დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე“ მხარეთა პოზიციები მოისმინა, ასევე დისკუსია.
ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორი იყო და 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.
ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს.
ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
„თქვენ იმ ქვეყნის მოსამართლე ხართ, სადაც ყოველგვარი მოკვლევის გარეშე ათავისუფლებენ ადამიანებს, ადამიანის გათავისუფლებას საფუძველი არ სჭირდება?“ – ჰკითხა მისამართლეს ირაკლი ჯინჭარაძემ დღევანდელ პროცესზე ონლაინჩართვის დროს, რადგან ის საქართველოში არ არის.
„აუდიტის დასკვნიდან 1 წელი და 5 თვე იყო გასული, როცა ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს, მისი საჯარო პროტესტის გამოხატვიდან – 1 კვირა“, – ამას გაუსვა ხაზი პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.
საია-მ იურისტებმა მოსამართლეს დეტალურად განუმარტეს, რატომ არ შეიძლება ყოფილიყო გათავისუფლების საფუძველი აუდიტის დასკვნა.
დავის საგანია ერთ-ერთი ტენდერი, სადაც „ბათუმის ბულვარმა“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაახლოებით 150 ათასი ლარის დასაბრუნებლად სასამართლოში უჩივლა.
„მთავრობამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხელმძღვანელა“, – თქვა სასამართლო პროცესზე აჭარის მთავრობის იურისტმა, დავით ქათამაძემ იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ირაკლი ჯინჭარაძის ბრალეულობა სადავო ტენდერში არავის გაურკვევია და ამ ტენდერზე რეაგირება აჭარის მთავრობას ჰქონდა არა 2019 წლის 10 ნოემბერს, როცა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტმა დასკვნა დადო, არამედ 2021 წლის აპრილში, როცა ირაკლი ჯინჭარაძემ პლაჟების იჯარით გაცემის პოლიტიკა გააპროტესტა.
„უსაფუძვლოა ამაზე მითითება“, – დასძინა აჭარის მთავრობის იურისტმა ირაკლი ჯინჭარაძის მიერ საკრებულოში პროტესტის გამოხატვაზე. „უსაფუძვლობა“ იმით ახსნა, რომ ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას შორის „არავითარი სუბორდინაცია არ არსებობს“, – თქვა მთავრობის იურისტმა.
ამ საქმეში კიდევ ერთი მოპასუხეა აჭარის ეკონომიკის სამინისტრო, რომლის წარმომადგენელმა, ლია გაბაიძემ საია-ს შეფასება გააპროტესტა, რაც ეხებოდა აუდიტის დასკვნიდან 1 წლის და 5 თვის გასვლას.
„სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და, შესაბამისად, მხოლოდ 5 თვე იყო გასული“, – შენიშნა იურისტმა.
„იგივე ეწერა 2019 წლის ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტს, მას არ ენდობით?“- ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს მიუბრუნდა საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.
„იგეგმებოდა გარე აუდიტიც, ამიტომ სამინისტროსთვის ეს უფრო მყარი არგუმენტი იქნებოდა“, – უპასუხა საია-ს იურისტს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლია გაბაიძემ. თუმცა შემდეგ კითხვაზე აშკარად გაუჭირდა დამაჯერებელი ვერსიის თქმა: რატომ არ მოახდინა ეკონომიკის სამინისტრომ რეაგირება თუნდაც 2020 წლის ნოემბერში, როცა გარე აუდიტმა დადო დასკვნა და ირაკლი ჯინჭარაძე აქედან 5 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მან საჯარო პროტესტი გამოხატა?
„ერთი თვე გათვალისწინებულია მოსაზრების წარმოსადგენად…“ – დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა, ლია გაბაიძემ. თუმცა გაუჭირდა დაესაბუთებინა: რატომ გაიწელა ეს პროცესი 5 თვე.
მნიშვნელოვანი დეტალი: სახელმწიფო აუდიტმა დააფიქსირა დარღვევები რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე და მათ შორის „ბათუმის ბულვარზე“, თუმცა მთავრობამ რეაგირება მხოლოდ “ბათუმის ბულვარზე” მოახდინა, შიდა დასკვნიდან წელიწად-ნახევრის, გარეაუდიტის დასკვნიდან კი, 5 თვის გასვლის შემდეგ, თანაც, ყოველგვარი ადმინისტრაციული მოკვლევის გარეშე.
უხერხულობა შეექმნა აჭარის მთავრობის იურისტს, დავით ქათამაძესაც, რომელსაც საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ ჰკითხა:
„ფაქტები დააფიქსირა აუდიტმა, რაზეც ირაკლი ჯინჭარაძემ მოახდინა რეაგირება. სად ჩანს კონკრეტულად ირაკლი ჯინჭარაძის პასუხისმგებლობა?
„დარღვევები დააფიქსირა აუდიტმა, მაშინ გაესაჩივრებინა აუდიტის დასკვნა“, – საია-ს იურისტს შეედავა დავით ქათამაძე, აჭარის მთავრობის იურისტი.
„აუდიტმა დადო ფაქტები, თქვენ სად გამოკვეთეთ პასუხისმგებლობა?“ – ისევ სცადა პასუხის მიღება პაატა დიასამიძემ, თუმცა უშედეგოდ.
„შეუსრულებელ სამუშაოში მოხდა თანხის გადარიცხვა“, – ეს ეკონომიკის სამინისტროს მთავარი არგუმენტი იყო მოსამართლესთან, საია-ს იურისტმა კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმე დისკრიმინაციასთან გვაქვს განსხვავებული შეხედულების გამო, ვერ მიუღეს პასუხი: კონკრეტულად რაში გამოიხატა ირაკლი ჯინჭარაძის პასუხისმგებლობა – რა გააკეთა, ან რა არ გააკეთა ირაკლი ჯინჭარაძემ თავისი კომპეტენციის შესაბამისად.
„დაწესებულების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია დირექტორი“, – მიმართა ირაკლი ჯინჭარაძეს მთავრობის იურისტმა, დავით ქათამაძემ. მას არ დაუმალავს, რომ არ მოუკვლევიათ კონკრეტული პასუხისმგებლობა.
„ნებისმიერი აქტი, რომელსაც ხელს ვაწერდი, იწყებოდა კონკრეტული მუხლის დასახელებით. იმედი მაქვს, რომ თქვენ არ მეტყვით, რომ მუხლებს მნიშვნელობა არ აქვს…
მე ვხდები, რომ საკრებულოში განცხადების შემდეგ იქ დიდხანს ვერ ვიმუშავებდი, მაგრამ გააჩნია, რას როგორ გააკეთებ. სახლში ვზივარ და ჩემი 78 წლის მამა ტელევიზორით იგებს, რომ თურმე გამათავისუფლეს.
ჩემი გათავისუფლება იყო დასჯა და ამით ყველა საჯარო მოხელეს დაანახეს, რომ შენ თუ ხმას ამოიღებ, აი, ასე დაისჯები“, – დაასრულა ირაკლი ჯინჭარაძემ.