მთავარი,სიახლეები

ხულოში ხალხს წყალი განრიგითაც აღარ აქვს – რას ამბობენ „წყალკანალში“

03.09.2022 • 2247
ხულოში ხალხს წყალი განრიგითაც აღარ აქვს – რას ამბობენ „წყალკანალში“

„გუშინ დილის მერე წყალი არ გვაქვს, მაღაზიებშიც აღარაა წყალი, რომ ვიყიდოთ,“ – ამბობს დაბა ხულოში მცხოვრები მთვარისა კირთაძე.

„არც გაგვაფრთხილეს, ისე შეგვიწყვიტეს წყალი. დაახლოებით 1200 ადამიანი დაგვტოვეს უწყლოდ დაბაში, სოფელ განახლებასა და დეკანაშვილებში,“ – გვიყვება მთვარისა კირთაძე, – „ცხელ ხაზზე არავინ გვიპასუხა, ამ დილით დავურეკეთ ხულოს მერს, იქნება წყალიო, მოკლედ მხოლოდ ეს გვითხრა, ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დღეს საღამოს წყალი იქნება.

ამ დასახლებაში ზოგადად წყალი დაახლოებით დილის 9-ზე მოდის შუადღის პირველამდე და შემდეგ საღამოობით – ერთი საათით. ხშირად ამ განრიგითაც არ გვაქვს წყალი, ხან წვიმას იძახიან, მილი გაფუჭდაო, ხან დაზიანებააო და ასე შემდეგ. ამდენი წელი წყალი არ გვეღირსა ხულოში. რაც არის, ისიც სასმელად უვარგისია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მთვარისა კირთაძემ.

მთვარისა კირთაძე ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს, მისი თქმით, იქვე მეზობლად მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი ბადრი აბაშიძე, ვის კაფეშიც წყალი აქვთ.

„დღესაც გავიგონე მისი კაფიდან წყლის ხმა, ონკანი იყო ღიად დატოვებული… ჩვენ, სამეზობლოს, ამ წყლით სარგებლობის უფლება არ გვაქვს, კაფე ბადრი აბაშიძეს გაქირავებული აქვს.“ – დასძინა მთვარისა კირთაძემ.

ხულოში უწყლობის დროსაც რომ კაფეში სასმელი წყალი არის, ამას ადასტურებს ბადრი აბაშიძე, „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი, თუმცა, მისი თქმით, ეს წყაროს წყალია და ამას შეხება წყლის სისტემასთან არ აქვს.

„იქვე გამოდის წყარო, 8 – 10 წელია, ონკანიც დავაყენე, წნევა არ აქვს, რომ სახლში შევიყვანო… ვინც არ იცის, ის საუბრობს ასე. სინამდვილეში ხულოს ცენტრში, ეკლესიის ზემოთ, მეჩეთის გვერდით არის ცენტრალური რეზერვუარი, ის რეზერვუარი ახლა ცარიელია, საერთოდ არ შედის წყალი. იქ თუ წყალი საერთოდ არ შევიდა, ჩემთან საიდან იქნება წყალი?“ – უთხრა ბადრი აბაშიძემ „ბათუმელებს“.

ბადრი აბაშიძის განმარტებით, უწყლობა წყლის სისტემის დაზიანებამ გამოიწვია, რასაც დაემატა გვალვა და წყლის დაშრობა.

„საუკუნოვანი წყაროები დაშრა, ხვალ წვიმასაც ველით… 2 სათავე ნაგებობაზეც დაშრა წყალი, მესამე დატვირთული იყო და იქ მოხდა დაზიანება, ღამე ვერც ვიმუშავეთ, ტყეა, ნადირია, მიმდინარეობს ახლა აღდგენა და დღეს საღამოდან მოსახლეობას ექნება წყალი,“ – ამბობს ბადრი აბაშიძე.

 

მთავარი ფოტო: დაბა ხულო/ხულოს მერიის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: