკროფონთან ფეხებს. იცით, რატომ? პამპერსები ეკეთათ – მათ ეშინოდათ, ვერ გამოეცნოთ, თუ რა ჰქონდა პუტინს ჩაფიქრებული, ამიტომ ეშინოდათ. ახლა უკვე გაიგეს მისი ჩანაფიქრი და ყველაფერს გააკეთებენ, რასაც პუტინი უბრძანებს), მაგრამ ასე ერთიანი ხელისუფლება არასდროს ყოფილა – ისინი სრულად იზიარებენ პუტინის მსოფლმხედველობას, მას კი სამყაროს საკუთარი სურათხატი აქვს: ეს სურათხატი კი ისეთივე მყარია, როგორც ეგვიპტური პირამიდები, რომელთა ფილებს შორის ნემსსაც კი ვერ შეყოფთ; ამ წარმოდგენაში რუსეთი იზოლაციონისტური ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულების უზარმაზარი მარაგით და მას არავინ სჭირდება. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ დასავლეთი, ზოგადად, დანარჩენი სამყარო არის მტერი.

  • რუსეთი-საქართველო-დასავლეთი

„ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ 2007 წელს, როცა რუსეთს ბრიუსელში, ნატოში საელჩო ჰქონდა, დიპლომატებს შორის როგოზინიც იყო. პუტინი სთავაზობდა (დასავლეთს) რუსეთის ნატოში მიღებას. უთხრეს, რომ ასე არ ხდება, რომ საჭიროა გამოსაცდელი ვადის გავლა, დოკუმენტების მომზადება. ასეთ რამეს არ ელოდა. მერე, როცა იფიქრა, რომ დასავლეთი მას ატყუებდა, 2007 წელს მიუნხენში ის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა (ამ გამოსვლაში პუტინმა მსოფლიოს ერთპოლუსიანობასა და რუსეთის ცვალებად როლზე ისაუბრა – რედ. შენიშვნა). აი, მანდ იმ ყველაფერზე ისაუბრა, რაც ახლა გახდა ცნობილი.

არავინ აღიქვა ეგ გამოსვლა სერიოზულად, რამდენიმე ავტორიტარის გარდა სამხრეთ ამერიკაში. დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს არასერიოზულად, მხოლოდ რიტორიკად აღიქვეს, მაგრამ უკვე მომდევნო წელს საქართველოსთან ომი გაჩაღდა: ბუში ერთს ეუბნებოდა პუტინს, მეორეს – სააკაშვილს, დაზვერვა კი იმისთვის არსებობს, რომ ერთიც და მეორეც გადაამოწმო და შეადარო.

აი, ეს იყო გარდამტეხი მომენტი: რუსეთში მანამდე ირწმუნებოდნენ დასავლური ღირებულებების ერთგულებაზე, კანონის უზენაესობაზე, ღიაობასა და გლობალიზაციაზე. ამით მორჩა ყველაფერი – კოლექტიური ძალაუფლება რუსეთში გაბრაზდა დასავლეთზე.

კიდევ ერთი რამე მოხდა: პუტინმა გააცნობიერა, რომ ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ფასეულობებზე საუბრობდნენ, სინამდვილეში ფასს გულისხმობდნენ: პუტინმა ბითუმად იყიდა დასავლელი პოლიტიკოსები და დასვა რუსეთის სახელმწიფო კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში და ეს ადამიანები მართლაც ისე სწრაფად შევიდნენ ამ საბჭოებში, როგორც ახლა გამოდიან (იქ იყვნენ საფრანგეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერები, იტალიელი პოლიტიკოსები…). მოასხდნენ სავარძლებს, იღებდნენ რამდენიმე მილიონს წელიწადში, პუტინი კი იქედნურად იცინოდა, აი, ეს ადამიანები მესაუბრებიან დასავლურ ფასეულობებზე?! მათ ხომ მხოლოდ ფული აინტერესებთ?

ამაში ის დარწმუნებული იყო, ისევე, როგორც დარწმუნებულია, რომ ის დასავლეთს მეგობრობას სთავაზობდა, რაც უარყვეს, მერე კი არ უნდა გაბრაზებულიყვნენ იმის გამო, რაც მიიღებს რუსეთის ხელისუფლებისგან. ეს არის ტიპური რუსული ეზოს, არასრული სკოლის ეზოს ლოგიკა: არ მიიღე ჩემი მეგობრობა და ახლა უკვე ნუღარ გაბრაზდები, რომ მე ასე მოგექცევი. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გადახრა და ამ გადახრის გამო 24 თებერვალს (უკრაინაში ომის დაწყებით) ქვეყანას მომავალი გაუნადგურა.

იმ გამოსვლაში ყველა ის წყენა ჩამოთვალა, როგორც გითხარით, რაც მას გულში ჩარჩენია.

კიდევ ერთი რამ იკითხებოდა პრეზიდენტის გამოსვლაში: ვის უნდა მოველაპარაკო, თუ ისინი მუდმივად იცვლებიანო: პუტინის მმართველობის დროს გერმანიამ რამდენიმე კანცლერი გამოიცვალა, ამერიკამ – რამდენიმე პრეზიდენტი, იტალიამ და საფრანგეთმა რამდენიმე პრემიერი, პრეზიდენტი – აი, თვითონ კი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი გამოდგა, 22 წელია ხელისუფლებაშია და არარაციონალურია ესაუბრო ლიდერებს, რომლებიც მუდმივად იცვლებიან.

  • კრემლი, პროპაგანდა და ხალხი

ჩვენს პროპაგანდისტებს ეგონათ, რომ უკრაინელი ხალხი რუს სამხედროებს ყვავილებით დახვდებოდა…

ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ტელევიზიებს უკვეთავს პროპაგანდას მოსახლეობისთვის და აკვირდება, როგორ ართმევენ თავს დასახულ ამოცანებს და თანდათან თავად იწყებს იმის დაჯერებას, რაც თავად მოიგონა და ხალხს უჩვენეს. ფსიქოლოგებს ტერმინი აქვთ საამისოდ – თვითინდუქცია. მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით გაძღა და ვერ მოინელა.

სოციოლოგიურ რეიტინგებს იმ ადამიანების განწყობებით ზომავენ, რომლებიც მხოლოდ მათ ტელევიზიებს უყურებენ.

  • დამოუკიდებელი მედიის დასასრული რუსეთში

„ეხო მასკვის“ დახურვა უდიდესი ადამიანური დრამაა – აიღეს და გამორთეს კრიტიკული აზრი. ეს სრული სიგიჟეა. უცხოეთის აგენტობის კანონით ფეხქვეშ გაიგდეს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და საკმაოდ მიმზიდველი მედიაორგანიზაციები. რუსეთიდან გაედინება ჟურნალისტების, ანალიტიკოსების, პროგრამისტების უზარმაზარი რესურსი, მალე ყველა ვნახავთ, რაზეც ვსაუბრობ.

„ნოვაია გაზეტას“ არსებობის ორი დღეღა დარჩენია, რადგან ე.წ. ყალბი ამბების შესახებ კანონი თუ მიიღეს, ნიშნავს, რომ ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი შეიძლება ციხეში გაუშვან 2-დან 15 წლამდე. გვეტყვიან, რომ ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებთ, ყალბია. ვეტყვით: როგორ? წყაროები გვაქვს, ვიდეო გვაქვს, ფოტო გვაქვს! გვეტყვიან: ყალბია იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ, ასე ვფიქრობთ პროკურატურაში, წითელ მოედანზე და ა.შ. არა და, ჩვენი საქმე ხომ მიმდინარე მოვლენების ასახვაა, მსხვერპლებზე, დაღუპულებზე, ომზე წერაა, რომელსაც თურმე „ომი“ არა, „სპეცოპერაცია“ უნდა დავუძახოთ.

ნახავდით ალბათ, ტოლსტოის რომანს ხუმრობით სოციალურ ქსელში „სპეცოპერაცია და მშვიდობა“ რომ გადაარქვეს.

თუ კანონპროექტი ყალბი ამბების გავრცელების შესახებ მიიღეს, ყველა ვრისკავთ, რომ ჩვენი თანამშრომლები დააპატიმრონ. არა და, ჩვენს რედაქციაში ახალი ამბები გამოქვეყნებამდე, სულ მცირე, 10 ადამიანის ხელში გადის რედაქტირებას, გადამოწმებას, დაზუსტებას და ა.შ. ეს კანონი მედიის დამოუკიდებლად სრულად შთანთქავს, ეს მედიას საბოლოოდ მოკლავს ამ ქვეყანაში.

  • ბირთვული ღილაკით თამაში

„მივედით იმ ეტაპამდე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის ღილაკს ატრიალებს, როგორც მძღოლი – ძვირადღირებული ავტომანქანის გასაღებს – იმას გვაჩვენებს, რომ ავტომანქანა მისია. სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ როცა სანქციები საბოლოოდ გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას (რაც უკვე დაიწყო), შეიძლება ის გასაღები მართლა გადაატრიალოს“.

  • რაზე შეიძლება უკრაინა რუსეთს ესაუბროს მოლაპარაკებებზე?

„ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკება, ჰუმანიტარული დერეფნები, ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეთა გაცვლა და ცხედრების გადაცემა – სხვა არაფერზე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკება“.

  • რუსი ჯარისკაცის ცარიელი საფლავი სარატოვში

„სარატოვიდან გვაქვს საშინელი ისტორია – ჯარისკაცის გვარს არ დავასახელებ, 24 თებერვალს მოკლეს, 25-ში საკუთარ დაბადების დღეზე უნდა ჩამოესვენებინათ. ოჯახმა იყიდა მიწის ნაკვეთი, ამოთხარა სამარე და ცელოფნის პარკი გადააფარა, რომ თოვლით არ ამოვსებულიყო. ჰკითხეს, ცხედარს როდის ჩამოასვენებთო. უთხრეს, ცხედარი დავკარგეთო. ასეა, სარატოვში იმ სასაფლაოზე ცარიელი სამარე დღემდე ელოდება ცხედარს, რომელიც ომში დაკარგეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: