კიდევ 1 უკანონო სართული ბათუმის მერიასთან – მშენებელი „კარბამიდის ტერმინალის“ უფროსია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მრავალბინიან კორპუსზე ტერასულ სართულს უკანონოდ აშენებენ. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მერიას შესაბამისი ნებართვა გაცემული არ აქვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას 2 სექტემბერს მივმართეთ. გვითხრეს, რომ გადაამოწმებენ. მოგვიანებით კი გვიპასუხეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

რატომ ვერ შენიშნეს ბათუმის მერიაში უკანონო მშენებლობა ადმინისტრაციული შენობიდან 2 კვარტალში? – ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. არც იმაზე ვიცით ზუსტი პასუხი, მსგავსი მასშტაბის უკანონო მშენებლობები, რაც ბათუმშია, კორუფციას უკავშირდება, ადამიანური რესურსების ნაკლებობას თუ არაპროფესიონალიზმს?

კითხვაზე, რა დარღვევაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება? – მუნიციპალურ ინსპექციაში გვიპასუხეს, რომ არ გვეტყვიან: „გამოითხოვეთ ოფიციალურად“.

მუნიციპალური ინსპექციიდან ინფორმაცია 5 სექტემბერს ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

სწორედ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ვალდებულებაა გამოავლინოს უკანონო მშენებლობები.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერასული მშენებარე სართული მამუკა მურჯიკნელს ეკუთვნის, ის ბათუმის ახალი მულტიმოდალური [ბათუმში ცნობილია, როგორც კარბამიდის] ტერმინალის გენერალური მენეჯერი და საქართველოს ყოფილი ელჩია თურქმენეთში. რეესტრის მონაცემებით, მან ტერასა ბათუმში, ჭავჭავაძის #55-ში გასულ წელს დაირეგისტრირა. შემდეგ კი დაშენების სამუშაოებიც დაიწყო

რეესტრის მონაცემებით, ბათუმის ახალი ტერმინალის დირექტორს ჭავჭავაძის #55-ში დარეგისტრირებული აქვს ორი ფართობი – ჯამში 350კვ.მეტრი.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას ჭავჭავაძის #55-ში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. კორპუსს ბოლო წლებში ჯერ მეთხუთმეტე სართული დააშენეს, ახლა კი მეთექვსმეტე ტერასულ სართულს აშენებენ.

ბოლო სართულიდან ქალაქის ხედი იშლება, კარგად ჩანს ზღვა და ზღვაზე გემების მოძრაობა. ადგილზე გავიგეთ ისიც, რომ ტერასული სართულის პარალელურად აქ აუზსაც აწყობენ, რასაც მშენებელი უარყოფს. მისი თქმით, აწყობს საცხოვრებელ-საპიკნიკე სივრცეს სტუმრების მისაღებად. 

მშენებლობის ადგილზე დაგხვდა გამოკრული მუნიციპალური ინსპექციის მითითებაც. ამ  დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალურმა ინსპექციამ კორპუსის მშენებელი კომპანია, შპს „ჯეოლითი“ 8 სექტემბერს გააფრთხილა შენობა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამისთვის ათდღიანი ვადა მისცა.

„მშენებლობა მიმდინარეობს მშენებლობის სანებართვო მოწმობის დარღვევით. კერძოდ, შენობა ნაგებობის 54, 55 მეტრ ნიშნულზე ლითონის კონსტრუქციის პერგოლა. ამავე კონსტრუქციაში მოწყობილია სამშენებლო ბლოკებით ტიხრები, ზემოთ აღნიშნულ ნიშნულზე ამოჭრილია 3.კვ.მ. ფართის ფილა. დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოიყვანეთ სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში“

თავად მამუკა მურჯიკნელმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მშენებლობა „სხვა პირზე ჰქონდა მიბარებული“ და როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, მერიას მიმართეს შესაბამისი დოკუმენტებით, მისი ან თავად მშენებელი კომპანიის – „ჯეოლითის“ სახელით:

„საკითხი გავიარე ჩემს კონსტრუქტორთან და ასე ამიხსნეს, რომ ეს სახლი არ არის ჩაბარებული. მე განცხადება შეტანილი მაქვს. ჩემი მსუბუქი კონტრუქცია რომ განთავსდეს ტერიტორიაზე, რომელიც გამოსყიდული მაქვს – ზედა ნაწილი, იქ არის შესაძლებელი, რომ შეიტანონ ცვლილება. თუ მითხრეს, რომ არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მივიღებ შესაბამის ზომებს. რადგანაც მსუბუქი კონსტრუქციაა, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მაგაზე უარი გვითხრანო. მეც, რადგანაც ვჩქარობდი გადასვლას, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ეს იქნება ვერანდა პირადი გამოყენებისთვის, როცა ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იქნებიან აქ. მშვენიერი ხედია იქიდან და ეს არ იქნება კომერციული სივრცე, იქნება პირადი გამოყენებისთვის.“

მამუკა მურჯიკნელმა ასევე განმარტა, რომ ჭავჭავაძის #55-ში მშენებარე ფართობში აუზის მოწყობას არ გეგმავს და სამომავლოდ აქ არც კომერციული ობიექტის მოწყობას განიხილავს.

რაც შეხება მსუბუქ კონსტრუქციას. მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც გადის ე.წ. პირველი კლასის სამუშაოებში, მართლაც არ ითხოვს სამშენებლო ნებართვას და ის მშენებლის მხრიდან მხოლოდ შეტყობინების მიწოდების ვალდებულებას ითვალისწინებს. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად სამშენებლო ღობის მოწყობა, ღია აივნის მოძრავი საჩრდილობლით გადახურვა, მინა ბლოკით ღია სივრცის შევსება და ასე შემდეგ. კანონი ზუსტად განსაზღვრავს ამ ყველაფერს.

თუმცა სამუშაო, რომელსაც ჭავჭავაძის #55-ში ასრულებენ, სპეციალისტების განმარტებით, ნამდვილად ითხოვს პროექტში ცვლილების შეთანხმებას. ეს ჩანს მუნიციპალური ინსპექციის მითითებაშიც.

ინსპექცია წერს, რომ მიმდინარეობს პერბოლას მოწყობა. პერბოლა იგივე ღია ვერანდაა და არა დახურული სივრცე, თუნდაც ის შუშით იყოს შეფუთული. სწორედ ამ მიზეზით ე.წ. პერბოლას კ2 კოეფიციენტის გამოთვლისას არ ითვალისწინებენ, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომპანიები ამ დაშვებით სარგებლობენ და ფაქტობრივად მანსარდულ სართულს აწყობენ.

რატომ გააფრთხილეს კორპუსის მშენებელი კომპანია და არა უკანონო სამუშაოების უშუალო დამკვეთი? – საქმე ისაა, რომ კორპუსი კომპანიას მერიისთვის ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია, ვიდრე კორპუსს მერია ექსპლუატაციაში არ მიიღებს, მასზე პასუხისმგებელი მშენებელი კომპანიაა – ამ შემთხვევაში კი „ჯეოლითია“.

დედის გარდაცვალების შემდეგ სამინისტრომ 11 წლის ბიჭს სკოლის გამოცვლაზე უარი უთხრა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 წლის ბიჭმა მიმართა, რომელსაც კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასვლა სურდა, თუმცა სკოლა და სამინისტრო მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

„დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილ ბიჭს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და ფიზიკურად სიარულიც, რადგან სკოლა ბევრი კილომეტრით იყო დაცილებული საცხოვრებელი ადგილიდან.

ბავშვის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის (მობილობის) მიზნით, ბავშვის ბებიამ განათლების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ბავშვის გადაყვანაზე, რადგან ბებია არ არის ბავშვის მეურვე. ხოლო ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია“, – ამბობს PHR.

11 წლის ბავშვმა სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებით მიმართა სასამართლოს.

„ბავშვის სახელით, პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას ეცნობათ პრობლემის შესახებ და ეთხოვათ სწრაფი მოგვარება.

კერძოდ, ბავშვის განცხადების საფუძველზე მისთვის განათლების უზრუნველყოფა. თუმცა მათ განმეორებით უარი განაცხადეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან ბავშვის განცხადება არ ჩაითვალა სათანადოდ მობილობის დასაწყებად.

მათ ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ბავშვს არ აქვს უფლება თავად მოითხოვოს განათლების  უფლების რეალიზება“, – ამბობს PHR.

PHR-ი მიიჩნია, რომ აღნიშნული უარი არღვევდა ბავშვის განათლების უფლებას, ართმევდა მას ქმედუნარიანობას, რიყავდა ბავშვს პროცესებიდან და უგულებელყოფდა მის საუკეთესო ინტერესს.

2022 წლის 7 სექტემბერს,  PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს,  ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ახალი სასწავლო წლიდან არასრულწლოვანი სასურველ სკოლაში გააგრძელებს სწავლას“.

რუსი ოლიგარქების ყველა იახტა ჩვენ ვიპოვეთ და ევროპელებმა დააპატიმრეს – „უკრაინსკა პრავდა“

„ომის დასაწყისში არა მარტო მთავარი რედაქტორი ვიყავი. ვცდილობდი, ოჯახს და დას დავხმარებოდი – ფსიქოლოგიურად, დაკრძალვის ორგანიზებაში. ახლაც, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მშობლები თუ ოჯახი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მაგალითად, მთავარი რედაქტორის მოადგილის დედა კვლავაც ხერსონის რეგიონშია. სულ უფრო რთული ხდება მათთვის ფულის ან საკვების მიწოდება,“ – უყვება „ბათუმელებს“ ცნობილი გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა.

სევგილ მუსაიევა ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაასახელა.

ომის პირველ დღეებში თავისუფალმა და დამოუკიდებელმა უკრაინულმა მედიამ უზარმაზარი როლი ითამაშა. ისინი სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მსოფლიო კი რეალურ დროში იგებდა რა ხდებოდა უკრაინაში. ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად მუშაობდა დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

„ბათუმელები“ „უკრაინსკა პრავდას“ მთავარ რედაქტორს სევგილ მუსაიევას კიევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო გარემო 24 თებერვლის დილას?

ძალიან შეიცვალა. თებერვლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ომი დაიწყებოდა და მზადება დავიწყეთ. ეს ძალიან დაგვეხმარა.

გვქონდა თავდაცვის და სხვაგან გადასვლის გეგმები, სხვა ვარიანტებთან ერთად. სხვა მედიასაშუალებებზე მომზადებული აღმოვჩნდით. ახლა უკრაინაში გვაქვს დისკუსია, რომ ომის ბოლომდე არავის სჯეროდა, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციასაც კი. წინა კვირას ისინი გააკრიტიკეს კიდეც ამის გამო.

რა შეიცვალა? გრძელი ისტორიაა. გავაშუქეთ ორი რევოლუცია, ყირიმის ანექსია, ყველაფერი. უკვე ვიცოდით, როგორ გვემუშავა რთულ ვითარებაში. თუმცა, ყველა მედიისთვის კოვიდიც აღმოჩნდა გამოწვევა. ეს ომის დასაწყისში დაგვეხმარა – ვიცოდით, როგორ გვემუშავა ონლაინ, ოფისის გარეთ. მადლობა კოვიდს.

პირველი ორი თვის განმავლობაში არ გვქონია დასვენება. 24 საათი ვმუშაობდით. 2-3 საათი გვეძინა.

გუნდის ნაწილი კარპატებიდან მუშაობდა, ნაწილი კიევიდან, რაც რთული იყო – კიევზე იერიში დაიწყო, ვინ იცოდა, რა მოხდებოდა?

ამავე დროს, ჩვენი ჟურნალისტები ფრონტის ხაზიდან აშუქებდნენ ომს. იყვნენ დონეცკში, ზაპოროჟიეში, მიკოლაევში.

თავდაპირველად ვაშუქებდით ყველაზე მნიშვნელოვანს. ომიდან 5 თვის შემდეგ კი ფოკუსი გადავიტანეთ ადამიანების ისტორიებზე, სამხედრო დანაშაულებზე, რუსი ოლიგარქების სანქცირებაზე. ასევე გამოვაქვეყნეთ იმ რუსი ჯარისკაცების სია, ვინც უკრაინაში იბრძოდა. ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან, წყარომ მოგვაწოდა.

ვიპოვეთ რუსი ოლიგარქების ყველა იახტა და პირადი თვითმფრინავი. ევროპელმა დიპლომატებმა ამ ინფორმაციის გაზიარება მთხოვეს, მეორე დღეს კი ეს იახტები და თვითმფრინავები დააპატიმრეს. მაგარი იყო. მარტო ამის გამო მიყვარს ჟურნალისტიკა.

კიდევ ერთი ფოკუსი სამხედრო დანაშაულები იყო. ვნახეთ და გავაშუქეთ, რა გააკეთა რუსეთმა და რუსმა ჯარისკაცებმა.

ცვლილებები ძალიან სერიოზულია. ახლა უფრო მოხერხებული მუშაობა მიდის – 24/7-ზე აღარ, მაგრამ მაინც რთულია.

  • რამდენად რთული იყო მუშაობა, როდესაც კიევი იბომბებოდა. ოჯახები ჟურნალისტებსაც ჰყავთ და მათზეც უნდა ეფიქრათ. როგორ გაართვეს ამას თავი?

ჩვენმა კოლეგამ 10 დღეზე მეტი გაატარა თავშესაფარში, საომარ ზონაში, ბუჩასთან ახლოს. კავშირი არ იყო, არ ვიცოდით, როგორ იყო, ცოცხალი თუ იყო.

ბუჩაში, მარტის დასაწყისში, ერთ-ერთი კოლეგის მამა მოკლეს.

სერიოზული სიტუაცია იყო, როცა უკრაინაში შემოჭრილი რუსი ჯარისკაცების სია გამოვაქვეყნეთ. მე მივიღე გამოქვეყნების გადაწყვეტილება, პარტნიორმა კი მითხრა: კი მაგრამ, ეს რუსი ჯარისკაცები [ჩვენი] მშობლების ადგილსამყოფლიდან 4-7 კილომეტრში არიან… ძალიან სახიფათო იყო. მაინც გადავწყვიტეთ გამოქვეყნება.

პირადი ისტორიაც მაქვს. უკრაინაში ჩამოსული ამერიკელი დოკუმენტალისტი ბრენტ რენო, რომელიც ჩემი დის პარტნიორი იყო, მარტში, ირპენში მოკლეს. მასთან ერთად კიდევ ერთი ჩემი კოლეგა, ფოტოგრაფი იყო. ის გადარჩა.

ომის დასაწყისში, თებერვალსა და მარტში არა მარტო მთავარი რედაქტორი ვიყავი. ვცდილობდი, ოჯახს და დას დავხმარებოდი – ფსიქოლოგიურად, დაკრძალვის ორგანიზებაში. ახლა ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მშობლები თუ ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მთავარი რედაქტორის მოადგილის დედა კვლავაც ხერსონის რეგიონშია. სულ უფრო რთული ხდება მათთვის ფულის ან საკვების მიწოდება.

ამასთან ერთად, ჩვენ არა მარტო ომს ვაშუქებთ. ვაორგანიზებთ საქველმოქმედო კამპანიებს სამხედროების, ხალხის, იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად. მაგალითად, ვაგროვებთ ფულს, რათა მარიუპოლელ ბავშვებს კომპიუტერები ვუყიდოთ.

ხალხმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველაფერი დაკარგა. მათ დახმარება სჭირდებათ. ჟურნალისტებიც ვცდილობთ, დავეხმაროთ.

  • როგორ თანამშრომლობს უკრაინული მედია ხელისუფლებასთან ომის პირობებში? დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, ნაკლებად კრიტიკული სტატიები იწერება. ერთგვარი მორატორიუმია ეს თუ რას დაარქმევთ?

ომამდე უფრო შიდა საკითხებს ვაშუქებდით. ომის შემდეგ ფოკუსი გადავიტანეთ რუსეთზე, ფრონტის ამბებზე, სამხედრო დანაშაულებზე. ასეთ ამბებზე, ზოგჯერ, ხალხის სიცოცხლეა დამოკიდებული.

ეს მორატორიუმი არ არის. კითხულობენ, რატომ ვუჭერ მხარს ხელისუფლებას, ხომ არ გვაქვს შეთანხმება. ასე არ არის, მაგრამ გვინდა ხალხს დავუჭიროთ მხარი.

უკრაინაში შემოიჭრნენ.

აქ არ არის კონფლიქტის ორი მხარე.

ჩვენ ვართ მსხვერპლი.

ამავე დროს, რაღა თქმა უნდა, არ გვყავს საკმარისი ჟურნალისტები კორუფციის და პოლიტიკის გასაშუქებლად. გარდა ამისა, კომენდანტის საათი და სამხედრო დროის კანონები მოქმედებს.

თუმცა, მაინც ვაშუქებთ პოლიტიკას. ამის გამო მკითხველი გვაკრიტიკებს კიდეც. მაგალითად, ზელენსკის და ზალუჟნის [უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის] დაპირისპირების გაშუქების გამო.

ჩუმად არ ვსხედვართ და არც სატელევიზიო მარათონი გვაქვს. ხალხი კითხულობს – არის დრო პოლიტიკური სტატიებისთვის? გადავწყვიტეთ, რომ არის. მთავრობასა და პრეზიდენტს ტაშს არ ვუკრავთ.

ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი ახლა დასავლეთში უფრო პოპულარულია, ვიდრე უკრაინაში.

  • სამხედრო ცენზურის შესახებ მინდა გკითხოთ. რა არის აკრძალული და როგორ აფერხებს ეს ჟურნალისტების მუშაობას?

არის გარკვეული აკრძალვები ჯარის მხრიდან. მაგალითად, არ შეიძლება დაბომბილი ადგილების გაშუქება. ჯერ პოლიცია და სამაშველო სამსახურები უნდა მოვიდნენ.

პოლიცია არ გვიზიარებს ფოტოებს და ვიდეოებს. შეზღუდულია იმ ადამიანების შესახებ წერაც, ვინც ახლა ტყვეობაშია. ჯარი და თავდაცვის მინისტრი ამბობენ, რომ მედიაში გაშუქებამ შეიძლება [ნეგატიური] გავლენა იქონიოს მათ სიტუაციაზე. მაგალითად, რუსებმა მათ სანაცვლოდ უფრო მეტი ადამიანის დაბრუნება მოითხოვონ.

შეზღუდვები არის და ეს რთულია, მაგრამ უნდა იფიქრო, რომ ზიანი არ მიაყენო. იფიქრო ნამდვილ მსხვერპლებზე. როცა რაღაც ინფორმაციას აზიარებ, ამის ფასი შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იყოს.

არ შეიძლება რომელიმე ქალაქის ან დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, მის ოფიციალურ დადასტურებამდე.

  • აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ სტატიაზე იღებთ კრიტიკულ შენიშვნებს მკითხველისგან. რას გვეტყვით ოფიციალურ პირებზე?

ჩვენ გვქონდა ასეთი გამოცდილება. არა ზეწოლა, სხვადასხვა კომენტარები, კრიტიკული ვითარება, ჯართან, მთავრობასთან და როგორც ისინი ამბობდნენ, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ საქმე უსაფრთხოებას არ ეხებოდა და უბრალოდ ინფორმაციის დამალვა სურდათ.

ზოგჯერ ჩვენს სტატიებზე ცუდი რეაქციაა, ან ჩვენს შესახებ ნეგატიური კომენტარები კეთდება.

როგორც იცით, ახლა ტელევიზიებში „ერთი ხმის“ პოლიტიკა გვაქვს. ამ ტელემარათონზე წვდომა აქვს მხოლოდ მთავრობასთან ან მასთან დაკავშირებულ პირებს. ოპოზიციას წვდომა არ აქვს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია.

ომის დასაწყისში „ერთი ხმის“ ქონა მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვხედავთ, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს გამოიყენონ ეს არასწორად. საქმე არ ეხება სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ კონკურენციას.

აგიხსნით: ბევრი ანგარიშია გამოქვეყნებული მედიაბაზარზე ყველაზე პოპულარულ ფიგურაზე ტელემარათონების დროს. როგორც წესი, მაგალითად, თუ გვაქვს ამბავი პარლამენტზე, მმართველი პარტია უფრო შუქდება, ვიდრე სხვები. ეს, ჩემი აზრით, არასწორია.

ჩვენ ახლაც დემოკრატიულ რეალობაში ვცხოვრობთ, დამოუკიდებელი მედიით. თუმცა, მაქვს გარკვეული შეშფოთება მარათონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება.

  • ზოგი უკრაინული მედია იყენებს განსხვავებულ ენას, შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას, როდესაც წერენ პუტინის ან რუსი ჯარისკაცების შესახებ. ომის დაწყებისას „უკრაინსკა პრავდამ“ თუ განიხილა, როგორ მოეხსენიებინა რუსი სამხედროები ან რუსეთის პრეზიდენტი?

არ ვიყენებთ ასეთ ტერმინოლოგიას.

ამაზე დისკუსიაც არ გვქონია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და წესებს. როცა მოწვეული ავტორები საავტორო სვეტში „რუსეთს“ პატარა ასოთი წერენ, ამას ვტოვებთ. სვეტში, როგორც გინდათ, ისე წერეთ.

„ორკები“… ეს არ არის ნორმალური ენა მედიისთვის. თუმცა, ზოგჯერ, ომის დასაწყისში, ჟურნალისტები ემოციებზე იყვნენ… შენი სოფელი დაიბომბა… რედაქტორის პირადი გადაწყვეტილება იყო, სათაურში „რაშისტი“ დაეწერა – აბა რა დავუძახო… ასე მხოლოდ პირველ ორ-სამ დღეში ხდებოდა. მე ვთქვი, რომ მხოლოდ პროფესიონალური ენა უნდა გამოგვეყენებინა.

თუმცა, როცა ორი წლის წინ ლუკაშენკომ პრეზიდენტი გახდა, გადავწყვიტეთ, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ვუწოდოთ, რადგანაც არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. ეს იყო სარედაქციო გადაწყვეტილება.

„რუსეთს“ დიდი ასოთი ვწერთ, არ ვიყენებთ ტერმინებს „რაშისტი“, „ფაშისტი“, „ორკი“. უფრო სწორად, ვიყენებთ, ოღონდ ციტირების შემთხვევაში.

  • ომის დაწყების შემდეგ თუ გქონდათ ურთიერთობა რუს ჟურნალისტებთან?

საქმე ეხებოდა საქმიან ურთიერთობებს. გვეკითხებოდნენ, მაგალითად, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ მასალის გადაბეჭდვა. რაიმე საერთო გამოძიება ან მსგავსი არ გვქონია.

ომის შემდეგ ვთხოვე კიდეც „მედუზას“ მთავარ რედაქტორს, რომ გადაებეჭდა ჩვენი ზოგიერთი მასალა.

არ მქონია მეგობრული ურთიერთობა, იყო საქმიანი. დასაწყისში რთული იყო.

მყავს რუსი მეგობრები. მაგალითად, „The Economist“-ის რედაქტორი არკადი ოსტროვსკი, მაგრამ 90-იანი წლებიდან ბრიტანეთში ცხოვრობს.

ჩემი მეგობარია მიხეილ ზიგარიც. ისინი უკრაინას პირველი დღიდან უჭერდნენ მხარს. მომიკითხეს, როგორ დაგეხმაროთო, არკადი კიევშიც ჩამოვიდა. რუსეთში მყოფ ადამიანებთან ახლა კავშირი არ მაქვს.

  • რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად უკრაინულ მედიას?

გვჭირდება ომში მოგება. ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი. ესაა მედიის მიზანიც. უკრაინის მხარდაჭერა.

გამოწვევაა ფინანსური სიტუაციაც. თუმცა, უკეთესადაა საქმე, ვიდრე მარტში ან აპრილში, როცა შემდეგი თვის ხელფასების ფული არ გვქონდა.

  • ხალხის დამოკიდებულება როგორია მედიის მიმართ? ომმა გარკვეული შიშები გააჩინა. სამუშაო ველზე რამე თუ შეიცვალა ნდობის თვალსაზრისით?

ვითარება უკეთესადაა. მაგალითად, ჩვენმა ჯარებმა კიევის რეგიონი რომ გაათავისუფლეს, ხალხი ემოციურად იყო. სურდათ, რომ გაგვეგო მათი ხმა და მათი ისტორიები მოგვეყოლა.

ენდობა თუ არა საზოგადოება მედიას უფრო მეტად, ვიდრე ომამდე? ვფიქრობ, კი. ეს საკითხი იმაზეცაა დამოკიდებული, ცხოვრობდა თუ არა ადამიანი ოკუპაციის ქვეშ, როცა ინფორმაციისადმი წვდომა არაა. ასეთმა ადამიანებმა იციან ამ ინფორმაციის ფასი და მნიშვნელობა.

სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც არაა ოკუპირებული, არაფერი შეცვლილა. მინდა აღვნიშნო, რომ ომის პირველ დღეებსა და თვეებში ჟურნალისტებმა საოცრად იმუშავეს, ეს მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის.

ახლა ჩვენი საზოგადოება დაიღალა ბრძოლით, ომის ტრაგედიებით. ბევრ ჩემს მეგობარს არ უნდა ახალი ამბების გაგება, ყოველდღე ახალი ტრაგედიების ნახვა. სიტუაცია შეიცვალა: არა ნდობის, არამედ ემოციური რეაქციის კუთხით. ჟურნალისტები ნეგატიური ინფორმაციის მთავარი წყარო გახდნენ.

ამ ომში [უკრაინის გამარჯვების] შემდეგ გვინდა დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი მედიის, ჟურნალისტიკის შენარჩუნება.

  • ფიქრობთ, რომ თავისუფალი მედია რისკის ქვეშ იქნება?

ვინ იცის. შეიძლება. გვიმუშავია სხვადასხვა პირობებში. მზად ვართ ამისთვისაც, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.

თარგმანი: ნიკა ბურდული, ირმა დიმიტრაძე

კონკურსი 10 სკოლის შესარჩევად აჭარაში – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდის – „ამერიკული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად.

სკოლები შეირჩევა 5 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 სკოლა.

შერჩეული სკოლის ბაზაზე შეიქმნება ან/და გაძლიერდება მოქმედი სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრი მოსწავლეები და პედაგოგები ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციიდან მიიღებენ სხვადასხვა ფინანსურ მხარდაჭერას თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

კლუბის წევრებს ასევე ჩაუტარდებათ 3-თვიანი ონლაინ-სწავლება სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან მიმართულებებზე და მედია მასალების მომზადებაზე, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე [გასახსნელად დაკლიკეთ ბმული].

ფორმის შევსება შეუძლია სკოლის წარმომადგენელს: დირექტორს ან სამოქალაქო განათლების პედაგოგს.

შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს აპლიკაციების გადარჩევას, გასაუბრებასა და სკოლაში ვიზიტს.

დაინტერესებული პირებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით 20 სექტემბერს, 16:00 საათზე, Zoom პლატფორმაზე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც პროექტის განმახორციელებელი გუნდი უპასუხებს კითხვებს.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ: 593 30 71 55; 557 99 33 32.

რა თქვეს ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე სასამართლოში

დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე“ მხარეთა პოზიციები მოისმინა, ასევე დისკუსია.

ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორი იყო და 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს ირაკლი ჯინჭარაძემ  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს.

ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

„ირაკლი ჯინჭარაძის საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

„თქვენ იმ ქვეყნის მოსამართლე ხართ, სადაც ყოველგვარი მოკვლევის გარეშე ათავისუფლებენ ადამიანებს, ადამიანის გათავისუფლებას საფუძველი არ სჭირდება?“ – ჰკითხა მისამართლეს ირაკლი ჯინჭარაძემ დღევანდელ პროცესზე ონლაინჩართვის დროს, რადგან ის საქართველოში არ არის.

„აუდიტის დასკვნიდან 1 წელი და 5 თვე იყო გასული, როცა ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს, მისი საჯარო პროტესტის გამოხატვიდან – 1 კვირა“, – ამას გაუსვა ხაზი პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.

საია-მ იურისტებმა მოსამართლეს დეტალურად განუმარტეს, რატომ არ შეიძლება ყოფილიყო გათავისუფლების საფუძველი აუდიტის დასკვნა.

დავის საგანია ერთ-ერთი ტენდერი, სადაც „ბათუმის ბულვარმა“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაახლოებით 150 ათასი ლარის დასაბრუნებლად სასამართლოში უჩივლა.

„მთავრობამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხელმძღვანელა“, – თქვა სასამართლო პროცესზე აჭარის მთავრობის იურისტმა, დავით ქათამაძემ იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ირაკლი ჯინჭარაძის ბრალეულობა სადავო ტენდერში არავის გაურკვევია და ამ ტენდერზე რეაგირება აჭარის მთავრობას ჰქონდა არა 2019 წლის 10 ნოემბერს, როცა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტმა დასკვნა დადო, არამედ 2021 წლის აპრილში, როცა ირაკლი ჯინჭარაძემ პლაჟების იჯარით გაცემის პოლიტიკა გააპროტესტა.

„უსაფუძვლოა ამაზე მითითება“, – დასძინა აჭარის მთავრობის იურისტმა ირაკლი ჯინჭარაძის მიერ საკრებულოში პროტესტის გამოხატვაზე. „უსაფუძვლობა“ იმით ახსნა, რომ ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას შორის „არავითარი სუბორდინაცია არ არსებობს“, – თქვა მთავრობის იურისტმა.

ამ საქმეში კიდევ ერთი მოპასუხეა აჭარის ეკონომიკის სამინისტრო, რომლის წარმომადგენელმა, ლია გაბაიძემ საია-ს შეფასება გააპროტესტა, რაც ეხებოდა აუდიტის დასკვნიდან 1 წლის და 5 თვის გასვლას.

„სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და, შესაბამისად, მხოლოდ 5 თვე იყო გასული“, – შენიშნა იურისტმა.

„იგივე ეწერა 2019 წლის ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტს, მას არ ენდობით?“- ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს მიუბრუნდა საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

„იგეგმებოდა გარე აუდიტიც, ამიტომ სამინისტროსთვის ეს უფრო მყარი არგუმენტი იქნებოდა“, – უპასუხა საია-ს იურისტს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლია გაბაიძემ. თუმცა შემდეგ კითხვაზე აშკარად გაუჭირდა დამაჯერებელი ვერსიის თქმა: რატომ არ მოახდინა ეკონომიკის სამინისტრომ რეაგირება თუნდაც 2020 წლის ნოემბერში, როცა გარე აუდიტმა დადო დასკვნა და ირაკლი ჯინჭარაძე აქედან 5 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მან საჯარო პროტესტი გამოხატა?

„ერთი თვე გათვალისწინებულია მოსაზრების წარმოსადგენად…“ – დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა, ლია გაბაიძემ. თუმცა გაუჭირდა დაესაბუთებინა: რატომ გაიწელა ეს პროცესი 5 თვე.

მნიშვნელოვანი დეტალი: სახელმწიფო აუდიტმა დააფიქსირა დარღვევები რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე და მათ შორის „ბათუმის ბულვარზე“, თუმცა მთავრობამ რეაგირება მხოლოდ “ბათუმის ბულვარზე” მოახდინა, შიდა დასკვნიდან წელიწად-ნახევრის, გარეაუდიტის დასკვნიდან კი, 5 თვის გასვლის შემდეგ, თანაც, ყოველგვარი ადმინისტრაციული მოკვლევის გარეშე.

უხერხულობა შეექმნა აჭარის მთავრობის იურისტს, დავით ქათამაძესაც, რომელსაც საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ ჰკითხა:

„ფაქტები დააფიქსირა აუდიტმა, რაზეც ირაკლი ჯინჭარაძემ მოახდინა რეაგირება. სად ჩანს კონკრეტულად ირაკლი ჯინჭარაძის პასუხისმგებლობა?

„დარღვევები დააფიქსირა აუდიტმა, მაშინ გაესაჩივრებინა აუდიტის დასკვნა“, – საია-ს იურისტს შეედავა დავით ქათამაძე, აჭარის მთავრობის იურისტი.

„აუდიტმა დადო ფაქტები, თქვენ სად გამოკვეთეთ პასუხისმგებლობა?“ – ისევ სცადა პასუხის მიღება პაატა დიასამიძემ, თუმცა უშედეგოდ.

„შეუსრულებელ სამუშაოში მოხდა თანხის გადარიცხვა“, – ეს ეკონომიკის სამინისტროს მთავარი არგუმენტი იყო მოსამართლესთან, საია-ს იურისტმა კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმე დისკრიმინაციასთან გვაქვს განსხვავებული შეხედულების გამო, ვერ მიუღეს პასუხი: კონკრეტულად რაში გამოიხატა ირაკლი ჯინჭარაძის პასუხისმგებლობა – რა გააკეთა, ან რა არ გააკეთა ირაკლი ჯინჭარაძემ თავისი კომპეტენციის შესაბამისად.

„დაწესებულების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია დირექტორი“, – მიმართა ირაკლი ჯინჭარაძეს მთავრობის იურისტმა, დავით ქათამაძემ. მას არ დაუმალავს, რომ არ მოუკვლევიათ კონკრეტული პასუხისმგებლობა.

„ნებისმიერი აქტი, რომელსაც ხელს ვაწერდი, იწყებოდა კონკრეტული მუხლის დასახელებით. იმედი მაქვს, რომ თქვენ არ მეტყვით, რომ მუხლებს მნიშვნელობა არ აქვს…

მე ვხდები, რომ საკრებულოში განცხადების შემდეგ იქ დიდხანს ვერ ვიმუშავებდი, მაგრამ გააჩნია, რას როგორ გააკეთებ. სახლში ვზივარ და ჩემი 78 წლის მამა ტელევიზორით იგებს, რომ თურმე გამათავისუფლეს.

ჩემი გათავისუფლება იყო დასჯა და ამით ყველა საჯარო მოხელეს დაანახეს, რომ შენ თუ ხმას ამოიღებ, აი, ასე დაისჯები“, – დაასრულა ირაკლი ჯინჭარაძემ.

აქტივისტი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს – „საჭიროა შინაგანი ძალის პოვნა“

28 წლის აქტივისტი, თინათინ მაღედანი სამოქალაქო მოძრაობის – „გავიგუდეთ“ ლიდერია. ეს მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ძირითადად, ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს.

თინათინმა მოძრაობა „გავიგუდეთ“-ის შესახებ შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგო და ჯგუფს ჰაერის დაბინძურების შეწყვეტაში თავისი წვლილის შესატანად 2019 წელს შეუერთდა, როგორც მოხალისე. მან გვითხრა, რომ მოძრაობაში დარჩენას მხოლოდ ერთი წლით გეგმავდა და ვერ წარმოედგინა, რომ მოძრაობის ლიდერი და აქტივისტი გახდებოდა.

დღეს თინათინს აქტივიზმის უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფიქრობს, რომ საქართველოში, აქტივიზმში ჩართვა პრობლემური საკითხია, რადგან მძიმე ეკონომიკური ფონი და იმედგაცრუებები აქტივიზმის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს და ხალხი მუდმივად პროტესტის რეჟიმში ყოფნითაც დაიღალა.

თუმცა თინათინს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აქტივიზმის გარეშე კიდევ უფრო რთულად ეჩვენება. იგი იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რასთან გამკლავებაც, მისი დაკვირვებით, აქტივისტებს უწევთ.

თინათინ მაღედანი

„გარდა ფიზიკური დაზიანების საფრთხისა, შესაძლოა, იყოს სხვა სახის ანგარიშსწორება, რომ სიტყვაზე – „რა გინდა „გავიგუდეში“ ან ნებისმიერ სხვა მოძრაობაში, ორგანიზაციაში. „კეთილისმსურველების“ ეს ხმები – „რატომ ხარ მანდ“, „პრობლემები არ შეიქმნა“ და ა.შ. ზეწოლაა და ამაზე ხშირად არ საუბრობენ ადამიანები.

აქტივისტს ემოციური გადაწვის ძალიან დიდი საფრთხე აქვს, იმიტომ, რომ ამ გზაზე ბევრი იმედგაცრუება გხვდება. მნიშვნელოვანია შინაგანი ძალის პოვნა, რომ შენი ბრძოლა არ შეჩერდეს. ჩემი აზრით, ამაში იმის გააზრება გეხმარება, რომ პრობლემა, რომლის მოგვარებისთვისაც იბრძვი, პირველ რიგში შენ გეხება.

ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად, როცა გაიაზრებ, რომ ეს სუფთა ჰაერი პირველ რიგში შენ გჭირდება, რაც არ უნდა ცოტა ადამიანი შემოგიერთდეს, მაინც შენი პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული რჩები“, – ამბობს თინათინი.

აქცია რუსთავში. აქციაზე. ფოტო: „გავიგუდეთ“/facebook

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აქტივისტებმა ერთმანეთი გაამხნეონ და გამოცდილება გაცვალონ. თუ აქტივიზმი არ იქნება თანმიმდევრული, შედეგები არ მოჰყვება ხოლმე, რადგან სახელმწიფოს შემხვედრი ნაბიჯები ხშირი არ არის – მიიჩნევს თინათინი.

„საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ თუ აქციებზე გავლენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ა.შ. არის მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ხშირად ეს შიში შინაგანი მდგომარეობიდან მოდის.

მეც მიმუშავია საჯარო სექტორში, მესმის, რომ ყველას სხვადასხვანაირი მდგომარეობა აქვს, მაგრამ მე მაშინაც დავდიოდი აქციებზე და ეს არ ყოფილა რაიმე შეზღუდვის საგანი“, – გვეუბნება თინათინი.

მან გვითხრა, რომ მოლოდინი ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ გამოჩნდებოდა სხვა ადამიანიც, რომელიც მოძრაობაში მის მოხალისეობრივ საქმიანობას იგივე შემართებით გააგრძელებდა, თუმცა ასე არ მოხდა. თინათინი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის დაბალი დონეს უკავშირდება და აქვე აღნიშნავს, რომ ხანდახან მოხალისეობა პრივილეგიაც კი შეიძლება იყოს. 

„თავი რომ გავანებოთ იმ ფაქტს, რომ ზოგს ეზარება, ან არ თვლის მოხალისეობას საჭიროდ, ან ურჩევნია დრო სხვა, გასართობ აქტივობას დაუთმოს, ბევრისთვის მოხალისეობისთვის დროის გამოყოფა უბრალოდ ეკონომიკურადაა ძალიან რთული.

მოხალისეობისას სრულგანაკვეთიანი სამსახური მქონდა საკმაოდ კარგი ანაზღაურებით, რაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი თავისუფალი დრო სრულიად უსასყიდლოდ დამეთმო ამ საქმისთვის, მაგრამ ყველას არ აქვს ეს პრივილეგია.

თავიდან მეც არ მქონდა სწორი შეხედულება და მერე გავიაზრე, რომ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს იმის ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ მოხალისეობრივ საქმეში დიდი დოზით ჩაერთოს, თუმცა მცირე დოზით ჩართულობა, მგონია, რომ ბევრს შეუძლია და მაინც, სამწუხაროდ, არ არის იმ დოზით, რა დოზითაც გვჭირდება, ამის რესურსი საზოგადოებაში“.

თინათინის თქმით, ყოველთვის დადიოდა აქციებზე როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არასდროს უფიქრია სიტყვით გამოსვლა მეგაფონით, რადგან ეს არ იყო მისთვის კომფორტული, თუმცა როგორც ამბობს, აქციებზე სიტყვით გამოსვლისას ახლა აღარ ერიდება და ყველა შესაძლებლობას იყენებს მისი და თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად.

„მუდმივად აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღებ და ხელისუფლების წარმომადგენელ პირებზე ზეწოლა, რომ შევახსენოთ საკუთარი მოვალეობები“ – ამბობს თინათინი. 

აქტივისტის თქმით, ის, რომ თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივად იბრძვის და მათი ფოკუსი რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბრძოლას გავლენა არ აქვს საქართველოს სხვა ქალაქებზე.

„თუნდაც ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჩვენი აქტივიზმის შედეგად შევიდა ძალაში, მთელ საქართველოს ეხება.

2021 წელს, სამოქალაქო მოძრაობის – “გავიგუდეთ” ჩართულობით სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანია, როგორც საქართველოში განთავსებული საწარმოების ტექნიკური გამართვა/გადაიარაღება, ისე გაზრდილი სანქციების დაწესება ჰაერის დაბინძურებისთვის.

იქამდე იმდენად მიზერული იყო ეს ყველაფერი, რომ საწარმოებს ფილტრების დაყენებას ჯარიმების გადახდა ერჩივნათ.

ცვლილებები შევიდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. 2021 წლის 2 მარტს შეტანილი ცვლილებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ფუნქციით აღიჭურვა, რაც მას აძლევს საშუალებას საწარმოების მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები“, – ამბობს თინათინი.

ახლა „გავიგუდეთ“ სამოქალაქო კულტურის წინ წამოწევას და მოსახლეობის გააქტიურებასაც ცდილობს. ესწრებიან საჯარო განხილვებს, კითხულობენ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებს და ქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას ხელოვნების გამოყენებითაც ცდილობენ – ეს იქნება კედლის მხატვრობა თუ ქალაქში ქანდაკებების დადგმა.

ქანდაკება ქალაქ რუსთავში

ჩვენთან საუბრისას თინათინი აღნიშნავს, რომ მოძრაობა „გავიგუდეთ“-ს რუსთავის საწარმოების დახურვა არ უნდა, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.

„არ გვინდა რომელიმე საწარმო დაიხუროს და ამიტომაც ვერ ვართ რადიკალურები მოთხოვნებში, თუნდაც ქმედებებში.

ალბათ, ყველაზე რთული ამ ბალანსის დაცვაა, რომ იყო აქტივისტი, მოიტანო ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილება იყოს ძალიან გონივრული, არ დააზარალო სხვა ადამიანები ან არ დატოვო სამსახურის გარეშე. ამიტომაც, ჩვენი ყოველი ნაბიჯი ძალიან ფრთხილია და მუდმივად ვითვალისწინებთ საწარმოებში დასაქმებული ადამიანების რეალობას.

8 000 ადამიანი მუშაობს აქ, მათ ჰყავთ ოჯახის წევრები. ეს 8 000 უნდა გავამრავლოთ მინიმუმ 4-ზე – ეს არიან საწარმოებთან დაკავშირებული ადამიანები. ამას დავუმატოთ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა და ძალიან ცოტა ადამიანი რჩება, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს.

გამიხარდებოდა, რომ მეთქვა, მხოლოდ რუსთავშია ასეთი სიტუაცია-მეთქი, უფრო მეტი იმედი მექნებოდა მდგომარეობის გამოსწორების, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ძალიან ბევრგან.

ჩვენ სხვადასხვა აქტივისტებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შეხვედრა და როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, სიტუაცია ძირითადად ერთნაირია, მცირედი სხვაობებით და პრობლემიდან გამომდინარე უფრო მეტი ან შედარებით ნაკლები გამოწვევებით“, – გვეუბნება თინათინი.

___________________________

მთავარ ფოტოზე: თინათინ მაღედანი აქციაზე. ნიკა ბუბალაშვილის ფოტო

აგვისტოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში 236 734 მოქალაქე.

რუსეთის ფედერაცია იმ სამეულში ლიდერობს, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში აგვისტოში. აღნიშნულ თვეში საქართველოში სომხეთის 178 483 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთია, რომლის 116 882 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში ბელორუსის 28 885 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო უკრაინის 23 439 მოქალაქე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი [გამტარი პუნქტი „ყაზბეგი“] 2022 წლის აგვისტოში, სულ 468 457-მა მოქალაქემ გადაკვეთა [შემოსვლა-გასვლა]. აქედან „ყაზბეგის“ გამოვლით საქართველოში რუსეთიდან 213 100 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ამავე პუნქტის გავლით საქართველო დატოვა 255 357-მა მოქალაქემ.

ამავე თემაზე:

ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 90 ათასი მოქალაქე შემოვიდა

რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე – Настоящее Время

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის ინფორმაციით, ბოლო კვირებში საქართველომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა: ქვეყანაში შესვლაზე ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ეუბნებიან უარს.

ეგორ კუროპტევის კომენტარს Агентство ავრცელებს.

„არ აქვს მნიშვნელობა არც პროფესიას, არც საქართველოში ცხოვრების ფაქტს, არც ბინის ქირაზე წინასწარ კონტრაქტს. თუ არ გაქვს ბინადრობის ნებართვა, არანაირი სხვა დოკუმენტი არ არის გარანტია, რომ რუსეთის მოქალაქეს საქართველოში შეუშვებენ,“ – ამბობს კუროპტევი.

ტრაბზონში რუსეთის საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში თურქეთიდანაც არ უშვებენ.

„სასაზღვრო სამსახური, როგორც წესი, უარს არ განმარტავს. რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს, არიან ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლები,“ – წერს რუსეთის საკონსულო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა.

„24 თებერვლის შემდეგ საქართველო გახდა რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიგრაციის ქვეყანა. პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ ბევრი ჟურნალისტი, იურისტი და პოლიტიკური აქტივისტი წავიდა“, – წერს Агентство-ზე დაყრდნობით Настоящее Время.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთმა რუსმა ოპოზიციონერმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მათ შორის იყვნენ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანი მიხაილ ფრიდმანი, „მედიაზონას“ ჟურნალსიტი დევიდ ფრენკელი, მოქალაქე ბლოგერი ინსა ოგუზი, კომიკოსი გარიკ ოგანისიანი, ჟურნალისტები ალექსეი რომანოვი და ვასილი კრესტიანინოვი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, 2022 წლის მარტ-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის – 3,036 მოქალაქეს.

ამ პერიოდში საქართველოში სულ რუსეთის 277 698 მოქალაქე შემოვიდა.

IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ომის დაწყების შემდეგ ივნისის ჩათვლით შემოსული  იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 1 თვეზე მეტი იმყოფებოდნენ საქართველოში და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული  ქვეყნის ტერიტორია.

სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე, საქართველოში შემოვიდა და 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს.

5 სექტემბერს კრემლმა გამოაქვეყნა უცხოეთის ქვეყნებში რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა. კონცეფციის თანახმად, რუსეთის ფედერაცია იზრუნებს საზღვარგარეთის ქვეყნებში რუსული ენის, იქ მცხოვრები მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების კულტურული და ნაციონალური იდენტობისა და უფლებების დაცვაზე, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში.

რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

აჭარაში შენდება და რემონტდება რამდენიმე სპორტული ობიექტი

აჭარის პროექტების მართვის კომპანია სისტემატურ კონტროლს უწევს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე სპორტული ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარე რამდენიმე ობიექტი კომპანიის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ, მუნიციპალური პროექტების მართვის კოორდინატორთან, გიორგი ქათამაძესთან ერთად მოინახულა.

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის 4 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 6 სპორტული ობიექტის პროექტის განხორციელება წლის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყება. მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობას სისტემატურ მონიტორინგს უწევს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია. ობიექტების მონახულება მუნიციპალური პროექტების მართვის კოორდინატორ გიორგი ქათამაძესთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდება.

შუახევის საფეხბურთო მოედნის და ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შუახევში, 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი მალე გაიხსნება. მოედანზე ხელოვნური ბალახის საფარი ორ კვირაში დაიგება. ტერიტორიის მზადება მწვანე საფარისთვის დასასრულს უახლოვდება. მოსწორდა ზედაპირი, დაიყარა შესაბამისი ბალასტი და მოიხრეშა. მზად არის მეტალის კარკასები მაყურებელთა ტრიბუნებზე პლასტმასის სკამების დასამონტაჟებლად. ასევე შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური იარუსი.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის ძალოსნობის სპორტ დარბაზის ორსართულიანი შენობა უკვე აშენებულია. მალე გადაიხურება, ჩაისმება კარ-ფანჯრები და შეიფუთება. რომლის შემდეგაც შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება. პროექტი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, გასახდელებსა და საშხაპეებს, სამედიცინო კაბინეტსა და მწვრთნელების ოთახს. მოწყობილია პანდუსი. ობიექტთან იარსებებს ავტოსადგომი და კაფეტერიაც. მშენებელ კომპანიების მიმართ მთავარი მოთხოვნის თანახმად ყველა ობიექტი ადაპტირებული და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოწყობილი იქნება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ღორჯომისა და შუახევის პროექტებზე ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა და მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

რთულად, მაგრამ წინ მივიწევთ – ზალუჟნი კონტრშეტევაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდალი, ვალერი ზალუჟნი უკრაინელთა კონტრშეტევაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„1 000 კმ 2-ზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული ოკუპანტებისგან ბოლო რამდენიმე დღეში. ძალიან გვიჭირს, მაგრამ წინ მივიწევთ. მადლობლები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც გვეხმარებიან და გველოდებიან“, – წერს ვალერი ზალუჟნი ტელეგრამზე.

ზალუჟნიმ ტელეგრამზე აქვეყნებს ვიდეოსაც, როგორ ხვდებიან მოქალაქეები გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში შესულ უკრაინელ სამხედროებს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო სამ დღეში ხარკოვის ოლქში 50 კილომეტრით დაახევინეს მტერს უკან და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი დღევანდელ ანგარიშში წერდა, რომ უახლოესი საათების განმავლობაში, უკრაინის არმია, სავარაუდოდ, კუპიანსკსაც დაიკავებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს დაადასტურა, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკელა გაათავისუფლეს.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი [14:30] უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ დაადასტურა, რომ უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნდა ხარკოვის ოლქის სოფელი ვოლოხოვ იარი.

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ მარცხად შეიძლება შეფასდეს – CIA-ს დირექტორი

სასტიკი ომის მეექვსე თვეში, როდესაც უკრაინამ ძლიერი კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად შეფასდეს – მიიჩნევს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი.

The New York Times-ის ცნობით, ბერნსმა უკრაინის შესახებ ვაშინგტონში, კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

ხერსონსა და ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, CIA-ს დირექტორი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელთა სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ომის ფინალური თავი ჯერ არ დაწერილა, „რთულია, პუტინის სამხედრო კამპანიის მიმდინარეობა განიხილებოდეს რაიმე სხვად, თუ არა მარცხად“.

ბერნსის თქმით, პუტინი გარშემორტყმულია მრჩევლებით, რომლებიც მისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ბედავენ. რუსეთის ლიდერს შეცდომით სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ომი, მით უფრო შეირყეოდა ევროპის სიმტკიცე, ამერიკის ყურადღება კი სხვა ამბებზე გადავიდოდა.

„პუტინი ფსონს ახლა იმაზე დებს, რომ თვითონ უფრო გამძლეა, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები,“ – ამბობს ბერნსი. – „მეც და ჩემს კოლეგებსაც სადაზვერვო სააგენტოში გვჯერა, რომ პუტინი ახლაც ისევე ცდება, როგორც თებერვალში, როდესაც უკრაინელთა წინააღმდეგობას არ ელოდა.“

პუტინის მცდარ ვარაუდებს, ბერნსის აზრით თავისი შედეგი აქვს:

„მხოლოდ რუსეთის არმიის სისუსტეები კი არ გამოჩნდა, არამედ გამოჩნდა ისიც, რომ ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის თაობებს“.

აჭარის საგზაოს ფინანსური სამსახურის უფროსმა 4 547 ლარი პირად ანგარიშზე გადაირიცხა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი“, – წერს პროკურატურა.

აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აგვისტო სოხუმში – ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან

ასე გამოიყურება სოხუმის ქუჩები სოხუმში. ფოტორეპორტაჟი გადაღებულია „ბათუმელებისთვის“, 2022 წლის აგვისტოში.

სოხუმი. 2022 წლის აგვისტო. ფოტო: „ბათუმელები“.
სოხუმი. სასტუმრო „აფხაზია“. 2022 წლის აგვისტო.
სოხუმი. 2022 წლის აგვისტო
სოხუმი. ფოტო: „ბათუმელები“
რკინიგზა. სოხუმი. ფოტო: „ბათუმელები“
ომის ნაკვალევი სოხუმში. 2022 წლის აგვისტო
სოხუმი. 2022 წელის აგვისტო
სოხუმი
ადმინისტრაციული შენობა. სოხუმი, 2022 წელი
სოხუმი დღეს. 2022 წლის აგვისტო
სოხუმი
დაისი სოხუმის სანაპიროზე. ფოტო: „ბათუმელები“
სოხუმი
სოხუმის პირსი. ფოტო: „ბათუმელები“
სოხუმი დღეს. 2022 წლის აგვისტო.
შემოდგომის ფერები სოხუმში
სოხუმი. ზღვის სანაპირო. 2022 წლის აგვისტო
სოხუმი. 2022 წელი
სოხუმის პირსი. 2022 წელი
სოხუმი. 2022 წლის აგვისტო
ბელეტაჟის ტიპის სახლები სოხუმში. 2022 წლის აგვისტო
სოხუმი დღეს. 2022 წლის აგვისტო

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო.

რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. ის ქედის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტია გენდერული თანასწორობის საკითხებში.

  • როგორ გაჩნდა ამ პროგრამაზე მუშაობის იდეა?

წლების განმავლობაში ვმუშაობდით ძალადობის საკითხებზე, გვქონდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები. საჭიროებამ მოიტანა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა შეგვემუშავებინა, რისთვისაც პირველ რიგში გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის დოკუმენტი შევიმუშავეთ. დოკუმენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობაა.

სწორედ, ამ მიზნის შესასრულებლად შევიმუშავეთ ეს პროგრამა. პროგრამა ახალია, საპილოტეა და მისი მიზანია ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პროგრამა ითვალისწინებს მსხვერპლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ბინის ქირის უზრუნველყოფას, ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. მეორე კომპონენტი კი, საგანმანათლებლო საინფორმაციო ტრენინგ-სემინარების ციკლია მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.

  • აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ამ ორ სერვისს ითვალისწინებს?

ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შემიძლია დავასახელო „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელსაც მაშინ მივმართავთ, თუ ბენეფიციარს იურიდიული დახმარების საჭიროება ექნება და ისინი უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ.

ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან. ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ბაზაზე გვიწევენ უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, როცა ბენეფიციარებს ამის საჭიროება აქვს.

  • ძალადობის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური მხარდაჭერისას თანხის გარკვეული ოდენობაა განსაზღვრული თუ ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით განისაზღვრება?

ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება მსხვერპლის საჭიროების მიხედვით.

აჭარის მუნიციპალიტეტში ქედა ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც შეიმუშავა გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, აქვს თავისი ბიუჯეტი და შეიქმნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უწყებათშორისი კომისია, რაც ასევე სიახლეა. [ბენეფიციარების] განცხადებები შემოვა კომისიაში, განვიხილავთ და ამის შემდეგ განისაზღვრება მსხვერპლების მხარდასაჭერი თანხის ოდენობა, სხვა დეტალები.

  • როდის შეიქმნა ქედაში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია?

მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით. ჩვენ საპილოტე მუნიციპალიტეტი ვართ და ჩვენი მხარდამჭერები უზრუნველყოფენ ჩვენს გადამზადებას ამ კუთხით.

ძალადობის უწყებათაშორისი კომისია სიახლეა მუნიციპალიტეტისთვის, ხოლო  პროგრამა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის  კომისიის შექმნამდე ავამოქმედეთ. ის დამოუკიდებლად მოამზადა მუნიციპალიტეტის მერიამ.

  • პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის ალტერნატიულ საცხოვრებელი ფართის შერჩევისას თუ იქნება გათვალისწინებული მსხვერპლის სურვილი სად დაბინავდეს და სხვა დეტალები? 

ამის პრაქტიკული გამოცდილება ჩვენ არ გვქონია და მხოლოდ ჩვენ არ ვწყვეტთ. ძალადობის უწყებათაშორისი კომისია სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. კომისიაში გვყავს სოციალური მუშაკიც.

ფართის დაქირავება მოხდება იქ, სადაც მსხვერპლი ყველაზე დაცულად და კომფორტულად იგრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის [პროგრამის] დებულებასთან შესაბამისობაში და ამავდროულად, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის ინტერესები.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლს შვილი ან შვილები ჰყავს?

ჩვენ ეს კომპონენტიც გათვლილი გვაქვს. თუ ქალი შვილებთან ერთადაა და საჭიროება მოითხოვს, ალტერნატიულ საცხოვრებელში გამოყვანილი იქნება შვილებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შესაბამისად.

  • როგორ შეძლებენ მსხვერპლები თქვენთან დაკავშირებას?

ჩვენ გვქონდა ამ პროგრამის საინფორმაციო კამპანიაც, ინფორმაცია დაიდო ჩვენს ვებგვერდზეც და მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია. პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავუგზავნეთ შესაბამის უწყებებსაც, რომლებიც გასცემენ შემაკავებელ და დამცავ ორდერებს. ისინი არიან პირველი ინფორმაციის მიმღები და გამტარები. ვთხოვეთ, თუ კი გამოიცემა შემაკავებელი ან დამცავი ორდერები მუნიციპალიტეტში, მსხვერპლებს ჩვენი პროგრამის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

ძალადობის მსხვერპლმა განცხადება უნდა წარმოადგინოს მერის სახელზე შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

  • პროგრამის ფარგლებში რამდენი ტრენინგ-სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი, რა თემებზე, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ გაუძღვება კურსს?

საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ-სემინარების ციკლი 25 ნოემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დამთავრდება.

ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. ესენია: „ფორთოხლისფერი მსოფლიო“, „შეწყვიტე ძალადობა გოგონებისა და ქალების მიმართ“, „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ-სემინარები ჩატარდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, იქნება კამპანია „არა ძალადობას“ და ბენეფიციართა ფინანსური დახმარების შესახებ.

ქედაში 10 ადმინისტრაციული ერთეული გვაქვს და აღნიშნული ღონისძიებები ათივე მათგანს მოიცავს. დასკვნითი ღონისძიება კი, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული, კვალიფიკაციის მქონე, გადამზადებული ტრენერები, ფსიქოლოგები და ამ დარგის სპეციალისტები.

კონკრეტულად სამიზნე აუდიტორია გამოყოფილი არ გვაქვს. ინფორმაცია მიეწოდება სქესის ნიშნის განურჩევლად ყველას, არ არის განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარიც.

დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებთან ვატარებთ ღონისძიებას „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობაზე სრულწლოვანებს ვესაუბრებით. ნებისმიერი თემის და კატეგორიის ადამიანი ჩვენი სამიზნე ჯგუფი და პოტენციური მსმენელია, რადგან ძალადობას არ აქვს სქესი, განზომილება დროში.

  • ვინ ახორციელებს პროგრამას?

პროგრამას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური და მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი.

რა თქმა უნდა, პროგრამას ყოველწლიურად დაემატება ახალი კომპონენტები, უფრო მრავალფეროვანი გახდება. მგონია, რომ ეს ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მარტო არ არიან და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთანაა, მათი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.

მოქალაქეებმა არ უნდა დამალონ ასეთი სახის ინფორმაცია, მუდმივად უნდა იყვნენ კონტაქტზე.

_____________________________________

მთავარ ფოტოზე თეა შარაშიძე

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბელარუსის წვრთნები ომში ჩართვისთვის მზადებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ბრძოლების ფონზე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას უკრაინის საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე ამახვილებს.

„8 სექტემბერს, უკრაინის ჩრდილოელი მეზობლის, ბელარუსის სამხედროებმა დაიწყეს საველე წვრთნა, რომლის ამოცანაც „მტრის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება“ და საზღვრების დაცვაა. წვრთნები 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს,“ – მიუთითებს უწყება 9 სექტემბრის რელიზში და დასძენს, რომ სამხედრო სწავლება მინსკის გარშემო, ვიტებსკის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვართან იმართება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, ბელარუსის ტერიტორიამ რუსეთის ოპერაციისთვის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, თუმცა შეტევა კიევზე კრემლისთვის წარუმატებლად დასრულდა.

უწყება ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომაც „ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სწავლებები ერთგვარი მზადებაა უკრაინის ომში ბელარუსის ჩასართავად.“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზი ხერსონის კონტრშეტევას ეხებოდა. უწყება აღნიშნავდა, რომ უკრაინის არმიამ დარიკავსთან რუსების პონტონის ხიდი გაანადგურა.

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. წელს, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებიც ისწავლიან.

ბათუმში უკრაინელი ბავშვები ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში არიან ჩარიცხულები უკრაინულ სექტორზე. როგორც სკოლის დირექტორი თეა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, ბოლო მონაცემებით, სკოლაში 900-მდე უკრაინელი ბავშვია რეგისტრირებული და ეს რიცხვი შესაძლოა სწავლის დაწყებამდე კიდევ შეიცვალოს.

„გაზაფხულზე გვყავდა 1-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, ახლა კი მთლიანი საფეხური გვყავს – 1-11 კლასის ჩათვლით სულ 26 პარალელური კლასია უკრაინულ სექტორზე“.

თეა დავითაძის თქმით, უკრაინელ ბავშვებთან სამუშაოდ აიყვანეს საკმარისი რაოდენობის უკრაინულენოვანი პედაგოგებიც.

„სამინისტროსთან შეთანხმებით, ერთობლივად შევარჩიეთ პედაგოგები შესაბამისი კვალიფიკაციით, რომელთაც ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება და დიპლომიც შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით. პედაგოგი ყველა უკრაინელია, რადგან სწავლება მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე“, – ამბობს დირექტორი.

მას ვკითხეთ, აყვანილი პედაგოგებიც უკრაინიდან არიან ლტოლვილები, თუ საქართველოს მოქალაქეები არიან? „ჩვენ გვყავს უკრაინელი კოორდინატორი, ვთანამშრომლობთ ასევე უკრაინულ დიასპორასთან და ისინი გვეხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში, მსურველები მოდიოდნენ და წერდნენ განცხადებებს“, – აცხადებს თეა დავითაძე.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ორი მასწავლებელიც აიყვანეს, რადგან უკრაინელი ბავშვები პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ქართულ ენასაც შეისწავლიან. „ჯერჯერობით, ყველა კლასში და ყველა საგანში გვყავს მასწავლებელი“, – ამბობს თეა დავითაძე, თუმცა მასწავლებლების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. მისი თქმით, პროცესი ისევ გრძელდება. „დღეს არის გასაუბრების ბოლო ეტაპი, სულ 25 კლასია, გვჭირდება 25-ზე მეტი მასწავლებელი“.

მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდის შესაბამისად, სკოლას სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსებაც უნდა გაუზარდოს.

დირექტორს ვკითხეთ, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც, რადგან ბათუმში აქამდე უკრაინული სექტორი არ ფუნქციონირებდა და, შესაბამისად, ვერც სახელმძღვანელოები დაიბეჭდებოდა.

თეა დავითაძის თქმით, სახელმძღვანელოების თაობაზე „მიმდინარეობს მოლაპარაკება და უზრუნველყოფს განათლების სამინისტრო“, თუმცა დეტალებზე ვერ გვესაუბრება – დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებულიო.

„მიდის ამ საკითხის ორგანიზება“, – გვითხრა მან.

სკოლის დირექტორმა „ბათუმელებთან“ დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქე პირველკლასელების მსგავსად, უკრაინელი ლტოლვილი პირველკლასელი ბავშვებიც მიიღებენ ბუქებს.

სასწავლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტროს დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორ აპირებს სამინისტრო ამ საკითხის მოგვარებას: უკრაინული სახელმძღვანელოების მიხედვით დაიბეჭდება სახელმძღვანელოები საქართველოში, უკრაინის მთავრობას შეუთანხმებენ ამ საკითხს, თუ ბავშვებს ქსეროასლებით მოუწევთ სწავლა?

სამინისტროდან სტანდარტულად გვიპასუხეს, რომ „ყველა უკრაინელი მოსწავლე, როგორც აქამდე, უზრუნველყოფილი იქნება ყველა სასწავლო რესურსით“. სხვა კითხვებს კი უპასუხოდ ტოვებენ.

აპრილის მონაცემებით, უკრაინა ომის შემდეგ, 5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საქართველოში კი ბოლო მონაცემებით, 14 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 სექტემბრის 21 საათიდან 10 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

მომდევნო 72 საათში უკრაინელები კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ.

„უკრაინის ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად, 8 სექტემბერს, კიდევ 20 კილომეტრით შევიდნენ სიღრმეში კუპიანსკისკენ. უკრაინის არმია, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში დაიკავებს კუპიანსკს და ამით მთლიანად ვერ გაწყვეტს, მაგრამ სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის სახმელეთო კავშირებს იზიუმთან,“ – წერს ISW უკრაინის შესახებ უახლეს ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წარმატება ხარკოვი-იზიუმის ხაზზე „რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ბზარებს ქმნის და რუსეთის სარდლობისადმი ნდობას ამცირებს.“

ISW-ის ცნობით, ხარკოვის მიმართულების პარალელურად, გრძელდება კონტრშეტევა ხერსონის ოლქში, უკრაინის დამცველები არ წყვეტენ თავდასხმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

„თავის მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალები აძლიერებენ რეპრესიებს და ფილტრაციის პროცესს უკრაინელი პარტიზანებისა და პროუკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულის ISW-ის ანგარიშში.

8 სექტემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ 50 კილომეტრით დაახევინა უკან რუსეთის ძალებს იზიუმის ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქში და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს დაადასტურა, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკელა გაათავისუფლეს. თავის ვიდეომიმართვაში კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინამ უკვე 1000 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა.

სილქფესტი ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს სხვადასხვა პირობით გვთავაზობს

სილქფესტი სამი სხვადასხვა შეთავაზებით დაბრუნდა.

სასურველი პირობის გასააქტიურებლად, 9 სექტემბერს, აკრიფე *202#, ან ეწვიე აპლიკაციას My Silknet ან პირდაპირ საიტიდან ჩაირთე მთელი თვით შემდეგი პაკეტები:

600 ადგილობრივი წუთი – 10₾

15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾

ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი  – 33₾

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა;

მომხმარებელს შეუძლია რჩეული პაკეტი გააქტიუროს სილქნეტში ჩართული ნებისმიერი სხვა ნომრისთვისაც.

სილქფესტის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ნახე აქ

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს.

ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია დახარჯული.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში / 8.09.2022

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„ფონდმა ობიექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად გადასცა ბენეფიციარს – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც პასუხისმგებელია დასრულებული ობიექტის ფლობაზე, სარგებლობაზე, ექსპლუატაციაზე, მოვლა-პატრონობაზე, შემოწმებასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე“, – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2022 წლის 8 სექტემბერს.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2022 წლის 9 ივნისს მიწერეს ობიექტის ჩაბარებაზე:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით დასრულდა ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტის სამუშაოები და დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის ბრძანებით ობიექტი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.

გთხოვთ, ჩაიბაროთ პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა და გაუწიოთ შესაბამისი ექსპლუატაცია. დამატებით, გთხოვთ, განსაზღვროთ მერიის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს“, – აღნიშნულია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბათუმის მერისთვის 2022 წლის 9 ივნისს გაგზავნილ წერილში.

„მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ გაფორმებული არ არის. შესაბამისად, ობიექტი მერიას ჯერ არ ჩაუბარებია. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – უთხრეს 8 სექტემბერს, „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში / 21 აგვისტო, 2022 წელი

ნაპირდამცავ ნაგებობასთან ზღვამ პლაჟი რომ წარეცხა, „ბათუმელები“ 2 წლის წინაც წერდა:

მაშინ „ბათუმელები“ არკვევდა, ვის უნდა შეეტანა ხრეში სანაპიროზე ხელოვნური პლაჟის აღსადგენად, იყო თუ არა დეფექტი ის, რომ ნაპირდამცავი ნაგებობიდან მორღვეული ლოდები ზღვაში აღმოჩნდა, ასევე, ვის უნდა მოევლო ამ კონსტრუქციისთვის. მაშინ ფონდიდან მოგვწერეს, რომ ნაგებობას მშენებელი კომპანია მოუვლიდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის 8 სექტემბერს მოწოდებულ ინფორმაციაში კი, აღნიშნულია:

  • „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს [ADB] შორის 2015 წლის 26 ოქტომბრის საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სამშენებლო კომპანიამ [„სტრუიჯკ გრუპ“ ჰოლანდია] 2020 წლის თებერვალში დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები.
  • 2022 წლის თებერვალში, დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“, რომლის განმავლობაში კონტრაქტორი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯით აღმოეფხვრა ობიექტზე გამოვლენილი ყველა შესაძლო ხარვეზი“.
ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობიდან მორღვეული ლოდები ზღვაში / 21.08.2022

„შესაბამისად, 2022 წლის 21 თებერვალს კონტრაქტორის [„სტრუიჯკ გრუპ“ ჰოლანდია], ზედამხედველის [“ტექნიტალი” იტალია], ფონდის, ბათუმის მერიისა და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა საბოლოო ინსპექტირების [თანდართული] ანგარიში, რომლის მიხედვითაც სამუშაოები ხარვეზების გარეშე [დეფექტებზე არც ფონდს და არც სახელმწიფოს არ გაუწევია რაიმე დამატებითი ხარჯი] შესრულებულია დეტალური პროექტის, მოქმედი სტანდარტებისა და მშენებლობის ნებართვის პირობების სრული დაცვით. რაც შეეხება პროექტის საბოლოო ღირებულებას, იგი შეადგენს 52 224 432 ლარს“, – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 სექტემბერს.

ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობა და არარსებულ პლაჟზე ჩასასვლელი / 21 აგვისტო, 2022 წელი
ბათუმის ბულვარის ინსპექტირების საბოლოო ანგარიშიდან, რომელიც 2022 წლის 21 თებერვლითაა დათარიღებული და ბათუმის ნაპირდაცვის პროექტს ეხება. ფონდმა საინსპექციო ვიზიტების ანგარიშების ასლები რატომღაც არ მოგვაწოდა.

„დეფექტების აღმოფხვრისა“ და იმის მიუხედავად, რომ „დამატებითი დეფექტები ვიზუალურად აღმოჩენილი არ არის“, ლოდები ისევ ისე ყრია ზღვაში. ასე იყო გასულ წელსაც. ამასთან, არც პლაჟია მოწყობილი ნაგებობის გასწვრივ, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებდა. რატომ? – მიზეზი ისევ ფონდს ვკითხეთ.

„ფონდმა სრულად შეასრულა პროექტთან დაკავშირებული მისი უფლება-მოვალეობები და ობიექტის ექსპლუატაციის მიმდინარე საქმიანობაში ჩარევა სცილდება მის კომპეტენციას“, – მოგვწერეს ფონდიდან 2022 წლის 8 სექტემბერს.

„ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას“, ბათუმის მერია რატომღაც არ ჩქარობს.

ამავე თემაზე:

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

 

 

როგორ ახერხებენ მუშაობას რუსული სკოლები საქართველოში – ინტერვიუ

3 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამის უწყებას მიმართა, რომელმაც ბათუმსა და თბილისში მოქმედი კერძო რუსული სკოლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. მასალა სკოლა „School Club Georgia-ს“ შესახებ „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა.

სკოლა საქართველოში ავტორიზებული არ არის და, შესაბამისად, არც ქართულ ატესტატს გასცემს, თუმცა მიერთებულია მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებს, სადაც მოსწავლეები დისტანციურად აბარებენ რუსეთში კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს. სკოლაში რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ამ სკოლის დირექტორი,
ნატალია გეორგიევა აცხადებს, რომ მათ საქმიანობას სუსის კულტურის განყოფილება კურირებს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს.

„Школа Проектор – Тбилиси“- ეს მსგავსი კონცეფციის კიდევ ერთი კერძო რუსული სკოლაა, რომელიც მეოთხე წელია თბილისში რუსულენოვან მოსწავლეებს იღებს. სწავლის წლიური გადასახადი 6 000, 7 500 დოლარია. სკოლაში ორმოცამდე მასწავლებელია დასაქმებული. ამ სკოლის 20%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ შემწირველი, ლევან გოგლიძეა.

ორივე ზემოთ ხსენებული სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს, რომ მათი სასწავლო დაწესებულებები სკოლებია. ისინი ამბობენ, რომ ეს, უბრალოდ, რეპეტიტორთა ცენტრებია, თუმცა ორივე სკოლაში გაკვეთილები ტარდება კლასებში, ისწავლება ყველა საგანი, აქვთ კვების სერვისი, მარაგდებიან სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მასალებით, აქვთ გაკვეთილების შემდგომი წრეები, საზაფხულო ბანაკები და ემსახურებათ სასკოლო ავტობუსი.

ორივე სკოლაში სწავლის საფუძველზე მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლები დისტანციურად გასცემენ სასკოლო ატესტატებს. საქართველოში მოქმედი კერძო რუსული სკოლები მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლების პარტნიორებად არიან წარმოდგენილები საქართველოში.

როგორ არეგულირებს ასეთი სკოლების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა, როგორ ფუნქციონირებენ საქართველოში ავტორიზებული უცხოური სკოლები და რა ნაბიჯები უნდა გადადგას განათლების სამინისტრომ ამგვარი სკოლების საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ განათლების სფეროს იურისტი, რეზო ხოფერია პასუხობს.

  • ბატონო რეზო, რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სჭირდება საქართველოში ავტორიზაცია?

ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სკოლისთვის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. სკოლა არ შეიძლება ფუნქციონირებდეს ავტორიზაციის გარეშე. ავტორიზაციის გარეშე ასევე არ შეიძლება სკოლამ გასცეს განათლების დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი (ატესტატი). ასეთი საქმიანობისთვის სკოლას სჭირდება სახელმწიფოს ნებართვა – ავტორიზაცია.

  • ჩვენს მიერ აღმოჩენილი რუსული სკოლები ქართულ ატესტატს არ გასცემენ. ისინი მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლების პარტნიორები, ერთგვარი ფილიალები არიან და მოსწავლეები, რომლებიც მათთან სწავლობენ დისტანციურად აბარებენ მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებში გამოცდებს, ატესტატებს კი რუსეთიდან იღებენ საქართველოში სწავლის საფუძველზე. ასეთ სკოლებს კანონმდებლობა ავალდებულებს ავტორიზაციას?

ზოგადი წესია, რომ თუ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემა სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მან უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრობლემურია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ისეთი დასახელების შერჩევა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი შეცდომაში შეგყავს. შესაძლოა, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და, შესაბამისად, ეს გახდეს სისხლის სამართლის საქმის საფუძველი. გააჩნია რა სახის და სიმძიმის გადაცდომასთან გვაქვს საქმე. მაგრამ, აუცილებელია დოკუმენტების შესწავლა.

კერძოდ: რა ტიპის ხელშეკრულებებია გაფორმებული მშობლებთან, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა ფილიალს აქვთ სათავო დაწესებულებასთან, რა დოკუმენტების გაცემას ჰპირდებიან ხელშეკრულებით მშობლებს და ა.შ. დოკუმენტების შესწავლის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი სამართლებრივი დასკვნის გაკეთება.

ამ ფაქტების შედეგად, რაც ვიცით ამ სკოლების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, თუ ეს გულისხმობს საქართველოში აღიარებული დიპლომის და ატესტატის გაცემას, მაგრამ თუ ეს სხვა რამაა, მაშინ უნდა შევამოწმოთ ხომ არ არის ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ისე, რომ დაირქვას საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება.

კომპლექსურ იურიდიული შემოწმება და შეფასებაა საჭირო. მხოლოდ მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან რთულია სწორი იურიდიული დასკვნის გაკეთება.

  • წელს, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა რუსეთის 499-მა მოქალაქემ მიიღო, ამავე პერიოდში რუსეთის 449 მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ამას ემატება საქართველოში მყოფი რუსულენოვანი ბელორუსები და უკრაინელები, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ. ფაქტია, რომ საქართველოში რუსულენოვან სკოლებზეც გაჩნდა მოთხოვნა, ეს ახალი რეალობაა. როგორ ფუნქციონირებს საქართველოში კერძო სკოლები მაგალითად? როგორია მათი ფუნქციონირების მოდელი, რაც შეიძლება სამომავლოდ გამოდგეს რუსულენოვანი სკოლების საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად?

არსებობს ფორმალური და არაფორმალური სწავლება. არაფორმალურ სწავლებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ძალიან რთულია ეს სახელმწიფომ აკონტროლოს და, როგორც წესით, სახელმწიფოს ასეთი ინტერესი არც უნდა ჰქონდეს. მაგრამ თუ ფორმალურ განათლებაზე ვსაუბრობთ, ასეთი ინსტიტუცია აუცილებლად უნდა მოექცეს ქვეყნის კანონმდებლობის ჩარჩოებში. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა ხარვეზიანია.

დეტალურად არ არის მოწესრიგებული, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოში. ასევე არ არის დარეგულირებული დისტანციური განათლების საკითხი. კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მოწესრიგებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ როცა გერმანიის საელჩოს სურდა საქართველოში გერმანული სკოლის დაფუძნება, საჭირო გახდა კანონმდებლობაში შესაბამისი საგამონაკლისო ცვლილებების შეტანა და მხოლოდ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია.

ეს სკოლა ფუნქციონირებს გერმანული სასწავლო გეგმის საფუძველზე და ასევე სრულად მორგებულია ქართულ კანონმდებლობას.
ფილიალებთან დაკავშირებით მკაფიო წესი უნდა არსებობდეს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოში უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მკაფიო რეგულაცია არ გვაქვს, ამიტომაც შესაძლებელია, გახსნა საგანმანათლებლო დაწესებულება და საორჭოფო იყოს, კანონიერია ეს საქმიანობა თუ არაკანონიერი.

  • არაფორმალური სწავლება ახსენეთ, რაშიც არ ერევა სახელმწიფო. ზემოთ ხსენებული ორი სკოლის მოსწავლეები ამ სკოლებში რუსული სასწავლო გეგმით სწავლების საფუძველზე აბარებენ დისტანციურ გამოცდებს მოსკოვისა და პეტერბურგის პარტნიორ სკოლებში და იღებენ რუსულ ატესტატებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათი საქმიანობა ქართული კანონმდებლობისთვის არაფორმალური განათლებაა თუ ფორმალური?

შესაძლოა ივარაუდებოდეს, რომ რახან ქართული ატესტატი არ გაიცემა, ეს არის არაფორმალური განათლება. მაგრამ შინაარსს გააჩნია, რა ტიპის ხელშეკრულებებია გაფორმებული, ხომ არ არის ეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია არამარტო განათლების კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, არამედ ასევე სისხლის სამართლის კოდექსიც. სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს მუხლი, რომელიც ეხება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192(1)-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

ასეთი ნორმაა, თუმცა, გასარკვევია ავტორიზაციას დაქვემდებარებული არის თუ არა ზემოთ ხსენებული საგანმანათლებლო საქმიანობა. არსებული კანონის მიხედვით, ცალსახა ეს საკითხი არ არის. ამიტომაც, კანონმდებლობის კრიტიკულად გადახედვაც საჭიროა.

  • ზემოთ ხსენებული სკოლების საქმიანობის შესწავლისას, უფლებამოსილია თუ არა განათლების სამინისტრო, რომ შეამოწმოს რა სახელმძღვანელოებით ასწავლიან მოსწავლეებს? საქართველოს კანონში ოკუპაციის შესახებ განსაზღვრულია ტერიტორიები, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგადაა ოკუპირებული, საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთზე კი ოფიციალურ რუსეთს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. რუსული სასწავლო გეგმით შედგენილი სახელმძღვანელოები ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას და დიდი შანსია საქართველოს შესახებაც ამ სახელმძღვანელოებით მოსწავლეებს იგივე შეხედულებები გადაეცემოდეთ, რაც ოფიციალურ მოსკოვს აქვს საქართველოზე. ამ ფონზე აქვს თუ არა ლეგიტიმაცია განათლების სამინისტროს შეამოწმოს რა სახელმძღვანელოებით სწავლობენ კერძო რუსულ სკოლებში, ხომ არ ვრცელდება ამ სკოლების საშუალებით დამახინჯებული ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ა.შ.?

განათლების სამინისტროს აქვს უფლება შეამოწმოს საგანმანათლებლო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება ავტორიზებულია ან ავტორიზაციის პროცესშია. პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ეს სკოლები არ არის ავტორიზებული და არც ამ პროცესშია მოქცეული. ამიტომ ჯერ პირველ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: სჭირდებათ თუ არა მათ ავტორიზაცია. ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს შინაარსობრივად, რა სახის სწავლება მიმდინარეობს. მათ შორის თუ რა სახელმძღვანელოები გამოიყენება.

სტანდარტული პასუხი არის ის, რომ ავტორიზაცია სჭირდება ფორმალური განათლების დაწესებულებას, რომელიც საქართველოში აღიარებულ დოკუმენტს გასცემს. არაფორმალური განათლების დაწესებულებას ავტორიზაცია არ სჭირდება. ამ სტანდარტულ პასუხს რომ გავცდეთ, საჭიროა სკოლების იურიდიული დოკუმენტაციის შემოწმება.

ექცევა თუ არა სისხლის სამართლის რეგულაციაში ეს სკოლები? – შესაძლებელია. როგორც ვიცი, შესაბამისი მოკვლევაც დაიწყო. კარგი იქნება თუ დოკუმენტაციის შესწავლაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემის წარმომადგენელიც. ჯერ უნდა დადგინდეს, სჭირდება თუ არა ავტორიზაცია სკოლებს და მერე უნდა შემოწმდეს სასწავლო პროცესი, მანამდე სასწავლო პროცესს ვერ შეამოწმებ.

ავტორიზაციის კანონმდებლობა როცა მუშავდებოდა, მისი იდეა იყო ყველა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა მოქცეულიყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებში. საქმიანობა, რომელიც რეგულირების მიღმა დარჩა, იყო არაფორმალური, სასერტიფიკატო სწავლება.

არაფორმალური, სასერტიფიკატო სწავლებისთვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და არც უნდა იყოს საჭირო. თუმცა, თუ ორგანიზებული სასწავლო საქმიანობის შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუნდაც სხვა სახელმწიფოში იყოს აღიარებული, წესით, ასეთი საქმიანობა უნდა ექცეოდეს საკანონმდებლო ჩარჩოში.

მაგრამ იმისთვის, რომ პირს დააკისრო პასუხისმგებლობა, მით უფრო სისხლის სამართლებრივი, საჭიროა ცალსახა და არაორაზროვანი რეგულაცია. პრობლემურია როგორც კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულება.

___

ამავე თემაზე:

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

7,5 ტონა რძის ნაწარმი სარფის საბაჟოდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, რძის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების  ვეტერინარების მიერ, ფიტოსანიტარიული  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლენილი იქნა კანონმდებლობით დადგენილი, სავალდებულო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი. იდენტურობის შეუსაბამობა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი  (7.5 ტონა რძის ნაწარმი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 2 122 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 4 575 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 1 237 ერთეული [+11]
  • MLRS – 306 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 239 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 211 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 888 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 399 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 114 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 916 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 870 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 827 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 371 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 417 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ.

[yellow_box]უკრაინამ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა – გენშტაბი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

„ავტომანქანები უცხოელებზე გადააფორმეს, შემდეგ კი, დაშალეს და გაყიდეს“ – დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად.

ამავდროულად დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ ახდენდა მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას.

დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას ვერ იბრუნებ, მაგრამ წერილობითი კონტრაქტი გაქვს – ინტერვიუ

რა იცვლება მაშინ, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებთ, მაგრამ წერილობით გაქვთ ხელშეკრულება? – იურისტს გიორგი ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ წერილობითი ხელშეკრულების უპირატესობაზე ზეპირ შეთანხმებასთან შედარებით, რაც პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა.

გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა პრობლემა, როცა გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს და საკუთრების დასაბრუნებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მართალია, კანონით სასამართლომ გამოსახლების საქმე 1 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ. პრაქტიკაში მინიმუმ ერთი წელი წელი სჭირდება ამ კატეგორიის საქმეების სასამართლო განხილვას.

  • გიორგი, მაინც დასჭირდება მესაკუთრეებს სასამართლოში წასვლა, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებს, მაგრამ აქვს წერილობითი ხელშეკრულება? 

ქირავნობისას კანონმდებლობა იცნობს, როგორც ზეპირ, ისე წერილობით სახელშეკრულებო ურთიერთობას. ორივე ფორმით დადებულ ხელშეკრულებას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუმცა მიზანშეწონილობის კომპონენტზე თუ მიდგება საქმე, ცხადია, იურისტებისგან სამართლებრივი რჩევაა, ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა იყოს წერილობით და ქირავნობის ურთიერთობაც იყოს წერილობით მოწესრიგებული.

წერილობით სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგება საშუალებას იძლევა, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების კომპონენტი დეტალურად გაიწეროს. ქირავნობის დროს ბინა გადაეცემა დამქირავებელს ავეჯით, ან ავეჯის გარეშე, ასევე რემონტით, რემონტის გარეშე, კონკრეტული ტექნიკური მდგომარეობით… ხელშეკრულებაში შესაძლებელია ამ მდგომარეობის დეტალური აღწერა და წინასწარ შეთანხმება პირობებზე, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე ნივთი ზიანდება.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, წერილობით ხელშეკრულება იძლევა საშუალებას, რომ დადასტურდეს კონკრეტული ფაქტი, ამ დროს ნაკლები ტვირთი გაქვს სამტკიცებლად, როცა, მაგალითად, დავის საგანია: რა ფორმაში, რა კონდიციაში იყო ესა თუ ის ავეჯი, როცა ბინა გაქირავდა, როგორია უკან დაბრუნების ფორმა და ასე შემდეგ. წერილობითი ხელშეკრულება მხარეებს ნებისმიერი დავის ცივილურად მოწესრიგების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება შემთხვევას, როცა გაქირავებული ბინის უკან დაბრუნებას ეხება დავა – წლების წინ ამ თემაზე საუბრის დროს „ბათუმელებთან“ ვთქვი, რომ ხელშეკრულება ზეპირი ფორმით იქნება, თუ წერილობით, თუ ხელშეკრულების დარღვევასთან გვაქვს საქმე, აქ უკვე შემოდის საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება და სახელმწიფო თავისი ინსტიტუციური ჩართულობით მონაწილეობს ამ პროცესში. შესაბამისად, წერილობით იქნება ხელშეკრულება თუ ზეპირი ფორმით, თუ დამქირავებელი ვალდებულებებს არ ასრულებს, ამ დროს უნდა მიმართო სასამართლოს. რა ფორმით იქნება ხელშეკრულება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

  • წერილობითი ხელშეკრულების დროს იოლია მტკიცება, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. ზეპირი ხელშეკრულების დროს როგორ დასტურდება სასამართლოში სადავო ფაქტის ნამდვილობა? 

ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა დამოკიდებულია მხარეთა მოსაზრებებზე, მათ შეფასებებსა და აღქმებზე. არის ხოლმე აღქმის პრობლემაც, როცა, მაგალითად, უცხოელ დამქირავებელზეა საუბარი, შესაძლოა, მათ არ გაეწიათ კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურება და სხვაგვარად აღიქვეს მხარეებმა საკუთარი უფლებები და ვალდებულებები. ამ დროს, როცა მხარეებს შორის მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს, საჭირო ხდება მესამე პირის ჩართულობა, ვინც ესწრებოდა ამ შეთანხმებას, ანუ საჭირო ხდება მოწმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია ამტკიცონ მხარეებმა, რაზე შეთანხმდნენ.

შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად სასამართლოსთვის ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. გასათვალისწინებელია ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის კულტურა საქართველოში, ცალკეულ რეგიონში, სახლის მდგომარეობა, მოწმეთა ჩვენებები და არსებული პრაქტიკა. როცა წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, სასამართლოს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა, ასევე მოდავე მხარეებს, რომლებმაც უნდა ამტკიცონ, რა იყო ის შუალედური ნაწილი, რეალობა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და მას მოარგონ არსებული სამართლებრივი დავა.

ნებისმიერი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა დამოკიდებულია მხარეთა კეთილსინდისიერებაზე. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ გვქონდეს ინფორმაცია სამართლებრივ რისკებსა და შესაძლებლობებზე, შემდეგ კი, ერთგვარად დაზღვევა მოვახდინოთ ამ რისკების. წერილობით ხელშეკრულების გაფორმება გაცილებით მეტ შესაძლებლობას აძლევს მხარეს, რომ მისი უფლებები მყარად დაიცვას.

  • თუმცა მკითხველმა შესაძლოა იფიქროს: რატომ გავაფორმო წერილობით ხელშეკრულებები, რისთვისაც იურისტის მომსახურებაც დამჭირდება, თუ სასამართლოში წასვლა მაინც მომიწევს? 

სასამართლოში როცა მიდიხარ, წერილობითი ხელშეკრულების შემთხვევაში, უკვე ნებისმიერი შენი პოზიციის მტკიცებას დასჭირდება ნაკლები დრო, რაც მთავარია – ნაკლები ფინანსური რესურსი.

საკუთრების უფლების დაცვის კომპონენტი, რაც გვქონდა წლების წინ, როცა პოლიციის ჩართულობით ხდებოდა გამოსახლება, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური იყო საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. დღეს გვაქვს სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობა, რამაც გამოიწვია დროში პროცესის გაჭიანურება, ფორმალური დავები და მესაკუთრეები აღმოჩნდნენ დამატებით პრობლემის წინაშე: ისინი მოკლე დროში ვერ იბრუნებენ საკუთრებას და უწევთ დამატებით ფინანსური ხარჯის გაღება. თუ მესაკუთრე ფიქრობდა, რომ უნდა მიეღო ფინანსური სარგებელი ბინის გაქირავებით, შესაძლოა, პირიქით, ფინანსურად დაზარალდა.

  • რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს დავა ფორმალურია? წლების წინ იყო პროტესტი იმის გამო, რომ მევახშეები კაბალურ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და ადამიანები სასამართლო განხილვის გარეშე კარგავდნენ საკუთრებას. 

უკანონოდ დაკავებული ქონების გამოთავისუფლების და გამოსახლების პროცესი ფორმალურია მაშინ, როცა არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკუთრების უფლებაზე არ მიმდინარეობს არავითარი დავა, ანუ ვისია ქონება.

ამ საკითხს შეგვიძლია შევხედოთ სხვა ფორმით: თუ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა ექნებათ მხარეებს, მათ ისედაც აქვთ სამართლებრივი მექანიზმი, მიმართონ სასამართლოს და გამოიყენონ შემაკავებელი მექანიზმი – მოითხოვონ შეჩერდეს გამოსახლების პროცესი, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

  • ემხრობით იმ პოზიციას, რომ ისევ პოლიცია ჩაერთოს გამოსახლების პროცესში? 

ეს სამართლებრივი მსჯელობის საგანია, თუმცა პოლიციური გამოსახლების ნაწილობრივ შემოღების საჭიროება სახეზე გვაქვს. უნდა შევთანხმდეთ მარტივ საკითხზე: თუ მესაკუთრეები საუბრობენ თავიანთი საკუთრების უფლების დაცვაზე, მათ ამ საკუთრების სწრაფად და ეფექტურად გამოყენების, თუ აღსრულების საშუალება უნდა მიეცეთ.

თუ ნებისმიერი ადამიანი თვლის, რომ სახელშეკრულებო დავაში უნდა შევიდეს მეორე მხარესთან, ამის უფლება მას ისედაც აქვს, რომ სასამართლოს მიმართოს, ხოლო თუ ამ სახის დავა არ არსებობს რეალურად მხარეებს შორის და მესაკუთრეს მაინც ვეუბნებით, რომ უნდა მიმართოს სასამართლოს, ეს არ არის ლეგიტიმური მიზანი, რაც კანონმდებელმა შემოგვთავაზა.

  • შესაძლებელია ხელშეკრულებაში ჩაწერონ მხარეებმა წინასწარ, რომ თუკი მხარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას დაარღვევს და ბინას არ ტოვებს, მას პოლიცია გამოასახლებს და არ დასჭირდებათ სასამართლო? 

არა, ასეთი პირობა ვერ იქნება კანონიერი, კანონმდებლობის მოწესრიგებას ვერ შევცვლით სხვა ფორმით… ხელშეკრულებაში შესაძლებელია სხვა რისკების გათვალისწინება, მაგალითად, პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ფინანსური ხარჯი, რაც შეიძლება წარმოიშვას სასამართლო დავის დროს. ამ ყველაფერს აქვს ერთგვარი შემაკავებელი ეფექტი, რომ მეორე მხარეს არ მოუნდეს მაინცა და მაინც ხელშეკრულების დარღვევა.

  • რა უპირატესობა აქვს ნოტარიული წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას? 

რაიმე ტიპის უპირატესობა არ წარმოიშობა ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, არაა ეს სავალდებულო. მთავარია, ხელმოწერები იყოს ნამდვილი. შესაძლოა, გარკვეულ ტერმინთა განმარტებასთან დაკავშირებით დავა რომ არ წარმოიშვას, მხარეებმა ნოტარიულად გააფორმონ ხელშეკრულება.

ამ თემაზე:

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

ფილტრაციის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ რუსი ჩინოვნიკები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებსაც, ვინც ფილტრაცია უნდა გაიაროს.

„შეფასებები სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის ხელისუფლებისგან, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაჰკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებითი დეპორტაცია გაუკეთა 900 ათასიდან 1,6 მილიონამდე უკრაინის მოქალაქეს – ხშირად შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ რეგიონებში,“ – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

აშშ-ის წარმომადგენლის ცნობით, ფილტრაციაში მოხვდა ათასობით ბავშვიც, ბევრი მათგანი ოჯახს მოაშორეს, ბავშვთა სახლებიდან გაიყვანეს და რუსეთში გააშვილეს:

„შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ივლისის განმავლობაში 1800-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში.“

ლინდა თომას-გრინფილდმა ხაზი გაუსვა, რომ იძულებითი დეპორტაცია ოკუპირებული რეგიონებიდან ოკუპანტის ტერიტორიაზე ომის დანაშაული და ჟენევის მეოთხე კონვენციის უხეშ დარღვევაა.

„მიზანია, ძალის გამოყენებით შეცვალონ ადამიანების განწყობა, რათა უფრო მეტი ტერიტორიის ანექსია შეძლონ და შექმნან წარმოდგენა, რომ რუსული ოკუპაცია ლეგიტიმურია. ფაქტების დამახინჯების მცდელობები ფიქტიური რეფერენდუმებისთვის მზადებისა და უკრაინაში რუსეთის თამაშის ნაწილია. ამის შესახებ ჩვენ მანამდეც, ომის დასაწყისშიც ვაფრთხილებდით საბჭოს,“ – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მან დასძინა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე სხვა ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმების ჩატარებით, რუსეთი ეცდება, შექმნას ყალბი წარმოდგენა, რომ მისი აგრესია კანონიერია და მას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს.

„ცხადია, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის არანაირ მცდელობას, ძალის გამოყენებით შეცვალოს უკრაინის საზღვრები. ჩვენ ამ დანაშაულის ჩამდენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ჩვენ უნდა გავცეთ ამას პასუხი, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც ჯერ კიდევ პატივს სცემს გაეროს წესდებას. ჩვენ ვიცით, რას იტყვის ამ ყველაფერზე რუსეთი. ისინი უარყოფენ, უარყოფენ და უარყოფენ. მაგრამ არსებობს მარტივი გზა იმის გასარკვევად, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია. შეუშვით გაერო. მიეცით დამოუკიდებელ დამკვირვებლებს წვდომა. მიეცით წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაუშვით ჰუმანიტარული მისიები. დაე, ნახოს მსოფლიომ, რაც ხდება,“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

მისი აზრით, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო საზოგადოება იძულებული იქნება უკვე არსებულ მტკიცებულებებს და გადარჩენილი ადამიანების ჩვენებებს დაეყრდნოს:

„საშინელებაა ის, რასაც ისინი ჰყვებიან. კოლეგებო, დადგება დღე, როდესაც ჩვენ ამ საბჭოში შევიკრიბებით, რათა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის მცდელობები, მოახდინოს უკრაინის უფრო დიდი ტერიტორიის ანექსია და მე გთხოვთ დაიმახსოვროთ, რაც დღეს მოისმინეთ. ვერავინ, ვერავინ იტყვის, რომ გაფრთხილებული არ იყო.“

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს.

  • ქალბატონო მაია, რა არის ცრუ კრუპი და რით განსხვავდება იგი ნამდვილი კრუპისგან?

ეს არის იგივე ლარინგიტი, რომელიც ასევე სამედიცინო დეფინიციით არის ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. გარდა ცრუ კრუპისა არსებობს კიდევ ბაქტერიული დიფთერიით განპირობებული ნამდვილი კრუპი, რომელიც საერთოდ სხვა დაავადებაა, მაგრამ თანამედროვე მედიცინის პირობებში, ვაქცინაციის შედეგად, იგი ფაქტობრივად ელიმინირებულია და ჩვენს პრაქტიკაში აღარ გვხვდება. დიფთერიაზე აცრას ორი თვის ასაკიდან ვიწყებთ.

  • რატომ ჩნდება, რა იწვევს?

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ბავშვებში რომ უფრო აქტუალურია, ეს განპირობებულია ბავშვის ზედა სასუნთქი გზების ანატომიური თავისებურებებით, კერძოდ, მოზარდთან შედარებით მისი სანათური არის უფრო ვიწრო, რის გამოც მას შეშუპებისკენ აქვს მიდრეკილება.

როგორც წესი ცრუ კრუპი ბავშვებში არის ვირუსული გენეზის და ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია [ეს არის მისი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორები] პარაგრიპის ვირუსები: ადენო ვირუსები, გრიპის ვირუსი და რინო ვირუსი.

ნებისმიერი ვირუსული ინფექცია – პარა გრიპი, ადენოვირუსი, ყოველთვის შეიცავს რისკს, რომ განვითარდება ცრუ კრუპის შეტევა.

  • როგორია ცრუ კრუპის პირველადი ნიშნები, სიმპტომები?

მწვავე ლარინგიტი შეიძლება დაიწყოს უეცრად, პირდაპირ მყეფარი ხველით, სუნთქვის გაძნელებით, რომელიც რატომღაც უფრო დამახასიათებელია ღამის ან გამთენიის საათებში, ან შესაძლებელია დაიწყოს სურდოთი, ერთეული ხველით და შემდეგ გართულდეს.

ცრუ კრუპს ახასიათებს ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს ყლაპვის გაძნელება, შესაძლოა მიმდინარეობდეს ცხელებით, ან მის გარეშეც.

ცრუ კრუპის მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანია უხეში მყეფარი ხველა, რომელსაც ერთხელ თუ გაიგონებთ, მერე ეს დაავადება სხვაში არასოდეს შეგეშლებათ. ამასთან ერთად ვითარდება ჩასუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა, ხმაურიანი ჩასუნთქვა, რაც განპირობებულია ხორხის შევიწროებით.

გარდა ამისა, ცრუ კრუპის დროს ბავშვი შეიძლება იყოს ჭირვეული, ცუდად ჭამდეს.

ძალიან ხშირად, ბავშვთა ასაკში კრუპის ნიშნები შესაძლებელია შეგვხვდეს ალერგიული ფაქტორების შედეგად, ანუ იყოს ალერგიის გამოვლინება.

ასევე, შესაძლებელია ცრუ კრუპის მიზეზი იყოს ნერვული სტრესი, როდესაც ხახის სპაზმი ვითარდება და ასეთი ბავშვები, როგორც წესი, გამოირჩევიან ნერვული ლაბილურობით [არამდგრადობით], ანუ მათ არ აქვთ ფორმირებული ნერვული სისტემა; ასევე, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური მიდრეკილება გარკვეული შეშუპებითი დაავადებების განვითარებისკენ.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

ყველაზე საშიში გართულება გახლავთ სუნთქვის უკმარისობა, როდესაც ჩასუნთქვის გაძნელება იწვევს რესპირაციული დისტრესის განვითარებას და ეს უკვე არის სიცოცხლისთვის საგანგაშო მდგომარეობა. როდესაც არის ისეთი პაროქსიზმული, შეტევითი მყეფარი ხველა, რომელიც ხელს უშლის ძილს, ბავშვი ვერ პოულობს ადეკვატურ პოზიციას, შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი აღგზნება, ძლიერი ჰიპოქსია [როდესაც ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას] – ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში.

  • როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევის დროს?

თუ ბავშვს დაეწყება ცრუ კრუპის შეტევა, ეს არ უნდა იყოს მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა. საერთოდ, ჩვენი მთავარი მიზანია მშობელი არ დაიბნეს ამ შეტევისას და აუცილებლად აღმოუჩინოს ბავშვს პირველადი დახმარება. ასეთ დროს პირველად დახმარებას წარმოადგენს აეროზოლო თერაპია, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები და ინჰალაციები [ინჰალაციის თერაპიისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადია ბუდესონიდის ხსნარი].

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ჰაერის დატენიანება. მაგალითად, არის სიტუაცია, როცა არ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ მედიკამენტური მკურნალობა. ასეთ დროს შესაძლებელია აბაზანის ორთქლში [ორთქლის ღრუბელში] შევიყვანოთ ბავშვი, რაც შეასუსტებს შეშუპებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს შევუნარჩუნოთ სიმშვიდე, მივცეთ ტუტე სასმელი, თბილი წყალი, ჩავუტაროთ ხელ-ფეხის აბაზანები. თუ შეტევას თან ახლავს ცხელება, ბავშვს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალებები: იბუპროფენი, პარაცეტამოლი.

ძალიან ბევრი პაციენტი ექიმის დანიშნულების გარეშე შესაძლებელია იყენებდეს ანტიალერგიულ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს ლარინგიტის სამკურნალოდ, რომელიც არის ძალიან დიდი შეცდომა ცრუ კრუპების მართვაში, იმიტომ, რომ ეს პრეპარატები დაავადების გამოსავალზე არანაირ გავლენას არ ახდენენ.

ცრუ კრუპის საგანგაშო ნიშნებია ხორხის შეშუპების ნიშნები: ჩასუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და უხეში, მყეფარი ხველა. ასეთ დროს მედიკამენტურ მკურნალობამდე საჭიროა სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ორთქლის აბაზანები, ინჰალაციები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელ-ფეხის დათბილვა, თბილი სითხეების მიწოდება. თუ ცხელება აქვს, საჭიროა მისი მართვა – იბუპროფენით ან პარაცეტამოლით. რაც შეეხება აეროზოლოთერაპიას, ოქროს სტანდარტი არის ბუდესონიდის ინჰალაციები, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს ბინაზეც კი, ექიმის კონსულტირებით.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პირველადი დახმარების აღმოჩენისას მდგომარება უმჯობესდება?

პროგნოზულად კარგი ნიშანია როდესაც მყეფარი ხველა მოიხსნება და ის გადადის სველ ხველაში, მაგრამ როდესაც მკურნალობის დაწყება მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იწვევს და მყეფარი ხველა კლების ნაცვლად მატულობს, პროგრესირებს, ასევე თუ სუნთქვის გაძნელება მატულობს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ბავშვი გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში.

  • სხვა რა მკურნალობა არსებობს?

მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნებულაიზერო თერაპია და ადრენალინის ნებულაიზერო თერაპია, თუმცა ადრენალინი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარის პირობებში, მისი გაკეთება ბინაზე უკუნაჩვენებია. ნებულაიზერო თერაპიის გაკეთება სახლში შესაძლებელია, თუ მშობელმა იცის სწორად დოზირება და აქვს ექიმის დანიშნულება.

  • როგოია პრევენცია?

ცხადია, პირველი საპრევენციო ზომა, ვირუსული ინფექციებისა და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად, არის გრიპის სეზონის დადგომამდე ბავშვის აცრა გრიპის ვაქცინით.

მნიშვნელოვანია ბავშვი ნაკლებად ვამყოფოთ ხალხმრავალ ადგილებში. საჭიროა ბავშვის გაკაჟება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ოთახში ჰაერი იყოს ნოტიო და სუფთა, ასევე, მის კვების რაციონში უნდა შევიტანოთ სასარგებლო ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, უნდა მოვერიდოთ თვითმკურნალობას – ძალიან ხშირად ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის იმუნურ სისტემაზე; ან ვთქვათ, როცა ბავშვი იღებს იმ მედიკამენტებს, რაც არ არის გათვალისწინებული ამ დაავადების მკურნალობისთვის, ეს ხშირად არის ბავშვის ხშირი ავადობის მიზეზი.

მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

ოლეგ ჰლადჩენკო ხარკოვიდანაა. ომის დაწყებამდე ის ხარკოვში, თავის ოჯახთან, შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ ომმა მისი ცხოვრებაც ისევე შეცვალა, როგორც სხვა უკრაინელების.

ოლეგი ახლა კიევში ცხოვრობს. ის ცნობილი სამხედრო ბლოგერის, ვალერი მარკუსის მიერ ჩამოყალიბებული 47-ე ბატალიონის წევრია.

„ბათუმელები“ ოლეგს კიევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

„47-ე ბატალიონს თვე-ნახევრის წინ შემოვუერთდი. მანამდე ვიყავი IT, ვმუშაობდი უკრაინულ სტარტაპზე. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, 2014 წლიდან ვიყავი მოხალისე, დონაციას ვაკეთებდი და ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.

როდესაც ეს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩემი როლი შემცირდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ფინანსური სახსრები მომეძიებინა. რაღაც მომენტში დავფიქრდი – სად და როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ყველაზე სასარგებლო.

მყავდა მეგობარი, რომელიც 47-ე ბატალიონს ადრე შემოუერთდა. დავურეკე მას და ვკითხე – ხომ არ გჭირდებათ IT ჩემი უნარებით? მე შემიძლია დახმარება საორგანიზაციო საკითხებში, პროგრამირების კუთხით ან ყველაფერში, რაც დაგჭირდებათ.

მათ მითხრეს, რომ სასარგებლო ვიქნებოდი. და აი, მე აქ ვარ.

მარკუსის ფონდში ვაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა. ვმუშაობ კომუნიკაციების მიმართულებით. ვიღებ ამანათებს, ვახარისხებ და კოორდინაციას ვუწევ მომსვლელებს. ასევე ვმუშაობ დოკუმენტაციაზე. თავიდან ვერ წარმომედგინა, რამდენი დოკუმენტი სჭირდებოდა არმიაში ჩაწერას.

ჩემს წინა [სამოქალაქო] ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ცოტა დოკუმენტი მჭირდებოდა იმასთან შედარებით, რაც აქ თვე-ნახევრის განმავლობაში დამჭირდა.

ვეხმარები ახალმოსულებს – როგორ უნდა ჩაეწერონ არმიაში, როგორ შეავსონ აპლიკაცია ან შეიტანონ შესწორება.

  • რა შეცვალა ომმა თქვენს ცხოვრებაში?

მაიძულა ჩემი მშობლიური ქალაქი დამეტოვებინა, რადგან მე ხარკოვიდან ვარ. 24 თებერვალს მოვიდა დრო, როდესაც მე უნდა დამეტოვებინა ჩემი ქალაქი. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რამდენად შორს შეეძლოთ რუსებს წასვლა. არ მქონდა სამხედრო გამოცდილება, არ მქონდა იარაღი. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ იქნებოდა უფრო უსაფრთხო და უფრო ჭკვიანური, დაგვეტოვებინა ომის ზონა და მიგვეცა არეალი ჩვენი არმიისთვის გაეკეთებინათ საქმე.

მე და ჩემმა შეყვარებულმა მოვკიდეთ ხელი ჩვენს ძაღლს და წავედით დასავლეთ უკრაინაში. დავტოვე ჩემი სახლი, ასევე დავტოვე ჩემი მშობლები, მივეცი ინსტრუქცია რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს. საბედნიეროდ ახლა მშობლებს უკვე დატოვებული აქვთ საომარი ზონა.

  • მეგობრები ან ახლობლები თუ გყავთ რუსეთში და თუ გაქვთ მათთან კონტაქტი?

მე მყავს ერთი ახლობელი რუსეთში, მურმანსკში. 2012 წელს იქ ვიყავი კიდევაც.

ასევე მყავს, არ ვიცი, შეიძლება ისევ მეგობრები ვუწოდო თუ არა ახლა მათ, რამდენიმე ბიჭია რუსეთიდან, რომლებსაც ვიცნობ სხვადასხვა ახალგაზრდული ევროპული ორგანიზაციიდან. რამდენიმემ ადრე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი, გააპროტესტეს. მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მე გავწყვიტე ყველა კავშირი მათთან და არ მინდა საუბარი რომელიმესთან.

უკრაინელი ჯარისკაცი ომზე და უკრაინელების ბრძოლაზე

  • რომელიმემ სცადა დაკავშირება?

ზოგიერთი პოსტის ქვეშ, რომლებსაც ფეისბუქზე ვწერდი და ვამბობდი, რომ რუსები ცუდები არიან, ბიჭები და გოგოები მიწერდნენ, რომ „კარგი, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია, საპროტესტო აქციაზე თუ გავალ ციხეში ჩამსვამენ“… ჩემი პასუხი იყო, რომ ჩვენ, 2013-2014 წლებში გავდიოდით საპროტესტო აქციებზე, სადაც დაჭერა და ციხეში წასვლა გვემუქრებოდა… ახლა კი ჩემი მეგობრები შეიძლება მოკლან. საფრთხის სრულიად განსხვავებული დონეებია – უბრალოდ ციხეში მოხვდები, თუ მოგკლავენ რუსული იარაღით.

  • ამ ომში თქვენი პირადი დანაკარგი რა არის?

ამ დრომდე, ვფიქრობ, თუ შეიძლება რამით ბედნიერი ვიყო, ბედნიერი ვარ, რადგან არავინ, ჩემი ახლობლებიდან ან ახლო მეგობრებიდან არ დაღუპულა ამ ომში ან დაჭრილა.

თუმცა ხარკოვში მყავდა ნაცნობი, რომელიც ომის პირველ დღეებში მოხალისედ მუშაობდა – საჭმელს, მედიკამენტებს და მარაგებს აწვდიდა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეეძლოთ ხარკოვის დატოვება. ეს იყო ომის პირველი დღეები, როდესაც მოხალისეთა უმრავლესობა ჩაფხუტის, დამცავი ჟილეტისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის გარეშე იყო. ის რუსული არმიის დაბომბვამ იმსხვერპლა.

  • უკრაინაში ქართული ლეგიონი იბრძვის. რა იციან უკრაინელებმა მათ შესახებ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს მხარდაჭერა? 

მარტივად რომ ვთქვათ, არც ისე ძალიან შორს ვარ ქართული რეალობისგან, რადგან ჩემი ერთ-ერთი კოლეგა თბილისიდანაა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის 24 თებერვლამდეც.

ვიცოდი თქვენი მთავრობის შესახებაც, რომელიც, როგორც ჩემი ქართველი კოლეგა ამბობს – „კორუმპირებულია რუსული ფულით“.

მე და ჩემი მეგობრები მართლა ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. იმ ხალხის, რომლებიც გამოვიდნენ თბილისში ამ ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. მათ მხარდაჭერას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ამ ომში რუსების წინააღმდეგ. სავარაუდოდ ისინი ხედავენ ამას როგორც ერთ-ერთ გზას ებრძოლონ რუსებს საქართველოშიც.

  • ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა. ვხედავთ, რომ 47-ე ბატალიონშიც ბევრი სამოქალაქო პირი მოდის არმიაში წასვლის სურვილით. რა არის თქვენი რეაქცია, როდესაც ხედავთ, რომ ამდენ ადამიანს სურს უკრაინის დაცვა?

პირველ რიგში ეს არის შთაგონება… ნახევარი წელია ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომში ვართ ჩართული.

უამრავი ადამიანია უკვე არმიაში წასული. უამრავი ადამიანია, რომელიც მუშაობს, როგორც მოხალისე. თავიდან არ მოველოდი, რომ ამ რთულ დროს ამდენი მოხალისე გამოთქვამდა სურვილს და ეცდებოდა ჩვენს პოლკში გაწევრიანებას.

დიახ, ამან მართლა შთამაგონა, მომცა იმედი და კიდევ უფრო შემაყვარა ჩვენი ხალხი.

რაც შეეხება მოტივაციას, უნდა ვთქვათ, რომ რაც მეტი დრო გადის, სამწუხაროდ მეტი ადამიანი იღუპება. თითქმის არავინ დარჩა, ვისაც ეს ომი რაღაცით არ შეეხო – ვისაც არ ჰყავს ირგვლივ დაშავებული ან დაღუპული ახლობელი ან ნაცნობი; და დიახ, ვფიქრობ ეს აძლევს ხალხს მოტივაციას. ასევე, ბევრი ვინც მოხალისეობრივად და ბევრს დაეხმარა, მაინც კვლავ ფიქრობს, კიდევ რით შეუძლია დახმარება. ისინი ცდილობენ იპოვონ გზები, რომლითაც მეტის გაკეთებას შეძლებენ. ისინი ხედავენ ჩვენს პოლკს, როგორც ადგილს, სადაც მეტის გაკეთებას შეძლებენ.

  • შიშის გრძნობა თუ გაქვთ?

ვფიქრობ, ყველა ადამიანი გრძნობს შიშს გულის სიღრმეში, მაგრამ ეს გვაჩვენებს იმასაც, როგორ შეუძლია ადამიანს ებრძოლოს თავის შიშებს. მარტო სულელი არ გრძნობს ალბათ შიშს. მე ვცდილობ დავძლიო ჩემი შიში და ვიყო იმდენად სასარგებლო, რამდენადაც შემიძლია.

  • ბევრი ექსპერტი დასავლეთში ფიქრობს, რომ ზამთარში უკრაინელები იქნებიან დაღლილი და ამით ისარგებლებს რუსეთი. თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად არის მზად უკრაინელი ხალხი ზამთრისათვის?

კი, ეს ზამთარი შეიძლება იყოს რთული უკრაინისთვის, რადგან რიგ ქალაქებში ინფრასტრუქტურა მოშლილია და კიდევ მეტში მოიშლება, რადგან, სამწუხაროდ, რუსებს ჯერ კიდევ ბევრი რაკეტა აქვთ.

მაგრამ, მე უკრაინის საუკეთესო ადამიანებისგან ვხედავ, რომ ჩვენ არ დავნებდებით და გადავრჩებით. ასევე ვფიქრობ მათზე, ვინც მოხალისეობრივად გვიერთდება და გადის წვრთნას. დიახ, ეს იქნება რთული, მაგრამ მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

რაც შეეხება სამოქალაქოებს, მაგალითად მე ვესაუბრე ჩემ შეყვარებულს და შევთანხმდით, რომ თუ რაღაც მიზეზების გამო არ იქნება გათბობა სახლში, მას გავგზავნი სადმე ევროპაში, რომელიმე ჩემს მეგობართან. ვფიქრობ, სამოქალაქო პირების ნაწილი ამ გზას აირჩევს – ვგულისხმობ ქალებს და ბავშვებს. ისინი წავლენ უფრო თბილ ადგილას.

რასაც ამ დრომდე ვხედავ ჩვენ ხალხში, მათ მოქმედებაში, ასევე იმ ბიჭების სიმტკიცეში, რომლებიც ჩვენს პოლკს უერთდებიან, არის ის, რომ კი, ეს იქნება პრობლემური, მაგრამ ჩვენ გადავრჩებით – ამ პრობლემასაც გადავლახავთ, როგორც ყველა სხვა პრობლემა გადავლახეთ აქამდე.

  • გამარჯვების გარდა კიდევ რა სურვილი გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ ომის დასასრული?

მე და ჩემმა შეყვარებულმა ვისაუბრეთ ამის შესახებ. როცა ომი დამთავრდება, გვინდა ტურნე მოვაწყოთ იმ ქვეყნებში, რომლებიც ომის დროს ყველაზე მეტად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ ვეწვევით პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ასე გვიჭერდნენ მხარს. ასევე ყველა ქვეყანას, რომელიც დგას ჩვენს გვერდით და გვეხმარება, რომ გადავრჩეთ. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მადლობა, წავიღოთ ჩვენი ფული და დავხარჯოთ მათ ქვეყნებში.

  • სოციალურ მედიაში ვნახეთ, რომ ხარკოვსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლები ბრაზობენ კიევსა და დასავლეთ უკრაინაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ჩემი ზოგი მეგობარი აკრიტიკებს ამ სიტუაციას. ხარკოვი ყოველდღე იბომბება, იქ ყოველდღე ვიღაც კვდება, არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს. სამოქალაქო პირები იღუპებიან. სკოლები და სახლები დანგრეულია. ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც დარჩნენ ხარკოვში, მათ ესმით, რომ ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქში ცხოვრობენ…

ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ახლა არ არის იდეალური დრო გართობის, ფართებზე სიარულის თუ სხვა მსგავსი რამისთვის. ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ მათ, ვინც ხარკოვში რჩება, უნდა გაიგონ და მიიღონ, რომ ცხოვრობენ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ქალაქებში. თუ ვერ ეგუებიან ამას, ეცადონ სხვა ადგილი იპოვონ. მე შერეული მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ ვარ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყველამ უნდა იტიროს, იყოს დეპრესიასა და სტრესში იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება – დიდი ომი და ა.შ.

რადგან არამხოლოდ ხარკოვში მყოფებისთვის, არამედ ყველასთვის, ნებისმიერ ქალაქში ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი დღე – რუსები ისვრიან რაკეტებს და შესაძლოა შენი სახლი აღმოჩნდეს შემდეგი, რომელიც განადგურდება. ძალიან დიდი შიშია იმის განცდა, რომ შეიძლება მოკვდე შენს სახლში, შენს საწოლში, ღამით.

მაგრამ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ცხოვრობენ შედარებით უსაფრთხო უკრაინულ ქალაქებში, უნდა გაიაზრონ, რომ მებრძოლებისთვის და იმ სამოქალაქო პირებისთვის, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე ცხოვრობს, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია იმ გიჟური ფართების ყურება, რომელიც ხანდახან სხვა ქალაქებში ეწყობა. რა თქმა უნდა, ახლა არ არის დრო ტირილისა და დეპრესიის, მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო, როგორ გაატარებ შენს თავისუფალ დროს.

სანამ არმიას შემოვუერთდებოდი, მე და ჩემი შეყვარებული ხანდახან მთაში დავდიოდით. ეს, ჩემი აზრით, ასე თუ ისე ნორმალურია, მაგრამ ბევრი ალკოჰოლის მიღება და გართობა ომის დროს, მთლად მისაღები არ მგონია.

  • რუსებსა და უკრაინელებს აქვთ ენობრივი და ნათესაური კავშირი. ეს ომი რას შეცვლის მათ ურთიერთობაში?

მე არ ვარ ამ კითხვის სწორი ადრესატი, რადგან ჩემი ერთადერთი ნათესავი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში, მოკვდა რამდენიმე წლის წინ და მე არ მჭირდება გზის პოვნა, თუ როგორ ველაპარაკო ნათესავებს რუსეთში.

მაგრამ ჩემს ბევრ მეგობარს ჰყავს ნათესავები რუსეთში. ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ მათი ნათესავების უმრავლესობას აბსოლუტურად არ ესმის, ტოტალურად სჯერა რუსული პროპაგანდის – ისინი ეუბნებიან ჩემს მეგობრებს: „ეს კარგია. თქვენ მალე იქნებით გათავისუფლებულები. ჩვენ ავიღებთ ხარკოვს მალე და ვიცხოვრებთ ერთ დიდ ქვეყანაში, როგორც ადრე. არ მოუსმინოთ იმ სისულელეს, თითქოს რუსები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს“.

ჩემ ზოგიერთ მეგობარს ჰყავს ნორმალური რუსი ნათესავი და ისინი ამბობენ – ჩვენ გვესმის ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, როგორ გთხოვოთ პატიება. უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. არის ასეთი მაგალითებიც, მაგრამ ძალიან მცირე.

რაც შეეხება რუსულ ენას, ისტორიას და ნათესავებს, დიდი ისტორია აქვს უკრაინის გათავისუფლებას რუსეთისგან.

მე ვისწავლე ისტორია და შემიძლია საათობით ვისაუბრო ყველა იმ ისტორიულ მოვლენაზე, თუ როგორ მოექცა რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი უკრაინას. წაშალეს ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა და ჩვენი ენა. გამოიყენეს ჩვენი ხალხი თავიანთი იმპერიის ასაშენებლად, შიმშილით დახოცეს უკრაინელები ჰოლოდომორის დროს და ა.შ. ასიათასობით უკრაინელი მოკვდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბევრი შემიძლია ვილაპარაკო.

მესმის, რომ შეუძლებელია ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთის ნაცვლად ოცნების ოკეანე გვქონდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რუსეთის ფედერაცია დაინგრევა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და მის ნაცვლად იქნება უფრო პატარა ნაწილები. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი და საუბარი, თუ როგორ ვიურთიერთებთ ჩვენს მეზობლებთან.

ახლა ჩემთვის კარგი რუსი არის – „ტვირთი 200“. რაც უფრო მეტი რუსი მოკვდება რაიმე მიზეზით, ეს უფრო გაადვილებს ამ ომის მოგებას ჩვენთვის. მაგრამ ვიცი, რომ არსებობენ სასარგებლო, ან ნორმალური რუსებიც, რომლებიც არ უჭერენ მხარს ომს და ცდილობენ ჩვენს დახმარებას. მესმის და პატივს ვცემ მათ.

მაგრამ ახლა ჩვენთვის კარგი რუსები, არიან მკვდარი რუსები.

  • უკრაინელებს აქვთ სიძულვილი რუსების მიმართ? არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.

ეს ძალიან რთული კითხვაა.

24 თებერვლამდე ჩემი სიძულვილი უფრო მეტად ეხებოდა რუს ჯარისკაცებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი – ბრძოლის ველზე თუ სხვაგან, რადგან ჩემთვის ეს იყო დროის საკითხი, თუ როდის მოვიდოდნენ დიდი ომით ჩვენთან. რაც უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდებოდა სადმე, მით ნაკლები მოვიდოდა აქ, უკრაინაში. მარტივი ლოგიკაა.

რაც შეეხება ჩვეულებრივ რუს მოქალაქეებს… ახლა, მას შემდეგ, რაც ამდენი უკრაინელი სამოქალაქო პირი მოკვდა ამ ომში, მოკვდა მარიუპოლში, ყველა ამ პატარა ჩრდილო დაბებში – ბუჩაში, ირპენში და ა.შ. ახლა, როდესაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მოკვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ უკრაინელები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ უნდოდათ უკრაინა ყოფილიყო რუსეთის ნაწილი…

ახლა მე მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, რასაც გრძნობს ადამიანი, როდესაც რაკეტა მის სახლს ეცემა, როცა მის მეგობარს, მის ნათესავს კლავენ, რათა გაიგონ რა არის ეს და რატომ ვთხოვდით მათ, რომ გასულიყვნენ გასაპროტესტებლად და შეეჩერებინათ ეს.

ისინი რომ ნორმალური ადამიანები ყოფილიყვნენ, გავიდოდნენ და არ დაუშვებდნენ ათასობით ადამიანის მკვლელობას. არც კი ვიცი, ზოგი ინფორმაციით მარიუპოლში 90 ათასამდე ადამიანია მოკლული. შეიძლება იყოს ასობით ათასი მოკლული სამოქალაქო პირი უკრაინაში. რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი მოკვდა იმიტომ, რომ იცავდნენ ჩვენს მიწას. ასე რომ, მე მათ უბრალოდ ვუსურვებ იგრძნონ მთელი ეს ტკივილი და ბრაზი.

  • რა იქნება ომის შემდეგ?     

ვფიქრობ ამას [ბრაზს და სიძულვილს] გადავლახავთ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ტოვებენ ომს, მაგრამ ომი არ ტოვებს მათ. არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, რომლებმაც დაკარგეს მეგობრები, ომის მეგობრები და ა.შ. მათთვის ეს მართლა ძალიან რთული იქნება და არ ვიცი მათ შესახებ რა გიპასუხოთ. ამ მომენტში, მე, [როგორც ვახსენე არ დამიკარგავს უახლოესი მეგობრები და ნათესავები], ვფიქრობ შევძლებ ყველაფრის გადახარშვას, თუმცა მაინც ვუსურვებ მათ [რუსებს] ამ ტკივილის განცდას. ყველა ომი უნდა დასრულდეს. ახლა, ამ მომენტში არ ვგრძნობ რუსი სამოქალაქოების მოკვლის სურვილს, მაგრამ მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს ომის დასრულების დროისთვის.

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

რა ზიანი მოაქვს ფეიერვერკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

თითქმის ყოველ საღამოს, როცა საათის ისარი 11:00-ს გადასცდება, ბათუმის ცა ხმაურიანი ფეიერვერკით ნათდება.

ფეიერვერკებს ისვრიან სახლებიდან, მაღლივი კორპუსებიდან, შემაღლებულ ადგილებზე განთავსებული რესტორნებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც იმ დროს კონკრეტული ადამიანის დაბადების დღეს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღს აღნიშნავენ.

საღამოს 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე კანონი პიროტექნიკის გამოყენებას კრძალავს, თუმცა ეს რეგულაცია არასდროს არავის დაუცავს ბათუმში.

ფეიერვერკის გასროლის შემდეგ ჰაერში მძიმე მეტალის იონები იფრქვევა, რაც სპეციალისტების თქმით, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური დათბობისთვის.

ქეთევან კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულებით, ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჰაერის მონიტორინგზე მუშაობს და სხვადასხვა ცენზორებით გარემოს დამაბინძურებელ აგენტებს იკვლევს ჰაერში.

ქეთევან კუპატაძე

ქეთევან კუპატაძის თქმით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა ე.წ. PM ნაწილაკების [მტვრის მყარი ნაწილაკები] ჭარბი რაოდენობაა ატმოსფეროში.

„PM ნაწილაკები შეიძლება იყოს ძალიან წვრილი ან შედარებით მსხვილი, რომლებიც გაფრქვეული არიან ატმოსფეროში და მათ აქვთ უნარი შევიდნენ მეტალების იონებში და სტაბილური სახით დარჩნენ ატმოსფერულ ჰაერში.

რა საერთო აქვს ამას ფეიერვერკთან?! – როგორც ვიცით, ფეიერვერკის შემადგენლობაში შედის მეტალის მარილები, იმიტომ არის ის ფერადი, რადგან შეიცავს სტრონციუმის ქლორიდს, ბარიუმის ნიტრატს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს და ეს ყველაფერი მარილების სახით განიბნევა ჰაერში.

ასევე, ძალიან ბევრი ქლორიდია, რომლებიც გარდაიქმნებიან  (პერ) ქლორატებად, რომელიც ერთ-ერთი ტიპის მარილია და აქვს უნარი გაიხსნას ზედაპირულ წყლებში.

შესაბამისად, როცა მოვიხმართ წყალს ან ტბებიდან თევზს, თუკი ეს პროდუქტები ქიმიურად დაბინძურებულია, ზიანს მიაყენებს ადამიანის ფარისებრ ჯირკვალს.

პირველი სამიზნე არის ფილტვები და ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კი, როგორც ვხედავთ, ძალიან გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, ლამის ყოველ მეორე ადამიანს აქვს ჩიყვის პრობლემა. ასევე, ქიმიური დაბინძურება ხელს უწყობს სიმსივნეების განვითარებას, განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოსთან აქვს კავშირი“ – ამბობს ქეთევან კუპატაძე.

მისი თქმით, ფეიერვერკის გაფრქვევის შემდეგ წარმოიქმნება გოგირდის და აზოტის ოქსიდები, რომელიც რჩება ატმოსფეროში, რაც წარმოქმნის ე.წ. მჟავა წვიმებს.

„ჩვენთან, საქართველოში ნაკლებად შეინიშნება ე.წ „სმოგი“, თუმცა ბოლო პერიოდში მაინც აღნიშნავენ ადამიანები, რომ სუნთქვა ჭირს. აუცილებლად იქნება ბათუმშიც დაგროვილი მეტალების იონები, რადგან ძალიან ხშირად ისვრიან ფეიერვერკს.

როცა ხშირი ხასიათი აქვს ფეიერვერკის გასროლას, ამ შემთხვევაში გოგირდის და აზოტის ოქსიდები, ასევე გოგირდწყალბადი და პერქლორატებით დაბინძურებაც მაღალია და ბუნებრივია აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე“ – ამბობს ქეთევან კუპატაძე.

მისი თქმით, ეკოლოგიური ქიმიის ბოლო პერიოდის სახელმძღვანელოებში გარემოს ერთ-ერთ დამაბინძურებლად ასევე ხმაურია მიჩნეული, რომელიც ფეიერვერკსაც უკავშირდება.

„ცხოველები ცალკე თემაა, რადგან მათ ძალიან ეშინიათ ხმაურის, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ცხოველებზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.

ჩვენი სამეზობლო ავიღოთ, თურქეთში საერთოდ აკრძალულია ფეიერვერკის გამოყენება, რადგან კარგად იციან როგორი დაბინძურება შეიძლება მოჰყვეს ამას.

რეგულაციები არის გამკაცრებული ბევრ ქვეყანაში, მაგალითად შვეიცარიაში, როგორც ვიცი, საერთოდ არ შეიძლება ფეიერვერკის გამოყენება, რადგან გარდა მარილებისა და მეტალებისა, ამ დროს ჰაერში იფრქვევა დენთი, ნახშირი და გოგირდიც და შესაბამისად, დიდი რაოდენობით ნახშირბადის და მეთანის დაგროვება, გლობალური დათბობისთვის სასათბურე პირობებს ქმნის“ – ამბობს კუპატაძე.

ბათუმში რომ ხშირად ისვრიან ფეიერვერკებს, ამაზე საუბრობს რუსლან დავითაძეც, ქიმიის აკადემიური დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი თქმით, ეს ფაქტი თვალშისაცემია სტუმრებისთვისაც, რომლებიც ამას მასთან საუბარშიც აღნიშნავენ.

„ზოგადად, ფეიერვერკის ერთი და ორი გასროლა ვერ მოიტანს დიდ ზიანს, მაგრამ როდესაც ამას ინტენსიური ხასიათი აქვს, შესაძლებელია გარემოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

სამწუხაროდ, მე არ მსმენია, რომ რომელიმე ორგანიზაცია იკვლევდეს გარემოზე მის ზემოქმედებას, მაშინ როცა ვიცით, რომ მძიმე მეტალების გაფრქვევა ხდება ამ დროს და ისინი ძალიან სწრაფად ილექება ხოლმე წყალსა და ნიადაგში“ – ამბობს რუსლან დავითაძე.

ის, რომ ფეიერვერკებისგან გაფრქვეული ნაწილაკები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშიც, რომლის ფარგლებში სპეციალისტებმა შეისწავლეს ფეიერვერკის ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე კალიფორნიის მაგალითზე.

ის, რომ ფეიერვერკები ციმციმა შუქების გარდა ქმნიან კვამლის ნაკადს, რომელიც შეიცავს ასთმისა და რესპირატორული დაავადებების მაპროვოცირებელ ნაწილაკებს, ამის შესახებ წერს National Geographic-იცა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების გამო“ სამი წლის 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი, თუმცა ბათუმის ცაზე თითქმის ყოველ საღამოს ფეთქდება ფეიერვერკი.

2015 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე, საქართველოში სულ შემოტანილია 21 მილიონ 784 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი. აქედან მარტო 2022 წლის პირველ 7 თვეში – 419 ათას 300 აშშ დოლარის ფეიერვერკია შემოტანილი. პანდემიამდე ყველაზე მეტი – 5,1 მილიონი აშშ დოლარის ფეიერვერკი 2019 წელს შემოიტანეს საქართველოში.

უკრაინამ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა – გენშტაბი

ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. უკრაინის არმია შევჩენკოს დაკავებას და კუპიანსკისკენ შეტევის გაგრძელებას ცდილობს – ინფორმაცია მედიას გენშტაბის მთავარი ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა მიაწოდა.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ 50 კილომეტრით წაიწია წინ, გათავისუფლებული ტერიტორია კი უკვე 700 კვადრატული კილომეტრია.

„აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში გათავისუფლებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი,“ – განაცხადა გრომოვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი დასახლებები დაიკავა უკრაინის არმიამ.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი უახლეს ანგარიშში წერდა, რომ 6-7 სექტემბრის განმავლობაში, უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში წარმატებული კონტრშეტევა აწარმოა და 400 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა.

ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებებმა აიძულა რუსეთის არმია სამხრეთზე კონცენტრირებულიყო, ამან კი საშუალება მისცა უკრაინის ძალებს იზიუმის რაიონში ადგილობრივი, თუმცა ძალიან ეფექტიანი კონტრშეტევა დაეწყოთ.

ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და დაასრულა კარკასისა და სახურავის გადახურვის სამუშაოები ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია – ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ამავე დღეს ზაზა დიასამიძის მშენებლობის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის მერიას შპს „არქ ლენდმა“ მიმართა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს კი ხელვაჩაურის მერმა უკვე აშენებული სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

ბრძანებას ხელვაჩაურის მერის უკანონო მშენებლობის დაკანონების თაობაზე ხელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა რეკორდულ დროში, ერთ დღეში მოაწერა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელვაჩაურის მერის უკანონო მშენებლობაზე, თავად  ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე მეორე დღესვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო არ იყო და ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება წარუდგინა, რაც თავისთავად ცხადია, რომ მშენებლობის ნებართვა არ არის.

ამ საკითხზე კითხვები ხელვაჩაურის მერთან „ბათუმელებსაც“ ჰქონდა, თუმცა მერმა ჩვენს ზარებს არც პირადად უპასუხა და არც პრესსამსახურის უფროსთან ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ.

დღეს, 8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში „გამჭვირვალობა“ ხაზგასმით მიუთითებს თავად მერის, ზაზა დიასამიძის საპასუხო განცხადებაზე, სადაც მან ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდა. დიასამიძის ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევით, სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

„გამჭვირვალობა საქართველო“ ისევ მოითხოვს, რომ „მუნიციპალურმა ინსპექციამ“ უკანონო მშენებლობისთვის ზაზა დიასამიძეს კანონით გათვალისწინებული სანქცია დააკისროს.

ამავე თემაზე: 

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა.

ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით  2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.

ხელვაჩაურის საკრებულომ პეტიიცის განხილვის შემდეგ საკითხი მერიაში [მაშინ გამგეობაში] გადაამისამართა. მერიამ საკითხი შეისწავლა და ბაღის მშენებლობის მიზნით ადგილის ძებნა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ვერ იპოვა.

ამჯერად ერგეს მოსახლეობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს იმ მოტივით მიმართა, რომ  საბჭოს შეუძლია მთავრობას დაავალოს ბაღის მშენებლობისთვის ადგილი თავის ბალანსზე არსებული ნაკვეთებიდან გამოყოს.

ახლა სოფელ ერგეში ე.წ. დროებითი ბაღია გახსნილი საჯარო სკოლის შენობაში. ბაღის ფართობი, ეზოს ჩათვლით, დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრს ფართს მოიცავს.

პეტიციის ავტორის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ე.წ. დროებით ბაღში  სულ სამი ოთახია, გათვლილია 25 აღსაზრდელზე, ხოლო ბაღში 80 აღსაზრდელია, შესაბამისად, დროებითი ბაღი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

„ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას და მშობლებისათვის დამატებით სირთულეებს ქმნის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, საბავშვო ბაღი ემსახურება მხოლოდ 3 წელს ზემოთ აღსაზრდელებს, ხოლო 2-დან 3 წლამდე ბავშვებისათვის ჯგუფის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია.“  – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

პეტიციაში ხაზგასმულია იმ გარემოების შესახებაც, რომ სოფელ ერგეში საჯარო სკოლაში განთავსებული საბავშვო ბაღი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების დაცვას.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ“, ადგენს მთელ რიგ მოთხოვნებს საბავშვო ბაღის შენობისა და ტერიტორიის მოწყობის მიმართ.

„ამ მოთხოვნების დაცვა არსებულ მდგომარეობაში შეუძლებელია. ასევე სკოლაში განთავსებული შენობაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა ტექნიკური რეგლამენტებით დაწესებული ნორმები [„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები“ – საქ. მთავრობის №485 დადგენილება; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ – საქ. მთავრობის №487 დადგენილება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ – საქ. მთავრობის №488 დადგენილება]“ – აღნიშნულია პეტიციაში.

ერგეს თემი აერთიანებს 4 სოფელს: ერგეს, ზედა ერგეს, ქვემო ჯოჭოს და ზემო ჯოჭოს. საბავშვო ბაღი თემში საერთოდ არ არის.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილა და სავარაუდოდ მას მომავალ სხდომაზე გაიტანენ.

_____________

ფოტოზე: სკოლის შენობა, სადაც „დროებითი ბაღია“ განთავსებული

 

რას მოიცავს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან კიდევ 675 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს.

„ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში შეერთებულმა შტატებმა 6,3 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად, გუშინ კი პრეზიდენტმა უკრაინისთვის მომდევნო, 675 მილიონის ტრანშიც დაადასტურა,“ – თქვა ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატის მეხუთე შეხვედრაზე.

მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს:

  • 105 მმ-იან ჰაუბიცებს;
  • საარტილერიო საბრძოლო მასალებს;
  • HARM-ის რაკეტებს;
  • Humvee-ს მრავალპროფილიან მანქანებს;
  • სასწრაფო დახმარების ჯავშანმანქანებს;
  • ხელოვნური ინტელექტის სისტემებს;
  • ცეცხლსასროლ იარაღს.

„დღეს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 126 ჰაუბიცა გაუგზავნა და მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ჩვენ 18-ჯერ გავზარდეთ ჰაუბიცების რაოდენობა უკრაინის დამცველებისთვის,“ – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

ოსტინმა დასძინა, რომ კონტაქტური ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ, შტატებმა და პარტნიორებმა, უკრაინას საერთო ჯამში,  26 შორსმოქმედი რეაქტიული საარტილერიო სისტემა მიაწოდეს.

7 სექტემბერს ტელეკომპანია CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყება მუშაობს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების გრძელვადიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს უკრაინის არმიის მხარდაჭერას ომის დასრულებიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში.

ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან.

პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს.

ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს.

ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მჯავრდებულებს აქამდეც შეეძლოთ ციხიდან უმაღლესი  განათლების მიღება, თუმცა მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც უმაღლესი განათლებიდან მასალებს პატიმრებს მიუტანდა, შემდეგ კი, შესრულებულ დავალებებს ჩააბარებდა ლექტორებს.

ამ უფლებით სარგებლობენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოთავსებული არიან „გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში“, ასევე არიან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ან როცა „მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაშია მოთავსებული.“

ბრძანების მიხედვით, მსჯავრდებულს სასწავლო პროცესში მონაწილეობა ეზღუდება დისციპლინური პატიმრობის მოხდის და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში.

„პატიმრობის კოდექსი“ ადგენს კიდევ რამდენიმე შემთხვევას, როცა შესაძლოა მსჯავრდებულს შესაძლოა შეეზღუდოს სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, მაგალითად: „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას ან/და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.“

„ლექციებზე სტუდენტი მსჯავრდებულების ჩართულობის უზრუნველყოფა და შეფასება ხორციელდება ტელეხიდის საშუალებით… სტუდენტი მსჯავრდებული ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი განათლების მიღებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესზე განცალკევებით დასწრებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების საკითხს არეგულირებს.

სტუდენტი მსჯავრდებული ვალდებულია კონკრეტული სემესტრის განმავლობაში მინიმალური კრედიტების რაოდენობა დააგროვოს და თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ პენიტენციური სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, მას ციფრული სწავლების ფარგლებში დაფინანსება უწყდება.

„ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოს საკუთარი ხარჯით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ძალაში რჩება ე.წ. კორესპოდენციული სწავლების მეთოდიც: „საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა სასწავლო მასალის მიწოდებისა და წერილობითი ფორმის გამოყენებით“.

რატომ ვერ ვსვამთ წყალს უფასოდ ქუჩაში – სასმელი წყლის შადრევნების პრობლემა ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის დაახლოებით 80 პატარა შადრევანია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს.

სასმელი წყლის შადრევნების უმრავლესობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, გარეუბნებში კი, თუ მოგწყურდათ, წყალი უნდა შეიძინოთ.

სასმელი წყლის შადრევანს ბათუმში ვერც ისეთ სტრატეგიულ ადგილებში შეხვდებით, როგორიცაა ბათუმის აგრარული და ე.წ. ხოფის ბაზრები.

ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ მართალია, შადრევანი არ არის, მაგრამ ბაზრის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას არის სველი წერტილი, სადაც წყლის აღება ონკანიდან არის შესაძლებელი. იგივე ფორმით არის ხელმისაწვდომი წყალი “ხოფის” ბაზრობაზეც.

წყალს უფასოდ ვერც ბათუმის ავტოსადგურში და ვერც რკინიგზის სადგურში ვერ დალევთ, უფასო წყლის შადრევანს ვერ ნახავთ ვერც ბათუმის ახალი სტადიონის ტერიტორიაზე, რომელიც 20 000 ადამიანს იტევს. 

ბათუმის ბულვარის პრომენადზე სასმელი წყლის 30 შადრევანია. მათი მოვლა-პატრონობა ბათუმის ბულვარს ევალება. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ მომხმარებელთა დიდი ნაკადების გამო, შადრევნები ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც მათ ყოველწლიურად არემონტებენ. შადრევნების უმრავლესობა ბათუმის ბულვარში 2015 წელს დამონტაჟდა, ეს შადრევნები ეკო ონკანებით მუშაობენ, რაც წყლის ხარჯს ამცირებს.

შადრევნებისა და ონკანების ნაწილი ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებშია დამონტაჟებული. ბათუმის მერიამ სასმელი წყლის ასეთი 44 წერტილი 2017 წელს ქალაქის მასშტაბით დაამონტაჟა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო.

“ბათუმის წყალში” განმარტავენ, რომ ამ შადრევნების/ონკანების წყლით მომარაგების თანხას ამხანაგობები იხდიან, თუმცა მათი უმრავლესობა ამჟამად გადაუხდელობის ან/და დაზიანების გამო არ მუშაობს.

„ბათუმის წყალი“, რომელიც პასუხისმგებელია ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების წყალმომარაგებაზე, ინფორმაციას სასმელი წყლის შადრევნების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეა აზუსტებს.

უფუნქციო ონკანი ბათუმში
ონკანებისა და შადრევნების ნაწილი დანაგვიანებულია
დანაგვიანებული ონკანი
გაფუჭებული ონკანი

ბათუმის ცენტრალურ პარკში სასმელი წყლის ერთი შადრევანია, რომელიც კოლონადების მახლობლად, პარკის შესასვლელ ნაწილში მდებარეობს. კიდევ ერთი შადრევანი, რომელიც ადრე პარკის მეორე ბოლოს, აკვარიუმის მახლობლად იყო განთავსებული, რამდენიმე წელია გაუქმებულია.

ერთი შეხედვით შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ წყლის უფასო შადრევნები აქტუალური აღარ არის, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მათ დაბრუნებაზე უკვე საუბრობენ.  მაგალითად, წელს, ექსტრემალური სიცხეების დროს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს სასმელი წყლის შადრევნების რაოდენობა ქუჩებში, რათა შეამსუბუქოს კლიმატის ცვლილების გავლენა.

ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, სასმელი წყლის შადრევანი, განსაზღვრავს ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის ხარისხსა და სტანდარტს, თუ რამდენად არის ის ორიენტირებული მოქალაქეზე.

„ერთის მხრივ, ეს უცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა, ასევე ტურისტების მომსახურების ჭრილში და მეორეს მხრივ, ეკოლოგიური კუთხითაც უნდა იზრუნოს ქალაქმა, მით უმეტეს, როცა პრეტენზია აქვს მწვანე ქალაქის სტატუსზე“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე, პარკებსა და სათამაშო მოედნებზე აუცილებელია მუნიციპალიტეტი სთავაზობდეს ადამიანებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: დასუფთავება, წყლის მომსახურება, უსაფრთხოება და ა.შ.

„მით უმეტეს, ადგილობრივი მოსახლეობა იხდის წყლის გადასახადს არა მარტო იმისთვის, რომ კონკრეტულ მოქალაქეს მოეწოდებოდეს წყალი, არამედ იმაშიც, რომ ქალაქში წყლის ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და უსაფრთხო. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ქალაქისთვის პრიორიტეტული, ბათუმს აქვს ამის ტრადიცია და უხდება ეს შადრევნები.

ქალაქში გაუქმდა სასმელი წყლის ძველი ღია შადრევნები, რის შემდეგაც მერიამ ამხანაგობის ბაზაზე მოაწყო ეზოებში ონკანიანი შადრევნები, თუმცა მერიამ ამის მართვა ვერ უზრუნველყო, ვერ შექმნა მართვის რეალური მექანიზმები და ხშირ შემთხვევაში დღეს გვხვდება დაზიანებული ან გათიშული შადრევნები“ – ამბობს ნათია აფხაზავა. 

იგი აღნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი ღია ტიპის შადრევნები, მაგრამ არსებობს ალტერნატიული გადაწყვეტილები, რომლებიც როგორც ევროპულ ქალაქებში, ისე  მეზობელ ქვეყნებშიც არის დანერგილი:

„ეს ერთის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობის წყლით მომსახურებას საზოგადოებრივ სივრცეებში და მეორეს მხრივ – შეამცირებს პლასტმასის ბოთლების მოხმარებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს მერიის დღის წესრიგში და ის, რომ ვერ იმუშავა სამეზობლოებში დამონტაჟებული ონკანიანი შადრევნების სისტემამ, არ ნიშნავს იმას, რომ აღარ უნდა იფიქროს მერიამ ამ  კუთხით.

მოთხოვნა ამ კუთხით ყოველთვის არის და მოქალაქეს არ აქვს ყოველთვის იმის საშუალება, რომ ქუჩაში ყოფნისას იყიდოს წყალი. უნდა არსებობდეს ისეთი საჯარო სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში წყლის დალევა, ისევე როგორც საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობა“ – ამბობს ნათია აფხაზავა. 

თანხის დასაზოგად და პლასტმასის დანაგვიანების შესამცირებლად გარემოსდამცველები გვირჩევენ, ერთჯერადი ბოთლებით წყლის შეძენის ნაცვლად, თან ვატაროთ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლი, რომელსაც სხვადასხვა ადგილას პერიოდულად შევავსებთ წყლით.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ცნობით, ადამიანები მთელ მსოფლიოში წუთში  საშუალოდ 1 მილიონ პლასტმასის ბოთლს ყიდულობენ. ეს არის თითქმის 1,5 მილიარდი პლასტმასის ბოთლი დღეში. პლასტმასის ბოთლის დაშლას კი 500-დან 1000 წლამდე სჭირდება.

„ეს ტოტალური ომია“ – რა საუბარი შედგა მაკრონსა და ზელენსკის შორის 24 თებერვლის დილას

ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს პარიზის კორესპონდენტი ელეანორ ბერდსლი ტვიტერზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 24 თებერვალს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტის კაბინეტში მაშინაა გადაღებული, როდესაც მას უკრაინის პრეზიდენტი ურეკავს.

ვიდეოს ფრაგმენტში ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკითხება, მართლაც დაიწყო თუ არა პუტინმა კიევზე შეტევა.

„ყველგან. კიევშიც, ოდესაშიც. ბელარუსიდანაც. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. ყველგან ჯარია. ამის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო – 2014 წელს ასეთი რამ არ ყოფილა, ეს ბევრად, ბევრად დიდია,“ – ისმის ზელენსკის ხმა.

„გასაგებია. ეს ტოტალური ომია,“ – პასუხობს მაკრონი, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი მას სთხოვს, ევროპისა და ამერიკის ლიდერებთან ერთად, ეს ომი შეაჩეროს.

„მე ვფიქრობ, ემანუელ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაელაპარაკოთ პუტინს და ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ანტისაომარი კოალიცია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის ლიდერებს და ბაიდენს შეუძლიათ, ჩაერთონ და ისინი ურეკავენ და ეუბნებიან: გაჩერდი. ის გაჩერდება, ის თქვენ მოგისმენთ,“ – ეუბნება ზელენსკი.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია გრძელდება.

Exit mobile version