ნეტგაზეთი • RU

კიდევ 1 უკანონო სართული ბათუმის მერიასთან – მშენებელი „კარბამიდის ტერმინალის“ უფროსია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მრავალბინიან კორპუსზე ტერასულ სართულს უკანონოდ აშენებენ. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მერიას შესაბამისი ნებართვა გაცემული არ აქვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას 2 სექტემბერს მივმართეთ. გვითხრეს, რომ გადაამოწმებენ. მოგვიანებით კი გვიპასუხეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

რატომ ვერ შენიშნეს ბათუმის მერიაში უკანონო მშენებლობა ადმინისტრაციული შენობიდან 2 კვარტალში? – ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. არც იმაზე ვიცით ზუსტი პასუხი, მსგავსი მასშტაბის უკანონო მშენებლობები, რაც ბათუმშია, კორუფციას უკავშირდება, ადამიანური რესურსების ნაკლებობას თუ არაპროფესიონალიზმს?

კითხვაზე, რა დარღვევაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება? – მუნიციპალურ ინსპექციაში გვიპასუხეს, რომ არ გვეტყვიან: „გამოითხოვეთ ოფიციალურად“.

მუნიციპალური ინსპექციიდან ინფორმაცია 5 სექტემბერს ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

სწორედ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ვალდებულებაა გამოავლინოს უკანონო მშენებლობები.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერასული მშენებარე სართული მამუკა მურჯიკნელს ეკუთვნის, ის ბათუმის ახალი მულტიმოდალური [ბათუმში ცნობილია, როგორც კარბამიდის] ტერმინალის გენერალური მენეჯერი და საქართველოს ყოფილი ელჩია თურქმენეთში. რეესტრის მონაცემებით, მან ტერასა ბათუმში, ჭავჭავაძის #55-ში გასულ წელს დაირეგისტრირა. შემდეგ კი დაშენების სამუშაოებიც დაიწყო

რეესტრის მონაცემებით, ბათუმის ახალი ტერმინალის დირექტორს ჭავჭავაძის #55-ში დარეგისტრირებული აქვს ორი ფართობი – ჯამში 350კვ.მეტრი.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას ჭავჭავაძის #55-ში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. კორპუსს ბოლო წლებში ჯერ მეთხუთმეტე სართული დააშენეს, ახლა კი მეთექვსმეტე ტერასულ სართულს აშენებენ.

ბოლო სართულიდან ქალაქის ხედი იშლება, კარგად ჩანს ზღვა და ზღვაზე გემების მოძრაობა. ადგილზე გავიგეთ ისიც, რომ ტერასული სართულის პარალელურად აქ აუზსაც აწყობენ, რასაც მშენებელი უარყოფს. მისი თქმით, აწყობს საცხოვრებელ-საპიკნიკე სივრცეს სტუმრების მისაღებად. 

მშენებლობის ადგილზე დაგხვდა გამოკრული მუნიციპალური ინსპექციის მითითებაც. ამ  დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალურმა ინსპექციამ კორპუსის მშენებელი კომპანია, შპს „ჯეოლითი“ 8 სექტემბერს გააფრთხილა შენობა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამისთვის ათდღიანი ვადა მისცა.

„მშენებლობა მიმდინარეობს მშენებლობის სანებართვო მოწმობის დარღვევით. კერძოდ, შენობა ნაგებობის 54, 55 მეტრ ნიშნულზე ლითონის კონსტრუქციის პერგოლა. ამავე კონსტრუქციაში მოწყობილია სამშენებლო ბლოკებით ტიხრები, ზემოთ აღნიშნულ ნიშნულზე ამოჭრილია 3.კვ.მ. ფართის ფილა. დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოიყვანეთ სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში“

თავად მამუკა მურჯიკნელმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მშენებლობა „სხვა პირზე ჰქონდა მიბარებული“ და როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, მერიას მიმართეს შესაბამისი დოკუმენტებით, მისი ან თავად მშენებელი კომპანიის – „ჯეოლითის“ სახელით:

„საკითხი გავიარე ჩემს კონსტრუქტორთან და ასე ამიხსნეს, რომ ეს სახლი არ არის ჩაბარებული. მე განცხადება შეტანილი მაქვს. ჩემი მსუბუქი კონტრუქცია რომ განთავსდეს ტერიტორიაზე, რომელიც გამოსყიდული მაქვს – ზედა ნაწილი, იქ არის შესაძლებელი, რომ შეიტანონ ცვლილება. თუ მითხრეს, რომ არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მივიღებ შესაბამის ზომებს. რადგანაც მსუბუქი კონსტრუქციაა, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მაგაზე უარი გვითხრანო. მეც, რადგანაც ვჩქარობდი გადასვლას, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ეს იქნება ვერანდა პირადი გამოყენებისთვის, როცა ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იქნებიან აქ. მშვენიერი ხედია იქიდან და ეს არ იქნება კომერციული სივრცე, იქნება პირადი გამოყენებისთვის.“

მამუკა მურჯიკნელმა ასევე განმარტა, რომ ჭავჭავაძის #55-ში მშენებარე ფართობში აუზის მოწყობას არ გეგმავს და სამომავლოდ აქ არც კომერციული ობიექტის მოწყობას განიხილავს.

რაც შეხება მსუბუქ კონსტრუქციას. მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც გადის ე.წ. პირველი კლასის სამუშაოებში, მართლაც არ ითხოვს სამშენებლო ნებართვას და ის მშენებლის მხრიდან მხოლოდ შეტყობინების მიწოდების ვალდებულებას ითვალისწინებს. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად სამშენებლო ღობის მოწყობა, ღია აივნის მოძრავი საჩრდილობლით გადახურვა, მინა ბლოკით ღია სივრცის შევსება და ასე შემდეგ. კანონი ზუსტად განსაზღვრავს ამ ყველაფერს.

თუმცა სამუშაო, რომელსაც ჭავჭავაძის #55-ში ასრულებენ, სპეციალისტების განმარტებით, ნამდვილად ითხოვს პროექტში ცვლილების შეთანხმებას. ეს ჩანს მუნიციპალური ინსპექციის მითითებაშიც.

ინსპექცია წერს, რომ მიმდინარეობს პერბოლას მოწყობა. პერბოლა იგივე ღია ვერანდაა და არა დახურული სივრცე, თუნდაც ის შუშით იყოს შეფუთული. სწორედ ამ მიზეზით ე.წ. პერბოლას კ2 კოეფიციენტის გამოთვლისას არ ითვალისწინებენ, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომპანიები ამ დაშვებით სარგებლობენ და ფაქტობრივად მანსარდულ სართულს აწყობენ.

რატომ გააფრთხილეს კორპუსის მშენებელი კომპანია და არა უკანონო სამუშაოების უშუალო დამკვეთი? – საქმე ისაა, რომ კორპუსი კომპანიას მერიისთვის ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია, ვიდრე კორპუსს მერია ექსპლუატაციაში არ მიიღებს, მასზე პასუხისმგებელი მშენებელი კომპანიაა – ამ შემთხვევაში კი „ჯეოლითია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი