მთავარი,სიახლეები

აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

08.09.2022 • 929
აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

ფილტრაციის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ რუსი ჩინოვნიკები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებსაც, ვინც ფილტრაცია უნდა გაიაროს.

„შეფასებები სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის ხელისუფლებისგან, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაჰკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებითი დეპორტაცია გაუკეთა 900 ათასიდან 1,6 მილიონამდე უკრაინის მოქალაქეს – ხშირად შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ რეგიონებში,“ – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

აშშ-ის წარმომადგენლის ცნობით, ფილტრაციაში მოხვდა ათასობით ბავშვიც, ბევრი მათგანი ოჯახს მოაშორეს, ბავშვთა სახლებიდან გაიყვანეს და რუსეთში გააშვილეს:

„შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ივლისის განმავლობაში 1800-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში.“

ლინდა თომას-გრინფილდმა ხაზი გაუსვა, რომ იძულებითი დეპორტაცია ოკუპირებული რეგიონებიდან ოკუპანტის ტერიტორიაზე ომის დანაშაული და ჟენევის მეოთხე კონვენციის უხეშ დარღვევაა.

„მიზანია, ძალის გამოყენებით შეცვალონ ადამიანების განწყობა, რათა უფრო მეტი ტერიტორიის ანექსია შეძლონ და შექმნან წარმოდგენა, რომ რუსული ოკუპაცია ლეგიტიმურია. ფაქტების დამახინჯების მცდელობები ფიქტიური რეფერენდუმებისთვის მზადებისა და უკრაინაში რუსეთის თამაშის ნაწილია. ამის შესახებ ჩვენ მანამდეც, ომის დასაწყისშიც ვაფრთხილებდით საბჭოს,“ – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მან დასძინა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე სხვა ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმების ჩატარებით, რუსეთი ეცდება, შექმნას ყალბი წარმოდგენა, რომ მისი აგრესია კანონიერია და მას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს.

„ცხადია, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის არანაირ მცდელობას, ძალის გამოყენებით შეცვალოს უკრაინის საზღვრები. ჩვენ ამ დანაშაულის ჩამდენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ჩვენ უნდა გავცეთ ამას პასუხი, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც ჯერ კიდევ პატივს სცემს გაეროს წესდებას. ჩვენ ვიცით, რას იტყვის ამ ყველაფერზე რუსეთი. ისინი უარყოფენ, უარყოფენ და უარყოფენ. მაგრამ არსებობს მარტივი გზა იმის გასარკვევად, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია. შეუშვით გაერო. მიეცით დამოუკიდებელ დამკვირვებლებს წვდომა. მიეცით წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაუშვით ჰუმანიტარული მისიები. დაე, ნახოს მსოფლიომ, რაც ხდება,“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

მისი აზრით, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო საზოგადოება იძულებული იქნება უკვე არსებულ მტკიცებულებებს და გადარჩენილი ადამიანების ჩვენებებს დაეყრდნოს:

„საშინელებაა ის, რასაც ისინი ჰყვებიან. კოლეგებო, დადგება დღე, როდესაც ჩვენ ამ საბჭოში შევიკრიბებით, რათა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის მცდელობები, მოახდინოს უკრაინის უფრო დიდი ტერიტორიის ანექსია და მე გთხოვთ დაიმახსოვროთ, რაც დღეს მოისმინეთ. ვერავინ, ვერავინ იტყვის, რომ გაფრთხილებული არ იყო.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: